ურთიერთგაგების მემორანდუმი

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 18 აგვისტო 2016 12:03
საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს შორის (ODIHR) ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე დაესწრო. ურთიერთგაგების მემორანდუმი პირველად საქართველოს პროკურატურაში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე პროკურორთა ტრენინგის პროგრამის დანერგვას ითვალისწინებს. სასწავლო პროგრამით, რომელშიც ჩართული იქნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის კვალიფიციური პერსონალი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულიდან 24 პროკურორი დატრენინგდება, რომლებიც შემდგომში თავად განახორციელებენ კასკადურ ტრენინგებს. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე კვალიფიკაციის ამაღლების შეუქცევადი პროცესი საქართველოს პროკურატურის ყველა სტრუქტურულ ერთეულს მოიცავს. ასევე, მოცემული პროგრამის სილაბუსით გათვალისწინებული საკითხები პროკურატურის სისტემის სტაჟიორებისთვის სავალდებულო ტრენინგების ნაწილი გახდება. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე პროკურორთა ტრენინგის პროგრამის დანერგვა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მსგავსი კატეგორიის დანაშაულთა გამოვლენისა და გახსნის მაჩვენებლის ზრდის და მათზე დროული და ეფექტური რეაგირების თვალსაზრისით.

პროკურატურის დ.სტურუას გარდაცვალების ფაქტზე

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 12 აგვისტო 2016 17:04

საქართველოს პროკურატურა დ.სტურუას გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს:

"2016 წლის 8 აგვისტოს, შ.ს.ს. სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. 
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს,"- აღნიშნული პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2016 17:23

საქართველოს მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. განცხადება 18:00 საათზე გაკეთდება. მანამდე კი ბრიფინგის თემა უცნობია.  უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიფინგი 18:00 საათზე დაიწყება. პრესკონფერენციის თემას პროკურატურის პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ. 

პროკურატურაში პრეზიდენტის სიძის კიდევ ერთი მეგობარი მივიდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 ივლისი 2016 16:14

 მთავარ პროკურატურაში პრეზიდენტის სიძის კიდევ ერთი მეგობარი მივიდა. თორნიკე კაჭარავას შენობაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. ის საგამოძიებო ორგანოში პრეზიდენტის მიერ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიბარეს.პროკურატურასთან ასევე იმყოფებოდა პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური, რომელიც სავარაუდოდ პროკურატურასთან თავის მეგობართან ერთად მივიდა. ის საგამოძიებო ორგანოში გუშინ დაიკითხა, თუმცა გამოსვლის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.რამდენიმე საათია პროკურატურაში იმყოფება გოგოჭურის მეგობარი მიხეილ თათარაშვილი.  

პროკურატურაში პრეზიდენტის სიძის მეგობრებს ელოდებიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 ივლისი 2016 12:02

პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მთავარ პროკურატურაში დღეს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობრები არიან დაბარებულები. გამოკითხვაზე მიხეილ ტატარიშვილსა და თორნიკე კაჭარავას ელოდებიან. უწყებამ საქმეზე გუშინ თავად პრეზიდენტის სიძე გამოკითხა. 

პროკურატურამ 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 14:45

პროკურატურამ 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა დაიწყო. სპეციალურ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის ივლისის თვეში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც, თუკი ახალი გამოძიების პირობებში გამოვლინდება ახალი ფაქტები და გარემოებები, რაც წინა განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და პროკურატურა გამოიტანს დადგენილებას მსჯავრდებული პირის უფლების დარღვევის თაობაზე, ეს გახდება საფუძველი ხელახალი სასამართლო განხილვის ჩატარების და განაჩენის გადასინჯვის. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კონკრეტულ საქმეებზეც ისაუბრა. კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომ იოსებ ჯანდიერი, თემურ სალაყაია და ანდრო ჩხიკვიშვილი სასჯელს იხდიდნენ წინა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების და მათი უკანონო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.

პროკურატურამ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 11:52

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა  დაიწყო.
რამდენადაც საზოგადოებისთვის ცნობილია საქართველოს პროკურატურის აქტიური მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტში შექმნილი იყო სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უნდა შეემუშავებინა საკანონმდებლო ცვლილება გამამტყუნებელი განაჩენების გამარტივებული გზით გადასინჯვასთან დაკავშირებით.
 ამ მიმართულებით გაწეული მუშაობის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის ივლისის თვეში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის  310-ე მუხლში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც თუკი ახალი გამოძიების პირობებში გამოვლინდება ახალი ფაქტები და გარემოებები, რაც წინა განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და პროკურატურა გამოიტანს დადგენილებას მსჯავრდებული პირის უფლების დარღვევის თაობაზე,  ეს გახდება საფუძველი ხელახალი სასამართლო განხილვის ჩატარების და განაჩენის გადასინჯვის.
 სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ახალმა დეპარტამენტმა  სამი მსჯავრდებულის: იოსებ ჯანდიერის, თემურ სალაყაიას და ანდრო ჩხიკვიშვილის მიმართ, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.      ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან. 
 კერძოდ,  ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მოქალაქეები იოსებ ჯანდიერი, თემურ სალაყაია და ანდრო ჩხიკვიშვილი გასამართლებულ იქნენ და იხდიდნენ სასჯელს წინა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების და მათი უკანონო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.
   მოქალაქე იოსებ ჯანდიერის მიმართ  სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ მან დემონსტრაციულად დატოვა პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგები.  2003 წლიდან იოსებ ჯანდიერი მუშაობდა პოლიტიკურ პარტია ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის საგანგებო სიტუაციების სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2007 წლის 4 ნოემბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, მან დატოვა პარტიის რიგები და შეუერთდა აქციას, სადაც მან დემონსტრაციულად დახია პარტიული მოწმობა. ამ ფაქტიდან, რამოდენიმე დღეში,  2007 წლის 13 ნოემბერს, მასთან სახლში შევიდნენ შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც საძინებელ ოთახში ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ და მოახდინეს მისი დაკავება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 მარტის განაჩენით იოსებ ჯანდიერი გასამართლებულ იქნა ცრუ ბრალდებით - ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისთვის და მას მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2008 წლის 24 ნოემბერს, პრეზიდენტის შეწყალებით, ისე რომ მას ეს არ მოუთხოვია, მან დატოვა საპატიმრო დაწესებულება.  
მეორე მოქალაქე, რომლის განაჩენიც გადაისინჯება გახლავთ შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი თემურ სალაყაია, რომელიც მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მის მიმართ ჰქონდათ ეჭვი პოლიტიკურ პარტია ,,ქართულ ოცნებასთან“ კავშირის თაობაზე.  კერძოდ, 2012 წლის 2 ივნისს, თემურ სალაყაია თავის მეუღლესთან  ერთად ავტომანქანით საკუთარი სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც იგი სამსახურიდან გამოიძახეს და ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლა სთხოვეს. ადგილზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და შსს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლების ერთობლივი მოქმედებით მოხდა თემურ სალაყაიას დაკავების ინსცენირება,  იმ საფუძვლით, რომ თითქოს  მან უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“. დაკავებული თემურ სალაყაია გადაიყვანეს შსს ძველი თბილისის განყოფილებაში, სადაც მას სთხოვდნენ ,,ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის  აღიარებას, რასაც დაკავებული კატეგორიულად უარყოფდა.  2012 წლის 4 ივნისს, მას წარედგინა ცრუ ბრალდება ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისთვის,  აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და შესახლებულ იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. საპატიმროდან მისი განთავისუფლება, მხოლოდ 2012 წლის 5 ოქტომბერს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოხერხდა.  
დაზარალებულ მესამე მოქალაქეს წარმოადგენს ანდრო ჩხიკვიშვილი, რომელმაც ყალბი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე 5 წელი მოიხადა საპატიმროში.  კერძოდ,  ანდრო ჩხიკვიშვილი იყო შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, რომლის მიმართაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გააჩნდა დავალიანება. 2006 წლის სექტემბერში ანდრო ჩხიკვიშვილი დაიბარეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და მოსთხოვეს შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლების დარწმუნება, რათა მათ აღარ მოეთხოვათ ქართული მხარისგან მისაღები თანხა.  აღნიშნულ მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, ანდრო ჩხიკვიშვილი 2006 წლის 18 ოქტომბერს დააკავეს თაღლითობის ცრუ ბრალდებით, რასაც საფუძვლად დაედო  ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყოფილი ექსპერტის ნუგზარ ბელქანიას მიერ შედგენილი ყალბი დასკვნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 04 ივლისის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლით.  გაყალბებული მტკიცებულების საფუძველზე ანდრო ჩხიკვიშვილმა 5 წელი გაატარა საპატიმრო დაწესებულებაში.
ხსენებული სამივე მოქალაქის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.
პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას,  შეუქცევადი ხასიათი ექნება და ჩვენ დეპარტამენტის შედეგებით პერიოდულად წარვსდგებით საზოგადოების წინაშე.
 

პროკურატურამ პრეზიდენტის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 10:04

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში  მოქალაქე მინდია გოგოჭურის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებით დაიწყო გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით. 
გუშინ პრეზიდენტ გ. მარგველაშვილის მიერ ტელევიზიით საჯაროდ გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც მისი ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცველთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლის მცდელობის ფაქტს, რაც გამოიხატა ხსენებული პირის მიმართ, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების წარმოებაში.
ვითარებაში გარკვევის მიზნით მთავარი პროკურატურის მიერ შს სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლის მიხედვითაც ირკვევა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, პრეზიდენტ გ.მარგველაშვილის სიძის - მინდია გოგოჭურის მიმართ პოლიციელების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ფაქტი, რაც ასევე დადასტურდა შს სამინისტროს პრესსამსახურის საჯარო განცხადებითაც. 
პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, იმის დასადგენად, შს სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ხომ არ ჰქონდა მოქალაქე მინდია გოგოჭურის მიმართ  უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს ადგილი.
ამავდროულად, საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოში  სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე  პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 1571   მუხლის I ნაწილით. 
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გ. პაპუაშვილის მიერ ტელევიზიის საშუალებით საჯაროდ გაკეთდა განცხადება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული ზეწოლა, რათა ზეგავლენა მოახდინონ მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში მოსამართლეების გადაწყვეტილებებზე, ასევე, რომ ხსენებული მიზნის მისაღწევად შეიძლება გასაჯაროვდეს მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
საჯარო განცხადების გაკეთებიდან მოკლე ვადაში გ. პაპუაშვილს გაეგზავნა შეთავაზება,  პროკურატურაში გამოცხადებისა და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დეტალებში გარკვევის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ამ უკანასკნელმა თანხმობა განაცხადა პროკურატურის შეთავაზებაზე, საბოლოოდ მან შეცვალა პოზიცია, უარი განაცხადა თანამშრომლობაზე და პროკურატურაში გამოცხადებაზე.  
პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გადამოწმების მიზნით.

პროკურატურა გიორგი პაპუაშვილს უწყებაში გამოცხადებას სთხოვს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 22 ივლისი 2016 10:44

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს გაუგზავნა შეტყობინება მისთვის სასურველ დროს პროკურატურაში გამოცხადების შესახებ, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტებზე, მის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად.
გიორგი პაპუაშვილის მიერ დეტალური ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. 
 

პროკურატურამ სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 15 ივლისი 2016 21:07

აზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2016 წლის 10 ივლისს, შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს ფილიალის, „ცენტრ პოინტ აჭარა“-ს ყოფილი დირექტორი სალომე ჩარკვიანი სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, პროკურატურის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით. 
სალომე ჩარკვიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2016 წლის 12 ივლისს შეეფარდა. 15 ივლისს, მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით სალომე ჩარკვიანმა  განცხადებით მომართა ქ. თბილისის პროკურატურას.     
განცხადების განხილვისას ბრალდების მხარემ გაითვალისწინა რიგი  გარემოებები. კერძოდ:  სალომე ჩარკვიანმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, მისცა საქმის რეალური გარემოებების ამსახველი ობიექტური ჩვენება. იგი წარსულში არ არის ნასამართლევი. საქმეში მისი როლი და ქმედების ხასიათი შედარებით ნაკლები საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია. პროკურატურის მიერ ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ დაზარალებულებმა  მათთან  გავლილი წერილობითი კონსულტაციების დროს დააფიქსირეს  თანხმობა სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით და ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სალომე ჩარკვიანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რა დროსაც მას სასჯელის სახით განესაზღვრება პირობითი მსჯავრი. ზემოხსენებული შუამდგომლობით ბრალდების მხარემ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური