მთავარი პროკურატურა - გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არ მოხდეს ჩვენი მოქალაქის ექსტრადიცია იმ სახელმწიფოში, სადაც მისი უფლებების დარღვევის რეალური რისკი არსებობს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 26 იანვარი 2017 16:31

 დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ მომხდარა გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვების თუ მის გათავისუფლების საკითხის არსებითი განხილვა და შესაბამისად, ამ საკითხზე კიევის სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს მომავალ სასამართლო პროცესზე, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა განაცხადა. 
მისი თქმით, საქართველოს მთავარი პროკურატურა მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებს უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან გია ცერცვაძის უკრაინის ტერიტორაზე დაკავების საკითხთან დაკავშირებით.მისივე თქმით, საქართველოს მთავარი პროკურატურა კვლავაც მუდმივ რეჟიმში განახორციელებს კომუნიკაციას უკრაინელ კოლეგებთან და გააკეთებს ყველაფერს, რათა არ განხორციელდეს საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია იმ სახელმწიფოში, სადაც მისი უფლებების დარღვევის რეალური რისკი არსებობს.

პროკურატურის განცხადება გ. ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 24 იანვარი 2017 13:29

გუშინ საქართველოს პროკურატურის ინიციატივით საქართველოს მოქალაქის გიორგი ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით დაკავებასთან დაკავშირებით განხორციელდა კომუნიკაცია უკრაინის პროკურატურასთან. საქართველოს პროკურატურის მიერ უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ ყველა შესაბამისი ინფორმაცია გ. ცერცვაძის შესახებ და განმარტება მისი ძებნის ინიციატორი მხარისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქის რუსეთის მხარისთვის გადაცემით დაირღვევა  გიორგი ცერცვაძის  ძირითადი უფლებები. საქართველოსა და უკრაინის პროკურატურებს შორის ასევე მოხდა შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ. 
საქართველოს პროკურატურის მიერ გიორგი ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით გაგრძელდება ინტენსიური კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან რათა არ განხორციელდეს მისი ძებნის ინიციატორი სახელმწიფოსთვის გადაცემა.  

პროკურატურის წინ დევნილები ფულის გამოძალვის გამო ყოფილი პოლიციელის დასჯას ითხოვენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 14:17

დევნილების აქცია იყო დღეს თბილისში, მთავარ პროკურატურასთან. აქციის მონაწილეების განცხადებით, ორმა პირმა, მათ დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესში დახმარების სანაცვლოდ, 15 ათასი დოლარი მოტყუებით გამოსძალა.

საქმეზე ძიება უკვე დაწყებულია, თუმცა დევნილები პროკურატურას საქმის მიზანმიმართულ გაჭიანურებაში ადანაშაულებენ, რადგან ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ყოფილი პოლიციელია. ისინი თანხის დაბრუნებასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.

ჟურნალისტის ცემის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიების დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 14:36

19 დეკემბერს, შ.ს. ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, სსიპ 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ტელეკომპანია „იბერიის“  ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა განმარტა, რომ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნული გარემოების გამოვლენისთანავე საქმე  შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და საქმის კვალიფიკაციას დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, იკითხებიან მოწმეები, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დანიშნულია და ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას. 

პროკურატურამ 3 გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 17 ნოემბერი 2016 12:35

საქართველოს  პროკურატურამ სამ სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის გახმაურებული მკვლელობის საქმეებზე მსჯავრდებული პირების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც, უწყების განცხადებით, უკანონოდ არიან მსჯავრდებულნი. 

პროკურორის დადგენილების საფუძველზე, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სს „ეი-ი-ეს“ თელასის ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულების: გიორგი და ნოდარ გვიჩიანების, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ. ასევე, გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობისთვის მსჯავრდებულის თამაზ გოგიას და კოდორში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული  მსჯავრდებულის ნორა არღვლიანის მიმართ.  

„ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან.

2006 წლის 15 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვით: გიორგი გვიჩიანი, ნოდარ გვიჩიანი, ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი ცნობილი იქნენ დამნაშავეებად ნიკოლოზ ლომინაძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე.             

სასამართლომ უდაო ფაქტად მიიჩნია ის, რომ ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობა მოხდა მაყუჩიანი „მაკაროვის“ სისტემის იარაღით. ხელახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კომპლექსურ-კომისიური, ფიზიკო-ტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გარდაცვლილის სხეულზე არსებული ჭრილობის სურათის მიხედვით, კატეგორიულად გამორიცხავს სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას -  ნიკოლოზ ლომინაძის მაყუჩიანი იარაღით მკვლელობის თაობაზე; გარდა ზემოაღნიშნულისა, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ ახალი მოწმეები, რომლებიც ცალსახად უთითებენ ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულების უდანაშაულობის შესახებ. 

ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეზე იმჟამად გამოძიებას აწარმოებდა  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვინაიდან, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმის გახსნით დაინტერესებული იყვნენ მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირები, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას ხელოვნურად შეიქმნა მთელი რიგი მამხილებელი მტკიცებულებები, რაც გიორგი გვიჩიანის, ნოდარ გვიჩიანის, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძისა და გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა. ხელახალი გამოძიებისას კი გამოვლინდა არაერთი გარემოება, რაც სასამართლოების განაჩენებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისგან განსხვავებულ სურათზე მიუთითებს.

ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობისთვის მსჯავრდებულის თამაზ გოგიას მიმართ, რომელსაც 2010 წლის 13 აგვისტოს განაჩენით მკვლელობისთვის 17 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა.

თამაზ გოგია მსჯავრდებულ იქნა, მასზედ რომ  2009 წლის 11 ნოემბერს, თბილისში მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე გენერალ თამაზ ნინუას საცხოვრებელ ბინაში,  კომპანიის წილებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის გამო, მან მაყუჩიანი იარაღიდან გასროლით, ანგარებით,  მოკლა ჯერ თამაზ ნინუა, ხოლო შემდგომ კვალის დაფარვის მიზნით მისი მეუღლე ეთერ ნინუა. 

თამაზ გოგიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაედო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც  დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა თამაზ გოგიას მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდზე, რაც გახდა მთავარი მტკიცებულება თამაზ გოგიას მიმართ მკვლელობაში მსჯავრდებისთვის.

ახალი გამოძიების პირობებში, 2016 წლის 06 ივლისს, ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემულ იქნა კომისიური ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გამორიცხა თამაზ გოგიას ხელის ანაწმენდებზე დენთის კვალის არსებობის ფაქტი და ეჭვქვეშ დააყენა ხსენებული მტკიცებულების რელევანტურობა. 

გარდა ამისა, ახალი გამოძიებით გამოიკვეთა ის გარემოება, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს გააჩნდათ არალეგიტიმური დაინტერესება თამაზ გოგიას მიმართ, რათა მას ხელოვნურად  შერაცხოდა თამაზ და ეთერ ნინუების მკვლელობის ფაქტი. ამ მიზნით სისხლის სამართლის საქმეში ხელოვნურად შეიქმნა მისი მამხილებელი მტკიცებულებები, რომლებიც გაბათილდა და ეჭვქვეშ დადგა ახალი გამოძიებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით.

ასევე, პროკურატურამ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო და ახლად გამოვლენილი გარემოებები გამოარკვია ნორა არღვლიანის საქმეზე. კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანს სამართალდამცავებმა თავისუფლება აღუკვეთეს უკანონოდ და მას ბრალდება წარუდგინეს ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე. 

2006 წლის 25 ივლისს, კოდორში განვითარებული მოვლენების დროს, ბატალიონ „მონადირის“ ხელმძღვანელის ემზარ კვიციანის და მისი თანამებრძოლების დაკავების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული დანაყოფები შევიდნენ კოდორის ხეობაში, სადაც ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა ემზარ კვიციანის და ნორა არღვლიანი, რომელსაც არანაირი წინააღმდეგობა სამართალდამცავებისთვის არ გაუწევია. მიუხედავად ამისა, ნორა არღვლიანის ადგილობრივი მოსახლეობის და კოდორისგან ჩამოცილების და გაქცეულ ემზარ კვიციანზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით, სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს ნორა არღვლიანის შეპყრობა.

კოდორის ხეობის დაკავებიდან მეორე დღეს, 27 ივლისს, შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ნორა არღვლიანს და ყოველგვარი დაკავების ოქმის შევსების და სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე, მისი უფლებების უხეში დარღვევით, იგი გადაიყვანეს თბილისში მოდულის შენობაში და მხოლოდ 29 ივლისს, მისი შეპყრობიდან 2 დღის შემდეგ დაიწყეს ყალბი მტკიცებულებების შექმნით პროცესების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა.

კერძოდ, სამართალდამცავების ოფიციალური ვერსიით, ნორა არღვლიანის დაკავება თითქოს მოხდა 29 ივლისს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღების შემდეგ. მაშინ როდესაც ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანის საცხოვრებელ ბინაში არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა, ჩხრეკაში მონაწილე სამართალდამცავები კოდორის ხეობაში საერთოდ არ ყოფილან და კოდორის ხეობაში მათი შესვლისას მისი საცხოვრებელი სახლი ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სიტუაციის მართვის შტაბად გამოიყენებოდა, ნორა არღვლიანი კი უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი მოდულის შენობაში ჰყავდათ გადაყვანილი. 

ნორა არღვლიანის ბრალდების დამძიმების და მისთვის მძიმე სასჯელის დაკისრების მიზნით, მას ასევე წარუდგინეს მითვისების ცრუ ბრალდება, თითქოს 2005 წელს, მან ჰუმანიტარული საქონელი ნაცვლად სოფელ ჩხალთის მოსახლეობისთვის დარიგებისა, თავად მიითვისა და ასევე თითქოს იგი მოუწოდებდა ბატალიონ ,,მონადირის“ წევრებს არ დამორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას. აღნიშნული ბრალდებები სრულად იქნა გამორიცხული ახალი გამოძიებით და დადასტურდა ნორა არღვლიანის უდანაშაულობა წარდგენილ ბრალდებებში. ცრუ ბრალდების საფუძველზე ნორა არღვლიანმა საპატიმრო დაწესებულებაში 6 წელი გაატარა და მისი გათავისუფლება მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2012 წლის ნოემბერში მოხერხდა.

ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ყველა მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.

პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას,  შეუქცევადი ხასიათი ექნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურა 5 ბრალდებულისთვის სავარუდოდ პატიმრობას მოითხოვს - საზარელი მკვლელობა თბილისში

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 05 ნოემბერი 2016 16:09

საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრზელდება თბილისში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან მიმართებით. გასული ღამის განმავლობაში სამართალდამცავები ვარკეთილში, გლდანში, 5 დეკემბრის ქუჩაზე და მთაწმინდაზე მუშაობდნენ.

საუბარი ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის ფაქტს. 76 წლის ქალის მკვლელობაში ბრალი მის 19 წლის შვილს , 24 წლის მამაკაცსა და არასრულწლოვან გოგოს ედება. ასევე გამოძიება ბრალს სდებს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ორ ახალგაზრდა მამაკაცს.

საგამოძიებო უწყებამ დღეს 18:00 საათამდე საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით უნდა მიმართოს. პროკურატურა, სავარაუდოდ, 5-ვე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

ამხანაგობის წევრები პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2016 16:48

უმოქმედობასა და საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ პროკურატურას ამხანაგობის წევრები, რომლებიც ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე არაკანონიერ მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი განმარტებით, წლების წინ უნივერსიტეტის თანამშრომლებმა საკუთარი ბინები ჩააბარეს, რომ ხილიანზე აშენებულ კორპუსში მიეღოთ ბინები.

ნაკვეთი უკანონოდ აღმოჩნდა კერძო პირების საკუთრებაში, რის შემდეგაც კორპუსის ასაშენებლად სხვა კომპანიას გადაეცა.

ამხანაგობის წევრებმა რამდენჯერმე მიმართეს პროკურატურას, თუმცა მათი თქმით, პასუხი არ მიუღიათ. დაზარალებულები მშენებლობაზე ყადაღის დადებას ითხოვენ, ვიდრე გამოძიება დასრულდება.

„20-25 ადამიანი მყავს 87 წლის. თუ ყურადღება არ მოგვექცევა, რაც საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა, დავიწყებ აქციებს და სათითაოდ რომ გარდაიცვლებიან, ალბათ მერე მოგვაქცევენ ყურადღებას,“ - განაცხადა დაზარალებულმა მანანა კიკნაძემ.

პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისის საქმეზე დავით ახალია, ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა ბრალდებულებად ცნო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 20 სექტემბერი 2016 14:26

გამოძიების შედეგად 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე ბრალდებულად იქნენ ცნობილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილსის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.

ამის შესახებ დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ საგნგებობრიფინგზე გახდა ცნობილი. 

ასევე საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, დაბარებულ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. მას მიეცა გონივრული დრო საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების მიზნით.

საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, პროკურატურამ მოიპოვა გამოძიებისთვის აქამდე უცნობი ვიდეოკადრები, რომელიც იმავე ღამეს გადაღებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატორის მიერ.

"კადრებში ასახულია 2011 წლის 26 მაისს თუ როგორ გასცემს დანაშაულებრივ ბრძანებას დავით ახალაია, რომელიც ითხოვს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავებას და სანაცვლოდ მის თანამშრომლებს ჰპირდება მაღალ პრემიებს. კადრებში ასევე ჩანს მომიტინგეთა დარბევისა და დაკავების პროცესი, რასაც ადგილზე ხელმძღვანელობდნენ ბრალდებულები. დასახელებულ ვიდეომასალაზე ჩატარებულ იქნა ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც დადასტურდა ჩანაწერის ავთენტურობა. 

გამოძებით დადგინდა, რომ 2011 წლის 26 მაისს, იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით, დაიგეგმა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება და დასჯა, რათა დაუყონებლივ აღკვეთილიყო მიტინგი და  აღარ გაგრძელებულყო საპროტესტო გამოსვლები. "დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2011 წლის 25 მაისს, ჯერ კიდევ მიტინგისთვის სანქცირებული ვადის გასვლამდე, პოლიციამ წინასწარ გადაკეტა რუსთაველის გამზირი და მის მიმდებარედ არსებული ქუჩები, ხოლო თავისუფლების მოედანი გადაიკეტა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და შს სამინისტროს სხვა დანაყოფების მეშვეობით, რომელთაც ადგილზე ხელმძღვანელობდნენ დავით ახალაია  და სხვა მაღალჩინოსნები.(იხ.ვიდეო: " 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა, გრაფიკული ნამუშევარი")

"26 მაისის ღამეს, დავით ახალაიას მიერ გაცემული  ბრძანება - „მეტი დაკავებული, მეტი პრემია“, შესრულებული იქნა „კუდ“-ის ქვედანაყოფების მიერ. პრემიის სახით მხოლოდ „კუდ“-ის თანამშრომლებზე გაიცა დაახლოებით 900 000 ლარი. მათ შორის, პირადად ივანე მერაბიშვილისა და მისი მოადგილის ბრძანებით, ლევან ქარდავამ პრემიის სახით მიიღო 13 780 ლარი, ვასილ ლელუაშვილმა 9000 ლარი, დავით ახალაიამ 6500 ლარი, ხოლო რევაზ შიუკაშვილმა 4135 ლარი. 

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, „26 მაისის საქმეზე“ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ივანე მერაბიშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, მასვე 1 წლის, ერთი თვის და 15 დღის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

პროკურატურა ტრისტან წითელაშვილის საქმეზე გამოძიებას არ დაიწყებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 25 აგვისტო 2016 13:13

პროკურატურა  ტრისტან წითელაშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე უნებართვოდ შესვლის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, პროკურატურა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას არ დაიწყებს. 

“საქართველოს პროკურატურის მიერ 2016 წლის 2 აგვისტოს, თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა სამსახურებრივი შემოწმების მასალები, რომელთა შესწავლით დადგინდა, რომ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ 2015 წლის 5 აპრილს დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ იმავე წლის 4 აპრილს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ მოქალაქე ტრისტან წითელაშვილი შესაბამისი ნებართვის გარეშე შეიყვანა თავდაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ ობიექტზე. 

"თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დ.ებრალიძის 2015 წლის 15 ივნისის ბრძანებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (სამსახურიდან გათავისუფლება დისციპლინური გადაცდომის გამო) შესაბამისად გოდერძი ორმოცაძეგაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე მომზადებული 2015 წლის 17 სექტემბრის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს. 2015 წლის 28 სექტემბერს დასრულდა სამსახურებრივი შემოწმება და მასალები ჩაბარდა თავდაცვის სამინისტროს არქივს. შემოწმების მასალები ან მასში მოყვანილი ფაქტების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურაში არგადმოგზავნილა.

"თავდაცვის სამინისტროდან მიღებული სამსახურებრივი შემოწმების მასალებისა და პროკურატურის მიერ 2016 წლის 9 აგვისტოს გენერალური შტაბიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ობიექტებს, სადაც იმყოფებოდა მოქალაქე ტრისტან წითელაშვილი, არ ჰქონდათ მინიჭებული სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი და აღნიშნულ ობიექტებზე შესვლის უფლება სათანადო ნებართვის შემთხვევაში ჰქონდათ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე დაშვების არმქონე პირებსაც. 

"საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ საბჭოს არ უმსჯელია კონკრეტული სამხედრო ობიექტების შესახებ. “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ინფორმაციის განსაიდუმლოებას ახდენს ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი სუბიექტი.  ეროვნული  უშიშროების საბჭო არ არის სამხედრო ობიექტების დასაიდუმლოების კანონმდებლობით განსაზღვრული სუბიექტი. 

"ამრიგად მედიით გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ 2015 წლის 5 აპრილიდან 2015 წლის 28 სექტემბრამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალების, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიდან და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, საქართველოს პროკურატურის მიერ აღნიშნულ ფაქტზე არ იქნა დაწყებული გამოძიება,” - ნათქვამია განცხადებაში.

კუჭავას ოჯახის ადვოკატი პროკურატურისგან საქმის მასალების გადმოცემას დღეს მოითხოვს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 25 აგვისტო 2016 12:39

ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატი თბილისის პროკურატურისგან საქმის მასალების გადმოცემას დღეს მოითხოვს. ნათია კორკოტაძე ელოდება იმ დოკუმენტაციას რომელიც კუჭავას სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინიტრომ პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულად ბიძინა კუჭავა ოფიციალურად 17 იანვარს გამოაცხადა. თავად ბიძინა კუჭავას გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა სახელდება. ოჯახი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორ ვახტანგ ქირიას 14 იანვრიდან ეძებდა და საბოლოოდ იგი თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იპოვეს მოკლული. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური