მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დაკითხეს

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 11:34

ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, „თიბისი ჯგუფის“ პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში. საგამოძიებო ორგანოში მასთან ერთად ბიზნესმენები ვახტანგ ბუცხრიკიძე და ზაზა კიკვაძეც დაკითხეს . ბიზნესმენებმა დაკითხვის დეტალებზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ისაუბრეს, თუმცა განმარტეს, რომ საქმე, რომლის ფარგლებშიც მოწმის სტატუსით დაიკითხნენ, „ტექნო ბუმის“ მფლობელების მხრიდან ფულის შესაძლო გათეთრებას ეხება. „ბევრი კითხვები ქონდათ, ჩვენც ვუპასუხეთ სრულად და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილები ვართ. როგორ შეიძლება პროკურატურაში დაბარებით იყო კმაყოფილი, მაგრამ გვინდოდა, რომ ეს თემა კარგად ყოფილიყო შესწავლილი. ეს ეხება „ტექნო ბუმსა“ და „ელიტ ელექტრონიქსს“, - განაცხადა დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ.

პროკურატურის კანონთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 16:30

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პროკურატურის კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტისა და "პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს 2015 წლის 18 სექტემბრის №4300 – ის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: 2015 წლის 5 ოქტომბრიდან იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს ორი წევრის ასარჩევი კონკურსი.

საქართველოს პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.

საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია "პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით 2015 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით პარლამენტს წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა.

არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.

კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ საქმის წარმოებაში.

წარდგინება შევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, წერილობით შემდეგ მისამართზე: ქალაქი ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი №26 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING ", - აღნიშნულია განცხადებაში.

წინასაწარი პატიმრობის პერიოდში არსებულ პრობლემებზე PACE-მა რეზოლუცია გამოაქვეყნა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 15:28

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებას ეხება და მათ შორის, საქართველოში წინასწარი პატიმრობის კუთხით არსებულ დარღვევებს აკრიტიკებს, 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო.
PACE-ს დეპუტატებმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ ინიცირებული ძირითადი შესწორებები არ გაითვალისწინეს.
საქართველოსთან მიმართებაში, რეზოლუციის თანახმად, დარღვევად სახელდება "პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია ან სხვა გზით განეიტრალება (მაგალითად, "საქართველოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა კონკრეტული საქმეები)". დოკუმენტში ასევე წერია, რომ "საქართველომ მიიღო რეფორმები და პრაქტიკული ზომები, რამაც წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მნიშვნელოვანი შემცირება და დაკავებულთა მიმართ მოპყრობა გააუმჯობესა, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის სფეროში დარღვევები კვლავ ფიქსირდება". ასევე აღნიშნულია, რომ წინასწარი პატიმრობის სფეროში არსებული დარღვევების ერთ-ერთი მიზეზია "პროკურატურის "forum-shopping" შესაძლებლობა (შესაძლებლობა გადასცეს საქმე სასამართლოს, რომლისგანაც მოსალოდნელია უფრო სასიკეთო შედეგის მიღება), რის შედეგადაც შესაძლოა, ჩამოყალიბდეს სხვადასხვა სტრატეგიები, რათა წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა კონკრეტულ საქმეებში, გადაწყდეს ისეთი მოსამართლის მიერ, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო, "დამთმობი იქნება". წინასწარი პატიმრობის სფეროში არსებული დარღვევების კიდევ ერთ მიზეზად სახელდება "პროკურატურის შესაძლებლობა, გვერდი აუაროს წინასწარი პატიმრობის შესახებ კანონით დადგენილ ვადებს, საბრალდებო აქტების შეცვლის ან რეგულირების გზით". 
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს "მიიღოს შესაბამისი ზომები, პროკურატურის მხრიდან forum-shopping-ის გამოყენების პრევენციის მიზნით, ასევე, "თავი შეიკავოს წინასწარი პატიმრობის გამოყენებისგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება მართლმსაჯულება და გაათავისუფლოს ყველა ის პატიმარი, რომელიც არასამართლებრივად არის დაკავებული".

ელისო კილაძე პროკურატურაში ახალი ჩანაწერებით მივიდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 18:05

სკანდალურ ვიდეომასალებზე დაყრდნობით კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. პროკურატურა ძალოვანების მიერ მოქალაქეების ცემის ფაქტს სწავლობს.

ამ წუთებში უწყებაში იმყოფება ელისო კილაძე, რომელიც თბილისის პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიბარეს. ხვალ კი მას შს სამინისტროს გენისპექციაში დაკითხვაზე ელოდებიან. 

ცნობილი გახდა ისიც, რომ ყოფილი პოლიციელის მიერ გავრცელებულ სკანდალურ კადრებთან ერთად, ელისო კილაძე გამოძიებას ისეთ მასალებსაც მიაწვდის, რომელიც მასმედიის საშუალებით არ გავრცელებულა. ჟურნალისტის თქმით მასზე ასახულია მოქალაქეებისა და პატრულის დაპირისპირება.

"წარვადგენ ამ მასალებს და ყველა სხვა მასალებს, რასაც მომაწვდიან ამ თემაზე. შს სამინისტროს გენისპექციაში ვარ უკვე ხვალ დაბარებული. მე ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, როგორც ჟურნალისტი კი თვალს მივადევნებ პროცესებს. იმისთვის, რომ გამოძიება იყოს სანდო, აუცილებელია კადრებში ასახული მაღალი თანამდებობის პირებს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუწყდეთ,"- ამბობს ელისო კილაძე. 

შეგახსენებთ, რომ სკანდალური ვიდეოკადრები ყოფილმა სამართალდამცავმა გიორგი ბაბუნაშვილმა გაავრცელა. 

პროკურატურამ 2012 წლამდე მოქალაქეებისთვის ქონების ჩამორთმევის 3 ფაქტი გახსნა.

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2015 15:00

პროკურატურამ  2012 წლამდე მოქალაქეებისთვის ქონების ჩამორთმევის 3 ფაქტი გახსნა. მხილებულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამდებობის პირები.

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის განცხადებით, შემაჯამებული გადაწყვეტილების შემდეგ დაზარალებულ მოქალაქეებს  დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 12 ავტომანქანა.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ მხილებულ პირებს დისკრეციები გაუფორმდათ და ამ დროისთვის, სისხლის სამართლებრივი დევნა არცერთი საჯარო მოხელის მიმართ არ დაწყებულა.

გვერდი 14/ 14-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური