ვინ გადასცა ხელისუფლების მუქარა "რუსთავი2"-ის გენდირექტორს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 11:45

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი მინიშნებას აკეთებს იმ ადამიანთან დაკავშირებით, ვინც მას „მთავრობის მუქარის“ შესახე აცნობა. 
როგორც გვარამიამ განაცხადა, ეს პირი მისი და „მთავრობის მეგობარია. "პირი, რომელიც მე დავასახელე, თავისთავად ცხადია, თვითონ არ მემუქრება. ის არის ჩემი მეგობარი და მთავრობის მეგობარი. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს, პრეზენტაცია იყო მათი ერთწლიანი მოღვაწეობის და შეგიძლიათ, კადრებიც ამოიღოთ. პირდაპირ მან მითხრა, რომ ეს ადამიანი გადმომცემდა ხოლმე, თუ რას ფიქრობს მთავრობა. ზუსტად ამ პირს ვესაუბრე", - განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამია პროკურატურაში დაიბარეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2015 23:14

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გამომძიებლები არხის გენერალურ დირექტორს შეხვდნენ და ხვალ 12:00 საათზე პროკურატურაში დაბარების შესახებ აცნობეს. გამომძიებლებმა ნიკა გვარამიას უწყებაც ჩააბარეს, მათივე თქმით მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა დაიწყო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიერ მისი დაშანტაჟების მცდელობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება.

საქართველოს პროკურატურის განცხადება პროკურორთა კონფერენციის მოწვევის შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 15:15

2015 წლის 19 ოქტომბერს 10:00 საათზე, ქ.თბილისში, ჰუალინგი თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის“ საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარის - მთავარი პროკურორის მიერ მოწვეული იქნა საქართველოს პროკურატურის კონფერენცია - პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს  და ევროსაბჭოს და ევროკავშირის წარმომადგენლობების  მხარდაჭერით ტარდება. 
როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის 28 სექტემბრიდან ძალაში შევიდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის წესი. 
პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და მისი ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო – საპროკურორო საბჭო.
ამავე კანონის მე-81 მუხლის თანახმად საპროკურორო საბჭოს 8 წევრს, რომელთა ¼ უნდა იყოს განსხვავებული სქესის, ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია. კონფერენციაზე საბჭოს წევრების არჩევა ხდება პროკურორებისა და გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, შემდეგი კვოტების მიხედვით;

  •    3 წევრი აირჩევა მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთაგან;
  •    1 წევრი აირჩევა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთაგან;
  •    3 წევრი აირჩევა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საოლქო პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან;
  •    1 წევრი აირჩევა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის) საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან.
  •    საპროკურორო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პროკურორი ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

პროკურორებისაგან და პროკურატურის გამომძიებლებისაგან შემდგარი არანაკლებ 30-კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საპროკურორო საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით;  
საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.
საქართველოს პროკურორთა კონფერენცია არის პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომლის უფლებამოსილებაა საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა.
აქვე გაცნობებთ, რომ კონფერენცია ღიაა და მასზე დასწრების უფლებით დაიშვებიან ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის აკრედიტირებული წარმომადგენლები, რომლებმაც კონფერენციის ჩატარებამდე, აკრედიტაციის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოს მთავარ პროკურატურას 2015 წლის 16 ოქტომბრის 18:00 საათამდე.

 

ჰააგის მთავარი პროკურორი ფატუ ბენსუდა საქართველოში დღეს ჩამოვა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 10:09

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საქართველოში დღეს ჩამოვა.

ბენსუნდა საერთაშორისო გამომძიებლების ჯგუფთან ერთად შეხვედრებს გამართავს. შეხვედრებზე სავარაუდოდ, განიხილება ის გეგმა, თუ როგორ წარიმართება საგამოძიებო მოქმედებები და როგორ აპირებენ საერთაშორისო გამომძიებლები ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობას.

"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ თხოვნით მიმართა მოსამართლეებს, ნება დართონ პროკურორის ოფისს დაიწყოს გამოძიება 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. ამ მიზნით პროკურორმა ითხოვა საქართველოში 2008 წლის 1ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება.

2008 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ რაც სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონსა და საქართველოს შორის შეიარაღებული შეტაკებები, რომელშიც ასევე რუსეთის ფედერაცია იყო ჩართული, გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში, პროკურორის ოფისი ჩაერთო საქართველოს საქმის წინასწარ შესწავლაში", - წერია ჰააგის სასაამართლოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურაში მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურები დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 17:05

საქართველოს მთავარი პროკურატურა ახალი მთავარი პროკურორის შერჩევისთვის საჭირო პროცედურებს იწყებს. შერჩევის წინა ეტაპზე, 19 და 20 ოქტომბერს, სასტუმრო "ჰუალინგ თბილისში" გაიმართება საქართველოს პროკურორთა კონფერენცია და აირჩევა საპროკურორო საბჭოს 8 წევრი. 
ამასთან, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ განაცხადა, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს. 
მისი განმარტებით, კონსულტაციების ფარგლებში მზად არის, აღნიშნულთან დაკავშირებით ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოსაზრება მოისმინოს.
"მინდა, მივმართო აკადემიურ წრეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ყველა დაინტერესებულ პირს და ვუთხრა, რომ "პროკურატურის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრი იწყებს კონსულტაციებს მთავარი პროკურორის პოზიციაზე კანდიდატურის შესარჩევად. იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის მინისტრის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც აქვს ამ თემაზე მოსაზრება. ერთადერთი მოთხოვნა იქნებოდა ის, რომ წარმოდგენილი კანდიდატი აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. კონსულტაციები გახსნილია, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა მოსაზრებებისთვის", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

პროკურატურის განცხადება მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედის მიმართ მიმდინარე გამოძიებაზე

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 16:49

2015 წლის 12 ოქტომბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით მოსამართლე თამაზ ურთმელიძეზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ ტელეეთერით გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი, რომლის გავრცელებითაც ინიციატორი მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იხილავს სამოქალაქო სამართლებრივ დავას ქიბარ ხალვაშსა და ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის დამფუძნებლებს შორის, რომელთანაც პროკურატურას არავითარი კავშირი არ აქვს და არც შეიძლება რომ ჰქონდეს. ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ფაქტების დამახინჯებისა და ვარაუდების საჭიროებისამებრ ინტერპრეტირების გზით, ადგილი აქვს მცდელობას, რომ საზოგადოებას აჩვენონ თითქოსდა პროკურატურა ჩართულია ამ პროცესში,  მაშინ როდესაც ხსენებული ინფორმაციის გაშვებამდე ტელეკომპანიას არც კი უკითხავს საქართველოს პროკურატურისთვის ან გამოძიების მწარმოებელი ორგანოსთვის ინფორმაცია მოსამართლის დედის მდინარა გიორგობიანის მიმართ არსებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და არ დაინტერესებულა საქმეში არსებული გარემოებებით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რომ სახეზეა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

აქვე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მდინარა გიორგობიანის მიმართ არსებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ გვსურს განვმარტოთ, რომ 2014 წლის 7 იანვარს საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ვალერიან სილაქაძის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 118-ე მუხლის 1 ნაწილით.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 7 იანვარს, ქ. თბილისში, თემქის 3 მ/რ, მე-2 კვ, კორპუსი 26, ბინა 27-ში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მდინარა გიორგობიანმა სიძეს - ვალერიან სილაქაძეს ნაჯახის დარტყმით მარცხენა ხელზე ჭრილობა მიაყენა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჭრილობა წარმოადგენს ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას. შესაბამისად საქმის ფაქტობრივი გარემოებების და მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზით, კერძოდ დაზარალებულის და ბრალდებულის ჩვენებებით, რომლებიც მარტო იყვნენ მომხდარი ინციდენტის დროს და წარმოადგენენ დაპირისპირებულ მხარეებს, ასევე ექსპერტიზის დასკვნების ანალიზით, მდინარა გიორგობიანის ქმედების დაკვალიფიცირება მოხდა 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და არა მკვლელობის მცდელობით, რომლის დახატვასაც ცდილობს „რუსთავი 2“.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კონფლიქტი მოხდა ოჯახში, დიასახლისის გარდაცვალების შემდეგ სიძე-სიდედრს შორის. კონფლიქტი პირდაპირ კავშირში იყო 12 წლის მცირეწლოვანი შვილიშვილის ინტერესებთან და პასუხისგებაში მისაცემი პირი იყო ამავე ოჯახის ღრმად მოხუცებული წევრი - ბებია, რომელსაც გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარემ დაპირისპირებულ ოჯახის წევრებს შეგნებულად მისცა შესაძლებლობა და დრო, რომ პრობლემა შერიგების გზით მოეგვარებინათ, რა შემთხვევაშიც პროკურორის მიერ მიღებული იქნებოდა ადეკვატური გადაწყვეტილება ანალოგიურ საქმეებზე სისხლის სამართლის პოლიტიკით დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით,  რის შედეგადაც შესაძლებელი გახდებოდა დარეგულირებულიყო ურთიერთობა დაპირისპირებულ ოჯახის წევრებს შორის და მცირეწლოვანი  შვილიშვილსთვის აგვერიდებინა დამატებითი ფსიქოლოგიური ტრამვა ბებიის პასუხისგებაში მიცემის გამო, რომელიც ობიექტური რეალობის შეფასებით არ წარმოადგენდა გარშემომყოფთათვის საფრთხეს.

მას შემდეგ რაც ბრალდების მხარე დარწმუნდა, რომ დაპირსპირებული ოჯახის წევრები შერიგებას არ აპირებდნენ,  2015 წლის 24 სექტემბერს, ვალერიან სილაქაძე ცნობილი იქნა დაზარალებულად, ხოლო 12 ოქტომბერს მდინარა გიორგობიანი მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში სსკ-ის მე-111, 118-ე მუხლის 1 ნაწილით. აქვე ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ვინაიდან გამოძიება ფაქტობრივად დასრულებულია, საქმე უახლოეს დღეებში წარიმართება სასამართლოში არსებითად განსახილველად. აღნიშნული ფაქტი, რომ უახლოეს დღეებში ხსენებული სისხლის სამართლის საქმე გადავა სასამართლოს წარმოებაში კიდევ  ერთხელ ადასტურებს „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის აბსურდულობას.

აქვე გვინდა დამატებით განვმარტოთ, რომ ვინაიდან მდინარა გიორგობიანი ბრალდებულია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი, სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით,  პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულის მიმართ არ იქნეს გამოყენებული არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, რადგან  არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების კანონით გათვალისწინებული საფუძველი - კერძოდ, მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები.  გადაწყვეტილების მიღებისას პროკურატურამ  ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის ასაკი, იგი 75 წლისაა,  ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის ფაქტი, რომ ბრალდებული არ არის წარსულში ნასამართლევი.

თვალსაჩინოებისთვის გვსურს წარმოგიდგინოთ სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, თუ ბრალდებული არ არის წარსულში ნასამართლევი, სისხლის სამართლის პოლიტიკით დადგენილი პრაქტიკის ფარგლებში პროკურატურის 2014-2015 წლების სტატისტიკა, რომლის განზოგადების შედეგად იკვეთება რომ 118-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების შემთხვევაში აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ფაქტობრივად არ გამოიყენება პრაქტიკაში, მსგავსი პრაქტიკა ასევე დამკვიდრებულია სასამართლოს მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის დადასტურების შემთხვევაში სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას

ფირცხალავას მუქარა ხელისუფლებას

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 16:06

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა ამბობს, რომ დაცვის მხარეს მოწმეების სასამართლოში მოყვანის უფლება არ ეძლევა.

ამის შესახებ ფირცხალავამ დღესვანდელ პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, მოწმეები შსს-ს თანამშრომლები არიან და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

„მივმართავ სახალხო დამცველს, პარლამენტს, პრეზიდენტს და ჩამოსულ ევროპარლამენტართა დელეგაციას. ხელისუფლებას პარასკევამდე დროს ვაძლევ. პარასკევამდე თუ ეს ადამიანები არ გამოჩნდებიან, მე მივმართავ რადიკალურ ზომებს. თუ რა ზომას მივმართავ, ამას პარასკევს მოგახსენებთ“, - მიმართა ფირცხალავამ მოსამართლეს.

საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დაკითხეს

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 11:34

ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, „თიბისი ჯგუფის“ პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში. საგამოძიებო ორგანოში მასთან ერთად ბიზნესმენები ვახტანგ ბუცხრიკიძე და ზაზა კიკვაძეც დაკითხეს . ბიზნესმენებმა დაკითხვის დეტალებზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ისაუბრეს, თუმცა განმარტეს, რომ საქმე, რომლის ფარგლებშიც მოწმის სტატუსით დაიკითხნენ, „ტექნო ბუმის“ მფლობელების მხრიდან ფულის შესაძლო გათეთრებას ეხება. „ბევრი კითხვები ქონდათ, ჩვენც ვუპასუხეთ სრულად და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილები ვართ. როგორ შეიძლება პროკურატურაში დაბარებით იყო კმაყოფილი, მაგრამ გვინდოდა, რომ ეს თემა კარგად ყოფილიყო შესწავლილი. ეს ეხება „ტექნო ბუმსა“ და „ელიტ ელექტრონიქსს“, - განაცხადა დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ.

პროკურატურის კანონთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 16:30

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პროკურატურის კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტისა და "პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს 2015 წლის 18 სექტემბრის №4300 – ის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: 2015 წლის 5 ოქტომბრიდან იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს ორი წევრის ასარჩევი კონკურსი.

საქართველოს პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.

საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია "პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით 2015 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით პარლამენტს წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა.

არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.

კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ საქმის წარმოებაში.

წარდგინება შევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, წერილობით შემდეგ მისამართზე: ქალაქი ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი №26 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING ", - აღნიშნულია განცხადებაში.

წინასაწარი პატიმრობის პერიოდში არსებულ პრობლემებზე PACE-მა რეზოლუცია გამოაქვეყნა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 15:28

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებას ეხება და მათ შორის, საქართველოში წინასწარი პატიმრობის კუთხით არსებულ დარღვევებს აკრიტიკებს, 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო.
PACE-ს დეპუტატებმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ ინიცირებული ძირითადი შესწორებები არ გაითვალისწინეს.
საქართველოსთან მიმართებაში, რეზოლუციის თანახმად, დარღვევად სახელდება "პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია ან სხვა გზით განეიტრალება (მაგალითად, "საქართველოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა კონკრეტული საქმეები)". დოკუმენტში ასევე წერია, რომ "საქართველომ მიიღო რეფორმები და პრაქტიკული ზომები, რამაც წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მნიშვნელოვანი შემცირება და დაკავებულთა მიმართ მოპყრობა გააუმჯობესა, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის სფეროში დარღვევები კვლავ ფიქსირდება". ასევე აღნიშნულია, რომ წინასწარი პატიმრობის სფეროში არსებული დარღვევების ერთ-ერთი მიზეზია "პროკურატურის "forum-shopping" შესაძლებლობა (შესაძლებლობა გადასცეს საქმე სასამართლოს, რომლისგანაც მოსალოდნელია უფრო სასიკეთო შედეგის მიღება), რის შედეგადაც შესაძლოა, ჩამოყალიბდეს სხვადასხვა სტრატეგიები, რათა წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა კონკრეტულ საქმეებში, გადაწყდეს ისეთი მოსამართლის მიერ, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო, "დამთმობი იქნება". წინასწარი პატიმრობის სფეროში არსებული დარღვევების კიდევ ერთ მიზეზად სახელდება "პროკურატურის შესაძლებლობა, გვერდი აუაროს წინასწარი პატიმრობის შესახებ კანონით დადგენილ ვადებს, საბრალდებო აქტების შეცვლის ან რეგულირების გზით". 
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს "მიიღოს შესაბამისი ზომები, პროკურატურის მხრიდან forum-shopping-ის გამოყენების პრევენციის მიზნით, ასევე, "თავი შეიკავოს წინასწარი პატიმრობის გამოყენებისგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება მართლმსაჯულება და გაათავისუფლოს ყველა ის პატიმარი, რომელიც არასამართლებრივად არის დაკავებული".

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური