მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმეების ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017 14:05

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს. 

„ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებებში არაერთხელ გავრცელდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებითაა დაწყებული. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა“, - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში. 

რამდენიმე მედიასაშუალებაში ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალები გავრცელდა. კერძოდ, მედიაში სხვადასხვა პერიოდში გავრცელდა დახურულ სასამართლო პროცესზე, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის, პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის, მეუფე დიმიტრის ჩვენებები და ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვა. 

ე.წ. კორტების საქმე - ფირცხალავას მეუღლე პროკურატურაში გამოკითხვაზე უარს ამბობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 11 სექტემბერი 2017 12:53

„კორტების საქმეზე“ დაკავებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტია პროკურატურაში დღეს დაკითხვაზე აღარ მივა.

ხვიტია სასამართლოში, მოსამართლის წინაშე ითხოვს ჩვენების მიცემას. ხვიტიას თქმით, კორტების სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, კობა გოგატიშვილი, მისივე ინიციატივით ხვდებოდა და ჩანაწერი, რომელიც მან სახალხო დამცველს გადასცა ადასტურებს, რომ ფირცხალავას ოჯახის მხრიდან მოწმეზე ზეწოლა არ ყოფილა.

„დღეს მქონდა შეთანხმება პროკურატურასთან. შევცვალე ეს შეთანხმება. უკვე მაღალი ვარაუდით დავრწმუნდი, რომ გოგატიშვილი თავისი სურვილით მოვიდა, გადმომცა ინფორმაცია, რაც არის რეალური.

ის აღმოჩნდა პროკურატურის ხელში, გაგი მოსიაშვილისა და ჩიქოვანის ხელში. მათი ხელით მოხდა აბდაუბდა ჩვენების შეთითხვნა. ამას ადასტურებს ბევრი რამ. ბრიფინგზე ამბობდა ეს ადამიანი, მემუქრებოდნენო და თუ ჩვენ ვუკავშირდებოდით, ვიცი, რომ დათო ხაჟალიასაც დაუკავშირდა. მე არ მივდივარ პროკურატურაში, სასამართლოს წესით ვითხოვ დაკითხვას.

მამუკა ვასაძე კურირებს საგამოძიებო ნაწილს და უნდა გადადგეს. მოვითხოვ ჩვენების გასაჯაროებას. ჩემი მტკიცებულების წარდგენის შემდეგ რას დაწერს გაგი მოსიაშვილი კიდე არ ვიცი. 40 წუთიანი ჩანაწერი სახალხო დამცველს აქვს ახლა", - აცხადებს ხვიტია.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით დეპუტატ გელა მიქაძის ექსტრადირება არ მოხდება

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 24 მაისი 2017 18:53

საქართველოს პროკურატურის განცხადებით გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, დეპუტატ გელა მიქაძის ექსტრადირება არ მოხდება. საგამოძიებო უწყების განმარტებით, პატრიოტთა ალიანსის წევრს საქართველოს მოქალაქეობა იცავს. აღნიშნული განცხადება საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა გააკეთა:

„საქართველოს პროკურატურა, მზად არის სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, დახმარება აღმოუჩინოს ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოს. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში ვერ გადასცემს საქართველოს მოქალაქეს გელა მიქაძეს, უცხო სახელმწიფოში ექსტრადირებას ვერ განახორციელებს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობრივი კუთვნილება წარმოადგენს ექსტრადიციის შემაფერხებელ გარემოებას,“ - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი "პატრიოტთა ალიანსიდან", გელა მიქაძეს გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17 მილიონი დოლარის მითვისებისთვის 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

"ცენტრ პოინტის" საქმე - პროკურატურის მიერ დაზარალებულთა სიაში შეყვანილ სამ პირს კომპანიის მიმართ პრეტენზიები არ აქვს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 04 მაისი 2017 14:43

“ცენტრ პოინტის” საქმის ე.წ. "ბათუმის მაგნოლიას" ეპიზოდზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის სამი მოწმე დაიკითხა. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პროკურატურამ დაზარალებულად სცნო, ისინი თავს დაზარალებულებად არ მიიჩნევენ.
მათი თქმით, "ცენტრ პოინტთან" არავითარი პრეტენზია არ აქვთ. 

მოწმეების ნაწილმა ასევე ისიც აღნიშნა, რომ არ იყვნენ ინფორმირებულები პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობის თაობაზე და არანაირი ოფიციალური დოკუმენტი ამის თაობაზე არ მიუღიათ.

პროკურატურის მასალების მიხედვით, გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 27 აპრილი 2017 14:50

პროკურატურის მასალების მიხედვით, დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„2017 წლის 2 თებერვალს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში.  გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა, ამავდროულად მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა გართულდებოდა საგრძნობლად“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის მასალების მიხედვით, გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდის“ შემცველი ფხვნილი.

"2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გიორგი მამალაძე დაკავებულ იქნა, ხოლო მისი ბარგის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. „აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც  სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 15:59

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობისთვის დაკავებულებს მ.ღ-ს და ი.ჩ-ს ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი  ნაწილით. 
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 მარტს, პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ, ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე  ტერიტორიაზე  მ.ღ.-ს  და ი.ჩ.-ს მიერ, სხვადასხვა დროს, განხორციელდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რა დროსაც ხელკეტების, ქვების და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით ათეულობით პირი თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს და ცდილობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის შენობაში შეჭრას. თავდასხმის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო 35-მა პოლიციელმა. თავდამსხმელებმა ცეცხლის წაკიდებით დააზიანეს და გაანადგურეს სახელმწიფოსა და მოქალაქეების კუთვნილი 83 680 ლარის ღირებულების ავტომანქანები და 132 770 ლარის ღირებულების ქ.ბათუმის მერიის კუთვნილი ქონება.
პროკურატურამ უკვე მიმართა შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაკავებული პირებისთვის  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გურამ რჩეულიშვილი უახლოეს პერიოდში პროკურატურაში საგარანტიო წერილებს წარადგენ

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 16:25

გურამ რჩეულიშვილი უახლოეს პერიოდში პროკურატურაში საგარანტიო წერილებს წარადგენს იმის დასტურად, რომ ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება. როგორც რჩეულიშვილმა აღნიშნა, საგარანტიო წერილები იქნება ინვესტორის მხრიდან გაცემული, თუმცა გურამ რჩეულიშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს ეს წერილები იქნება საბანკო გარანტია თუ სხვა სახის დოკუმენტი.
"მზად ვარ ყველასთან ერთად დავჯდე და დავიწყო მოლაპარაკებები, რათა დავდოთ რაღაც შედეგი. შედეგს საგარანტიო სახე ექნება მიცემული, რის შემდეგაც მაია გამოვა და მე და მაია ერთად დავამთავრებ ამ პროცესს”, - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

"ცენტრ პოინტის" საქმეზე სასამართლო განაჩენის გამოტანას პროკურატურა განცხადებით ეხმაურება

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 31 მარტი 2017 13:14

პროკურატურა მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას კიდევ ერთხელ სთავაზობს. ამის შესახებ ”ცენტრ პოინტის” საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ, დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. ”გამოძიების ეტაპზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს არაერთხელ შევთავაზეთ საპროცესო შეთანხმების გაფორმება იმ პირობით, რომ ექვსი ათასივე დაზარალებულს აუნაზღაურდებოდა ზიანი და დასრულდებოდა მათ მიერ დაწყებული ობიექტების მშენებლობა, თუმცა ბრალდებულებმა არ გამოიყენეს ჩვენს მიერ შეთავაზებული პირობა და შესაბამისად, მათ მიმართ ვერ გავრცელდებოდა შეღავათი. ჩვენ კიდევ გამოვხატავთ მზაობას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე და პირობები რჩება ძალაში. თუ ბრალდებულები დათანხმდებიან მას, მზად ვართ, საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლოში გავაფორმოთ”, - განაცხადა დავით გუმბერიძემ.რაც შეეხება ”ცენტრ პოინტის” საქმეზე გამოტანილ განაჩენს, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდება გადაწყვეტილებით ნაწილობრივაა კმაყოფილი.  საქალაქო სასამართლომ, ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანზე, კრწანისში და წყნეთის ობიექტებს ეხება. 

დეპუტატი ირაკლი აბესაძე პროკურატურაში დაიბარეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2017 10:12

ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის თანხის გამოყოფას. როგორც აბესაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მზად არის გამოცხადდეს უწყებაში. აბესაძე პროკურატურაში 11:30 საათზეა დაბარებული.მისივე თქმით, პროკურატურას აღნიშნულ საქმეზე მის ხელთ არსებულ ინფორმაციას მიაწვდის.
აბესაძეს თან ჰქონდა აღნიშნულ ორ პირს შორის ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება. როგორც მან განმარტა, იმის ნაცვლად, რომ მომხდარიყო უპრეცედენტო კორუფციულ ფაქტზე რეაგირება, განხორციელდა ტრანზაქცია, „რომელიც შექმნის სამართლებრივ პრობლემებს, რათა ვერ მოხერხდეს აღნიშნული კორუფციული გარიგების აღმოფხვრა“. 

პროკურატურის განცხადება მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 15:11

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, 2017 წლის 14 იანვარს, დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეების - ბესარიონ ალავიძის და პაატა ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მომართვა, რომლითაც დგინდება, რომ ხსენებულმა მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე - უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ხსენებული მოსამართლეებისთვის გაგზავნილ წერილობით შეტყობინებებში,  რომლებიც მოსამართლეებმა  წარმოადგინეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, იკვეთებოდა  მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის ნიშნები.  შესაბამისად,  ინფორმაციის მიღებისთანავე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება განცხადებაში მოყვანილი გარემოებების შესწავლის მიზნით.
ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულია განცხადების წარმომდგენი მოსამართლეები და მათი ოჯახის წევრები.  გამოძიება გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში.
გამოძიების სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით ამ ეტაპზე პროკურატურა ვერ ისაუბრებს. გამოძიების ფარგლებში საქმეზე სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური