პროკურორი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე - უტყუარად დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ბ-მ ორივე მოკლულს ჭრილობა დანით მიაყენა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 29 მაისი 2018 12:03

უტყუარად დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ბ-მ ორივე მოკლულს დანით ჭრილობა მიაყენა, - ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებზე ისაუბრა.

პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებულმა აღნიშნული დანის გადამალვა ერთ-ერთ პირს დაავალა, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა გამოძიების მიერ. 

„შემთხვევის ადგილზე ამოღებულ იქნა ორივე გარდაცვლილის სისხლის ნიმუშები და მათმა ადგილმდებარეობამ და ლოკაციამ გამოძიებას მისცა შესაძლებლობა დაედგინა ჩადენილი მკვლელობის კონკრეტული ადგილები. 

ასევე გვსურს ყურადღება გავამახვილოთ გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ მკვლელობის მეორე იარაღზე, ბრალდებულ გ.ბ.-ს დანაზე. საქმის ერთ-ერთ მოწმესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებში სამალავიდან ამოღებული იქნა მოწმისათვის ბრალდებული გ.ბ.-ს მიერ დასამალად გადაცემული ხელსახოცში გახვეული ვერცხლისფერი ფიქსატორიანი დანა. ხსენებულ დანაზე ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღმოჩნდა მოკლული ლ.დ-ს და ბრალდებული გ.ბ-ს ბიოლოგიური მასალა. ხოლო ერთჯერად ხელსახოცზე რომელშიც გადახვეული იყო აღიშნული დანა, აღმოჩნდა გარდაცვლილ დ.ს.-ს ბიოლოგიური მასალა, რითაც უტყუარად დადგინდა, რომ ამ ბრალდებულმა გ.ბ-მ დანით ორივე მოკლულს მიაყენა ჭრილობა.

საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო პროცედურა. მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულებებზე დაინიშნა არაერთი ექსპერტიზა. მათ შორის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, ჭრილობები მიყენებულია მჩხვლეტავი მჭრელი საგნით რომელსაც გააჩნია ერთ მხარეს ბლაგვი ყუა, ხოლო მეორე მხარეს ლესილი პირი. აღნიშნული დასკვნა გამორიცხავს როგორც მაკრატლის, ასევე მსგავსი ბლაგვი ბოლოების მქონე საგნის გამოყენებას მკვლელობის იარაღად“, -განაცხადეს პროკურატურაში. 

დედის მიმართ ძალადობისთვის 1 პირს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 14:15

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი კ.ე. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლით.    
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს კ.ე. მივიდა მშობლების საცხოვრებელ სახლში და დედას ტელეფონის აპარატი ესროლა, რომელიც ამ უკანასკნელს სახის არეში მოხვდა და განიცადა ფიზიკური ტკივილი. კ.ე. დედამისს ასევე სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, რომელსაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
სამართალდამცველებმა კ.ე. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 111, 151-ე მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) წარედგინა.  
თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ე. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

სასამართლომ სამოხელეო დანაშაულისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 28 მარტი 2017 17:38

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  გენერალური ინსპექციის  უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ჩხიტუნიძე სამოხელეო დანაშაულის ჩადენისთვის დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად  უტყუარად დადასტურდა, რომ დავით ჩხიტუნიძე 2005-2009 წლებში, სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობებს. მან, როგორც საჯარო მოხელემ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირებს: გ. ალანიას, ა. ღაჭავას, მ. ბიბილურიძესა და ა. აფციაურს მიანიჭა არაერთი უკანონო პრივილეგია და ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე არაერთხელ უკანონოდ გამოიყვანა  საპატიმრო დაწესებულებიდან, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. 
პროცესზე დაკითხული მოწმეებისა და გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დავით ჩხიტუნიძის მიერ სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ერთი ეპიზოდი) და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ორი ეპიზოდი).
სასამართლომ დავით ჩხიტუნიძის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სამივე ეპიზოდი დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. დ. ჩხიტუნიძეს დანაშაულთა ერთობლიობით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ განუსაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვის ვადით ჩამოართვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. დავით ჩხიტუნიძე იმყოფება მიმალვაში და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

პროკურატურაში ე.წ. ციანიდის საქმეზე საპროცესო საგამოძიებო მოქმედება ტარდება

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 07 მარტი 2017 16:23
ამ წუთებში მთავარ პროკურატურაში ე.წ. ციანიდის საქმეზე საპროცესო საგამოძიებო მოქმედება ტარდება, სადაც დესდეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები მონაწილეობენ. ამ დროისთვის უცნობია რა სახის საპროცესო საგამოძიებო მოქმედება ტარდება.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 17:24

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უმაღლესი სასწავლებლების რექტორებსა და იურიდიული ფაკულტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს პროკურატურასა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებასა და სტუდენტებისათვის პრაქტიკული ცოდნის მიღების ხელშეწყობას. ღონისძიება საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართა და მას მთავარი პროკურორის მოადგილეები და სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. 
შეხვედრის ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები გაეცნენ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე პროექტებს, უწყების პრიორიტეტებსა და არსებულ სტაჟირების სისტემას. იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებაზე, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებასა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის ხელშეწყობაზე. 
შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ერთ-ერთ ძირითად საკითხს საჭირო პრაქტიკული ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი კადრების სიმცირე წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურა ორიენტირებულია  კვალიფიციური კადრების მოზიდვასა და მათი მუდმივი განვითარების ხელშეწყობაზე. რადგან, ნებისმიერი უწყების ეფექტიანი საქმიანობა მისი თანამშრომლების პროფესიონალიზმსა და მოტივაციაზეა დამოკიდებული. 
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ სტუდენტების, მომავალი თაობის პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა და სრული მზაობა გამოხატა აქტიური თანამშრომლობის გასაგრძელებლად. 
საქართველოს პროკურატურას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი 11 უმაღლეს სასწავლებელთან აქვს გაფორმებული, რომელთა რიცხვს დღეს 2 უმაღლესი სასწავლებელი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი  შეემატა. 

"შორენა თეთრუაშვილი მზად არის ნებისმიერ საკითხზე პასუხი გასცეს"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 11:29

"ქალბატონი შორენა მზად არის ნებისმიერ საკითხზე გასცეს პასუხი, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ამ თემაზე გარკვეული მანიპულაციები. ველოდებით პროკურატურიდან შეტყობინებას.  დასამალი არაფერი გვაქვს. ყველა გარემოებაზე, ყველა საკითხზე, რაც საინტერესო იქნება პროკურატურისთვის, მზად ვართ პასუხი გავცეთ”, - აღნიშნული განცხადება,  პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით,  საპატრიარქოს იურისტმა,  ედიშერ ქარჩავამ გააკეთა.

პროკურატურის განცხადება ლომინაძის საქმეზე

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 15:36

საქართველოს მთავარი პროკურატურა ნიკოლოზ ლომინაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავზობთ: 

"თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სააქციო საზოგადოება „ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულები უდანაშაულოდ სცნო.
საქართველოს პროკურატურის მიერ ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული და სასამართლოს წინაშე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე  თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გიორგი გვიჩიანი, ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკელაძე, გიორგი პაპაჩაშვილი და ნოდარ გვიჩიანი უდანაშაულოდ იქნენ ცნობილნი სააქციო საზოგადოება „ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეზე იმჟამად გამოძიებას აწარმოებდა  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვინაიდან, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმის გახსნით დაინტერესებული იყვნენ მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირები, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას ხელოვნურად შეიქმნა მთელი რიგი მამხილებელი მტკიცებულებები, რაც გიორგი გვიჩიანის, ნოდარ გვიჩიანის, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძისა და გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა. ხელახალი გამოძიებისას კი გამოვლინდა არაერთი გარემოება, რაც სასამართლოების განაჩენებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისგან განსხვავებულ სურათზე მიუთითებდა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, რომლებიც ცალსახად უთითებდნენ ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულების უდანაშაულობის შესახებ. ასევე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები იყვნენ. 
საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის ჩამდენ პირთა დადგენა, დაკავების მიზნით, ასევე ყოფილი მოხელეების მიერ შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება დაუბრუნდებათ

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 16 იანვარი 2017 16:36

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაუბრუნდებათ.
დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტები. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წელს მოქალაქე გურამ ჩიქოვანმა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების გზით, შეიძინა  სოფელ კვარიათში მდებარე 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე კანონიერად დაირეგისტრირა სოფელ გონიოში მდებარე 1403 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლებიც მოგვიანებით საკუთარ ახლობლებს ფრიდონ ქიქავას და ლიანა ინწკირველს გადაუფორმა. 
მოგვიანებით ხსენებული ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა. ამის გამო, ხელვაჩაურის გამგეობამ, ხელოვნურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება დაზარალებულის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მიმნიჭებელი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე და ამ მოთხოვნით მიმართა სასამართლოს. თუმცა, სასამართლომ გამგეობის აღნიშნული უკანონო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მას შემდეგ, რაც ხელვაჩაურის გამგეობას დაზარალებულებისთვის ქონების ჩამორთმევის ყველა გზა ამოეწურა, 2010 წლის აგვისტოში, გურამ ჩიქოვანი დაიბარეს საქართველოს პროკურატურაში, სადაც მას კატეგორიულად მოსთხოვეს მის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სამართალდამცავებისგან შეექმნებოდა პრობლემები. 
დაზარალებულმა გურამ ჩიქოვანმა პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა მიწის ნაკვეთების დათმობის შესახებ მესაკუთრეებს - ფრიდონ ქიქავას და ლიანა ინწკირველს გადასცა, რომლებიც იძულებულნი გახდნენ ქონება სახელმწიფოს სახელზე გადაეფორმებინათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო აწარმოებდა გამოძიებას აკაკი მოისწრაფიშვილის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე, რისთვისაც მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა. 
2010  წლის ივლისში,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ცალკეულმა თანამდებობის პირებმა, ბრალდებულ აკაკი მოისწრაფიშვილის მამას ჯანგულ მოისწრაფიშვილს  მის შვილთან აკაკი მოისწრაფიშვილთან  საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვეს და შეასყიდინეს 22150 აშშ დოლარად ღირებული „ჰიუნდაი ტუქსონის” მარკის ავტომანქანა, რომელიც ჩუქების გზით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. მხოლოდ ამის შემდეგ აკაკი მოისწრაფიშვილთან გაფორმდა  საპროცესო შეთანხმება პირობით სასჯელზე.
მოქალაქე ანრი გოგიტიძე 2010 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საბაჟო წესების დარღვევით საქონლის გადაადგილებისთვის, რისთვისაც  მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით. აღნიშნული საქმის სააპელაციო წესით განხილვის დაწყებისას, ანრი გოგიტიძის ოჯახს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან შეუთვალეს, რომ თუ ანრი გოგიტიძეს სურდა საპატიმროს დატოვება, მას უნდა გადაეხადა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმა 500 000 ლარი და საგამოძიებო სამსახურისთვის შეეძინა და საჩუქრად გადაეცა საცხოვრებელი ბინა. 
ანრი გოგიტიძის ოჯახი იძულებული გახდა დათანხმებოდა აღნიშნულ პირობას, რის შემდეგაც მათ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდის გარდა, 2011 წლის მაისში შეიძინეს ქ.ბათუმში ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა, რომელიც ჩუქების წესით გადააფორმეს სახელმწიფოს სახელზე, რის შემდეგაც ანრი გოგიტიძემ დატოვა საპატიმრო დაწესებულება.
ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხსენებულ დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მათი კუთვნილი ქონება: ფრიდონ ქიქავას ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში მდებარე 1403 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ლიანა ინწკირველს  ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში მდებარე 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ასევე ჯანგულ მოისწრაფიშვილს ა/მანქანა ,,ჰიუნდაი ტუქსონი“ და მოქალაქე ანრი გოგიტიძეს ქ.ბათუმში მდებარე ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა. ხსენებული დაბრუნებული ქონების ღირებულება 1 000 000 ლარს აღემატება.
რაც შეეხებათ ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.  
ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად  გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 50 ფაქტი, მხილებულია 34 საჯარო მოხელე,  დაზარალებულად ცნობილია 91 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდა და დაბრუნების პროცესშია 20 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ. 

ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 14:20

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. ,,ფოტორეპორტიორების საქმეზე“, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების  ფაქტზე  დაკავებულ იქნა  საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ. 
ამავდროულად, პროკურატურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე და პროკურატურა მათ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.
აღნიშნულ საქმეზე, პროკურატურის მიერ ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის შემდეგაც გამოვლენილ იქნენ  ამ დანაშაულში ჩართული საჯარო მოხელეები და თავის მხრივ დადასტურდა ფოტორეპორტიორების უდანაშაულობა მათთვის წარდგენილ ბრალდებაში.
გარდა ამისა, პროკურატურამ საიდუმლო გრიფის მიმნიჭებელ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად მოახდინა ფოტორეპორტიორების საქმის ყველა ძირითადი მასალის და დოკუმენტის განსაიდუმლოება, რის შემდეგაც მოგვეცა საშუალება საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი და ასევე გავაცნოთ ახალი გამოძიებით დადგენილი მნიშვნელოვანი ფაქტები.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრეს სააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე აქტიურად აშუქებდნენ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს მომიტინგეების დარბევის და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს, რასთან დაკავშირებითაც მათ მიერ გადაღებულმა ფოტოებმა მსოფლიოს წამყვან პრეს სააგენტოებში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც ნეგატიურად აისახებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების რეიტინგზე.
სწორედ ამ ფაქტით გამოწვეული ხელისუფლების უკმაყოფილების შედეგად, ანგარიშსწორების მიზნით, 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით, ღამის საათებში, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაკავებული იქნენ ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ნათელა გედენიძე.
ფოტორეპორტიორების დაკავებამდე, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებდა ზურაბ ქურციკიძის სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადებას. ზურაბ ქურციკიძე 2004 წლიდან დღემდე მუშაობს ევროპის პრეს სააგენტოს ,,ეპა“-ს ფოტორეპორტიორად, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ფრანკფურტში, ხოლო ამიერკავკასიის მასშტაბით ქ.მოსკოვში. თავისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ზურაბ ქურციკიძეს ხშირი სატელეფონო საუბრები ჰქონდა ხსენებული სააგენტოს თანამშრომლებთან, რომელთაც ხელშეკრულების საფუძველზე, ჰონორარის სანაცვლოდ უგზავნიდა როგორც მის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებს, ასევე ამ სააგენტოს სტრინგერების - უშტატო თანამშრომლების: ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის მიერ გადაღებულ ფოტოებსაც.
სწორედ, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის მიერ განხორციელებული - ფოტორეპორტიორობა დაედო საფუძვლად სამართადამცავების მხრიდან მათი ჯაშუშობის ბრალდების ლეგენდის შექმნას.
კერძოდ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდების თანახმად, 2004 წელს ზურაბ ქურციკიძე ქ.მოსკოვში სამსახურებრივი მივლინების დროს გასამრჯელოს დაპირების საფუძველზე კონფიდენციალური თანამშრომლობისთვის გადაბირებული იქნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების მიერ. მათი ორგანიზებით ზურაბ ქურციკიძე თითქოს სისტემატიურად უგზავნიდა ევროპის პრეს სააგენტოს თანამშრომლებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ფოტოებს და მასალებს, რომლებსაც ქურციკიძე მოიპოვებდა  პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოპერატორის ირაკლი გედენიძის და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ფოტოგრაფის  გიორგი აბდალაძისგან, რომლებმაც თითქოსდა იცოდნენ ქურციკიძის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. გამოგონილი ბრალდების თანახმად ფოტოგრაფების მიერ შექმნილ ჯაშუშურ ქსელს დახმარებას ასევე უწევდათ ირაკლი გედენიძის მეუღლე, ფოტოგრაფი ნათელა გედენიძე.
სამართალდამცავების მიერ ხსენებული ბრალდებით ფოტორეპორტიორების დაკავებას საზოგადოებაში და საერთაშორისო მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თბილისში დაიწყო პერმანენტული აქციები ფოტორეპორტიორების გათავისუფლების მოთხოვნით. იმჟამინდელი ხელისუფლება მასმედიის და საზოგადოების წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. საზოგადოება პროკურატურისგან საქმის გასაჯაროებას და უკანონოდ დაკავებული ფოტორეპორტიორების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდა. 
ყოველივე ამის შედეგად, სამართალდამცავებმა დაიწყეს ფოტორეპორტიორების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა და შანტაჟი, რათა შედეგად მათ მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, რომელსაც გაასაჯაროებდნენ, საზოგადოებას შეიყვანდნენ შეცდომაში და ამ გზით შეეცდებოდნენ საპროტესტო ტალღის ჩაცხრომას. 
ამ მიზნით, დაკავებულების დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისთანავე, მათთან არაოფიციალურად შედიოდა  საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომლებიც მოსალოდნელი ციხის მძიმე პირობების და მათი ოჯახის წევრებისთვის პრობლემების შექმნის მუქარით დაჟინებით ითხოვდა ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით აღიარებით ჩვენებაზე ხელის მოწერას. ამას დაემატა ისიც, რომ დაკავებულ ნათელა გედენიძეს დავით დევნოზაშვილმა წარუდგინა სახლის ჩხრეკის დროს კომპიუტერიდან უკანონოდ მოპოვებული ფოტო და აღიარებითი ჩვენების არ მიცემის შემთხვევაში დაემუქრა მისი საჯარო სივრცეში გავრცელებით, რის შედეგადაც ნათელა გედენიძე გახდა ცუდად და დასჭირდა ექიმის დახმარება. აღნიშნული ფოტო ასევე აჩვენეს დაკავებულ ირაკლი გედენიძეს და დაემუქრნენ მისი გავრცელებით.
განხორციელებულ  ზეწოლას ვერ გაუძლეს ცოლ-ქმარმა ნათელა და ირაკლი გედენიძეებმა და ისინი იძულებული გახდნენ ხელი მოეწერათ სამართალდამცავების მიერ წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენებისთვის, რის შემდეგაც ნათელა გედენიძე გაათავისუფლეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, ხოლო ირაკლი გედენიძეს სამომავლოდ შეპირდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და გიორგი აბდალაძესთან და ზურაბ ქურციკიძესთან ერთად გადაიყვანეს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში.
ციხეში ფოტორეპორტიორების შეყვანისთანავე, საპყრობილის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის ორგანიზებით და დახმარებით სამართალდამცავების მხრიდან მათ მიმართ გაგრძელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რასაც სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. მათ საკნებში არ ქრებოდა შუქი და საკნები აყვანილი იყო მუდმივ ვიდეო კონტროლზე. ალექსანდრე მუხაძის დავალებით პატიმრები აჰყავდათ ციხის ადმინისტრაციაში, სადაც დავით დევნოზაშვილი სხვა თანამშრომლებთან ერთად აგრძელებდა მუქარას აღიარებითი ჩვენების მისაღებად. საბოლოოდ, განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, 8 დღის შემდეგ, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძეც დაითანხმეს აღიარებითი ჩვენების მიცემაზე, მათ საგანგებოდ შეასწავლეს სამართალდამცავების მიერ წინასწარ დაწერილი ჩვენება, რასაც მთელი ღამის განმავლობაში ამეორებინებდნენ დაკავებულებს, რათა ადვოკატების თანდასწრებით არაფერი შეშლოდათ. მეორე დღეს კი მათი დამცველი ადვოკატების მონაწილეობით ვიდეოკამერაზე ჩაწერეს აღიარებითი ჩვენებები, რასაც ადვოკატების მწვავე პროტესტი მოჰყვა. საქმის წარმატებით დასრულებას სწორედ ადვოკატების მიერ გამოთქმული პროტესტი უშლიდა ხელს. აქედან გამომდინარე,  გიორგი აბდალაძეს და ზურაბ ქურციკიძეს დააწერინეს განცხადებები და უარი ათქმევინეს მათ დამცველ ადვოკატებზე, რის შემდეგაც პროკურატურის მაღალჩინოსნების მოთხოვნით და რეკომენდაციით საქმეში სხვა ადვოკატები ჩაერთვნენ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ზურაბ ქურციკიძესთან, გიორგი აბდალაძესთან, ირაკლი და ნათელა გედენიძეებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში.
სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, კი ფოტორეპორტიორებს მკაცრად აუკრძალეს ამ თემაზე ყოველგვარი საუბარი საჯარო სივრცეში.
კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ხოლო N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით.
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ამ დანაშაულში ჩართული სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების გამოსავლენად.
გარდა ამისა, უკანონოდ გასამართლებული ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.

7 წლიანი სასჯელი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 09 სექტემბერი 2016 15:26

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ვაჟა ხოზრევანიძე დამნაშავედ  სცნო ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით. 
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 31 მარტს,  დაახლოებით 08:00 საათზე, ქ. ბათუმში მდებარე საცხოვრებელ სახლში ვაჟა ხოზრევანიძეს ყოფილ მეუღლეთან მ.ფ-სთან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც ვაჟა ხოზრევანიძემ მოკვლის მიზნით, ნაჯახით მ. ფ.-ს თავის, ზურგისა და ხელის არეში  სიცოცხლისთვის სახიფათო მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ვაჟა ხოზრევანიძემ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, რადგან ფაქტის შემსწრე პირებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს. 
სამართალდამცველებმა ვაჟა ხოზრევანიძე იმავე დღეს შემთხვევის ადგილზე დააკავეს. 
ხელვაჩაურის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით წარუდგინა.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ვაჟა ხოზრევანიძე სრულად სცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური