საქართველოს პროგრესი საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის კუთხით

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 17:41

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ოფიციალური დასკვნის თანახმად, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველოს საერთო მაჩვენებელმა 87.8% შეადგინა. უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის კუთხით, ქვეყანამ ICAO-ს აუდიტს 2008 წელსაც უმასპინძლა. მაშინ საქართველოს საერთო მაჩვენებელი 58%-ს უტოლდებოდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აუდიტს 2015 წლის 7-15 დეკემბერს უმასპინძლა, ICAO-ს დასკვნა მიმდინარე წლის თებერვალში გახდა ცნობილი. აუდიტის დროს შემოწმდა, თუ როგორ ხორციელდება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი ქვეყნის და მისი საავიაციო ხელისუფლების მიერ, რამდენად შესაბამისობაშია მოქმედი საავიაციო უშიშროების მარეგულირებელი კანონმდებლობა და თანმდევი პროცედურები ICAO-ს სტანდარტებთან და რეკომენდირებულ პრაქტიკასთან, აგრეთვე როგორ ხორციელდება აღნიშნული საკანონმდებლო ჩარჩოს აღსრულება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გარდა, აუდიტორებმა შეამოწმეს ავიასაწარმოების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს საქმიანობა ზემოთჩამოთვლილი მიმართულებებით, აგრეთვე ადგილზე გაეცნენ, თუ როგორ ახორციელებდნენ ავიასაწარმოები და აღნიშნული უწყებები სამოქალაქო ავიაციის დაცვას მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან ICAO-ს სტანდარტების შესაბამისად.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) აუდიტი ახალი სისტემის - უწყვეტი მონიტორინგის ფარგლებში ჩატარდა.

აუდიტის შედეგად მიღებული საერთო მაჩვენებლებით, საქართველო ევროპის მოწინავე ქვეყნების მაჩვენებლებს გაუტოლდება, რაც დადებითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე, მის მიერ მგზავრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების წინააღმდეგ მიმართული პრევენციული და საპასუხო ღონისძიებების მაღალი სტადარტებით უზრუნველყოფის კუთხით.

 

 

 

 

საქართველო: მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, ეროვნული უმცირესობები კვლავაც მარგინალიზებულები არიან, ხოლო რელიგიათაშორისი დაძაბულობა იზრდება - ნათქვამია ევროპის საბჭოს ახალ ანგარიშში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 15 იანვარი 2016 13:18

სტრასბურგი, 2016 წლის 15 იანვარი - ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ეროვნული უმცირესობების დაცვის საქმეში: დამტკიცდა ახალი კანონმდებლობა და პოლიტიკა, რამაც უნდა უზრუნველყოს თანასწორობა და ინტეგრაცია, ასევე დისკრიმინაციასთან ბრძოლა; გრძელდება მედიისა და კულტურული აქტივობების მხარდაჭერა უმცირესობათა ენებზე; ხორციელდება უმცირესობათა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ხელშეწყობა. მიუხედავად ამისა, ეროვნული უმცირესობები კვლავაც მარგინალიზებულნი რჩებიან. ისევ არსებობს ენობრივი ბარიერები, ხოლო უმცირესობათა ენებზე სკოლებში მიმდინარე სწავლების ხარისხი დაბალია. სიძულვილის ენა და რელიგიათაშორისი დაძაბულობა იზრდება.
ეს ის ძირითადი დასკვნებია, რომლებიც დღეს, ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკითხებზე მომუშავე ევროპის საბჭოს მრჩეველთა კომიტეტმა საკუთარ ახალ ანგარიშში  გამოაქვეყნა, რასაც თან ერთვის საქართველოს მთავრობის კომენტარები.
2009 წლის მონიტორინგის პირველი ციკლიდან მოყოლებული, ევროპის საბჭოს კომიტეტისათვის აღსანიშნავია ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ მიმართული დეტალური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და 2014 წელს დამტკიცებული ნათლად ჩამოყალიბებული ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობა; კანონში სახელმწიფო ენის შესახებ მოცემულია გარანტიები ეროვნული უმცირესობების ენების გამოყენებისათვის, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, რასობრივი ნიშნით შეუწყნარებლობა, ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებაში, არსებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება.
კომიტეტის დასკვნის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობათა ენებზე (სომხური, აზერბაიჯანული და რუსული) განათლების მიღება შესაძლებელია დაახლოებით 300 სკოლაში, ამ სკოლებში სწავლების საერთო ხარისხი საშუალოზე დაბალია, რადგან ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული შესაბამისი სტანდარტები, ხოლო  მაღალხარისხოვანი საგანმანათლებლო მასალები, განსაკუთრებით, ბილინგვური სწავლების მიმართულებით, კვლავაც მწირია.
მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესდა ქართული ენის ცოდნის დონე ეროვნული უმცირესობების თემებში, ენობრივი ბარიერები კვლავაც რჩება, რაც ხელს უშლის მნიშვნელოვანი უფლებების ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით, ხანდაზმულ წარმომადგენლებში. ეს თავის მხრივ ზრდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების იდენტობისა და კულტურის მარგინალიზაციის ზოგად შეგრძნებას. სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად, ევროპის საბჭოს ექსპერტებმა მიუთითეს საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესახებ ცნობიერების დაბალ დონეზე; მათი ეფექტიანი გამოყენებისთვის საჭირო თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის ნაკლებობასა და უმცირესობათა ენებზე მაუწყებლობის დაბალ ხარისხზე. მიუხედავად სხვადასხვა დონეებზე გაწეული ერთობლივი ძალისხმევისა, ეროვნულ უმცირესობათა ჩართულობა საჯარო სფეროში, განსაკუთრებით ცენტრალურ დონეზე, არაპროპორციულად დაბალი რჩება.
„მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის კარგი თანამშრომლობა და დიალოგია, განსხვავებული რწმენის საფუძველზე წარმოშობილი დაძაბულობა და კონფლიქტები რიგ რეგიონებში გაცილებით გახშირდა“, ნათქვამია ანგარიში. „აღინიშნება სიძულვილის ენის ზრდა რელიგიური და ეროვნული უმცირესობების მიმართ, რაზეც ხშირად ადეკვატური რეაგირება არ ხორციელდება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.“ დასრულებული გამოძიებების ძალიან მცირე რაოდენობა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებებზე  სისხლის სამართლებრივი დევნა, ისევე როგორც არსებული ინფორმაცია დომინანტი რელიგიის სასარგებლოდ გამოჩენილი მიკერძოებულობის შესახებ, ძირს უთხრის პოლიციის მიმართ ნდობას და სულ უფრო დიდ აღშფოთებას იწვევს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფებში.
ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ სკოლებში მართმადიდებლური რელიგიის ღვთისმსახურების დანერგვამ, რომელსაც ხშირად თან ახლავს შეუწყნარებელი დამოკიდებულება მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან, შეიძლება გამოიწვიოს იმ მოსწავლეების გაუცხოება და დამცირება, რომლებიც სხვადასხვა აღმსარებლობის ეროვნულ უმცირესობათა  ჯგუფებს მიეკუთვნებიან. გარდა ამისა, ეს ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რომელიც სკოლას განსაზღვრავს ნეიტრალურ სივრცედ, სადაც აკრძალულია რელიგიური ინდოქტრინაცია და იძულებითი ასიმილაცია.
რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, მრჩეველთა კომიტეტი კვლავ მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, კონსტრუქციული მიდგომით უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების უფლებების, როგორც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების  განუყოფელი ნაწილის დაცვა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.  
ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა და მისი რატიფიცირება მოახდინა  2005 წლის დეკემბერში. კონვენცია საქართველოში  ძალაში შევიდა  2006 წლის აპრილში.

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური