ლიბერთი ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროგრამის ფარგლებში სიახლეების შესახებ აცხადებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018 10:06

ლიბერთი ბანკმა პენსიის მიმღები მომხმარებლებისთვის პენსიის მიღების რამდენიმე გამარტივებული და კომფორტული პირობა შეიმუშავა.

კერძოდ, დღეიდან პენსიების მიღება ნებისმიერი არხით ყოველი თვის 14 რიცხვში იქნება შესაძლებელი. თუ 14 რიცხვი დაემთხვევა არასამუშაო დღეს, მომხმარებლები პენსიას ლიბერთი ბანკის ბანკომატებით მიიღებენ.

ასევე, პენსიის მიმღებ ნებისმიერ პირს, ქვეყნის მასშტაბით, შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ახალი პროდუქტით და ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე  მიიღოს კუთვნილი საპენსიო თანხა მარტივად, სიმბოლური ერთჯერადი გადასახადის გადახდისთანავე.

სიახლეა კომუნალური გადასახადების გადახდის მიმართულებითაც - პენსიონერები კომუნალური გადახდების უფასო სერვისით ისარგებლებენ. კერძოდ,  ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებში ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავებისა და ბუნებრივი აირის მომსახურების საფასურს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხდიან მომსახურების საკომისიოს გარეშე.

ლიბერთი ბანკის გუნდი აქტიურად მუშაობს მომხმარებლებისათვის კომფორტული პირობების შექმნასა და მომსახურების სტანდარტების ამაღლებაზე. ზემოაღნიშნული ყველა სიახლე წარმოადგენს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროგრამის მხოლოდ დასაწყისს და მომავალში არაერთი მსგავსი მასშტაბური პროექტი იგეგმება.

https://youtu.be/LzRd6ltye6g

თბილისში მედიაკომუნიკაციების 2017-18 წლის პროგრამის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 17 მაისი 2018 16:47

16 მაისს, თბილისში, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაიმართა “ეროვნული უსაფრთხოებისა და მედიაკომუნიკაციების“ 2017-2018 წლის პროგრამის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.

კურსდამთავრებულებს გულითადად მიულოცეს და საზეიმო სიტყვით მიმართეს თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა და  თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორმა ჰუსეინ სანლიმ. მათ ახალგაზრდებს კურსების დასრულების დამადასტურებელი დიპლომები გადასცეს და ცხოვრების გზაზე შემდგომი წარმატებები უსურვეს.

აღნიშნულ პროექტს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TİKA) თბილისის პროგრამის საკოორდინაციო ოფისთან ერთად ანხორციელებს. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (TİKA) თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატზე დაქვემდებარებული საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ორგანიზაციაა. თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TİKA) თბილისის პროგრამის საკოორდინაციო ოფისი 1994 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს განათლება, ჯანდაცვა; თუმცაღა TİKA'-ს მოღვაწეობა მრავალმხრივია და მოიცავს ფართო სპექტრის პროგრამებს.

ავთანდილ ოთინაშვილი

თბილისი-ჩისინაუ-კიევი-ბაქო-ერევანი-მინსკი, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ფარგლებში გადებული „კულტურული ხიდი“

გამოქვეყნებულია კულტურა
კვირა, 28 მაისი 2017 20:13

მივიღე რა მიწვევა ორგანიზატორებისაგან მონაწილეობა მიმეღო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის  ფარგლებში, მივხვდი, რომ წინ ძალიან საინტერესო სამუშაო მელოდა. პროგრამაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის სამეზობლო პროექტის ქვეყნების - საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელორუსის და მოლდოვას 3-3 გამოცდილი ჟურნალისტი, რომლებიც კონკურსის საფუძველზე იქნენ შერჩეული.რაც შეეხებათ „ტრენერებს“, პროგრამაში მონაწილეობისათვის მოწვეულნი იყვნენ ისეთი დონის პროფესიონალები, როგორებიც არიან: მაია ჯაგი, კატერინა ბოტანოვა და ანასტასია ნურჟინსკა.

კოლეგებთან და „ტრენერებთან“ გაცნობის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ყველაზე „მძიმე წონას“  ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი, კულტურის თემაზე ორიენტირებული მაია ჯაგი წარმოადგენდა. ამ სფეროში მოღვაწეობის მისი 30 წლიანი გამოცდილება სწორედ ამაზე მიუთითებდა. თავისი პროფესიული კარიერის მანძილზე მაია ჯაგი 100-მდე კულტურის სფეროს ცნობილ წარმომადგენელს შეხვდა და მათ შორის „ნობელის პრემიის“ 12 ლაურეატს ჩამოართვა ინტერვიუ. მის მიერ მომზადებული მასალები რეგულარულად ქვეყნდება „გარდიანში“, „ეკონომისტში“, „ფაინენშელ ტაიმსში“, „ვიკენდ არტში“ და მსოფლიოს სხვა წამყვან გამოცემებში.

ჩვენთვის, ტრენინგში მონაწილე ჟურნალისტებისათვის უაღრესად საინტერესოდ იყო შეხამებული და შერწყმული კულტურული მიმომხილველის, კრიტიკოსის  კატერინა ბოტანოვას და  ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ექსპერტის ანასტასია ნურჟინსკას მიერ მომზადებული აუდიო და ვიდეო მასალები. უკრაინელი „ტრენერები“ თვალსაჩინოდ გვიხატავდნენ „კულტურული ჟურნალისტების“ მიერ მომზადებულ მასალებს და მიგვითითებდნენ იმ პრობლემებზე, რომელებიც შესაძლებელი იყო მოგვარებულიყო მათი დახმარებით.

საერთაშორისო სემინარის პირველი ეტაპი თბილისში, კულტურულ და „კრეატიულ“ ცენტრში „ფაბრიკა“ ჩატარდა. ორი, დატვირთული დღის განმავლობაში ჯურნალისტებმა მოისმინეს და განიხილეს სხვადასხვა თემები და მათ შორის - კულტურული ჟურნალისტიკის როლის მნიშვნელობა კონფლიქტების მოგვარების საქმეში, კულტურის განსაზღვრა ხელოვნების ინდუსტრიაში, კულტურის მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, კულტურული ჟურნალისტიკის ტენდენციები და სხვა.    

თბილისის სემინარის მეორე დღეს მონაწილეებმა მოისმინეს კატერინა ბოტანოვას ლექცია - მიმდინარე მოვლენები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჟურნალისტური კრიტიკის მოწინავე მაგალითები და მაია ჯაგის მიერ მომზადებული აუდიო და ვიდეო მიმოხილვა თემაზე კრიტიკის როლი და მისი მნიშვნელობა თანამედროვე ჟურნალისტიკაში.
 

როგორც სემინარზე აღინიშნა, კარგი იქნებოდა თუკი მედიასაშუალებები უფრო აქტიურად გააშუქებდნენ, რა ხდება კულტურის სფეროში, მეტ ინფორმაციას იძლეოდნენ არა მარტო „კრეატიული ევროპის“, არამედ საერთოდ კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების კუთხით. 

ასევე მნიშვნელოვანია იმაზეც მუშაობა, რომ საზოგადოებამდე მიიტანონ ინფორმაცია იმის თაობაზე, რა შეუძლია გააკეთოს შემოქმედებით და კულტურულ ინდუსტრიას ქვეყნის განვითარებისთვის. ასევე დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე მუშაობენ ამ სფეროში, რათა ისინი კიდევ უფრო წარმატებულები გახდნენ და გავიდნენ საერთაშორისო დონეზე.

თბილისის შემდეგ მომდევნო სემინარი უკვე მოლდოვის დედაქალაქ ჩისინაუში ჩატარდა. აქაც, როგორც თბილისში თემები დიდი ინტერესით და საგულდაგულოდ იყო შერჩეული. მაგ: როგორ უნდა ჩავწეროთ ინტერვიუ კულტურის სფეროში მოღვაწე პირთან, როგორ უნდა ვწეროთ კულტურასა და კონფლიქტზე, ისე, რომ არ დავაზარალოთ კონფლიქტში მონაწილე მხარეების ინტერესები, ასევე ჟურნალისტების როლი კულტურის განვითარების საქმეში. ლექციების პარალელურად ჟურნალისტებისათვის ეწყობოდა პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლის დროსაც ვორკშოპის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეეფასებინათ კოლეგების ნამუშევრები და გამოეთქვათ თავისი მოსაზრებები. და ბოლოს ისევე როგორც თბილისში ორგანიზატორების მიერ აქაც მომზადებული იყო საინტერესო კულტურული პროგრამა, რომელიც დაძაბული სამუშაო დღის ბოლოს ნამდვილად ყველასათვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის მესამე, დამამთავრებელი ეტაპი უკვე უკრაინის დედაქალაქ კიევში შედგა. საინტერესო დისკუსიების და პრაქტიკული სამუშაოების პარალელურად, ამჯერად უაღრესად საინტერესო პირებთან შეხვედრაც გველოდა. მათ შორის იყო იური რიბაჩუკი - უკრაინის კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე. როგორც მან თვითონ გაგვიცხადა, იგი არა მარტო სახელმწიფო მოხელე იყო, არამედ ჩვენი კოლეგაც აღმოჩნდა. 2006-2016 წლებში იგი რედაქტორად მუშაობდა უკრაინულ გამოცემაში „კულტურა და საზოგადოება“. ასევე მაქსიმ სავანევსკი - ექსპერტი ონლაინ-კომუნიკაციების სფეროში. 2007 წლამდე მაქსიმიც ჯურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობდა. მან დაარსა ონლაინ - გამოცემა „Watcher“.

თითოეულმა მათგანმა ბევრი ისაუბრა მედიის როლზე კულტურული ჟურნალიზმის სფეროში და აღნიშნეს, რომ ეს მეტად რთული და საპატიო თემაა. გარდა ამისა, ექსპერტებმა თვალსაჩინო მაგალითებზე დაყრდნობით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ტრენინგში მონაწილე ჟურნალისტებს და აღნიშნეს, რომ აღნიშნულ „ვორკშოპში“ მონაწილეობა მათთვისაც დიდი პატივი იყო.

რაც შეეხება ჟურნალისტების მოსაზრებას ასეთი სახის ტრენინგების ჩატარების თაობაზე, შეფასდა როგორც აუცილებელი და პროფესიულად მეტად საჭირო. თითოეული ჩვენთაგანისათვის იქ მიღებული გამოცდილება პროფესიული კარიერის მანძილზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. „როდესაც დავბრუნდები სახლში, უკვე მე თვითონ ჩავატარებ ასეთი სახის „ვორკშოპს’“ ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგებისათვის და გავუზიარებ მათ ჩემს გამოცდილებას, განაცხადა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა გულჩაჰან მირმამედოვამ.

და ბოლოს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილე ჟურნალისტს ტრენინგის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცა და იმ იმედით დავემშვიდობეთ ერთმანეთს, რომ მომავალში უკვე პირადად გავაგრძელებდით თანამშრომლობას ერთმანეთთან და მიღებულ გამოცდილებას სიამოვნებით გავუზიარებდით საკუთარ ქვეყნებში კულტურის სფეროში მომუშავე კოლეგებს.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის პროექტი ორგანიზებული იყო ევროკავშირისა და „ბრიტანეთის საბჭოს“ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.

ავთანდილ ოთინაშვილი

 

კულტურა შეიძლება იყოს არა მხოლოდ აღფრთოვანების საგანი, არამედ ასევე სტრატეგიული ძალა

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 12:27

თბილისი, 31 იანვარი - ცნობებიკულტურა შეიძლება იყოს არა მხოლოდ აღფრთოვანების საგანი, არამედ ასევე სტრატეგიული ძალა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოს სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებაში. ამაში დარწმუნებულები არიან კვლევის ავტორები „კულტურის განვითარების ინდიკატორები“, რომლებმაც თავიანთი პროექტი წარადგინეს თბილისში. 

იუნესკოს მიერ შემუშავებული კვლევა, რომელიც უკვე მსოფლიოს 17 ქვეყანაში ჩატარდა, საქართველოში განახორციელდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში სახელწოდებით „კულტურა და კრეატიულობა“.  კვლევა 6 თვის განმავლობაში ჩატარდა საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებთან თანამშრომლობის გზით. 

პროექტის მიზანს წარმოადგენდა ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ეფექტურია კულტურა, რამდენად დიდ ზეგავლენას ახდენს იგი ეკონომიკაზე და სოციალურ და ეკოლოგიურ გარემოზე, ინფრასტრუქტურაზე და მთელ რიგ სხვა სექტორებზე. 

მონაცემები როგორც ინსტრუმენტი

კულტურის სფეროსთან დაკავშირებული ინდიკატორების შეგროვების ძირითად მიზანს წარმოადგენდა ამ მონაცემების შემდგომი გამოყენება ქვეყნის კეთილდღეობის ხელშესაწყობად.  ევროკომისიის შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროს ექსპერტის ბატონი  რაგნარ სილის აზრით „ეს მონაცემები წარმოადგენს არა  უბრალოდ მონაცემთა წყებას, არამედ ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც უკეთესი შედეგების მიღებას შეუწყობს ხელს“. 

«ჩვენი ამოცანაა არა მთავრობისთვის რეკომენდაციების მიწოდება, არამედ დახმარების გაწევა სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო რეალური  კონტექსტის შექმნაში.  ჩვენ სტატისტიკურ საფუძვლებს ვქმნით იმისთვის, რომ დავარწმუნოთ საზოგადოება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კულტურული სექტორი, და რომ მას იმავდროულად ეკონომიკურ ღირებულება გააჩნია, და გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლია პოზიტიურ ზეგავლენის მოხდენა ქვეყნის განვითარებაზე ».

ევროკავშირის პროგრამის მკვლევარები ისეთი თემებით ინტერესდებიან, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლების დონე, მოსახლეობისთვის კომუნიკაციის ხელმისაწვდომობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა. ექსპერტებს აინტერესებდათ ქვეყანაში კულტურის ინფრასტრუქტურის არსებობა, ქართველი სტუდენტების აქტიური მონაწილეობა კულტურულ ღონისძიებებში, მოსახლეობის ჩართულობა კულტურულ აქტივობებში, ასევე მოცემული სფეროს კანონმდებლობა და რეგულაციები.

სწორედ ამ მიზეზების გამო კვლევა დიდი მოცულობის ინფორმაციას შეიცავს იმას თაობაზე, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია კულტურასა და კრეატიულობას ქვეყნის მშპ-ში, ასევე კულტურის სექტორში დასაქმებული საქართველოს მოსახლეობის  წილი.   

„ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი უკვე მას შემდეგ იწყება, როდესაც კვლევა დასრულებულია. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კულტურაში არა მხოლოდ კულტურას ხედავენ, არამედ ინვესტიციის მნიშვნელოვან სფეროსაც. მაგალითად, ტურიზმის წილი მშპ-ში 7.3%-ს შეადგენს, ხოლო თუ კულტურისა და ტურიზმის სამინისტროები მჭიდროდ ითანამშრომლობენ, ეს კიდევ უფრო მეტი შემოსავლების გენერირებას შეუწყობდა ხელს“ - აღნიშნავს ლევან ხეთაგური, ქართველი ექსპერტი, რომელიც კვლევაზე მუშაობდა.

მიზეზი ახლებური მიდგომების მოაზრებისთვის

კულტურულ სექტორში ქალთა მაღალი წილი, ის, რომ  საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში კულტურის მენეჯერის პროფესია არ ისწავლება, მუზეუმების არათანაბარი განაწილება, საშემსრულებლო ხელოვნებისთვის სცენების და ბიბლიოთეკების არასაკმარისი რაოდენობა დედაქალაქსა და რეგიონებში, იმავდროულად საავტორო უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული კარგი მდგომარეობა - ყველა ეს მაჩვენებლები არა მხოლოდ დასაფიქრებელია, არამედ ასევე ბიძგს უნდა აძევდეს დაინტერესებულ პირებს გააკეთონ რაღაც ახალი, ან გამოასწორონ რაღაც უკვე არსებული.  

„მოცემულ კვლევაში საუბარია როგორც ჩვენი საზოგადოების უპირატესობებზე, ასევე მის ნაკლოვანებებზე. მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, სადაც დაახლოებით 32 000 მოსახლეა, ქვეყანაში არსებული ბიბლიოთეკების 20%-ია წარმოდგენილი. ეს არა მხოლოდ არალოგიკურია, მაგრამ ასევე დაგვაფიქრებს კულტურის სექტორის სწორ მენეჯმენტზე და პროგრამულ დაფინანსებაზე“ - ამბობს ქართველი ექსპერტი იური მღებრიშვილი.

რას გვეუბნება სტატისტიკა  

ქვემოთ მოცემულია ყველაზე საყურადღებო მაჩვენებლები:

კულტურის წილი საქართველოს მშპ-ში 0.56%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც უკრაინასა და აშშ-ში ეს მაჩვენებელი 4.2%-ს და 2%-ს, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში 15%-ს შეადგენს.

სახელმწიფო სექტორში კულტურის სფეროში 4.8% მამაკაცი და 5.6% ქალია დასაქმებული.

საქართველოს მოსახლეობის 22% არ სარგებლობს ინტერნეტით, რადგანაც არ ხედავენ ამის საჭიროებას. მოსახლეობის 18%-ს არ გააჩნია ინტერნეტისადმი წვდომა, ხოლო 13%-ამ არ იცის, თუ როგორ ისარგებლოს ინტერნეტით.

მოსახლეობის 74%-ისთვის ტრადიციები უაღრესად მნიშვნელოვანია.

საქართველოს სკოლებში თანაბრად ისწავლება სახელმწიფო ენა, უცხო ენები და ქვეყანაში წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობების ენები (33.3%).

საშუალო  სკოლებში ხელოვნების სწავლებას სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საათების 12% ეთმობა, ხოლო ხელოვნების სფეროს პროფესიები მხოლოდ 3 382-მა აბიტურიენტმა აირჩია. 

ბედნიერების ინდექსის გაზომვიდან დაწყებული რესტორნებში ვიზიტებით დამთავრებული

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ცხოვრების დონით მოსახლეობის მხოლოდ 9%-ია კმაყოფილი, ხოლო 22% სრულიად უკმაყოფილოა. აღსანიშნავია, რომ რესტორნებში სიარულის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია (44%).

კვლევა უფრო მეტს ისახავდა მიზნად, ვიდრე უბრალოდ ქართველების რესტორანში, თეატრებსა და კინოებში სიარულის მაჩვენებლის გაანგარიშებაა - აღნიშნა პრეზენტაციაზე იუნესკოს წარმომადგენელმა ნაიმა ბურგომ. „ჩვენ გვინდოდა გამოგვევლინა საზოგადოების ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა უფრო ეფექტური გაგვეხადა მთავრობასთან დიალოგი, და უკეთ გაგვეგო ერთმანეთის.

საიმონ ელისი (კანადა), ომელის იუნესკოსთან უკვე 10 წელია თანამშრომლობს, მიიჩნევს, რომ მოცემული კვლევა შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის საფუძველი გახდეს. კულტურის ინდიკატორები შემდგომი განვითარების, და საჯარო და სახელმწიფო სექტორს შორის დებატებისა და განხილვების სტიმული უნდა გახდეს. ეს არ არის საბოლოო პასუხი, ეს მხოლოდ დასაწყისია“.

კვლევის მეთოდოლოგია და პროექტის კონკრეტული მაჩვენებლები პრეზენტაციაზე დამსწრე კულტურის მენეჯერებმა და კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეაფასეს. მათი კომენტარები და შეფასებები ანალიტიკური დასკვნების სახით აისახება კვლევის საბოლოო ვერსიაში.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ბატონმა მიხეილ გიორგაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საქართველო გეგმავს კვლევის შედეგები იუნესკოს გააცნოს, და ეს მონაცემები გაამდიდრებს ორგანიზაციის სტატისტიკურ ბაზას თანამედროვე საქართველოსა და მისი კულტურული მრავალფეროვნების შესახებ.

 ანასტასია ხატიაშვილი

 წყარო: ცნობები-საქართველო https://www.newsgeorgia.ge/nevidimye-rychagi-vliyaniya-kak-kultura-mozhet-uluchshit-zhizn-v-gruzii/#t20c

მარიამ ჯაშმა და რატი იონათამიშვილმა ადაპტირებული პროგრამის პრეზენტაცია გამართეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 13:04

პირველად, საქართველოს საარჩევნო ისტორიაში, დამზადდა ადაპტირებული მასალა, რომელიც საშუალებას მისცემს საზოგადოების ყველა წევრს დეტალურად გაეცნოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებსა და სტრატეგიულ მიმართულებებს,-ადაპტირებული პროგრამის პრეზენტაცია დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა მარიამ ჯაშმა და რატი იონათამიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართეს.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამა გამოიცა ბრაილის შრიფტით, ჩაიწერა აუდიო ვერსია. სმენათაქვეითებულებისთვის კი, ჟესტურ ენაზე პროგრამის ვიდეო ვერსია მომზადდა.

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროდუქტების შემუშავებასა და დამზადებაში. ასევე, მინდა დავადასტურო, რომ პირადად მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მეამაყება, რომ ვიქნები ადვოკატთა ძალიან ძლიერი ლობისტური ჯგუფის წევრი, რომელიც იზრუნებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თავისუფალი უფლებებისა და თვაისუფალი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. ეს მოიცავს როგორც ფაკულტატურული ოქმის მიღებასა და იმპლემენტაციის ხელშეწყობას, ასევე დღემდე დარჩენილი საკითხების მოგვარებას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საზოგადოებისთვის და ჩვენი თანამოქალეებისთვის არის პროდუქტული“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში.

„როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვეციის რატიფიცირება, ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ იქიდანვე არის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ, რომ გაგვეთვალისწინებინა კონვენციის მე-9-ე მუხლი და პროგრამა ყოფილიყო ადაპტირებული, რათა ეს არის ერთგვარი ნაბიჯი და სიგნალი იმისი, რომ ეს პრინციპი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ადაპტირებული პროგრამა ჩვენს ამომჩეველს, მოქალაქეებს მისცემს საშუალებას 8 ოქტომბერს სწორი გადაწყვეტილება მიიღოს“,-დასძინა მან.

 

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური