ლოს-ანჯელესში პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაცია გრძელდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 25 აპრილი 2016 12:25

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით აქტიურად აგრძელებს ახალი, კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაციას.

უკვე მეორე დღეა ლოს-ანჯელესში წამყვანი საგამოფენო ღონისძიება,  AFCI  locations show, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს 30-ზე მეტი ქვეყნიდან უყრის თავს, ქართულ სტენდს მასპინძლობს.

ქართული სტენდის ქვეშ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და ძალისხმევით ქართულ კერძო საპროდიუსერო კომპანიებს ეძლევათ  შესაძლებლობა დაამყარონ კავშირები ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით ცნობილ კინომწარმოებლებთან და გააცნონ თავიანთი შესაძლებლობები.

საგამოფენო შოუს ფარგლებშივე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა სხვა სამთავრობო წარმომადგენლებთან ერთად  მონაწილეობა მიიღო პანელ-დისკუსიაში პროდიუსერებისათვის დაფინანსების შესაძლებლობებთანდაკავშირებით. მინისტრის მოადგილემ აუდიტორიას ახალი, კინოინდისტრიის წახალისების კომპონენტი, ასევე შემუშავებული ე.წ cash rebate მექანიზმი გააცნო და ყურადღება გაამახვილა საქართველოს პოტენციალზე, კინოგადაღებისთვის საჭირო ყველანაირი რესურსის, მათ შორის პროფესიონალებით დაკომპლექტებული, მაღალი სტანდარტების შესაბამისი კომპანიების  არსებობასა და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ცენტრის შესაძლებლობებზე.

ამასთანავე, ლოს-ანჯელესში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები და კერძო საპროდიუსერო კომპანიების: JTW Metro, Millimeter Film და ABK communications

წარმომადგენლებმა პირისპირ, ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს დაინტერესებულ პროდიუსერებთან, რომლის პარალელურადაც, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა სტენდის ვიზიტორებს ამომწურავად წარუდგინეს სამთავრობო ინციატივა, გადაღებისთვის ხელსაყრელი კონკრეტული ლოკაციები  და პროგრამით გათვალისწინებული პირობები.  

 პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ლოს-ანჯელესში ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს ორგანიზებით 25 აპრილსდაგეგმილია ჰოლივუდის წამყვანი პროდიუსერების ოფიციალური მიღება, მათი მასპინძლობა და პროგრამის წარდგენა.

 

საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი ბაკურიანში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
კვირა, 06 მარტი 2016 13:15

ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში ბაკურიანში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამთო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 28 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

თურქეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მოვლენილი სამხედროები ზამთრის პირობებში სამთო საბაზისო უნარ-ჩვევებს ეუფლებიან, მათ შორისაა სათხილამურო ტრასაზე თხილამურით სრიალი, მარშგადაადგილება და თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა. სამხედროები  თოვლში უსაფრთხოების წერტილების გამოყვანას სწავლობენ, რათა დახრილ ფერდობზე  დაბრკოლებათა ზოლის მოწყობა და ჯგუფის უსაფრთხოდ გადაყვანა შეძლონ.

კრიტიკულ სიტუაციაში ჯგუფის მართვის უნარ-ჩვევების შესასწავლად კურსის მონაწილეებისთვის სცენარიც გათამაშდა. დახრილ ფერდობზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისას სამხედროებმა ზვავში მოყოლილი ადამიანი აღმოაჩინეს და საკაცის გამოყენებით მისი ევაკუაცია განახორციელეს. უცხოელ სამხედროებს თოვლიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და თოვლის სახლში ,,იგლუ“ ღამის გათენებაც მოუწიათ.

„კურსის ფარგლებში თხილამურით სრიალსა და თოვლში დახრილ ფერდობზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ტექნიკას დავეუფლეთ. ასევე შევისწავლეთ თოვლში ღამის თავშესაფრის „იგლუს“ მოწყობა და ზვავში მოყოლილი ადამიანის  გადარჩენა. აუცილებელია ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა 3000 მეტრის სიმაღლეზე ზამთრის პირობებში. ლატვიაში ასეთი მაღალი მთები არ არის, როგორიც საქართველოშია. მაგრამ კურსზე შესწავლილი უნარ-ჩვევები ჩემს სამხედრო კარიერაში ნამდვილად გამომადგება,“ - აღნიშნა ლატვიის თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურემ რიგითმა ქრისტიან შაკლისტმა.

კურსი  პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების მიერ ტარდება. სამთო მომზადების ბოლოს სამხედროებს ტექნიკურ და ფიზიკურ მოქმედებებში ტესტირებები ჩაუტარდებათ, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ მიეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია, მონაწილეობა მიიღონ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე. 

სამკვირიანი სამთო კურსი 11 მარტს დასრულდება.

მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 16:38

 “მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის “ ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ ქვემო ქართლში, კახეთსა და შიდა ქართლში ხვნის სამუშაოები უკვე დაიწყო.

ქვემო ქართლის რეგიონში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილიდა შპს „მექანიზატორის“ დირექტორი პაატა შეყელაძეჩავიდნენ და ხვნის სამუშაოებს გაეცნენ.

სოფელ კოდაში, 580 ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდება. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამით წელს სოფელ კოდადან 924 ბენეფიციარი ისარგებლებს, აქედან ხვნის ბარათი 813 ფერმერმა უკვე მიიღო. სამუშაოებს შპს „მექანიზატორის“ 8 ტრაქტორი შეასრულებს.

„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში წინასწარი მონაცემებით დახმარებას ქვემო ქართლის 94ათასზე მეტიბენეფიციარი მიიღებს, აქედან ხვნის ბარათს 51 ათას ფერმერი. წელს პროექტს  დაემატება ქალაქ რუსთავს შემოერთებული სოფლები. 

„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში“ წელს 800 ათასი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას და მისი ბიუჯეტი 48 მილიონ ლარს შეადგენს. 

მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო. პროექტი 3 წლიანი იყო თუმცა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მე-4 წელსაც გაგრძელდა. 

* ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ 0.25 დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი მიიღებენ მხოლოდ ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით.

* ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25 მდე მიწის ფართობი წელს ისარგებლებენ 50 ლარიანი აგრობარათით.

* ბენეფიციარები, რომლებიც 0.25 დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის მიიღებენ 1 ჰექტარზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო სამეურნეო საქონელს.

„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ თებევრვლიდან დაიწყო და 1 დეკემბერს დასრულდება.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

 

"აწარმოე საქართველოში" პროგრამაში შესწორებები შედის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 10:06

"აწარმოე საქართველოში"  პროგრამის პროექტში მთავრობას შესწორებები შეაქვს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მცირე საწარმოების ინტერესების გათვალისწინებით, დასაფინანსებელი საწარმოების ზღვარი დაბლა დაიწევს.

„პროგრამის აწარმოე საქართველოში პროექტში შესწორებები შემოგვაქვს. ჩვენ გავითვალისწინეთ უფრო მცირე საწარმოების ინტერესები და დასაფინანსებელი საწარმოების ზღვარს დაბლა ვწევთ - ეს იქნება 150 000 ლარი და 75 000 დოლარის ექვივალენტი. ასევე თვითონ სასტუმროების ნაწილში შემოგვაქვს უცხოურ ვალუტაში დაფინანსებაც. საბანკო სექტორმა გამოთქვა ეს მოსაზრება, რათა გავზარდოთ ამ პროგრამაში აქტივობა. უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვისაც ასე იქნება უკეთესი,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში შპს „პოლიპრინტი“ საწარმოო შესაძლებლობებს გააფართოებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 13:05

სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კომპანია „პოლიპრინტი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საწარმოო შესაძლებლობებს გააფართოებს.

შპს „პოლიპრინტი“ სტიკერებისა და ეტიკეტების ბეჭდვაზეა ორიენტირებული და პოლიგრაფიულ მომსახურეობას სთავაზობს მომხმარებელს. კონკრეტულად კომპანიის საქმიანობა მოიცავს არაგოფრირებული ქაღალდის ან არაგოფრირებული მუყაოსგან ყუთების, კოლოფების და დასაკეცი კოლოფების წარმოებას. კომპანია პროექტის ფარგლებში ახალი დანადგარების შეძენესა და წარმადობის გაზრდას გეგმავს.

კომპანიაში დასაქმებულია 40 ადამიანი, დამატებით კიდევ 10 სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ჯამური ინვესტიციის ღირებულება 400 000 აშშ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ეფექტურ და ხარისხიან მომსახურებას უწევს საქართველოში არსებულ უმსხვილეს საწარმოებს და სამომავლოდ კონკურენტუნარიანობისა და ბაზარზე წილის ზრდას, ასევე თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას გეგმავს.

 

 

 

მკერდის კიბოს მკურნალობის ახალ პროგრამაზე-"ნიუსდეის"თამარ ცინცაბაძემ ესაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 15:05

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის პროგრამების რიცხვი გაიზარდა. როგორც თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა, „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრმა თამარ ცინცაბაძემ "ნიუსდეის განუცხადა" მომდევნო წლიდან თბილისის ბიუჯეტის დაფინნასებით ჯანდაცვის ახალი პროგრამა ამოქმედდება, რომელიც მკერდის კიბოს მკურნალობას ეხება.
„თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის მიმართ ბევრი შენიშვნა იყო. უკვე რამდენიმე დღეა კორექტირებული ვარიანტი შემოვიდა, რომელშიც შენიშვნების ნაწილი გათვალისწინებულია. თუმცა ბიუჯეტის ის ვარიანტი, რომელიც წარმოდგენილია, შორსაა იმისაგან, რაც გვინდა ჩვენც და მოქალაქეებსაც, რომ ვიხილოთ და თუ ეს ამ სახით დარჩა, ჩვენი ფრაქცია მას მხარს ვერ დაუჭერს. ბიუჯეტის ახალ ვარიანტში პოზიტიურია ის, რომ ჯანდაცვის ახალი პროგრამა ამოქმედდება, რომელიც მკერდის კიბოს მკურნალობას ეხება. მკურნალობა მედიკამენტ ჰერცეპტინით მოხდება. ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მისთვის, ვისაც აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა ესაჭიროება. გარდა ამისა, დაემატა კიდევ ერთი ახალი პროგრამა – ფსიქიკურად დაავადებული პაციენტებისათვის. საბოლოო ჯამში, ჯანდაცვის პროგრამები მნიშვნელოვანწილად გაიზარდა. კარგია ახალ ბიუჯეტში ასევე ის, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეებისთვის 5 მილიონი ლარი ჩაიდო. მითითებულია მისამართი იმ ოთხი კორპუსისა, რომლის მშენებლობა უნდა დაიწყოს 2016 წელს. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ მეტი ყურადღება დათმობოდა ქალაქში ეკოლოგიურ მდგომარეობას და ამ კუთხით დაფინანსება 2 მილიონით გაიზარდა“, – განაცხადა თამარ ცინცაბაძემ.
ოპოზიცია, ბიუჯეტის დადებით მხარეებთან ერთად, ქალაქის ფინანსური დოკუმენტის ნაკლოვანებებზეც საუბრობს.
„ბევრი შენიშვნა გვქონდა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ამ კუთხით 2015 წელს კატასტროფული სიტუაცია იყო. მრავალსართლიანი ავტოსადგომის მშენებლობა დაგეგმილი იყო, თუმცა არ აშენებულა. ჩვენი შენიშვნა ეხებოდა იმასაც, რომ ეს არ დევს ამ წლის ბიუჯეტში. კიდევ ერთი პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ბიუჯეტში ავტობუსების პარკის განახლება ასახული არ არის, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას მხოლოდ მერიის წარმოამდგენელთა ზეპირი საუბრებიდან ვიგებთ“, – აღნიშნა თამარ ცინცაბაძემ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში შემოწმებები მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 11:45

საქართველოში შემოწმებები მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებშიც. ტარდება ნებაყოფლობითი სკრინინგი.

სულ გათვალისწინებულია 50 ათასი ადამიანის გამოკვლევა. ამჟამად, მხოლოდ დედაქალაქში სკრინინგი უკვე ჩაიტარა 6 ათასმა პირმა.

კონკრეტული ოფისების გარდა, თბილისსა და რეგიონებში, სადაც შემოწმების ჩატარებაა შესაძლებელი, მუშაობენ მობილური ჯგუფებიც.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფმა შეაფასა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 14:39

დღეს, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. საერთაშორისო პარტნიორები ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გრძელვადიანი სტრატეგიის დანერგვის, მონიტორინგის, პრევენციისა და კონტროლის კუთხით გაუწევენ კონსულტაციას. 

საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც არიან შემადგენლობაში არიან აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ემორის, ჰოპკინსის უნივერსიტეტების ხელმძღვანელები და სხვა საერთაშორისო პარტნიორები. კონფერენციაში მონაწილეობენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, C ჰეპატიტის მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობა განიხილეს და ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზის შედეგები და მიღწევები შეაფასეს. საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრის მიზანსა და მნიშვნელობას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ასევე, საზოგადოების ინფორმირების გაზრდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოში ქრონიკული C ჰეპატიტი აღენიშნება 130-150 მილიონ ადამიანს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) კრიტერიუმებით საქართველო ითვლება C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად. ინფიცირებულთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია მომატებული რისკის მქონე პოპულაციებში.

ცნობილია, პროგრამა საქართველოში უკვე 6 თვეა ხორციელდება და მის ფარგლებში 5 ათასზე მეტი ადამიანი მკურნალობს. დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა პროგრამის მეორე ეტაპის დასაწყისის დაანონსება, რომელიც როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები განმარტავენ დეკემბრიდან დაიწყება, რომლის მიზანია წლის განმავლობაში დაახლოებით 20 ათასი ადამიანის მკურნალობა მოხდეს. 

„2015 წლის აპრილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წამოიწყო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. პროგრამის საწყისი ფაზა ითვალისწინებს C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის სერვისებსა და უფასო მკურნალობაზე წვდომის უზრუნველყოფას C ჰეპატიტით ინფიცირებულ პირთათვის. მკურნალობა ხორციელდება, უწყვეტად უახლესი გენერაციის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატით (სოფოსბუვირი), რომლითაც მკურნალობა უკვე დაიწყო 4 ათასზე მეტმა ადამიანმა. ამჟამად მუშავდება C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიული გეგმა (2016-2020), რომელიც მოიცავს ელიმინაციის მისაღწევად საჭირო სპეციფიკურ ამოცანებსა და აქტივობებს,“- აღნიშნა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. 

მინისტრის თქმით, შეხვედრის მთავარი ამოცანაა კვლევის შედეგების წარმოჩენა, რომელზეც დაყრდნობითაც განისაზღვრება ახალი, უფრო მასშტაბური ელიმინაციის პროექტის დაწყების აუცილებლობა. „ჩვენ დღეს განვიხილეთ პირველი ნაწილი იმ კვლევის, რომელიც ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით, რამაც დაადასტურა, რომ ავადობა ძალიან მაღალია," - განმარტა სერგეენკომ. 

„საქართველომ 6 თვეში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია. ეს რეალურად ისტორიული მოვლენაა. ჩვენ ვცდილობთ ამ მეტად საშიში დაავადების ელიმინაციის პროგრამის განხორცილებას. ამჟამად, იმყოფება ექპერტთა ჯგუფი, რომელიც საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან კონსულტაციებს გაუწევს საქართველოს მთავრობას პროგრამის შემდეგი განხორციელებისთვის,“ - განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯონ ვორდიმ. 

საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფმა პირველ დღეს განიხილა C ჰეპატიტის მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა, ჰეპატიტის სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის შედეგები, ასევე C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში არსებული გამოწვევები. ჯგუფი შეაფასებს ჩატარებულ სამუშაოებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს პრიორიტეტული ინტერვენციების, პროგრამის ინდიკატორებისა და ელიმინაციის მომდევნო ფაზების შესახებ. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ჩართულობა კვალიფიციურ გამოცდილებას შესძენს და ახალ პერსპექტივებს დაუსახავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. 

სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აშშ ელჩი იან კელი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ჯონ ვარდი, ჰოპკინსის უნივერსიტეტის წარმომადგენელი კენ ნელსონი და საქართველოს დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირამ გამყრელიძე; კონფერენციას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ აშშ საელჩოს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის; ემორისა და ჰოპკინსის უნივერსიტეტების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები;

კონფერეცია ხვალ, 4 ნოემბერს 09:00 საათიდან განახლდება. ხვალ საქართველოში ასევე ელოდებიან C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის კომპანიის ვიცე პრეზიდენტსაც. კონფერენცია სამ დღეს გაგრძელდება. შეხვედრის ბოლოს კი, 5 ნოემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი ჯანმოს პოლიტიკის, HCV სკრინინგის, მკურნალობისა და მზრუნველობის გაიდლაინის, ვირუსული ჰეპატიტის კუთხით, გლობალური ჯანმრთელობის სექტორის სტრატეგიის გასაცნობად ტექნიკურ კონსულტაციას გამართავს.

სასკოლო მზაობის პროგრამაზე რეგისტრაცია დღეს იწყება და 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 11:27

სასკოლო მზაობის პროგრამაზე რეგისტრაცია დღეს 13:00 საათიდან დაიწყება. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge.
ამასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ პრესკონფერენცია გამართეს. 
რეგისტრაცია 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროგრამის განხორციელება კი თბილისის ბაგა-ბაღებსა და საჯარო სკოლებში 2 ნოემბერს დაიწყება. 
სასკოლო მზაობის პროგრამა დედაქალაქის 159-ვე საბავშვო ბაღსა და 50 სკოლაში იმუშავებს. 
როგორც დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, აღნიშნული პროგრამა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ერთ-ერთი მნიშველოვანია და მერია განათლების სამინისტროსთან ერთად პროგრამის მომზადებაზე აქტიურად მუშაობდა.
მისივე ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში მომზადდა ინფრასტრუქტურა. 
დედაქალაქის მერის ცნობით, რეგისტრაციისას შესაძლებელი იქნება კონკრეტული ადგილების არჩევა ადგილმდებარეობის მიხედვით. პროგრამის ფარგლებში შეიქმნა აღმზრდელის სახელმძღვანელო, რომელიც დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თვალსაჩინოებისთვის პრესკონფერენციაზე წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, შემუშავდა აქტივობების კრებული, ასევე მასწავლებლების სატრენინგო მოდული. 
თამარ სანიკიძის თქმით, შექმნილი რესურის ხელმისაწვდომი იქნება საბავშვო ბაღებსა და სკოლებისათვის. პედაგოგების გადამზადებაში მონაწილეობა მიიღო UNISEF-მა. 
მინისტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას. 

შსს-ს აკადემიაში სამართლის საბაკალავრო პროგრამა ამოქმედდა

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 13:33

შსს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი და შსს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი , შსს აკადემიაში ახლდამოქმედებული საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს და მაგისტრანტებს შეხვდნენ.მათ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. შსს-ს ცნობით, სამართლის საბაკალავრო პროგრამა შსს-ს აკადემიაში წელს პირველად გაიხსნა და ანალოგი არ გააჩნია. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის აკადემიის მიერ სამართლის სფეროში დაგროვილი ცოდნის გადაცემას და სამართალმცოდნისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სასწავლო პროცესს წარუძღვებიან გამოცდილი და სამართლის სფეროში გამოჩენილი სპეციალისტები, რომლებიც უახლესი მეთოდებისა და პროგრამის მიზნებზე მორგებული თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებით სტუდენტებს სამართლის სხვადასხვა დარგს შეასწავლიან.საბაკალავრო პროგრამაში შემოთავაზებული საპოლიციო საქმიანობისთვის აუცილებელი სასწავლო კურსების გავლა შესაძლებელია მხოლოდ შსს-ს აკადემიაში. საბაკალავრო პროგრამა 4 წლიანია და 240 კრედიტს მოიცავს.

გვერდი 4/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური