საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუსლიმან სასულიერო პირებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 03 აგვისტო 2020 14:15

ჩვენი ქვეყნის სიძლიერე ჩვენს მრავალფეროვნებაშია, ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვზრუნავდით და მომავალშიც ვიზრუნებთ ჩვენს ამ მრავალფეროვნებაზე, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუსლიმან სასულიერო პირებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველა რელიგიის წარმომადგენელი ერთად ზრუნავს და შრომობს ქვეყნის მომავლისთვის და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

„საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმანს ვულოცავ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს. სამწუხაროდ, ვირუსის გავრცელების გამო, ვერ აღვნიშნავთ ისე, როგორც ამ დღესასწაულს შეეფერება, მაგრამ, იმედია, ასეთი შემთხვევა პირველი და ბოლო იქნება. ჩვენი ქვეყნის სიძლიერე ჩვენს მრავალფეროვნებაშია. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვზრუნავდით და მომავალშიც ვიზრუნებთ ჩვენს ამ მრავალფეროვნებაზე. ჩვენი მუსლიმანი ძმები არიან ჩვენი ძმები ისევე, როგორც საქართველოს ყველა სხვა მოქალაქე. ჩვენ ერთად ვაშენებთ ამ ქვეყანას, ერთად ვზრუნავთ და ვშრომობთ ამ ქვეყნის მომავლისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას ვაკეთებთ ერთად, წარმატებით და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. კიდევ ერთხელ ვულოცავ თითოეულ მუსლიმანს ამ დღესასწაულს და იმედი მაქვს, რომ როგორც აქამდე ვშრომობდით ერთად, ამ ვირუსზეც გავიმარჯვებთ. მინდა გისურვოთ წარმატება, ჯანმრთელობა და ერთობლივი შრომა ამ ქვეყნის მომავლისთვის, თქვენი თემის მომავლისთვის. უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ ერთმანეთის რწმენას და ასე ერთობლივად ავაშენოთ ეს ქვეყანა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სრულიად საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღნიშნა, საქართველოს ყველა მუსლიმანი მოქალაქე გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით და ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის როგორც დემოკრატიული განვითარებისთვის, ისე ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს შექმნისათვის.

„მოხარული ვართ, რომ თქვენი ხელისუფლების პერიოდში ტრადიციად ჩამოყალიბდა სტუმარ-მასპინძლობა, რაც გვახარებს და მეტ მოტივაციას გვაძლევს. ჩვენც არაფერს დავიშურებთ იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებაში. ჩვენ ძალიან დიდი ტრადიციის, ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანა ვართ. საუკუნეების განმავლობაში ამ ქვეყანაში ხელიხელჩაკიდებული ძმურად, ჰარმონიულად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნოსის და აღმსარებლობის ადამიანები და ყველას საკუთარი წვლილი შეჰქონდა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ეს დღესაც ასეა. ამ ქვეყნის ყველა მუსლიმი მოქალაქე გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით და ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი წილი აგური დავდოთ ამ ქვეყნის როგორც დემოკრატიული განვითარებისთვის, ისე ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს შექმნისათვის", - განაცხადა ადამ შანთაძემ.


მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის პერსპექტივა განიხილა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 03 ივლისი 2019 18:16

ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა და საქართველოს რეგიონულ ცენტრად გარდაქმნის პერსპექტივა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ქალაქ დალიანში, სახელმწიფო რეზიდენციაში გაიმართა. 

მთავრობის მეთაურმა პრემიერ ლი კეციანს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლის იუბილე მიულოცა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

საუბრისას ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი გამოყენების აუცილებლობას და საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელების მნიშვნელობას, განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომელთა საექსპორტო პოტენციალი მაღალია. 

საქართველოს რეგიონულ ცენტრად ქცევის კონტექსტში, ხაზი გაესვა უმსხვილესი კომპანიების დაინტერესების აუცილებლობას, განახორციელონ ინვესტიციები და გახსნან რეგიონული ოფისები საქართველოში.

აღინიშნა ხალხთაშორისი კონტაქტების როლი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების ხელშეწყობაში. 

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა და არაღიარების პოლიტიკისადმი ერთგულება დაადასტურა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჩინეთის საგარეო საქმეთა, კომერციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრები, ასევე სახელმწიფო რეფორმებისა და განვითარების კომისიის თავმჯდომარე, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტ სი ძინპინს ექვემდებარება. უმაღლესი დონის შეხვედრა მსგავსი ფორმატით პირველად გაიმართა, რაც, მხარეების შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადასვლის დასტურია. 

საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრემიერ ლი კეციანს ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დალიანში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევისთვის, რომელზეც სულ რამდენიმე ქვეყნის ლიდერია დაპატიჟებული. 

მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ სესიაზე - Talent Transforming Technology. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი დალიანში 2 ივლისს დასრულდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

პრემიერ-მინისტრმა ს. ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ნოემბერი 2018 10:06

საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის შემდგარი დემოკრატია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, მთავრობის მეთაური სალომე ზურაბიშვილის შტაბში იმყოფებოდა, სადაც დამოუკიდებელ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და მოპოვებული ნდობა მიულოცა, ხოლო ამომრჩეველს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ყველა ამომრჩეველს გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა, აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი. ამასთან ერთად, მე ისიც განვაცხადე, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში. საქართველოს აქვს უამრავი გამოწვევა, ჩვენს წინაშე არსებობს პრობლემები, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადავლახოთ და დავძლიოთ. მე ამავე დროს, მივულოცე ქალბატონ სალომეს ის ნდობა, რაც მან მოიპოვა ჩვენი მოსახლეობისგან და წარმატებები ვუსურვე. საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები უნდა გატარდეს მუდამ. ჩვენს ეროვნულ ინტერესებში პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შედის საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამავე დროს, სწორედ ამ რიგის ამოცანა გახლავთ ის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე. ამისთვის ჩვენ გვჭირდება კონსოლიდაცია, ერთსულოვნება და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ამას აუცილებლად მივაღწევთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მოსახლეობას ასეთი აქტიურობისთვის",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ელჩმა ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018 12:02

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ვიზიტი საქართველოში, ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და გერმანიის ელჩ ჰაიკე ფაიჩის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს კანცლერ მერკელის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და გერმანული ინვესტიციების ზრდაზე საქართველოში, ასევე - განათლების მნიშვნელობაზე მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ ნაბიჯებს, რომლებიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. გერმანულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი ხედვა - „მწვანე ეკონომიკა".

პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამჯერადაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში, დემოკრატიის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას.

გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018 18:50

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ მან საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა. 
გ. კვირიკაშვილმა გადადგომის მიზეზად მასსა და მმართველ გუნდს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

"ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გუშინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.

შეხვედრის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებების შესახებ, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრებმა გააკეთეს განცხადება, რომ მათ "გაერო"-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. 

ამასთან, პრეზიდენტმა, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს. 

პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება. 

მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, ძველ შემადგენლობას მოვალეობის შესრულება ეკისრება. 

პრემიერი „საქართველოს ბანკის“ მიერ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მილიონი ლარის ობლიგაციების განთავსებას ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებად აფასებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 25 მაისი 2017 12:47

ჩვენი ქვეყნისა და საფინანსო სექტორის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „საქართველოს ბანკის" მიერ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მილიონი ლარის ობლიგაციების განთავსება.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პირველი პრეცედენტია, როდესაც საქართველოს საფინანსო ინსტიტუტი საერთაშორისო ბაზრებზე ლარში დენომინირებულ ობლიგაციებს ყიდის.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ახდენენ ინვესტირებას, ენდობიან ეროვნულ ვალუტას. ეს არის სამწლიანი ობლიგაციები 11%-ის შემოსავლიანობით და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან საერთაშორისო ბაზარზე, ისტორიაში პირველად, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაცია დაფიქსირდა. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ურისკო განაკვეთი, ანუ ის განაკვეთი, რომლითაც მთავრობა სესხულობს, კიდევ უფრო დაბალი იქნება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საერთაშორისო ინვესტორები ენდობიან ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ეროვნულ ვალუტას. ეს ნამდვილად დიდი მოვლენაა და მინდა, ყველას მივულოცო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ამ უდიდესი წარმატებისთვის „საქართველოს ბანკს" მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს 500 მილიონი ლარის რესურსი მიიმართება ქვეყნის ბიზნესის, საწარმოების, მეწარმეთა დაფინანსებისთვის, რაც საქართველოს ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ინექცია იქნება.

„მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თანხის მოზიდვა მოხდა არა უცხოურ, არამედ ეროვნულ ვალუტაში. ანუ ინვესტორმა, რომელიც ობლიგაციას ყიდულობს, იცის, რომ მას ლარში გადაუხდიან იმ ვალს, რომელსაც დღეს „საქართველოს ბანკი" მოიზიდავს. ანუ ის ენდობა ეროვნულ ვალუტას და საქართველოს, ენდობა იმ კურსს, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა ახორციელებს. ეს არის ქვეყნის ნდობა, ქვეყნის წინგადადგმული ნაბიჯი და გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს იუბილე მიულოცა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 01 მაისი 2017 10:03
ქართულმა ჯარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში; თქვენ ასრულებთ ყველაზე საპატიო საქმეს დედამიწის ზურგზე და გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი სიყვარული, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგიკვირიკაშვილმა შეიარაღებულ ძალებს დაარსებიდან 26 წლის იუბილე. 

მთავრობის მეთაური, უმცროს შვილთან, ნიკოლოზთან ერთად, დღეს  გორში, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.
პრემიერმა გვირგვინით შეამკო დაღუპულ სამხედროთა მემორიალი, ასევე სიტყვით მიმართა ავღანეთის მისიიდან დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეებს და შეიარაღებული ძალების დღე და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა.  

"გილოცავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების 26 წლის იუბილეს. ეს 26 წელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის უამრავი გამოწვევით აღსავსე გახლდათ და ქართულმა ჯარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში. ჩვენ უამრავი გმირობის მაგალითი გვახსოვს მთელი ამ წლების განმავლობაში. თქვენ ასრულებთ ყველაზე საპატიო საქმეს დედამიწის ზურგზე და გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი სიყვარული. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მინდა, პატივი მივაგო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე მიიტანეს ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის სამსხვერპლოზე. ყველა თქვენგანს ვულოცავ სახლში, თქვენს ოჯახებში მშვიდობით დაბრუნებას და გისურვებთ ჩვენი ქვეყნის სიხარულით და ნათელი ფერებით აღსავსე მომავალს. ამ მომავლის შენებაში თქვენ გაქვთ ყველაზე დიდი წვლილი, ამიტომ მინდა, თითოეულ თქვენგანს ყველაზე დიდი მადლობა გადაგიხადოთ. გილოცავთ მთელი ქვეყნისთვის ამ ძალიან დიდ დღესასწაულს", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს.

მთავრობის მეთაურმა, შვილთან ერთად, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გმირების ხეივანში ნერგი დარგო, ასევე დაესწრო სპორტულ ღონისძიებებს და შეიარაღებული და საბრძოლო ტექნიკის გამოფენა დაათვალიერა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 285 მლნ დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 10:32

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი, 285 მლნ დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა - ახალი პროგრამის მნიშვნელობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სავალუტო ფონდის პროგრამა სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას. მთავრობის მეთაურმა გაწეული სამუშაოსთვის ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„ეს არის ძალიან მძიმე, ინტენსიური მუშაობის შედეგი, რომელიც ფინანსთა მინისტრმა გასწია ეკონომიკურ გუნდთან ერთად. ფინანსთა სამინისტრომ ბევრი იმუშავა ამ მიმართულებით. ეს პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი ყველა იმ რეფორმის განსახორციელებლად, რომლებსაც ჩვენ ვაანონსებთ და ვახორციელებთ 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, განსაკუთრებით, სივრცითი მოწყობის მიმართულებით. პროგრამის დამტკიცება უკვე ნიშნავს, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში ყველა დაანონსებული გეგმის განსახორციელებლად, საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციების მხრიდან ანთებული გვაქვს მწვანე შუქი. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი განხორციელდება და იქცევა რეალობად. ეს გულისხმობს იმასაც, რომ ფისკალური დისციპლინა და ქვეყნის ფინანსების მართვა უნდა იყოს სათანადო დონეზე. ასევე მინდა აღვნიშნო ეროვნული ბანკის კარგი, კოორდინირებული მუშაობა ამ მიმართულებით. ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა სახეზეა, როგორც მაკროეკონომიკურ, ისე მიკრო დონეზეც. ჩვენი ვალია, რომ ეს დინამიკა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავააქტიუროთ. სავალუტო ფონდის პროგრამის დამტკიცება არის ძალიან პოზიტიური სიგნალი ყველა იმ ინვესტორისთვის, რომელიც საქართველოს მიმართულებით მუშაობს," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ახალი პროგრამა დაიწყო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 14:48
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ახალი პროგრამის დაწყების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული შეთანხმება შეაფასა და გაწეული სამუშაოსთვის ეკონომიკურ გუნდს და ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს მადლობა გადაუხადა. „მინდა ,ძალიან პოზიტიური შეფასება მივცე ეკონომიკური გუნდის მუშაობას სავალუტო ფონდთან. დიდ მადლობას ვუხდი ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს. უმნიშვნელოვანესი სამუშაო დასრულდა - სავალუტო ფონდმა გახსნა ახალი სამწლიანი პროგრამა საქართველოსთვის, რაც ნიშნავს პირდაპირ დაფინანსებას ბიუჯეტში და ასევე - მწვანე შუქის ანთებას ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისთვის, საქართველოს მიმართ დაფინანსების გაგრძელების კუთხით. ჩვენი გადადგმული ნაბიჯები ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით არის აბსოლუტურად სწორი, რაც ნიშნავს, რომ 4-პუნქტიანი პროგრამა ძალიან წარმატებულია და თვითონ ამ პროგრამამაც წარმატებული სტარტი აიღო. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დაფინანსების კუთხით ანთებული მწვანე შუქი, თავის მხრივ, მეტყველებს, რომ ჩვენი სივრცითი განვითარების პროგრამა აუცილებლად წარმატებით განხორციელდება, რაც ქვეყნის ეკონომიკური დინამიკის სრულიად სხვა დონეს ნიშნავს. ეს ასევე ნიშნავს უამრავ ახალ სამუშაო ადგილს, ინვესტიციებს პარალელურად უკვე კერძო სექტორის მხრიდანაც და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან კარგი სტარტი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შესაძლოა, საქართველომ ზამთრის სპორტის ერთ-ერთ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 10:40

არ არის გამორიცხული, შევიტანოთ განაცხადი და წარმატებით მივიღოთ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საქართველოში ჩატარების უფლება, რომელიმე სახეობაში, შეიძლება ეს იყოს - ფრისტაილი, სნოუბორდი და ა.შ., -  განაცხდა მთავრობის სხდომაცე პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის მეთაური  შეეხო ხანმოკლე ვიზიტს შვეიცარიაში, რომლის დროსაც უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტებთან.

„საუბარი გვქონდა, ზამთრის რომელიმე სახეობაში, საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე. ამას სჭირდება მომზადება და უკვე გამოკვეთილია ქვეყნები რამდენიმე წლის განმავლობაში. დაახლოებით ხუთწლიან პერსპექტივაში, არ არის გამორიცხული, შევიტანოთ განაცხადი და წარმატებით მივიღოთ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საქართველოში ჩატარების უფლება, რომელიმე სახეობაში, შეიძლება ეს იყოს - ფრისტაილი, სნოუბორდი და ა.შ. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ბიძგი, საქართველოში ამ მიმართულებით ინვესტიციებისთვის და სახელმწიფო გააგრძელებს ძალიან დიდი აქცენტის გაკეთებას, როგორც სახელმწიფო ინვესტიციების და კერძო და საჯარო სტრუქტურებს შორის პარტნიორობის მოდელების გამოყენების კუთხით", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური