საკომიტეტო ფორმატში მინისტრობის კანდიდატების ბოლო მოსმენა გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 თებერვალი 2021 13:35

საქართველოს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელეს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა მინისტრობის კანდიდატებს: ჯუანშერ ბურჭულაძეს, გოჩა ლორთქიფანიძეს, თეა ახვლედიანს და ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კომიტეტის წევრებს უწყებაში გატარებულ რეფორმებზე, ნატოსთან თავსებადობის პროგრამებზე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და პარტნიორ სახელმწიფოებთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა.

მანვე სამინისტროს მიერ მომზადებულ ორ ძირითად დოკუმენტზე - თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების ათწლიან გეგმაზე და ახალი ოთხწლიანი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტზე ისაუბრა და მათში გაწერილ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივი სამხედრო პროდუქციის წარმოების მნიშვნელობა და საავიაციო პარკის მოდერნიზაცია აღნიშნა.

„ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულებაა საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესის გაგრძელება, რომლის დასრულების შემდეგ მომდევნო წლებში მივიღებთ სრულად აღდგენილ და რეაბილიტირებულ საავიაციო პარკს. ამ ეტაპზე, თავდაცვის ძალებს უკვე მიღებული აქვს ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და „მისტრალი-3“ ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიასთან ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც ითვალისწინებს რაფაელის წარმოებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლებასა და მოდერნიზაციას“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოსთან თავსებადობის გაზრდასა და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის დასკვნითი ნაბიჯები გადადგას ევროატლანტიკურ ოჯახში გასაწევრიანებლად და საქართველოში რუსეთის აგრესიის დასასრულებლად.

„მოხარული ვარ, რომ მე მქონდა საშუალება აქტიური წვლილი შემეტანა ამ პროცესში, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ და შეუქცევადს გავხდით“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, გოჩა ლორთქიფანიძემ კომიტეტის სხდომაზე შეკრებილ საზოგადოებას კონსტიტუციის მიღების 100 წლის იუბილე მიულოცა.

მანვე სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია წარმოადგინა.

მინისტრობის კანდიდატმა სტრასბურგის ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების პროცესზე და ქვეყნისთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტებზე ინფორმაცია წარმოადგინა და ის ცვლილებები აღნიშნა, რომლებიც აღნიშნული კანონის შესაბამისად განხორციელდა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, გოჩა ლორთქიფანიძემ ყურადღება იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობაზე, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობაზე და გამარტივებულ მიდგომებზე გაამახვილა.

სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა კომიტეტის წევრებს სამთავრობო პროგრამის ის ნაწილი გააცნო, რომელიც სამშვიდობო ინიციატივას და სტაბილურობის განმტკიცებას ემყარება. 

მან კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, ჰუმანიტარულ და სოციალურ კრიზისებზე ისაუბრა და ყურადღება არსებული გამოწვევების მშვიდობიანად მოგვარების გზებზე გაამახვილა.

„საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი, საერთაშორისო არენაზე განხორციელებული არაღიარების ძალისხმევის პარალელურად და ჩვენი ქვეყნის სრულ დეოკუპაციასთან ერთად, რაზეც გუშინ ვრცლად ისაუბრა ჩემმა კოლეგამ, ბატონმა დავით ზალკალიანმა, დარჩება ადამიანზე ორიენტირებული შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება, რაც გულისხმობს საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების დაახლოებას, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას, ასევე ადამიანებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნას“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა თავის გამოსვლაში გასულ წელს უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, კოვიდ პანდემიის მართვის პროცესში სამინისტროს ჩართულობის საკითხებზე და რეგისტრირებულ დანაშაულთა ტიპებსა და სტატისტიკაზე ისაუბრა.

მინისტრობის კანდიდატმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ამ კუთხით, მომხსენებელმა კრიმინალური პოლიციის რეფორმირების პროცესზე, პოლიციელების შეიარაღების განახლებაზე, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასა და ნარკორეალიზატორთა მიმართ განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით არასრულწლოვნების მიერ და მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ახდენს რეაგირებას. სამინისტრო აგრძელებს არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას. მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში, მასშტაბურად არ განხორციელებულა. ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება. 2020 წელს ნარკოტიკების რეალიზაციისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 71 ნარკორეალიზატორი. ნარკოდანაშაულის სფეროში მთავარ გამოწვევას ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობა წარმოადგენს, რაც მსოფლიოში ბოლო პერიოდის ყველაზე მზარდი ტენდენციაა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინტერნეტით და საფოსტო გზავნილებით გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის საქმიანობაზე, სამაშველო სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობაზე და მომსახურების სააგენტოს მიერ დანერგილ ახალ სერვისებზეც ისაუბრა.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კომიტეტის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილ მინისტრობის კანდიდატებს მათი დარგობრივი მიმართულებების შესაბამისად კითხვებით მიმართეს და დამატებითი ინფორმაციები მოისმინეს.

საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ, კომიტეტებმა ფარული კენჭისყრით, სამთავრობო პროგრამას და მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხს, მხარი დაუჭირეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური