საქართველოში ქიმიური პროდუქციის წარმოების სფეროში მსოფლიო ლიდერი - BASF-ი შემოდის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 11 ნოემბერი 2016 09:58

საქართველოში ქიმიური პროდუქციის წარმოების სფეროში მსოფლიო ლიდერი - BASF-ი შემოდის, - კომპანიის რეგიონული ოფისის საქართველოში გახსნასთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. 

მთავრობის მეთაურმა BASF-ის მენეჯმენტს, განსაკუთრებით პირველ ვიცე-პრეზიდენტ ლორენ ტენტურიეს რეგიონული ოფისისთვის საქართველოს შერჩევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ცხადყოფს საქართველოს წინსვლას, რომელსაც საფუძვლად უდევს მთავრობის ეფექტიანი რეფორმები. 

„სასიხარულოა, რომ კომპანია BASF-მა სათანადოდ შეაფასა საქართველოს მომგებიანი სტრატეგიული მდებარეობა და, ზოგადად, ევრაზიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ბიზნესგარემო და გადაწყვიტა წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში - ბიზნესის, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის მნიშვნელოვან ცენტრში. ეს ფაქტი ასევე უსვამს ხაზს ჩვენი ღია და ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყნის მიღწევებს, რომელიც იზიდავს ინვესტორთა მზარდ რაოდენობას და სთავაზობს მათ ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. BASF-ი არის დიდი ისტორიის მქონე უმნიშვნელოვანესი კომპანია, რომლის წარმოებისა და გადამუშავების შთამბეჭდავი პორტფელი მოიცავს ბევრ ძირითად სეგმენტს, მაგალითად, ქიმიურ ნივთიერებებს, ფუნქციური მასალები და ხსნარები, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ხსნარები, ნავთობი და ბუნებრივი აირი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ახალი წამოწყება რეგიონში, კომპანიას კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს.

„საქართველოს სჭირდება თქვენნაირი ინვესტორები - კომპანიები, რომლებიც აცნობიერებენ ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის კარიბჭის როლს, რომელიც წარმოადგენს ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და ახალი აბრეშუმის გზის ნაწილს. თქვენი შემოსვლა ასევე წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური და მარეგულირებელი გარემოს მაღალი ხარისხის დასტურს. საქართველოს მთავრობა გეგმავს თავისი ეფექტიანი რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების გაგრძელებას და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ამას ემატება თანამედროვე ინფრასტრუქტურა და გამართული საგადასახადო სისტემა, რისი წყალობითაც ბიზნესის წარმოება საქართველოში კიდევ უფრო მარტივი ხდება. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ამომწურავი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც მიზნად ისახავს ინოვაციური გადაწყვეტილებებისა და დამწყები ბიზნესების წახალისებას საქართველოში, და ჩვენი აქტიურობა ამ მიმართულებით დღითიდღე იზრდება. დარწმუნებული ვარ, კომპანია BASF-ის უპრეცედენტო გამოცდილებისა და საქართველოს ინოვაციური და შემოქმედებითი ბიზნესგარემოს კომბინაცია იძლევა თანამშრომლობის მართლაც დიდ პოტენციალს",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა წარმატებები უსურვა კომპანიის გუნდს, საქართველოში - ღია და ბიზნესზე ორიენტირებულ ქვეყანაში და იმედი გამოთქვა, რომ გუნდის თითოეული წევრი თავს შინ იგრძნობს.

BASF-მა, რომლის ისტორიაც განვითარებისა და წარმატების ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, გასულ წელს 150 წლის იუბილე აღნიშნა. კომპანია, ქიმიური პროდუქციის წარმოების სფეროში, მსოფლიოში ლიდერია.

პრემიერ-მინისტრი გენერალ ჯონ ნიკოლსონს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 07 ნოემბერი 2016 13:10

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიისა“ და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალს, გენერალ ჯონ ნიკოლსონს შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ნატო- საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს და თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების ჩართულობას და საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. 

გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა საქართველოს მთავრობას სამშვიდობო ოპერაციებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობისთვის და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ–მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, აქტიურად გააგრძელოს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა.

ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზეც. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა გენერალ ნიკოლსონს აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გენერალ ჯონ ნიკოლსონის ვიზიტი არის აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობის დემონსტრირება და საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში საქართველოს წვლილის აღიარება.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმ წვლილისთვის, რომელიც შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიაში. წლების განმავლობაში ამერიკელების გვერდით ქართველები ავღანეთში მსახურობენ და ჩვენ ძალიან ვაფასებთ მათ წვლილს. აქვე გამოვთქვამთ მწუხარებას გარდაცვლილი ჯარისკაცების გამო და თანადგომას ვუცხადებთ დაჭრილ მეომრებს. ვაგრძელებთ რა ჩვენს მისიას ავღანეთში, ძალიან იმედის მომცემია, რომ შეგვიძლია გვქონდეს ქართველი პროფესიონალი ჯარისკაცების იმედი. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბატონ პრემიერ–მინისტრთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე. როგორც ამერიკელ გენერალი აღვნიშნავ, რამდენად ვაფასებთ საქართველოსთან პარტნიორობას. ამის ნათელი დემონსტირება არის ერთობლივი სამხედრო წვრთნები– „ღირსეული პარტნიორი“, სადაც ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები ჩამოვიდნენ საქართველოში და ქართველებთან ერთად გაიარეს წვრთნები. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს,“ – განაცხადა გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი დაესწრნენ. 

პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის საელჩოში საზეიმო მიღებას დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 ნოემბერი 2016 10:12

დედოფალ ელისაბედის განკარგულებით, "ქართული ოცნების" წევრს, სოფიკო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი (MBE) გადაეცა - ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონიას, რომელიც დიდი ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი სოფიკო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასთინ მაქენზი სმიტმა გადასცა. მისი განმარტებით, სოფო ქაცარავას ჯილდო მიენიჭა იმ განსაკუთრებული საქმიანობისთვის, რომელიც მან დიდი ბრიტანეთის საელჩოში 11-წლიანი მოღვაწეობის დროს, საქართველოს და ბრიტანეთს შორის კავშირების განვითარებისა და საგანმანათლებლო ურთიერთობების გასაღრმავებლად გასწია.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების" წევრს დამსახურებული ჯილდო მიულოცა და მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის საელჩოს სოფიკო ქაცარავას საქმიანობის აღიარებისთვის. 
„მინდა, მადლობა მოვახსენო ბრიტანეთის საელჩოს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის საგანმანათლებლო პარტნიორობისა და სტრატეგიული გაცვლების სფეროებში სოფიკოს საქმიანობის ამ მნიშვნელოვანი აღიარებისთვის. ამ საქმიანობას სოფიკო ახორციელებდა ბრიტანეთის საელჩოში მუშაობის 11 წლის განმავლობაში. მადლობას მოვახსენებ დიდი ბრიტანეთის ელჩებს, რომლებმაც დააფასეს სოფიკოს შრომა ამ შედეგების მისაღწევად, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ელჩს, ალექსანდრა ჰოლ ჰოლს, საქართველოს დიდ მეგობარს. ასევე მადლობას მოვახსენებ ბატონ ელჩს, ჯასთინ მაქენზი სმიტს ასეთი ბრწყინვალე ღონისძიების მასპინძლობისთვის. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სოფიკო შეუერთდა ჩვენს გუნდს, რომლის ყველა წევრიც დარწმუნებულია, რომ მისი საქმიანობა პარლამენტში არანაკლებ ღირსშესანიშნავი იქნება. უკვე შემიძლია განვაცხადო, რომ სოფიკო პარტიაში მიმდინარე ბევრი სასიკეთო მოვლენის მამოძრავებელი ძალაა," - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

სოფიკო ქაცარავა საქართველოს რიგით მეორე მოქალაქეა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი გადაეცა.

პრემიერ-მინისტრი ახალი მთავრობის შესახებ განცხადებას თვის განმავლობაში გააკეთებს, - ნოდარ ხადური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 10:45

„ვადასტურებ  ინფორმაციას,  რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ თვის განმავლობაში გააკეთებს განცხადებას ახალი მთავრობის შესახებ.  პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა, თქვენ ეს კითხვები უნდა დაუსვათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ძალიან კარგი მოლოდინი მაქვს," -  განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა  მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ნოდარ ხადურის შემცვლელად ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელდება.

პრემიერმინისტრი "კრწანისის" ინციდენტზე საუბრობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2016 14:14

 სამხედროები მოქმედებდნენ იმ ინსტრუქციების მიხედვით, რაც მათ გააჩნიათ- ამ განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კრწანისის სამხედრო ბაზაზე გუშაგის მიერ ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტს.გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მომხდარზე პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ინციდენტის დროს ჯარისკაცი მოქმედებდა იმ ინსტრუქციების შესაბამისად, რომელიც გააჩნია სამხედრო ობიექტს. პრემიერის თქმით, მან დეტალებში შეისწავლა მომხდარი ფაქტი.გიორგი კვირიკაშვილმა მომხდარს "სამწუხარო ფაქტი" უწოდა და გარდაცვლილი გიორგი შენგელიას ოჯახს მიუსამძიმრა.”მოგეხსენებათ, რომ სამხედრო ობიექტებს გააჩნიათ ძალიან მკაცრი დაცვის წესები და იმ სამხედროებს, რომლებიც იცავენ სამხედრო ობიექტს, აქვთ ძალიან მკაცრად გაწერილი ინსტრუქციები. ჯარისკაცი მოქმედებდა მთლიანად ამ ინსტრუქციების შესაბამისად, ამიტომ, ამ მიმართულებით შეკითხვები გამორიცხულია."ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომ 16 წლის ახალგაზრდა დაიღუპა ამ ინციდენტში, ანუ მოკლული იქნა. მე მინდა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ოჯახს, მაგრამ გამორიცხულია რაიმე შეკითხვები. სამხედრო ობიექტებს აქვს ძალიან მკაცრი დაცვის წესები და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ძალიან საფრთხილო.

„გამოძიებას რაც შეეხება, ის მიმდინარეობს. გამოძიების  შედეგები გახდება ცნობილი. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ალტერნატიული გამოძიებისთვის გავხსნათ კარი. მე პირადად დეტალებში შევისწავლე ეს საკითხი და ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ სამხედროები მოქმედებდნენ ძალიან მკაცრად იმ ინსტრუქციების მიხედვით, რაც მათ გააჩნიათ,” - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.“

პრემიერ-მინისტრი 8 ოქტომბრის არჩევნებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 19 ოქტომბერი 2016 10:00

8 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოდ თავისუფალი და გამჭვირვალე საპალამენტო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა საზოგადოებას ამისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარებისთვის.„თითოეულმა დამკვირვებელმა, საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა ეს ფაქტი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სამოქალქო საზოგადოებას.ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო, რომელიც განაპირობებს საქართველოს მომავალი განვითარების დღის წესრიგს. ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება საქართველოში მიმდინარე შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების პროცესის.
მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა თითოეული ჩვენი მოქალაქის არჩევანის მიმართ. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ ამომრჩეველს, რომელმაც ჩვენ გამოგვიცხადა დიდი ნდობა“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ამბროლაურის აეროპორტში ასაფრენი ბილიკი გახსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 ოქტომბერი 2016 16:09
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურის აეროპორტში ასაფრენი ბილიკი გახსნა. 
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომლის მშენებლობა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა, გაიხსნა. 1 100 მეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის სიგანე 30 მეტრია, შეუძლია, შეზღუდვის გარეშე მიიღოს L 410 (19-ადგილიანი) ტიპის საჰაერო ხომალდები. 
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაპროექტებული აეროპორტის ახალი ასაფრენი ბილიკი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. გიორგი კვირიკაშვილი იმ საჰაერო ხომალდის მგზავრი იყო, რომელიც ახლად გახსნილმა ასაფრენმა ბილიკმა პირველად მიიღო. რაჭა-ლეჩხუმის განვითარების სრულიად ახალი ეტაპის დაწყება, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნა და რეგიონის მოსახლეობას დღევანდელი დღე მიულოცა. 
"დღეს ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა. ერთი თვის წინ, როდესაც კომპანია "ბლაუენშტაინში" ფერმერები მოვინახულე, ამ ადგილზე ტრიალი მინდორი იყო. დღეს აქ არის აეროდრომი, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის ამ რეგიონისთვის - უპირველეს ყოვლისა აქ მცხოვრებლებისთვის, რადგან აქ იქნება რეგულარული რეისები და რაჭაში, წლის ნებისმიერ დროს, შესაძლებელი იქნება ერთ საათზე ნაკლებ დროში ამოსვლა, ასევე - დედაქალაქში ნებისმიერ დროს ჩასვლა", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი რამ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და უმნიშვნელოვანესია ტურიზმის განვითარებისთვის. 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რეგიონში, სულ მალე იქნება ბევრი ტურისტი, განვითარდება ინფრასტრუქტურა, ახალი საოჯახო ტიპის სასტუმროები და ზამთრის კურორტები, რაც აქამდე შესაძლებელი არა იყო და, ახალი აეროდრომის მეშვეობით, რეალურია. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე, სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაც დასრულდება და ამბროლაურში სრულიად გამართული, საერთაშორისო სტანდარტების სამთო აეროდრომი იქნება. 

"ეს ჯერ პირველი ნაბიჯია. ჩვენ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს კურორტების განვითარებასთან დაკავშირებით - შოვი, უწერა. აუცილებლად აშენდება გზა, რადგან რეგიონის განვითარებას მხოლოდ აეროპორტი არ ეყოფა. გომი-საჩხერე-რაჭა აუცილებლად აშენდება. ეს არის არა მხოლოდ დანაპირები, არამედ, ჩემს თავსა და გონებაში, ეს არის დასრულებული გეგმა. ამიტომ, მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ძალიან დიდი რამ იწყება - რაჭა-ლეჩხუმის განვითარების ახალი ეტაპი. ამ აეროდრომის გარდა, ჩვენ მომავალ წელს ვიწყებთ ახალი აეროდრომის მშენებლობა ომალოში; ასეთივე ტურისტულ აეროდრომს ავაშენებთ ახალქალაქში, ზუგდიდში და კიდევ არაერთ რაიონში. ეს აეროდრომი იქნება არა მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმის, არამედ ქვეყნის მთლიანი ინფრასტრუქტურის სივრცითი განვითარების სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ადამიანებს, რომლებიც დღევანდელ დღეს იმედით ელოდნენ; მათ, ვინც შეუძლებელი შეძლო და ერთი თვის განმავლობაში დღე და ღამე გაასწორა, რათა აეროდრომი მოკლე დროში დაესრულებინა; კომპანია "ბლექ სი გრუპს", რომელმაც მოკლე დროში ხარისხიანი სამუშაო შეასრულა. გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე მადლობა გადაუხადა "აეროპორტების გაერთიანებას" და მის ხელმძღვანელ ქეთევან ალექსიძეს; სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს - გურამ ჯალაღონიას; "საქაერონავიგაციას" - გოჩა მეზვრიშვილს. პრემიერის განსაკუთრებული მადლობა მიიღეს - რეგიონის გუბერნატორმა პარმენ მარგველიძემ, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს რეგიონისთვის და პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომლის ყოველდღიური მენეჯმენტის გარეშე, ეს შეუძლებელი იქნებოდა. "ეს იქნება ახალი ეტაპი, რეგიონის თითოეული მცხოვრების კეთილდღეობის მშენებლობის გზაზე", - მიმართა პრემიერმა აეროდრომზე შეკრებილ მოსახლეობას. 
ამბროლაურში აეროპორტის მშენებლობის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რის შესახებაც განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა 16 აგვისტოს გააკეთა. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამშენებლო სამუშაოები უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა. ასაფრენი ბილიკის მშენებლობაზე 125 ადამიანი დასაქმდა, საიდანაც 75 ადგილობრივი მცხოვრები იყო. ამბროლაურის აეროპორტი თანამედროვე სისტემებით და საჭირო სპეცავტოტექნიკით აღიჭურვება და 30-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონ ლარს აჭარბებს. რეგიონის ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, შესწავლის სტადიაშია ასაფრენი ზოლის დაგრძელების პერსპექტივა, რათა აეროპორტმა 50-ადგილიანი საჰაერო ხომალდების მიღება შეძლოს. საქართველოს მასშტაბით, რეგიონული აეროპორტების მშენებლობა, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის, ყველაზე მოცულობითი - სივრცითი მოწყობის მიმართულების, უმნიშვნელოვანესი ნაწილია. 
 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 ოქტომბერი 2016 09:49

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ის რაც მოხდა გუშინ საღამოს თბილისში, არის არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია, არამედ ეს არის არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობის მიზნით, საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. უკვე დაწყებულია გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება დამნაშავე პირების დასაკავებლად. 
ეს უმძიმესი დანაშაული შეიძლება იყოს მხოლოდ იმ ძალის ინტერესებში, რომელიც ვერ ეგუება ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ და მშვიდ საარჩევნო გარემოს.
მინდა მივმართო ამ პროვოკაციის დამგეგმავებს და განმახორციელებლებს - თქვენ აუცილებლად უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ვერცერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა! ყველა აგებს პასუხს!
ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ და არ დავუშვებთ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას!", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადებაში.

პრემიერმა კასპში მაღალტექნოლოგიური საწარმო „ჯეოფერტი“ დაათვალიერა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 30 სექტემბერი 2016 13:28

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კასპში მაღალტექნოლოგიური, მიკრობიოლოგიური საწარმო „ჯეოფერტი" დაათვალიერა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ბაქტერიულ, ჰუმინურ, ორგანო-მინერალურ სასუქებს აწარმოებს.
საწარმო აღჭურვილია ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით და საწარმოო ხაზებით.
ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ძალიან ნათელი მაგალითი - ასე შეაფასა პრემიერმა ახლად გახსნილი საწარმო, სადაც ქართველი მეცნიერების მონაწილეობით, ნიადაგის აღმდგენის ახალი ტექნოლოგია შემუშავდა.
"მინერალური და ქიმიური სასუქების გამოყენება დიდი პრობლემაა, ხდება ნიადაგის გამოფიტვა, ბინძურდება გარემო და რაც ყველაზე ცუდია, ჩვენ შემდეგ ვიკვებებით იმ საკვებით, რომელიც ამ ყველაფერს შეიცავს. ამ საწარმოში წარმოებული პროდუქცია კი არის ბიოლოგიურად სუფთა. საქართველოს ნიშა, ექსპორტისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არის ის, რომ ჩვენ დავიმკვიდროთ ბიოლოგიურად და ორგანულად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის იმიჯი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ადგილობრივი მეცნიერების მონაწილეობით შექმნილი დანადგარები, რომლითაც აღჭურვილია საწარმო, იმპორტის შემთხვევაში 25-30 მილიონი აშშ დოლარი დაჯდებოდა, მაშინ, როდესაც ეს დაახლოებით 7 მლნ დოლარის ინვესტიციით გახდა შესაძლებელი.
საწარმო დაფინანსებულია ბანკი "ქართუს" მიერ. წარმოებული პროდუქცია ზრდის პროდუქტიულობას და არ აბინძურებს გარემოს, ახდენს ნიადაგის აღდგენას.
საწარმოში ამჟამად 120 ადამიანი მუშაობს, თუმცა ქარხნის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ, დასაქმებულთა რაოდენობა გაორმაგდება. პრემიერ-მინისტრი მოხარულია, რომ საწარმოში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.
"ეს არის კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება, ახალმა ტექნოლოგიებმა და ქართველმა მეცნიერებმა შექმნან საწარმო, რომელიც სრულიად ახალი სიტყვაა სოფლის მეურნეობის განვითარებაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საწარმოში მოქმედებს ცენტრალური ლაბორატორია, სადაც მუდმივად ახალი ტექნოლიგიების შესწავლა და მიკრობიოლოგიური პრეპარატების შემუშავება მიმდინარეობს. ასევე, ლაბორატორია ახორციელებს პროდუქციის კონტროლს, როგორც წარმოების პროცესში, ისე საბოლოოდ, რაც მომხმარებლისთვის გარანტირებულად მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდებას უზრუნველყოფს. პროდუქცია ორიენტირებულია, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე.

გლდანში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 30 სექტემბერი 2016 10:24

გლდანში 40 000 კვ.მეტრის ფართობზე განთავსებული, სამსართულიანი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. მასშტაბური სავაჭრო ცენტრის - "სითი მოლი გლდანის" გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა ახლადგახსნილი "სითი მოლი" დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ ამგვარი სავაჭრო ცენტრების აშენება ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებას და გააჩენს დამატებით სამუშაო ადგილებს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 45 მილიონი ლარია. სხვადასხვა პერიოდში პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე 2000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, ამჟამად დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. 
სავაჭრო ცენტრი აშენებულია უახლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით და სრულად უზრუნველყოფილია პარკინგითა და უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური