პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თუშეთში ვერტმფრენი მიმდინარე წლის ზამთრის სეზონზე რეგულარულად იფრენს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი 2017 15:53

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უამინდობის გამო თუშეთში შექმნილ ვითარებას ეხმაურება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონში მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს, ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლები. 

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, ომალოში მყოფი ტურისტები უსაფრთხოდ იმყოფებიან და ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან. 

”ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ერთი მამაკაცი, რომლის სიცოცხლეს, ადგილობრივი ექიმის ინფორმაციით, საფრთხე არ ემუქრება, მაშველების დახმარებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს. თუშეთში საგანგებო რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური, რათა ნებისმიერი სახის შესაძლო შეფერხება თავიდან იყოს აცილებული. 
აგრეთვე გაცნობებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ასევე - უცხოელი ვიზიტორების მზარდი რიცხვის ფონზე, თუშეთში კომფორტული და უსაფრთხო მოგზაურობის მიზნით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, გასული წლის სეზონის მსგავსად, წლევანდელი ზამთრის მანძილზე, ყოველკვირეულად, რეგულარულად იფრენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორდოს მერს შეხვდა

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 15 სექტემბერი 2017 10:40

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორდოს მერი ალან ჟუპე დემოკრატიული განვითარების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მიესალმება, - ამის შესახებ ალან ჟუპემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. 

პრემიერმა ბორდოს მერს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, ყოფილიყო პირველი ქვეყანა, რომელიც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში ქართული ღვინის განსაკუთრებულ სახეობებს მსოფლიოს წარუდგენს. გიორგი კვირიკაშვილმა ალან ჟუპე საქართველოში მიიწვია.

ბორდოს მერმა საუბრისას, ასევე გაიხსენა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი "ღვინის ცივილიზაციის ქალაქის" ინაუგურაციაზე და მას ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

შეხვედრა ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, ქართული გამოფენის - "საქართველო - მეღვინეობის აკვანი" გახსნის შემდეგ გაიმართა. 

პრემიერ-მინისტრის მილოცვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 სექტემბერი 2017 15:11

ვულოცავ ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად დამტკიცებას. ეს არ არის მარტო მისი წარმატება, ეს საქართველოს აღიარებაა, როდესაც ჩვენი ქვეყნიდან წარგზავნილ კანდიდატს UNWTO-ს გენერალური ასამბლეა ერთხმად უჭერს მხარს და იგი საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლეს თანამდებობას იკავებს. ყველას გილოცავთ ამ დიდ წარმატებას.

პრემიერი საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედებიდან 3 წლის შესრულებას ულოცავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 სექტემბერი 2017 18:32

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ულოცავს ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედებიდან 3 წლის შესრულებას, რომლის განმავლობაში ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა.
ძალიან მნიშვნელოვანი 3 წელი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში - ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა გასული პერიოდი დღეს, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების ერთობლივ სხდომაზე.
„რეფორმები, რომლებიც ამ სამ წელიწადში ჩვენს ქვეყანაში გატარდა, თითქმის ყველა სფეროს ეხება და უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია ამ მიმართულებით თანმიმდევრული სვლა, რათა ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის ნამდვილ წევრად ვაქციოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა მიღწეული იყოს უმთავრესი სტრატეგიული მიზანი - ევროკავშირსა და ნატოში საბოლოო გაწევრიანება.

„ყველა უწყება ჩართულია ამ ინტეგრაციის პროცესში. სწორედ ამიტომ გვაქვს ასეთი დონის სახელმწიფო კომისია, რათა ჩვენი ნაბიჯები შევაფასოთ, მოვახდინოთ იმ სფეროებისა და მიმართულებების იდენტიფიცირება, სადაც მეტი გვაქვს გასაკეთებელი და ერთობლივად გავწიოთ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს მართლაც ჩემპიონი რეფორმების მიმართულებით", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების ერთობლივ სხდომაზე, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა ნოემბერში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ; ასევე, სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ 
სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ წარადგინა ანგარიში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2017 წლის სამოქმედო გეგმის პროექტისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტი შეაფასა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 31 აგვისტო 2017 11:54

ოფიციალური ვიზიტი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. გვქონდა ხანგრძლივი შეხვედრა ბატონ პრეზიდენტთან. განვიხილეთ ძალიან ბევრი მიმართულება. ვფიქრობთ, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გაცილებით უფრომეტი პოტენციალი არსებობს. მთავრობათაშორისი კომისიაც დღევანდელ სხდომაზე სწორედ ამ პოტენციალის ათვისების საკითხებს განიხილავს. განვიხილეთ, როგორც რეგიონული სატრანსპორტო პროექტები, მათ შორის - ინიციატივა თურქმენეთი-საქართველო-აზერბაიჯანი-რუმინეთის მონაწილეობით სატრანსპორტო კორიდორის შექმნის შესახებ; ასევე თურქმენეთის აქტიური მონაწილეობა "აბრეშუმის გზის" პროექტის განხორციელებაში. ჩვენ შევთავაზეთ მათი მონაწილეობა ჩვენი ადგილობრივი სატრანზიტო ინფრასტრუქტურის პროექტებში, რაზეც გამოითქვა დიდი ინტერესი. რა თქმა უნდა, ასევე საინტერესოა ენერგეტიკული სატრანზიტო პროექტები, რაზეც ვფიქრობთ, ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს. შევეხეთ ყველა საკითხს, მაგრამ დღეს კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ რეგიონის ქვეყნებთან და ევროკავშირთან იმისათვის, რომ უფრო მეტად გამოვიყენოთ ორ ზღვას შორის ურთიერთობის სატრანზიტო პოტენციალი და ვფიქრობთ, ეს აბსოლუტურად რეალისტურია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017 11:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. 

საუბრის მთავარი თემები სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარება, რეგიონული სატრანსპორტო პროექტები და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობები იყო. 

პრემიერ-მინისტრმა  სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალზე ისაუბრა. 

"ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რეგიონული სატრანსპორტო პროექტების აქტივიზაციით და ვფიქრობ, ეს ორმხრივი ინტერესის საგანია. ამიტომაც, ჩვენ ვიმყოფებით აქ, რათა განვიხილოთ ეს პროექტები. მოხარული ვართ, რომ წელს აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. ვაფასებთ თურქმენეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ თურქმენეთის პოზიციას საერთაშორისო პლატფორმებზე. გილოცავთ "აზიადა 2017"-ის წარმატებულ ორგანიზებას და ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება საერთაშორისო მნიშვნელობისაა. ასეთი ღონისძიებები უზრუნველყოფენ არა მხოლოდ სპორტის განვითარებას, არამედ მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში. მადლობას გიხდით გახსნის ცერემონიაზე მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, საქართველო ამ ღონისძიებაზე მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროს, ამ მხრივ არსებობს უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალი ჩვენს ქვეყნებს შორის და ჩვენი მიზანია, არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება, რათა განვავითაროთ სატრანზიტო პროექტები. "აბრეშუმის გზის" წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია თურქმენეთის აქტიური მონაწილეობა. ამიტომ ვფიქრობ, ეს ურთიერთობები უნდა განვავითაროთ. ჩვენ შევძლებთ, მივაღწიოთ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაცილებით მაღალ ხარისხს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

გიორგი კვირიკაშვილმა  ასევე ისაუბრა კულტურულ-ჰუმანიტარულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე და იმედი გამოთქვა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. 

პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება თურქმენეთის პრეზიდენტმა. გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის განმავლობაში, ბევრი რამ გაკეთდა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, რაც აისახა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებზე.

"ჩვენ მადლობელი ვართ, რომ მხარს უჭერთ თურქმენეთის, როგორც ნეიტრალური ქვეყნის საერთაშორისო ინიციატივებს, ღია კარის პოლიტიკას, ისეთ საკითხებთან დაკავშირებულ ინიციატივებს, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება სატრანზიტო დერეფნის განვითარება და ა.შ. არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და სატრანზიტო დერეფნის განვითარების პოტენციალი, რაც ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ვაფასებთ, რომ ორ ქვეყანას შორის ფუნქციონირებს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია და მადლობას გიხდით, რომ დღეს გაიმართება მისი მომდევნო სხდომა, რომელზეც განხილული იქნება მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები", - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა.  

გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გიორგი კვირიკაშვილი მეხუთე აზიური თამაშების "აზიადა 2017"-ის გახსნაზე აშხაბადში კიდევ ერთხელ მიიწვია და აღნიშნა, რომ ცერემონიაზე ასევე მიწვეულია საქართველოს პრეზიდენტი.

პრემიერ-მინისტრის კომენტარი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 22 აგვისტო 2017 11:30

ამ ეტაპზე უკეთესი ვითარებაა, მონიშნულია ჩასაქრობი ზონები, მუშაობს 3 ვერტმფრენი, თურქეთიდან გზაშია კიდევ 2 ვერტმფრენი, სამწუხაროდ, დილით ძლიერი ქარის გამო, ვერ ჩამოფრინდნენ თუმცა, დაახლოებით ორ საათში ისინიც ჩაერთვებიან და ვფიქრობ, ღამისთვის გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნება. ამ ეტაპზე მუშაობს ცოცხალი ძალა, მეხანძრე-მაშველები, ადგილობრივი მაშველები მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან, ტექნიკა არის მობილიზებული ხელოვნური წყალსაცავების გასაკეთებლად და რაც საჭიროა, ყველაფერი კეთდება. 
ყველაზე მძიმე ვითარება გვაქვს ერთ კერაზე, რომელზეც მიმართულია მთელი ძალა, ხდება ტუმბოებით წყლის ატანა, ეკიპაჟები იმუშავებენ ზედა მხრიდან და ვფიქრობთ, ჩავაქრობთ ხანძარს.
ხანძრის გავრცელების საფრთხე რა თქმა უნდა არსებობს თუ ქედი არ ჩავაქრეთ, ქედის ჩაქრობის შემდეგ მწვავე ფაზა გადაივლის.

საგანგებო შტაბის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 22 აგვისტო 2017 11:25

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში სრული დატვირთვით მიმდინარეობდა, ბოლო ინფორმაციით, დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი, ხანძრის კერების ლოკალიზებისა და შემდგომი ლიკვიდაციის მიზნით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. საგანგებო შტაბი, მთავრობა, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. 

გამთენიისას სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო 2 ქართული და 1 აზერბაიჯანული ვერტმფრენი, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა რომლებმაც ღამით, არჯევანიძის ტყიდან თორთის გზამდე 3 კილომეტრიანი გზა გაჭრეს, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება. ქართულ და აზერბაიჯანულ ვერტმფრენებთან ერთად, რამდენიმე საათში, საავიაციო სამუშაოებში ჩაერთვება თურქული მხარეც, რომელიც დამატებით 2 ვერტმფრენს გამოაგზავნის. ამ დროისათვის არ არსებობს ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გადასვლის საფრთხე.

მთელი ღამე შეუჩერებლად მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ადგილზე იმყოფება 300- ზე მეტი მაშველი. 100-ზე მეტი ტყის მცველი, უსაფრთხოების სამსახურის, შსს-ს, გარემოს დაცვის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და სახანძრო სამსახურების, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადგილზე რჩება და საგანგებო შტაბის მუშაობას უშუალოდ ხელმძღვანელობს.

პრემიერ-მინისტრის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 აგვისტო 2017 10:49

14 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 25 წლის წინ ვერ შევძელით ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება, ჩვენსა და ჩვენს აფხაზ ძმებს შორის დაწყებულმა სისხლისღვრამ უმძიმესი შედეგები მოგვიტანა. მისი შედეგების სიმძიმე როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა. 

ჩვენი ერთად ცხოვრების ისტორია სამაგალითოა და არა გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ ასეთ რეალობაში. ჩვენ შორის არ უნდა იდგეს უცხო ძალა, ეს საზიანოა ჩვენთვის - ქართველებისა და აფხაზებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. 
მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ უდიდესი შეცდომის გამოსწორებას და მალე დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ ჩვენი აფხაზი ძმების გულებს და გავაგრძელებთ ცხოვრებას საუკუნეებგამოვლილი სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით ერთიან, ძლიერ საქართველოში, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017 09:47

გულითადად ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ამერიკელ ხალხს 4 ივლისს - დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ასახული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებები სრულიად უნივერსალურია თავისუფლების მოყვარული ერებისათვის და მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც.

საქართველოსათვის ამერიკის შეერთებული შტატები უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ჩვენ საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაკავშირებს. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ს ურყევ მხარდაჭერასა და უმნიშვნელოვანეს წვლილს, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

წელს ჩვენ აღვნიშნავთ აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გამყარდება სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაღრმავებას როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, რომელიც შედგა თეთრ სახლში ჩვენი პარტნიორობის 25 წლისთავისა და საქართველოს მიერ წარმატებით გატარებული რეფორმების აღსანიშნავად. ასევე ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთ დადასტურებად მივიჩნევთ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტს, რომელიც ამ ზაფხულს ეწვევა საქართველოს.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ მათ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური