პრემიერ-მინისტრმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018 13:45

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღევანდელი დღე საქართველოს ეთმობა - სავაჭრო დღე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

მთავრობის მეთაურს ლონდონის საფონდო ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიხილ რათჰიმ უმასპინძლა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე თავმოყრილნი არიან მსხვილი ინვესტორები მსოფლიოს ყველა კუთხიდან და ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, მათ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.

"ეს იყო ძალიან კარგი საშუალება ჩვენთვის, ინვესტორებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და იმ ამბიციური გეგმების შესახებ, რომლებიც გვაქვს, რათა საქართველო რეგიონულ ცენტრად ვაქციოთ. ძალიან დიდი დაინტერესებაა საქართველოში ინვესტირების თვალსაზრისით და ამასთან ერთად, ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, უახლოეს წლებში მეტი ქართული კომპანია ვიხილოთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოვახდინოთ საქართველოს უფრო ეფექტური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში და, აქედან გამომდინარე, ასეთ პლატფორმებსა და მსგავს საფონდო ბირჟებზე ჩვენი აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქართულ კომპანიებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა ლონდონის საფონდო ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა.

"პატივი გვქონდა, გვემასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისთვის, რომელმაც დილით ვაჭრობა გახსნა. დღე მწვანე ნიშნულით დაიწყო, რაც აქციების ფასის მატებაზე მეტყველებს. განსაკუთრებით გვახარებს საქართველოს მთავრობის მეთაურის სტუმრობა. ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობის დიდი ისტორია გვაკავშირებს. მაგალითისათვის, სს "საქართველოს ბანკის" აქციები ჩვენი ბაზრის პრემიალურ სეგმენტშია. ძალიან კარგ და წარმატებულ სურათს ქმნის მისი ფასების დინამიკა. ჩვენთან ხდება პატარა ქართული კომპანიების აქციებით ვაჭრობაც. მიმაჩნია, რომ ამ პარტნიორობით დავამტკიცეთ, რომ ლონდონში კონცენტრირებული გლობალური ბაზრები დაინტერესებულნი არიან და ახარებთ ის შესაძლებლობები, რაც საქართველოში არსებობს და მისი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს უკავშირდება. ეს არის 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის, დაბალი საგადასახადო განაკვეთების, ვალის დაბალი მაჩვენებლის, მაღალი პროფესიული ნიშნის მქონე მოსახლეობის და განახლებადი ენერგიის ძლიერი სეგმენტის მქონე ქვეყანა! აღფრთოვანებული ვართ საქართველოს მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრთან და მის გუნდთან მუშაობით",- განაცხადა ნიხილ რათჰიმ.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღეს კონფერენცია "საქართველო - ინვესტორთა დღე" იმართება. კომპანია Galt&Taggart-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 130 მსხვილი საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელი ესწრება. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერი ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა. საქართველოს მაკროეკონომიკის შესახებ პრეზენტაცია გამართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

მამუკა ბახტაძე ანგელა მერკელს გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018 09:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური კანცლერ მერკელის საქართველოში ვიზიტს ისტორიულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის საქართველო-გერმანიის წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

„თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, გულითადად მოგილოცოთ გერმანიის გაერთიანების დღე. ერთიანი, ძლიერი და დემოკრატიული გერმანია დღევანდელ მსოფლიოში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი გარანტია.

მსურს, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ინტენსიური. ამ საქმეში დიდია გერმანიის ხელისუფლებისა და პირადად თქვენი დამსახურება.

თქვენი ისტორიული ვიზიტი საქართველოში, ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, პირადად მემასპინძლა თქვენთვის.

სიმბოლურია, რომ თქვენი ჩამობრძანება დაემთხვა ჩვენი ერების მეგობრობის  200 წლის იუბილეს, რომელსაც ფართოდ აღვნიშნავთ გერმანიასა და საქართველოში. ჩემთვის ასევე უდიდესი პატივია მომავალ კვირას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაში მონაწილეობა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი და გერმანულ საზოგადოებას თანამედროვე ქართული კულტურის ახლოს გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა.

მსურს, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ თანადგომისთვის, რომელსაც საქართველო ყოველთვის გრძნობს გერმანელი ხალხის მხრიდან. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, ასევე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე თქვენი ურყევი პოზიცია.

მოხარული ვარ, რომ თქვენი ვიზიტისას, მომეცა შესაძლებლობა, ერთად გვემსჯელა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალ ერთობლივ პროექტებზე. იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი პირადი კეთილგანწყობა და მხარდაჭერა ჩვენს სამომავლო პარტნიორობას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის.

ნება მიბოძეთ, თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს უმნიშვნელოვანესი დღე და გამოვხატო ღრმა პატივისცემა თქვენი და გერმანელი ხალხის მიმართ", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მილოცვაში, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს გაეგზავნა. 

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

პრემიერ-მინისტრმა და NDI-ის პრეზიდენტმა საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018 17:43

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტმა დერეკ მიტჩელმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ვაშინგტონში გაიმართა. 

აღინიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს, ასევე პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, აქტიურად მუშაობს უწყებათაშორისი კომისია, სადაც პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შესაძლებლობა აქვთ.  

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ამჯერადაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას და მიესალმება საარჩევნო პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების აქტიურ ჩართულობას. 

NDI-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი თავის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი მისია დააკვირდება. 

ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის დეპერსონიფიკაციის მნიშვნელობაზე, ასევე დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარების მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის განმტკიცება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია და ამ პროცესში მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 

საუბარი ასევე შეეხო აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ გზავნილები, რომლებიც, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე ეკონომიკური მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებით გაჟღერდა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს. 

 

მამუკა ბახტაძე - დემოკრატია გულისხმობს ჩართულობას და ეყრდნობა ღირებულებებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018 16:47

დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, ჩართულობას გულისხმობს - ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის ჩართულობას; ყველას თავისი როლი აქვს ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

Financial Time-ის მთავარი რედაქტორი ედვარდ ლუსი დაინტერესდა, ახდენს თუ არა გავლენას საქართველოს არჩევანზე ევროპაში მიმდინარე პროცესები, ვინაიდან, მისივე შეფასებით, ევროპა აღარ არის ის, რაც იყო უწინ. ამ კონტექსტში დისკუსიის მოდერატორმა მაგალითებად პოლონეთსა თუ სლოვაკეთში მიმდინარე მოვლენები, უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკა დაასახელა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, პოლიტიკური პროცესი ცვალებადია, თუმცა ღირებულებები უცვლელი რჩება.

„დემოკრატია გულისხმობს ჩართულობას და ეყრდნობა ღირებულებებს. დიახ, ეს არის პოლიტიკური პროცესი, ცვალებადი პროცესი, მაგრამ ღირებულებები იგივე რჩება. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ევროკავშირის ნათელ მომავალს", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

პრემიერ-მინისტრი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 სექტემბერი 2018 15:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანს შეხვდა, რომელიც თბილისში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის" გახსნასთან დაკავშირებით იმყოფება. 

შეხვედრისას ხაზი გაესვა აღმოსავლეთ სამეზობლოში პირველი ევროპული სკოლის საქართველოში გახსნის მნიშვნელობას, რომელიც 6 ქვეყნის მოსწავლეებს მაღალი ხარისხის საბაკალავრო განათლებისა და ევროპულ კვლევებში საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომის მიღების შესაძლებლობას აძლევს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლება საქართველოს მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ევროკავშირს აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან დიალოგის ახალ - უმაღლეს ფორმატზე, რომლის პირველი შეხვედრაც, ევროკომისიის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით,  ნოემბერში ბრიუსელში გაიმართება.

საუბრისას, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიერ დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი. პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე - საგზაო რუკაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას, თანამშრომლობის ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის განვითარების მიმართულებით გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის მიერ 45 მილიონი ევროს გამოყოფას, რაც სწორედ ეკონომიკური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომპლექსურ დღის წესრიგზე, ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო  სივრცის შესახებ შეთანხმებების წარმატებით განხორციელებაზე, ასევე - ორმხრივ, რეგიონულ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018 17:33

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძესა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ქვეყნის მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიღწევები ევროკავშირთან თანამშრომლობის და ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული გზა ქართველი ხალხის არჩევანია და მთავრობა ამ გზის ერთგულია. მთავრობის მეთაურმა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად შეაფასა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება გერმანული კომპანიების მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს და დარწმუნებულია, რომ ორმხრივი ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას ხელს შეუწყობს ბიზნესდელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომელიც თბილისს გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ერთად ეწვია.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში არსებულ აქტიურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა. ქართულმა მხარემ გერმანიას მადლობა გადაუხადა საგანმანათლებლო პროექტების ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომლებიც ქართველი სტუდენტების ცოდნისა და მეცნიერების კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ წელს საქართველო-გერმანიის წელი აღინიშნება.

შეხვედრას გერმანიის მხრიდან სახელმწიფო მდივანი შტეფენ ზაიბერტი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, კანცლერის მრჩეველი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერი, კანცლერის მრჩეველი ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში ლარს ჰენდრიკ როელერი, კანცლერის მრჩეველი ევროპული პოლიტიკის საკითხებში უვე კორსეპიუსი, კანცელარიის სამხრეთ კავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი ესწრებოდნენ.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი გიორგი ჭოლაძე.

მამუკა ბახტაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018 16:32

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა ელჩს საერთაშორისო დონეზე საქართველოს მხარდაჭერისათვის და EUMM-ს მისიაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობას.

გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. კერძოდ,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნგრეთის უნივერსიტეტს შორის სხვადასხვა პროექტების, მათ შორის გაცვლითი პროგრამების მიმართულებით. აღინიშნა, რომ დაწყებულია მუშაობა საქართველოში უნგრული უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებით.

როგორც შეხვედრაზე ელჩმა აღნიშნა, უნგრეთმა ეკონომიკური განვითარების ის გზა გაიარა, რა ეტაპზეც ამჟამად საქართველო იმყოფება და ამ მიმართულებით საქართველოსთვის უნგრეთის გამოცდილების გაზიარება სასარგებლო იქნება. გარდა ამისა, ვიქტორია ჰორვატის განცხადებით, საქართველოსთვის საინტერესო იქნება ასევე უნგრეთის გამოცდილების გაზიარება წყლის რესურსების მართვისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრი ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 13 აგვისტო 2018 11:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე დევინ ნუნესი ხელმძღვანელობს.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებული ინიციატივების მხარდაჭერისთვის კონგრესმენებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ომიდან და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან 10 წლის შემდეგ არსებულ მდგომარეობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ამერიკელმა კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს ქართველი სამხედროების უმნიშვნელოვანესი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკურ სფეროში, მათ შორის სავაჭრო შეთანხმებების გაფორმების კუთხით.

საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას.

შეხვედრას კონგრესმენი რიკ კროუფორდი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერები - გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

პასკალ მენიემ მამუკა ბახტაძეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური მილოცვა გადასცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 31 ივლისი 2018 10:02

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საფრანგეთის ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს შეხვდა.

დიპლომატმა საქართველოს მთავრობის მეთაურს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამოგზავნილი ოფიციალური მილოცვა გადასცა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებს და აღინიშნა ეკონომიკური კავშირების მასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა.

საფრანგეთის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები, მათ შორის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.

ხაზი გაესვა ბიზნესებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება და ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოში ფრანგული ინვესტიციების განხორციელებას.

ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. ფრანგმა დიპლომატმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ხელს უწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას და ნდობის აღდგენას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობაზე და აღნიშნეს, რომ მის გაღრმავებას ხელს შეუწყობს საქართველოში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის დაფუძნება, რის შესახებაც შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ცოტა ხნის წინ გაფორმდა.

პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 30 ივლისი 2018 14:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  დესისლავა ივანოვას შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობას და მრავალწლიან თანამშრომლობას კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ. ამ კონტექსტში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის პერსპექტივა.

ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთობების გაღრმავებასა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობაზე.

მამუკა ბახტაძემ ბულგარეთის სახელმწიფოს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების კუთხით, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური