მამუკა ბახტაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018 16:32

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა ელჩს საერთაშორისო დონეზე საქართველოს მხარდაჭერისათვის და EUMM-ს მისიაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობას.

გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. კერძოდ,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნგრეთის უნივერსიტეტს შორის სხვადასხვა პროექტების, მათ შორის გაცვლითი პროგრამების მიმართულებით. აღინიშნა, რომ დაწყებულია მუშაობა საქართველოში უნგრული უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებით.

როგორც შეხვედრაზე ელჩმა აღნიშნა, უნგრეთმა ეკონომიკური განვითარების ის გზა გაიარა, რა ეტაპზეც ამჟამად საქართველო იმყოფება და ამ მიმართულებით საქართველოსთვის უნგრეთის გამოცდილების გაზიარება სასარგებლო იქნება. გარდა ამისა, ვიქტორია ჰორვატის განცხადებით, საქართველოსთვის საინტერესო იქნება ასევე უნგრეთის გამოცდილების გაზიარება წყლის რესურსების მართვისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრი ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 13 აგვისტო 2018 11:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე დევინ ნუნესი ხელმძღვანელობს.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებული ინიციატივების მხარდაჭერისთვის კონგრესმენებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ომიდან და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან 10 წლის შემდეგ არსებულ მდგომარეობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ამერიკელმა კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს ქართველი სამხედროების უმნიშვნელოვანესი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკურ სფეროში, მათ შორის სავაჭრო შეთანხმებების გაფორმების კუთხით.

საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას.

შეხვედრას კონგრესმენი რიკ კროუფორდი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერები - გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

პასკალ მენიემ მამუკა ბახტაძეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური მილოცვა გადასცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 31 ივლისი 2018 10:02

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საფრანგეთის ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს შეხვდა.

დიპლომატმა საქართველოს მთავრობის მეთაურს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამოგზავნილი ოფიციალური მილოცვა გადასცა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებს და აღინიშნა ეკონომიკური კავშირების მასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა.

საფრანგეთის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები, მათ შორის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.

ხაზი გაესვა ბიზნესებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება და ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოში ფრანგული ინვესტიციების განხორციელებას.

ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. ფრანგმა დიპლომატმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ხელს უწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას და ნდობის აღდგენას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობაზე და აღნიშნეს, რომ მის გაღრმავებას ხელს შეუწყობს საქართველოში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის დაფუძნება, რის შესახებაც შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ცოტა ხნის წინ გაფორმდა.

პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 30 ივლისი 2018 14:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  დესისლავა ივანოვას შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობას და მრავალწლიან თანამშრომლობას კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ. ამ კონტექსტში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის პერსპექტივა.

ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთობების გაღრმავებასა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობაზე.

მამუკა ბახტაძემ ბულგარეთის სახელმწიფოს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების კუთხით, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრი - მწვანე ეკონომიკა ჩვენთვის არის აბსოლუტური პრიორიტეტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 24 ივლისი 2018 14:02

"სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ბოლო წლებში გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკა იყო უკიდურესად არაეფექტური, მე ვიტყოდი - დანაშაულებრივიც კი. ამ ყველაფერს სასწრაფოდ სჭირდება გამოსწორება და პრინციპული ნაბიჯების გადადგმა. აქედან გამომდინარე, სწორედ, მწვანე ეკონომიკა იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ მწვანე ეკონომიკაში, ბუნებრივია, თბილისს აქვს თავისი უნიკალური როლი" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას აქვს ძალიან პრინციპული მნიშვნელობა იმისათვის, რომ ზოგადად, ქვეყნის მწვანე ეკონომიკის სტრატეგია წარმატებული იყოს. მისივე განცხადებით, ქვეყანას აქვს უნიკალური პოტენციალი ამ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაში - გახდეს ერთ-ერთი მოწინავე.

„ჩვენ ეკონომიკურ პროგრამაში გავაჟღერეთ, რომ საქართველოს აქვს ორი მთავარი და ყველაზე ფასეული რესურსი: პირველი ეს გახლავთ ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები და მეორე - ჩვენი ულამაზესი ბუნება. შესაბამისად, მწვანე ეკონომიკა ჩვენთვის არის აბსოლუტური პრიორიტეტი. ეს არის პრიორიტეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ახალ ხარისხობრივ დონეზე ავიყვანოთ ეკონომიკა და ზოგადად, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მე ვიტყოდი, ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის პოტენციალის მქონე მიმართულება, რომელსაც ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ევროპული ქვეყნების უმრავლესობა, სწორედ, ამ გზას დაადგა - მწვანე ეკონომიკის მშენებლობის გზას,"- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რამდენიმე დღეში იგი გამართავს პრეზენტაციას ქვეყნის მწვანე ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის შესახებ, სადაც ყველა კომპონენტზე ისაუბრებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ სტრატეგიაში თბილისს უნიკალური როლი აქვს.

„სამწუხაროდ, თბილისმა და თბილისელებმა ყველაზე მტკივნეულად მიიღეს ბოლო წლებში ის შედეგები, რაც მოჰყვა არასწორ და მე ვიტყოდი, ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივ პოლიტიკას გარემოს მიმართ. ეს ყოვლად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ახალ პოლიტიკაზე და ახალ სტრატეგიაზე ვმუშაობდით გვქონდა ორი ამოცანა: პირველი - თუ როგორ აღმოვფხვრათ ის ძალიან მძიმე შედეგები, რომელიც დღეს გვაქვს ამ კუთხით თბილისში, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და საქართველოში; და მეორე - როგორ გადავიყვანოთ ეს მიმართულება განვითარების ახალ რელსებზე,"- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, გადაწყდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი მიემართება ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან თბილისში, იმისათვის, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში პრინციპულად შეიცვალოს ის ეკოსისტემა, რაც უკავშირდება სატრანსპორტო სისტემას და არის ძალიან არაეფექტური.

„ვიცი თითოეული თქვენგანის დამოკიდებულება, თუ რას ფიქრობთ, რამდენჯერაც ყვითელი ავტობუსი გაივლის. დამერწმუნეთ, მეც იმავეს ვფიქრობ. ამის აღმოფხვრა ერთ და ორ კვირაში იყო შეუძლებელი, თუმცა ის გრაფიკი, რომელსაც დღეს მერია წარმოგვიდგენს, დამერწმუნეთ, არის ძალიან ამბიციური. განვითარებული ქვეყნების დედაქალაქებსაც კი უჭირთ ისეთ მოკლე დროში ჩაანაცვლონ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები, როგორც ამას თბილისის მერია გააკეთებს, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით,"- აღნიშნა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ დედაქალაქის მერს და თბილისის მერიის თანამშრომლებს ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავების მიზნით გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

„უახლოეს პერიოდში თბილისის სატრანსპორტო სისტემა იქნება ხარისხობრივად განსხვავებული, მართლაც რომ - ევროპული,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

თავის მხრივ, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ დაანონსებული პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ცენტრალური ხელისუფლების დახმარების გარეშე, რისთვისაც მან მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა. კახა კალაძის თქმით, მამუკა ბახტაძე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროიდან უცხადებდა დედაქალაქის მთავრობას მაქსიმალურ თანადგომას დაანონსებული პროექტების განხორციელებისა და რეფორმების გასატარებლად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 17 ივლისი 2018 21:06

საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები, სხვადასხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობა და მიმდინარე რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრ ალექსანდრ საიენკოს შეხვედრის მთავარი თემები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრს „ღია მმართველობის პარტნიორობის" სამიტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის საერთო ევროპულ მისწრაფებებსა და მსგავს გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო და უკრაინა დგანან.

ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე. აგრეთვე, აღინიშნა ამ სფეროში არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 17 ივლისი 2018 14:04

ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით - ამ სიტყვებით მიმართა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას. სერჯო მატარელამ, რომელიც საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს პრემიერ-მინისტრს თბილი და მეგობრული დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. შეხვედრისას, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე გაამახვილა და მზადყოფნა გამოთქვა სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისა. „ჩემთვის საამაყოა, რომ ვარ პირველი სახელმწიფო მეთაური, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ჩამოვიდა. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან ვიზიტი ემთხვევა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენს ქვეყნებს ყველა დონეზე დიდი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს. პოლიტიკურ სფეროებში ჩვენ ყოველთვის ინტენსიური კონტაქტები გვქონდა, განსაკუთრებით კი, ურთიერთობები ბოლო წლებში გააქტიურდა. ყველა საერთაშორისო ფორუმზე მჭიდრო კავშირი მყარდება საქართველოსა და იტალიის წარმომადგენლებს შორის. ეკონომიკურ სფეროში უკვე არსებობს თანამშრომლობა, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან დიდი არეალი გვაქვს ასათვისებელი, ხოლო კულტურულ ნაწილში ჩვენ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს, როგორც ორი უძველესი კულტურის მქონე ცივილიზაციის ქვეყანა. ჩვენ ცოტა ხანში გადავინაცვლებთ ბიზნესფორუმზე. ეს გახლავთ ღონისძიება, რომელიც ჩვენს სურვილებს - სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესახებ ხორცს შეასხამს.

დიდი მადლობა მიღებისათვის," - მიმართა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს. თავის მხრივ, მამუკა ბახტაძემ სერჯო მატარელას საქართველოში ვიზიტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ იტალიის პრეზიდენტის სტუმრობა კარგი დასტურია ბოლო წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანისა. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და იტალიას შორის ეკონომიკურ, კულტურულ თანამშრომლობასა და ხალხთაშორის კავშირებზე გაამახვილა. „ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური და მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ეს არის პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩვენი მოკავშირე ქვეყნიდან უმაღლესი დონის ვიზიტი ხორციელდება და მინდა, ბატონ პრეზიდენტს, პირადად, დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის. ამავე დროს, ჩემი აზრით, ეს ვიზიტი კარგი დასტურია იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ შევძელით და ჩვენი ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ დონეზე გადავიყვანეთ. ვინც ამ ურთიერთობის გაღრმავებაში წვლილი შეიტანა მინდა, ყველა უწყებას და ყველა ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო.

საქართველო თავისი კულტურით, წარსულით და მომავლით არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. ბატონო პრეზიდენტო, ჩემი და ქართველი ერის სახელით მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის," - მიმართა მამუკა ბახტაძემ სერჯო მატარელას. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე და იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ქართულ-იტალიურ ბიზნესფორუმზე გადაინაცვლეს.

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი - მინისტრობის კანდიდატების წარდგენა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018 12:01

მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც გუშინ დაგპირდით, დღეს წარმოგიდგენთ სამთავრობო გუნდის ახალ წევრებს.

მინდა, შეგახსენოთ, რომ მცირე მთავრობის კონცეფციის მიხედვით ჩვენ ახალ სტრუქტურაში იქნება 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი მიხეილ ბატიაშვილი.

იგი ძალიან ცნობილი ფიგურაა ჩვენს პროფესიულ წრეებში. მისი მუშაობის გამოცდილება უკავშირდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დაარსებას. წლების განმავლობაში იგი გახლავთ ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი და აქვს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან.

ჩვენი მთავარი ამოცანა განათლების სისტემაში და იმ რეფორმაში რასაც ჩვენ ვგეგმავთ, არის 5-დონიანი რეფორმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს: სკოლამდელი განათლების, სასკოლო განათლების, პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას, ინოვაციური განათლების სისტემების დანერგვას და რაც მთავარია - განათლებასა და ეკონომიკას შორის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას.

დარწმუნებული ვარ, მიხეილ ბატიაშვილი ჩვენი მხარდაჭერით შეძლებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას განათლების მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ივანე მაჭავარიანი.

ვანო მაჭავარიანი წლების განმავლობაში მუშაობდა Telia Sonera-ს ჯგუფში შემავალ კომპანია „ჯეოსელში". ის გახლდათ ამ კომპანიაში ფინანსური და კომერციული დირექტორი.

ჩვენი რეფორმების დიდი ნაწილი დაკავშირებულია ციფრულ ეკონომიკასთან, ჩემს მიერ წარდგენილი რეფორმათა პაკეტის დაახლოებით 50% საჭიროებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ვანო მაჭავარიანის გამოცდილება, ამ კუთხით, არის მართლაც თვალსაჩინო. ის საქართველოში გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ადამიანი ამ მიმართულებით.

შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ იგი მაქსიმალურად დაგვეხმარება ~ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში. მინდა შეგახსენოთ, ჩვენი პროგნოზის მიხედვით, დაახლოებით, 1-დან 1,5%-მდე ზრდა უნდა უზრუნველყოს, სწორედ, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ. შესაბამისად, ეს გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი გიორგი ქობულია.

გოგა გახლავთ ჩვენი ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ის, ფაქტიურად, ორი ათწლეულია მუშაობს გლობალურ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია - McKinsey-ში. იგი გახლავთ ამ ორგანიზაციის Senior Partner.

მინდა, ყველას შევახსენო, რომ McKinsey-ის სახელთან ასოცირდება მე-20 და 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური გარღვევების, მათ შორის მმართველობითი სისტემის დახვეწის ძალიან დიდი ნაწილი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ბევრ სექტორში, როგორიც არის ენერგეტიკა, ეკონომიკის სხვდასხვა სექტორის ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შრომის ბაზარი და ბევრი სხვა. დარწმუნებული ვარ, ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ რეფორმების ეფექტურად განხორციელებაში, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ და შეტანილია ჩვენს სამთავრობო პროგრამაში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე რჩება ბატონი დავით ზალკალიანი. სამწუხაროდ, ის ვერ ესწრება დღევანდელ ბრიფინგს. ბრიუსელში მიმდინარეობს ისტორიული მნიშვნელობის სამიტი, სადაც ჩვენი დიპლომატები ძალიან აქტიურად მუშაობენ და მინდა, დათოსაც წარმატება ვუსურვო პროფესიულ საქმიანობაში.

და ბოლოს, მინდა წარმოგიდგინოთ მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი კახა კახიშვილი.

შეიძლება, გადაუჭარბებლად ითქვას, რომ კახა ჩვენი მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი გახლდათ. ის არის ადამიანი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში, მაგრამ წარმატება და წარმატებული რეფორმები ერთ სექტორში არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს წარმატებული და ფუნდამენტური რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით. მთავრობის ადმინისტრაციას რეფორმების კოორდინაციის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, შესაბამისად, კახა დაიკავებს სწორედ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ადგილს და ჩემთან ერთად ამ პოზიციიდან შეძლებს, კოორდინაცია გაუწიოს ჩვენს მიერ დაანონსებული ყველა რეფორმის დროულად დანერგვას.

მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით, ყველა რეფორმა დაინერგება 2018-2019 წლებში. რა თქმა უნდა, განათლების რეფორმა განსაკუთრებული შემთხვევაა და ის გრძელვადიანია, მაგრამ ყველა სხვა რეფორმა, რომელიც ინიცირებულია ჩვენს მიერ და ის ახალი რეფორმები, რომლებსაც შემოდგომაზე გავაჟღერებთ, დაინერგება 2018-2019 წლებში. ამ რეფორმების კოორდინაციას და დანერგვას სჭირდება სისტემური მენეჯმენტი, ეფექტური კადრებით დაკომპლექტებული ეფექტური სამთავრობო რგოლები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მთავრობის ადმინისტრაციას აქვს განსაკუთრებული ფუნქცია და დარწმუნებული ვარ, კახა ამ ფუნქციას ღირსეულად შეასრულებს.

დარწმუნებული ვარ, ეს არის გუნდი, რომელიც დამსახურებულად მოიპოვებს პარლამენტის ნდობას, იქნება ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გამტარებელი და დაამკვიდრებს თანამედროვე მართვის მაღალ სტანდარტს ქვეყანაში, რომელიც იქნება ნაკლებად ბიუროკრატიული, ეფექტიანი, მოქნილი და თანამედროვე, მცირე მთავრობის კონცეფციაზე მორგებული.

აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრებს გაწეული სამსახურისთვის. თითოეულმა მათგანმა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია. ისინი არიან ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი გუნდის წევრები და დარწმუნებული ვარ, თავიანთ ახალ როლში შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას", - ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში იმყოფებოდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ივლისი 2018 19:47

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაური სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. 

პრემიერი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო  შტაბშიც მივიდა, სადაც მოისმინა ინფორმაცია განხორციელებული სამუშაოებისა და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ. მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს მოსახლეობის უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფა, წყლით, საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით მათი მომარაგება დაავალა.

"საგანგებო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. ნალექის უხვად მოსვლამ გამოიწვია მდინარის ადიდება, 6 ხიდია წაღებული, ტექნიკა არის მობილიზებული, ახლა ველოდებით წყლის დონის დაწევას, რომ დავიწყოთ გზის აღდგენის სამუშაოები.  რაც მთავარია, ხეობაში უკვე გაკეთებულია ყველანაირი მობილიზაცია, რაც შეეხება საკვები პროდუქტების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების შემოტანას. ამასთან ერთად, ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. ამ თვალსაზრისით რისკები აღარ არის, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენი სპეციალისტები აგრძელებენ 24-საათიან მონიტორინგს. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ  საქართველოში ყველგან უნდა გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები. სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ორგან გვაქვს და მომავალი წლიდან ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ ღონისძიებას, რათა ყველგან გვქონდეს დამონტაჟებული აღნიშნული სისტემები. ეს საშუალებას მოგვცემს, პრევენციაზე უფრო ეფექტურად იმუშაოს მთავრობამ. პირველადი შეფასებით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტყის უსისტემო ჭრამ და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ვინაიდან წყლის დონე დაწეული არ არის, საგანგებო შტაბის გადაწყვეტილებით, დაცლილია ის სახლები რომლებსაც საფრთხე ემუქრება. 

"მოსახლეობას ვეხმარებით, რომ გამოიტანონ თავიანთი ნივთები ამ სახლებიდან, მაგრამ უშუალოდ გზის კაპიტალურად შეკეთებას ვერ დავიწყებთ მანამ, ვიდრე წყლის დონე არ დაიკლებს. ახლა მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ იმას, რომ მდინარემ არ მოახდინოს გზის კიდევ უფრო გამორეცხვა.  ჩვენ განვახორციელეთ იმ ადამიანების ევაკუაცია, ვისაც საფრთხე ემუქრებოდა. რამდენიმე ტურისტს გამოვიყვანთ უახლოესი საათების განმავლობაში. სხვა ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ. ვერტმფრენი    მორიგეობს, ვაკონტროლებთ 24-საათიან რეჟიმში, რომ წყლის დონის მომატების შემთხვევაში მივიღოთ დამატებითი ღონისძიებები, ამ ეტაპზე ეს რისკები არ არსებობს", - აღნიშნა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაურის განმარტებით, სპეციალისტების ცნობით, სტიქია უხვმა ნალექმა გამოიწვია რისგანაც დაზღვეული არავინ არის, თუმცა მთავრობა საბოლოო დასკვნას დაელოდება.  

უხვი ნალექის შემთხვევაში კი, პასუხი უნდა იყოს რომ გვქონდეს სწრაფი რეაგირების და ადრეული შეტყობინების სისტემები, რომელიც საქართველოში გვაქვს მხოლოდ ორი. როდესაც დაიდება საბოლოო დასკვნა, რას უკავშირდება ეს ყველაფერი, ამის შესაბამისად მივიღებთ შემდეგ გადაწყვეტილებებს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

სტიქიის ზონაში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე წუთებიდან ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური. ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების  სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოსა  და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე აკონტროლებენ ვითარებას და დახმარებას უწევენ მოსახლეობას, რომელსაც საავტომობილო გზების დატბორვის გამო გადაადგილება უჭირს. მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტების ჯგუფები.

სოფელ ჭუბერში იმყოფებიან მხარის რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მობილიზებულია დამატებითი სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა უახლოესი ლოკაციებიდან. საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება ჭუბერის მკვიდრი მოსახლეობის ევაკუაცია. 

პრემიერ-მინისტრის მილოცვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018 17:03

საქართველოს მთავრობის სახელით მინდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ყველა ამერიკელს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე!
ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მეგობარი. ჩვენი ქვეყნების მეგობრობა დაფუძნებულია უნივერსალურ ღირებულებებზე, როგორებიცაა - თავისუფლება, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება.

დამოუკიდებლობა გახლავთ ის ღირებულება, რომლისთვისაც ძალიან ბევრჯერ მოუწია ქართველ ხალხს ბრძოლა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მისი ფასი!

მინდა, კიდევ ერთხელ, გულითადად მივულოცო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის ყველა გულშემატკივარს ეს უმნიშვნელოვანესი დღე.

მამუკა ბახტაძე 
საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური