მამუკა ბახტაძე პედრო სერანოს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 21 მარტი 2019 16:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს პედრო სერანოს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.

ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და აღინიშნა საქართველოს, როგორც გლობალური უსაფრთხოების სფეროში საიმედო მოკავშირის როლი. 

ყურადღება გამახვილდა შავის ზღვის უსაფრთხოების საკითხზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. 

საუბარი შეეხო ევროკავშირისა და ნატოს ერთობლივ პროექტებს, რომელიც ევროკავშირის თავდაცვითი ელემენტების გაძლიერებაზეა კონცენტრირებული და ამ მიმართულებით საქართველოს როლის გაძლიერებას.

შეხვედრისას, განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები  მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

მ. ბახტაძე ევროკავშირის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში ტ. კლაარს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 თებერვალი 2019 14:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობაზე, ასევე  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობის შესახებ.

განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. ხაზი გაესვა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ისახავს მიზნად. კერძოდ, განიხილეს სამი მიმართულება - განათლება, ჯანდაცვა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. აღინიშნა, რომ ამ სფეროებში ცალკეული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ხალხთა შორის ურთიერთობების აღდგენას.

მამუკა ბახტაძემ და ილჰამ ალიევმა სტრატეგიული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 იანვარი 2019 13:38

საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის კიდევ უფრო ზრდის პერსპექტივასა და საქართველოსა და აზრბაიჯანის ბიზნესებს შორის კავშირების მეტად გააქტიურებაზე.

ხაზი გაესვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და იმ პოტენციალს, რომელიც, ცენტრალური აზიიდან ტვირთების მოზიდვის თვალსაზრისით, როგორც  საქართველოში, ისე აზერბაიჯანში არსებობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრეს TANAP-ის პროექტის შესახებ, ასევე ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო აქტიურად გამოყენების აუცილებლობაზე. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

მამუკა ბახტაძემ იაშვილის კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019 09:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაშვილის კლინიკაში, დიღომში კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა.

მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ იაშვილის კლინიკაში ამ დროისთვის ექვსი ბავშვი გადის მკურნალობას და მათი ჯანმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა დღეს თავს, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. მინდა მივუსამძიმრო ეს ტრაგედია ყველას. იაშვილის კლინიკაში ექვს პატარა პაციენტს ვმკირნალობთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვები ღამის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნებიან და დილით იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათი ოჯახში დაბრუნების შესახებ”, – განაცხადა მამუკა ბახტძაემ.

კლინიკაში მისვლამდე პრემიერ-მინისტრი ავთანდილის ქუჩაზე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, დიდ დიღომში გუშინ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი.

 

ქართველი დიპლომატები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 დეკემბერი 2018 18:05

„ელჩების კონფერენციის“ დასკვნითი დღის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და პრიორიტეტებზე.

საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა არსებულ მიღწევებზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატოსთან, ევროკავშირთან და სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან ურთიერთობებს. ხაზი გაესვა ანალიტიკური საქმიანობის მნიშვნელობას საგარეო პოლიტიკის წარმართვისას. პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა დიასპორასთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.

სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს  ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ოკუპაცია დაასახელა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნული გამოწვევის დაძლევის გზაზე ხაზი გაუსვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მნიშვნელობას.

შეხვედრის ფარგლებში  პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს გააცნო საქართველოში ეკონომიკის მიმართულებით არსებული სიახლეები და პრიორიტეტები. ასევე, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე და ხაზი გაუსვა საქართველოს ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ჰაბად შექმნის მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო უწყებას და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს წარმატებული საქმიანობისთვის.

პრემიერ-მინისტრმა და Bank of China Group-ის თავმჯდომარემ ფინანსურ სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018 12:12

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ჩინეთის სახალხო  რესპუბლიკაში დაიწყო. 

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა მთავრობის მეთაურმა შანხაიში Bank of China Group-ის თავმჯდომარე ჩენ სიქინგთან გამართა. 

საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რომლის კიდევ უფრო განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ. 

აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ერთდროულად გაფორმებული აქვს ჩინეთსა და ევროკავშირთან, რაც ქართულ კომპანიებს, ისევე, როგორც საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ ბიზნესმენებს, მრავალრიცხოვან ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. 

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მისასალმებელია ჩინური კომპანიების მზარდი ინტერესი საქართველოში ინვესტირების კუთხით. 

საუბარი ასევე შეეხო ფინანსურ სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ პოტენციალს და მისი ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და Bank of China Group-ის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და Bank of China-ს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა და ბანკის წარმომადგენელმა ლინ შენგიანგმა მოაწერეს, საქართველოსა და ჩინეთის მცირე და საშუალო ბიზნესებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების ხელშეწყობას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ისახავს მიზნად. 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი  მონაწილეობას მიიღებს შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის პირველი გამოფენისა და ჰონგციაოს საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონიაში. დაგეგმილია მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა საერთაშორისო ფორუმის დისკუსიაზე, რომლის სახელწოდებაა "ვაჭრობა და ინვესტიციები". მთავრობის მეთაური ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ასევე დაათვალიერებს ქართულ პავილიონს, რომელშიც 53 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.

პრემიერ-მინისტრმა თურქეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018 12:22

საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთს პირველი ადგილი უკავია და ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თურქეთის რესპუბლიკის 95-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა.

პრემიერმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ 95 წლის განმავლობაში, თურქეთმა ბევრ გამოწვევას გაართვა თავი და მსხვილ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალად იქცა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს და თურქეთს ერთად ბევრი რეგიონული და ისტორიული პროექტი აქვთ განხორციელებული, მათ შორის ბაქო-თბილისი-ერზრუმი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, სამხრეთ კავკასიის მილსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსი.

„მე ძალიან მახარებს, რომ ამ ბოლო ძალიან მნიშვნელოვან პროექტში თავად მაქვს მონაწილეობა მიღებული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან თურქეთის გვერდით დგომას.

„თურქეთი ჩვენს სტრატეგიულ მეგობრად მიგვაჩნია. ამავდროულად, თურქეთი წარმოადგენს ჩვენი საერთაშორისო მისწრაფებების იდეას, რადგან საქართველოს ნატო-ში სრულუფლებიანი წევრობა სურს და თურქეთი ამ იდეის გულმხურვალე მხარდამჭერია. ამიტომ, ქალბატონებო და ბატონებო, კიდევ ერთხელ მსურს ჩვენს თურქ მეგობრებს ეროვნული დღესასწაული მივულოცო და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 19 ოქტომბერი 2018 16:34

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ძი იენჩს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ ურთიერთობას და ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროში მიმდინარე მზარდ დინამიკას შეეხო. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდეს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ ჩინეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების აუცილებლობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლო წლების განმავლობაში ჩინური ინვესტიციების მნიშვნელოვან ზრდას საქართველოს ეკონომიკაში.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩინური კომპანიები საქართველოში საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით დამატებით სტიმულს ქმნიან. ყურადღება გამახვილდა ასევე ჩინეთის ტექნოლოგიურ მიღწევებზე და ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ჩინელმა დიპლომატმა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში, რომელიც ნოემბრის დასაწყისში იგეგმება.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ჩინელმა დიპლომატმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ხალხთა შორის ურთიერთობებზე და ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული და კულტურული ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის ელჩს ჩინეთის კულტურული ცენტრის საქართველოში გახსნა შესთავაზა.

 

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018 13:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა შვედ დიპლომატს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებული საუკუნოვანი დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობას. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 100 წელი საფუძველი გახდება ჩამოყალიბებული მეგობრული და პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებისა.

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის განვითარების გზაზე შვედეთის მთავრობის მიერ გაწეულ დახმარებაზე სხვადასხვა მიმართულებით. აგრეთვე, აღინიშნა საქართველო-შვედეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა ეკონომიკურ, თავდაცვის, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში.

განსაკუთრებულად გაესვა ხაზი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) როლს ინკლუზიური განვითარების მიმართულებით.

პრემიერმა შვედეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. აგრეთვე, მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა შვედეთის პოზიტიურ წვლილს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

აღინიშნა შვედეთის მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში.

თავის მხრივ, შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში მზაობა გამოთქვა ხელი შეუწყოს ქართულ-შვედური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მისი თქმით, შვედეთის მხარე მომავალშიც აქტიურად განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას.

ულრიკ თიდესტრომმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის რეფორმები და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მიღწეული წარმატებები საქართველოსა და შვედეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების საფუძველი იქნება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) პროგრამების ხელმძღვანელი საქართველოში მოლი ლიენი ესწრებოდა.

პრემიერ-მინისტრმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018 13:45

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღევანდელი დღე საქართველოს ეთმობა - სავაჭრო დღე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

მთავრობის მეთაურს ლონდონის საფონდო ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიხილ რათჰიმ უმასპინძლა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე თავმოყრილნი არიან მსხვილი ინვესტორები მსოფლიოს ყველა კუთხიდან და ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, მათ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.

"ეს იყო ძალიან კარგი საშუალება ჩვენთვის, ინვესტორებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და იმ ამბიციური გეგმების შესახებ, რომლებიც გვაქვს, რათა საქართველო რეგიონულ ცენტრად ვაქციოთ. ძალიან დიდი დაინტერესებაა საქართველოში ინვესტირების თვალსაზრისით და ამასთან ერთად, ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, უახლოეს წლებში მეტი ქართული კომპანია ვიხილოთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოვახდინოთ საქართველოს უფრო ეფექტური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში და, აქედან გამომდინარე, ასეთ პლატფორმებსა და მსგავს საფონდო ბირჟებზე ჩვენი აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქართულ კომპანიებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა ლონდონის საფონდო ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა.

"პატივი გვქონდა, გვემასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისთვის, რომელმაც დილით ვაჭრობა გახსნა. დღე მწვანე ნიშნულით დაიწყო, რაც აქციების ფასის მატებაზე მეტყველებს. განსაკუთრებით გვახარებს საქართველოს მთავრობის მეთაურის სტუმრობა. ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობის დიდი ისტორია გვაკავშირებს. მაგალითისათვის, სს "საქართველოს ბანკის" აქციები ჩვენი ბაზრის პრემიალურ სეგმენტშია. ძალიან კარგ და წარმატებულ სურათს ქმნის მისი ფასების დინამიკა. ჩვენთან ხდება პატარა ქართული კომპანიების აქციებით ვაჭრობაც. მიმაჩნია, რომ ამ პარტნიორობით დავამტკიცეთ, რომ ლონდონში კონცენტრირებული გლობალური ბაზრები დაინტერესებულნი არიან და ახარებთ ის შესაძლებლობები, რაც საქართველოში არსებობს და მისი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს უკავშირდება. ეს არის 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის, დაბალი საგადასახადო განაკვეთების, ვალის დაბალი მაჩვენებლის, მაღალი პროფესიული ნიშნის მქონე მოსახლეობის და განახლებადი ენერგიის ძლიერი სეგმენტის მქონე ქვეყანა! აღფრთოვანებული ვართ საქართველოს მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრთან და მის გუნდთან მუშაობით",- განაცხადა ნიხილ რათჰიმ.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღეს კონფერენცია "საქართველო - ინვესტორთა დღე" იმართება. კომპანია Galt&Taggart-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 130 მსხვილი საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელი ესწრება. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერი ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა. საქართველოს მაკროეკონომიკის შესახებ პრეზენტაცია გამართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური