თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ლევან იზორია დაინიშნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 აგვისტო 2016 16:55

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე  შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია დაინიშნა, პრემიერმა ახალ მინისტრს ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაშია წარადგენს.  

პრემიერ-მინისტრი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 აგვისტო 2016 15:28

ჩვენ შეშფოთებული და დამწუხრებული ვართ ერევანში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით და მივესალმებით მშვიდობიანი გზით ვითარების დარეგულირებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მსხვერპლის გამო მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე ვითარების სრული დეესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება. 

შეხვედრისას საუბარი ორმხრივი კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას შეეხო. ასევე აღინიშნა სომხეთიდან საქართველოში ვიზიტორთა ზრდის დინამიკა და გამოითქვა დაინტერესება, ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით.
საუბრისას ყურადღება ენერგეტიკის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების საკითხსაც დაეთმო. მხარეები მიესალმებიან მაღალი ძაბვის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ნაყოფიერად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობა და იმედი გამოთქვეს, რომ ამ მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხები უწყებათაშორის ფორმატში გადაწყდება.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.

ახალი მინისტრები პრემიერ-მინისტრმა ორი კვირაში უნდა წარადგინოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 აგვისტო 2016 14:56

თავდაცვისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი  მინისტრები  პრემიერ-მინისტრმა ორი კვირის განმავლობაში უნდა წარადგინოს.  დღეიდან მინისტრების მოვალეობას მოადგილეები,  დავით ებრალიძე და    ქეთევან ციხელაშვილი შეასრულებენ.

გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის გაერთიანებული მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 30 ივლისი 2016 20:15

 “ძალიან სასიამოვნო გრძნობაა როდესაც იმყოფები მართლაც საქართველოს ციხე სიმაგრეში, ჩრდილოეთის კარიბჭეში, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენი სიამაყე და ყოველთვის იყო დამცავი საქართველოსი, აქ განსაკუთრებულად გმირული სულის ხალხი ცხოვრობს და მე მეამაყება რომ დღეს თქვენთან ვართ“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტეფანწმინდაში შეკრებილ მოსახლეობას. გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის გაერთიანებული მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა:

”წარმოგიდგენთ ერთ-ერთ გამოცდილ პარლამენტარს, ახალგაზრდა, თუმცა გამოცდილ კაცს, და რაც მთავარია, ამ მხრის შვილს, ზაქარია ქუცნაშვილს, რომელსაც თქვენი ყველა ტკივილი სტკივა და თქვენი პერსპექტივა საკუთარ პერსპექტივად მიაჩნია, ეს არის ზაქარია ქუცნაშვილი და მე მხარს ვუჭერ მას”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. "2020 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს საქართველოს მთავარი სატრანზიტო მაგისტრალები, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ახალი პროექტი მცხეთა-ვლადიკავკაზის ავტობანის დასაგებად, ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარებისთვის რომ ლარსიდან მცხეთამდე და ალბათ აქც საჭირო იქნება თანამშრომლობა ჩვენს მეზობელთანაც, ეს ყველაფერი საინჟინრო გადაწყვეტაზე იქნება დამოკიდებული, იქნება უფრო ფართო გზა ვიდრე დღეს არის. თუკი იქნება 4 ზოლიანი გზა, თუ ამის საშუალებას მოგვცემს საინჟინრო გადაწყვეტა ალბათ უნდა გაფართოვდეს და ნამდვილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ავტობანი გაკეთდეს. ეს ძირეულ ცვლილებებს შეიტანს რა თქმა უნდა სტეფანწმინდის განვითარებაში და რა თქმა უნდა ეს იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმ კუთხითაც რომ გაცილებით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება ადგილზე. ეს იქნება უმნშვნელოვანესი ნაბიჯი იმისთვის რომ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი განვითარდეს, და რა თქმა უნდა ამასთან ერთად ტურისტული პოტენციალიც. ეს არის ალბათ მსოფლის ერთ ერთი ულამაზესი კუთხე ყველანაირი გადაჭარბების გარეშე. ამას გარდა, ჩვენ ვგეგმავთ რომ კობიდან გუდაურამდე ეს ჩრდილოეთის ფერდობი განვავითაროთ რაც თავისთავად სტეფანწმინდას გადააქცევს როგორც ზამთრის კურორტს, და ნებისმიერი საოჯახო სასტუმრო რომელიც დღეს არის სტეფანწმინდაში დაიტვირთება უკვე არა მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, არამედ ზამთრის პერიოდშიც, ვინაიდან აქედან ივლის რეგულარული ტრანსპორტი კობის მიმართულებით, საიდანაც უკვე გუდაურის კურორტზეც შესაძლებელი იქნება დასვენება და რა თქმა უნდა შემდეგ ისევ დაბრუნება და სტეფანწმინდაში ღამის გათევა. ამიტომ ყველაფერი ის რასაც ჩვენ გეუბნებით არ არის აბსტრაქტული გეგმები, ეს არის ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, 2017 წელს ჩვენ უკვე დავიწყებთ ამ გეგმების განხორციელებას, გზის პროექტირება უკვე დაწყებულია, კობის მიმართულებით ვმუშაობთ ფრანგულ კომპანიებთან, რათა მათთან ერთად მოხდეს რესურსის მოზიდვა და საბაგირო ზოლის აშენება. ეს ყველაფერი იქნება უმნიშვნელოვანესი მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. „ჩრდილოელ მეზობელთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ შევძელით ის, რომ სამხედრო გართულებების საფრთხე თავიდან ავიცილეთ“, - ამბობს საქართველოს პრემიერი.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, 4 წლის მანძილზე საქართველოს დასავლეთთან საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. „რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა. ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ოთხი წელი ისე გავიარეთ, რომ ერთი მხრივ, გვქონდა ძალიან დიდი პროგრესი დასავლეთთან საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და მეორე მხრივ, ჩრდილოელ მეზობელთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ შევძელით ის, რომ სამხედრო გართულებების საფრთხე აგვეცილებინა თავიდან. ჩვენ მომავალშიც აუცილებლად უნდა გადავდგათ ნაბიჯები ვითარების, ურთიერთობის ნორმალიზიციისთვის, რა თქმა უნდა, არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხარჯზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამ რეგიონში, სადაც ვიმყოფებით გაცილებით მდგრადი, გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა იყოს და თქვენ დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება, საქმიანობა, თქვენი შემოსავლები იყოს გაცილებით მაღალი, ვიდრე დღეს არის. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, - დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა მთის კანონის ავტორებს და აღნიშნა, რომ კანონის სამივე ავტორი ამ რეგიონის წარმომადგენელია და ძალიან ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ ეს კანონი შემუსავებულიო და ბოლოში გასულიყო.

თავის მხრივ, ზაქარია ქუცნაშვილმა მთავრობის მეთაურს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

მაჟორიტარი დეპუტატობის წარდგენას ესწრებოდნენ  საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე,  ირაკლი ტრიპოლსკი, მირიან წიკლარი და დიმიტრი ხუნდაძე.

პრემიერ-მინისტრის ხედვა იყო ასეთი, - დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 ივლისი 2016 12:52

"პრემიერ-მინისტრის ხედვა იყო, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯობდა სხვა პარტიის წარმომადგენლები არ ყოფილიყვნენ მთავრობაში. დარწმუნებული ვარ, პრემიერი  შეარჩევს ისეთ კანდიდატებს, რომლებიც ყველაზე უკეთ გაუძღვებიან ამ მნიშვნელოვან საქმეებს,” - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე  დავით უსუფაშვილი მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.



გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას გურიაში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 22:07

გურიას ისეთი სიმდიდრე აქვს, რომლითაც ბევრი დიდი ქვეყანაც კი ვერ დაიკვეხნის; ამ პატარა და ულამაზეს მიწაზე მთის კურორტებიც არის და ზღვისაც, რაც ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ,- ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთში შეკრებილ მოსახლეობას.

გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას გურიაში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

„ქართულ ოცნება -დემოკრატიულ საქართველო"-ს ოზურგეთში არჩილ თალაკვაძე, ხოლო ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში თემურ ჭკუასელი წარმოადგენს.

"არჩილ თალაკვაძე გუნდის ერთ-ერთი ახალი სახეა. ამჟამად იგი გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. არჩილი არის მოტივირებული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავისი ნიჭით და განათლებით უკვე მიაღწია წარმატებებს. ის აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ქართულ პოლიტიკაში და ოზურგეთელები მისით იამაყებენ. თემურ ჭკუასელი პარლამენტის წევრია. ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ჩოხატაურელები და ლანჩხუთელები გამოუცხადებთ ნდობას და მხარს დაუჭერთ მის კანდიდატურას",- განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას გურიის პოტენციალზე ისაუბრა და ჩაის წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც არა მარტო გურიის, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია დავუბრუნოთ გურიას. ავაღორძინოთ ჩაის წარმოება და ეს ტრადიცია აღსდგეს გურიაში. მინდა გითხრათ, რომ არსებობს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა - ,,ქართული ჩაი“, რისთვისაც სახელმწიფო თანხა უკვე გათვალისწინებულია ბიუჯეტში. ამ პროგრამით დაინტერესებული არიან როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელი მეწარმეები. რა თქმა უნდა, მეჩაიეობის აღორძინებას მოჰყვება დამატებითი სამუშაო ადგილები და შესაფერისი შემოსავალი ყველა თქგვენთაგანის ოჯახში. გარდა ამისა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შვეიცარიელებთან და ავსტრიელებთან ერთად კომპანია ,,წყალი მარგებელი“ აშენებს 30 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას, რომელიც უკვე თითქმის დასრულებულია. „ნაბეღლავის“ და „ბახმაროს“ გარდა საწარმოში სხვადასხვა უალკოჰოლო სასმელი ჩამოისხმება. ქარხანა ჩამოასხავს ასევე ცნობილ უცხოურ სასმელებს, რომლებიც ექსპორტზე გავა საზღვარგარეთ. ცხადია, ქარხნის ამუშავებას მოჰყვება ხალხის დასაქმება და კიდევ მეტი შემოსავალი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაურმა „Black sea aren“-ას გახსნისა და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

„ცოტა ხნის წინ შეკვეთილში უნიკალური საკონცერტო დარბაზი გაიხსნა, რომლის მშენებლობაც 200 მილიონზე მეტი დაჯდა. შეკვეთილში ასეთი დარბაზის აშენება ბიძინა ივანიშვილის იდეა გახლდათ. გურიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა მართლაც ეს გრანდიოზული პროექტი. ეს პროექტი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის საჩუქარი გურიისა და გურულებისათვის. ასეთი მასშტაბური ობიექტების არსებობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, მოიზიდავს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს და, რაც მთავარია, გურია შეძლებს ტურიზმით მიღებული შემოსავლით ისარგებლოს“,-განაცხადა პრემიერმა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გურიაში სტუმრობას ყოველთვის განსაკუთრებული და გაორმაგებული პასუხისმგებლობა ახლავს, ვინაიდან ამ რეგიონში გამორჩეული ხალხია.

„ცნობილია თქვენი ინტერესი პოლიტიკის მიმართ, სილაღე, იუმორი და, რაც მთავარია, კრიტიკული ანალიზის უნარი, რომელიც არასოდეს გღალატობთ. სწორედ ამიტომ, ლოგიკურია, რომ ასეთმა ხალხმა ოთხი წლის წინ მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ - იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც შეძლო ქვეყნაში არსებული ვითარება შეეცვალა, მოეხდინა მნიშვნელოვანი გარდატეხა. როგორც ყოველთვის, არც შემცდარხართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ახლაც აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა.

„ჩვენ პრაქტიკულად არ დაგვიტოვებია არც ერთი სოფელი უშუქოდ, არ დაგვიტოვებია მაღალმთიანი სოფლები, სადაც არ დავნიშნეთ ტრანსპორტი ბავშვების სკოლაში სატარებლად, არც ერთი მოსწავლე არ დაგვიტოვებია სახელმძღვანელოს გარეშე. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ გლეხებს, ფერმერებს, მეწარმეებს. რამდენადაც შეგვეძლო დავუდექით ხალხს გვერდში. ჩვენ თანამიმდევრულად და მტკიცედ მივდივართ წინ. ყველაზე მთავარი კი ის არის, თქვენ იგრძნოთ უკეთესობა, ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს და თითოეული თქვენგანის ოჯახში შემოვიდეს კეთილდღეობა“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მთელი საქართველოს ინტერნეტიზაცია იწყება. „მართალია, გურულებმა ისედაც კარგად იცით, რა ხდება ქვეყანაზე, მაგრამ ინტერნეტი რომ შემოვა ყველა ოჯახში, კიდევ უკეთ გეცოდინებათ მსოფლიოს ამბები. ხუმრობა იქით იყოს, და ეს მართლაც ძალიან დიდი საქმეა, დიდი ხელშეწყობაა ჩვენი ხალხისთვის“,-განაცხადა პრემიერმა.

საკუთარ გამოსვლაში გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მეგობრებო, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ცოტანი ვართ ისედაც. არა გვაქვს გათითოკაცების უფლება, არა გვაქვს უფლება პოლიტიკურ დაპირისპირებებს გადავაყოლოთ ქვეყანა, მოვიძულოთ ვინმე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენსავით არ ფიქრობს. ალბათ, როგორც არასდროს, ისე სჭირდება დღეს საქართველოს ჩვენი ერთიანობა მთავარ და ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულ საკითხებში. როდესაც საქმე ჩვენს სამშობლოს ეხება, ერთად უნდა დავდგეთ, აქ ორი აზრი არ არსებობს. „ქართული ოცნებაა“ სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც დღეს შეუძლია საზოგადოების გაერთიანება უმთავრესი პრინციპების გარშემო. მე ეს მტკიცედ მწამს და ამიტომაც ვარ ამ პარტიის სათავეში. მე მაქვს ჩვენი ხალხის გონიერების იმედი, რომ ამ ძალას ხედავს ჩვენში, და ამიტომაც მჯერა, რომ ჩვენს კანდიდატებს ექნებათ ხალხის მხარდაჭერა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მშვიდობას და გამარჯვებას გისურვებთ გურულებო“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ოზურგეთში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა ვიცე პრემიერმა, "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

"გურია იმედებისა და პერსპექტივების მხარეა. გურია 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების ავანგარდში იყო და თქვენი წილი დიდია თავისუფლების მოპოვებაში, ოქტომბერშიც ერთად ვივლით გამარჯვებისკენ",-აღნიშნა კახა კალაძემ.

ვიცე- პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ რეფორმებზე. ასევე სოფლებში გაზიფიცირებისა და ელექტროფიცირების პროგრამებზე.

" ჩვენ შრომით შევქმნით საქრთველოს მომავალს. მშრომელი კაცი არ უნდა დაიჩაგროს, გურიის პატრონები თქვენ ხართ , გახადეთ ეს სახლი ძლიერი, მყარი და ბარაქიანი,"- განაცხადა კახა კალაძემ.

მარტვილში „ქართულ ოცნება- დემოკრატიულ საქართველოს“ ოთარ დანელია წარმოადგენს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 ივლისი 2016 17:46

მარტვილში „ქართულ ოცნება- დემოკრატიულ საქართველოს“ სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია წარმოადგენს. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მარტვილის მოსახლეობას, მარტვილისა და აბაშის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოთარ დანელია წარუდგინა.

„შემთხვევითი არ არის, რომ ბატონი ოთარი მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა. ბოლო წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით უამრავი პროგრამა განხორციელდა. ეს არის მცირე მიწიანი ფერმერების დახმარება, გრძელვადიანი საშეღავათო კრედიტები, პროექტი „დანერგე მომავალი“ და ა.შ. ამ ყველაფერს შედეგები უკვე მოაქვს, მაგრამ უფრო მეტი შედეგი მომავალში იქნება. ოთარი არის ჩვენი გუნდის ერთ- ერთი ყველაზე თვალსაჩინო წევრი. სხვათაშორის, ძალიან ძნელად გავიმეტე იგი- ჩვენი კოლეგა, ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი ოთარ დანელია“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განათლების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება პროფესიული განათლების პრესტიჟის აწევას გეგმავს.

„ამასთან, ჩვენ მასწავლებლის პრესტიჟი უნდა ავამაღლოთ. არ შეიძლება ყველა ახალმა მოსულმა ხელისუფლებამ მასწავლებლების კორპუსს გადაუაროს“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილმა დასახული მიზნების მიღწევის პროცესში გუნდის ერთიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

„თქვენ ხედავთ ჩვენი გუნდის ძველ თანამოაზრეებს, ახალ წევრებს. გვიერთდებიან ყოველდღე ახალი ადამიანები, სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფებებიდანაც მათშორის. ისინი გრძნობენ, რომ საქართველოში დღეს სამთავრობო, სახელისუფლებო გუნდი ყველაზე მეტად გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს“,-აღნიშნა პრემიერი.

მარტვილის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

„ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა, რომელიც ეკადრება ისეთ დიდ სახელებს, როგორებიც არიან დავით აღმაშენებელი, გიორგი ჭყონდიდელი. ეს არ არის ჩემი გამოწვევა მხოლოდ. ეს არის ჩვენი გამოწვევა მეგობრებო. აქ ვერ იქნება ორი და სამი მხარე. მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ნამდვილად არის დაინტერესება ამ ერთი მიზნის მისაღწევად გავერთიანდეთ. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და ერთმანეთს შევეჯიბროთ ურთიერთპატივისცემაში, ღირსეულ დამოკიდებულებაში, სწორ არჩევანში, იმიტომ, რომ არ შეიძლება იყოს ორი სწორი არჩევანი. არის მხოლოდ ერთი სწორი არჩევანი და მას ყველანი უნდა გავყვეთ“,-განაცხადა ოთარ დანელიამ.

ოთარ დანელიას წარდგენას პარტიის წევრები-ეკა ბესელია, რომან კაკულია, სოსო დანელია და ირაკლი ქადაგიშვილი ესწრებოდნენ.

გიორგი კვირიკაშვილი სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 ივლისი 2016 14:58

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ დღეს წალენჯიხის მოსახლეობას, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგა გულორდავა წარუდგინა.

„გვინდა წარმოგიდგინოთ კაცი, რომელიც არის აქაური. გოგა გულორდავამ იცის ყველაფერი, თუ რა უხარია აქაურ მოსახლეობას, რა სტკივა. დარწმუნებული ვარ, იგი იქნება ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. გოგას გააჩნია კვალიფიკაციაც, გააჩნია საჭირო ადამიანური თვისებები, რაც ალბათ ყველაზე მთავარია ასეთ დროს. მას ქვეყნის ხელისუფლებისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება, რათა წალენჯიხის მოსახლეობის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარი ორიენტირი არის ადამიანი, მისი საჭიროებები და მისი უფლებები. „არავითარ შემთხვევაში, განვითარების არცერთი გეგმა, რომელსაც ჩვენ მომავალი ოთხი წლისთვის ვადგენთ, არ გაივლის მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე, ადამიანის უფლებების გათელვაზე, რომელიც ადრე გვქონდა და რომლის მოწმენიც მთელი ქვეყანა გავხდით. როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში ვუყურებდით ასიათასობით დაპატიმრებულ ადამიანს, მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, ყოველთვის მქონდა ასეთი აზრი, რომ არცერთი უსამართლოდ დასჯილი ადამიანის შვილის ცრემლად არ ღირს მთელი საქართველო. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მოწოდება და მთავარი არსი. სწორედ ამ კრედოს მიყვება ჩვენი გუნდის თითოეული წევრი. სწორედ ამ პრინციპის დაცვით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეფექტური, სწრაფი ნაბიჯების გადადგმით, ვივლით მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, რათა ადამიანურად და ამავედროს ეფექტურად შევცვალოთ ქვეყანაში ცხოვრების დონე“,-ამბობს პრემიერი.

მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა.

კახა კალაძემ 2012 წლიდან დღემდე, მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, ყველა იმ საქმეს, რომელიც 2012 წელს თქვენთან ერთად დავიწყეთ, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და განათლების მიმართულებით, ასევე დასაქმების კუთხით, მომდევნო 4 წელიწადში ბოლომდე მივიყვანთ. ბოლო 4 წლის განმავლობაში შეიქმნა 70 ათასი სამუშაო ადგილი, თუმცა ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ იყო საკმარისი. საჭირო იყო 300 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, მაგრამ გზა, რომელიც ამისთვის გვაქვს არჩეული, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, საქართველოში ეკონომიკის ფეხზე დაყენება. მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი გზა. გზა იმისა, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს, იყოს მოგვარებული“ ,-აღნიშნა მან.

გოგა გულორდავამ პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და წალენჯიხის მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

„დღეს ჩვენ ვდაგავრთ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე. ოთხი წლის წინ, ყველამ ერთად შევცვალეთ ქვეყნის რეალობა და მოვიპოვეთ ღირსება, თავისუფლება. ახლა აბსოლუტურად თავისუფალი გარემოა, სადაც თითოეულ ჩვენთაგანს საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება გვაქვს. მქონდა პატივი, ორი წელი მემუშავა თქვენთან ერთად გამგებლად. ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ყველა ის დაბრკოლება, ბარიერი, პრობლემა, გამოწვევა, რომლებიც მუნიციპალიტეტის წინაშე დგას. არცერთი თქვენგანის პირადი თუ საზოგადი პრობლემა არ არის უცხო. მჯერა, რომ 8 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვიტყვით ღირსეულ სიტყვას და ყველანი ერთად მივაღწევთ დამაჯერებელ გამარჯვებას“,-აღნიშნა გოგა გულორდავამ.

საქართველოს პრემიერი მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 24 ივლისი 2016 18:09

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ დღეს ფოთის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წარუდგინა. „ირაკლი არის ახალგაზრდა, ენერგიული კაცი, რომელსაც ბიზნესში, კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვართ, რომ იგი იქნება ისეთივე წარმატებული საქართველოს პარლამენტში და პოლიტიკაში, როგორც ის იყო დღემდე კერძო სექტორში“,-განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ფოთის უდიდეს პოტენციალზე გაამახვილა და განაცხადა, რომ მთავრობა ფოთის კიდევ უფრო განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებს. „ფოთში ჩვენ გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობები, თუნდაც მალთაყვის ზონის რეკრეაციულ ამოქმედებაზე. უნდა დავასრულოთ ისეთი ძირითადი პრობლემების მოგვარება, რომლის გარეშეც შუძლებელია ტურისტული პოტენციალის ამოქმედება. ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ წყალკანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას ფოთში. ფოთელებს აუცილებლად ექნებათ მაღალი ხარისხით, ადგილზევე მიწოდებული, ძირეული საყოველთაო ჯანდაცვის სერვისები. უნდა დასრულდეს ისეთი ძირითადი პრობლემების მოგვარება, რომლის გარეშეც შუძლებელია ტურისტული პოტენციალის ამოქმედება.“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას დაგეგმილ რეფორმებზეც მიაწოდა ინფორმაცია და განათლების სისტემის ძირეულად რეფორმირების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ფოთის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. „ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, სადაც ნებისმიერი ადამიანის უფლებები იქნება თანაბრად დაცული. რა თქმა უნდა, ქვეყანაში უნდა იყოს განსხვავებული აზრი, უნდა იყოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო ერთნაირად იაზროვნებს, მერწმუნეთ, რომ წარმოუდგენელი იქნება ქვეყნის განვითარება, წინსვლა“,-განაცხადა კახა კალაძემ. ირაკლი ხახუბიამ პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „ვიცი ამ ქალაქის ტკივილი, ვიცი რა სჭირდება ფოთს და მზად ვარ, თავდაუზოგავად ვემსახურო, როგორც ჩემს ქალაქს, ასევე ჩემს სამშობლოს“,-აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ სიტყვით გამოსვლისას. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები-რომან კაკულია, ეკა ბესელია და სოსო დანელია.

 

„ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდში მერაბ ქვარაია წარმოადგენს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 24 ივლისი 2016 10:54

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ღონისძიება ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა.

„ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდში წარმოადგენს მერაბ ქვარაია. იგი არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, პროფესიით გახლავთ იურისტი და ეკონომისტი. ბატონი მერაბი ზუგდიდელია, მას ყველა კარგად იცნობთ. თავადაც კარგად იცის ქალაქის პრობლემები. ზუგდიდელებს მისი სახით საიმედო დასაყრდენი ეყოლებათ პარლამენტში.

ზუგდიდის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ედიშერ თოლორაია. იგი გახლავთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პროფესიით იურისტია, ახალგაზრდა და ენერგიული კაცია, რომელიც ასევე ენერგიულად გააგრძელებს ზუგდიდელების ინტერესების დაცვას პარლამენტში.

წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატად ,,ქართული ოცნება“ ასახელებს გოგა გულორდავას. ის არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პროფესიით იურისტია და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა პარლამენტამდე მიიტანოს წალენჯიხელების და ჩხოროწყუელების სათქმელი.

ხობს მაჟორიტარობის კანდიდატად ეყოლება გოდერძი ბუკია. იგი არის გამოცდილი პარლამენტარი, თავისი კუთხის ნამდვილი პატრიოტი და ყურადღებას არ მოაკლებს ხობელებს.

სენაკის მაჟორიტარად ,,ქართული ოცნება“ ასახელებს ირაკლი ბერაიას კანდიდატურას. ირაკლი გახლავთ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი. მას განათლება მიღებული აქვს ლონდონის Westminster-ის უნივერსიტეტში საერთაშორისო დიპლომატიის მაგისტრის წოდებით. იგი მუშაობდა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორად და ასევე, შსს-ს რეფორმირების დეპარტამენტის დირექტორად. ირაკლი დღეს უძღვება გალისა და ერგნეთის ინციდენტების, პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფს ცენტრალური ხელისუფლებიდან. იგი საყოველთაოდ ცნობილია ამ კუთხითაც დღეს. ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ გამოცდილია ადამიანია.

მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელიაა - სოფლის მეურნეობის მინისტრი. ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი. ოთარ დანელია წარმოშობით მარტვილელია, თავისი კუთხის პატრიოტია და ყველაფერს გააკეთებს როგორც მარტვილელების, ისე აბაშელების ინტერესების დასაცავად.

ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატად სახელდება ირაკლი ხახუბია. იგი ბიზნესიდან მოდის პოლიტიკაში. ირაკლი ხახუბია არის წარმატებული ბიზნესმენი და ასეთივე წარმატებული იქნება პოლიტიკაშიც.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური