ყველა ღონეს ვხმარობთ სოფლის მეურნეობისთვის მოსახერხებელი გარემო შესაქმნელად

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 06 ივნისი 2016 17:24

ჩვენი მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, რათა სოფლის მეურნეობის საწარმოებისთვის მოსახერხებელი გარემო შექმნას და საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსხვილ ექსპორტიორად აქციოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ს საქართველოში საქმიანობის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და CNFA-ს მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა შეაფასა. პრემიერ-მინისტრის თქმით, 10 წლის მანძილზე CNFA ქართველ გლეხთათვის არა მარტო პარტნიორი, არამედ მეგობარიც იყო.

„10 წელზე მეტია CNFA უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქვეყნის სოფლის მეორნეობის გარდაქმნის პროცესში. აშშ-ს მთავრობის, განსაკუთრებით კი USAID-სა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დახმარებით, საქართველოს CNFA-ს მსგავსი ორგანიზაციების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდა. 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ, USAID-ის პროგრამის საშუალებით CNFA-მ საქართველოს დაუყოვნებლივ შესთავაზა დახმარება. კონფლიქტის ზონაში მყოფი ათასობით იძულებით გადაადგილებული ადამიანი და მეურნეობა გაჩერდა. საქართველოში USAID-ის სოფლის მეურნეობის რისკის შემცირების პროგრამის წყალობით (GARRP), CNFA-მ ადგილობრივ ფერმერებს უმნიშვნელოვანესი დახმარება გაუწია, წვლილი შეიტანა იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესში და ხელი შეუწყო გაზაფხულზე თესვისა და ბაღის მოვლის პროცესის აღდგენას. გარდა ამისა, ბაღების მოვლის ხელშეწყობის მიზნით, CNFA-მ ქართუ ბანკთან ერთად ელექტრონული ვაუჩერების საბარათე სისტემა დანერგა. აღნიშნული ბარათები გადაეცა 17 000-ზე მეტ ფერმერს, რომლებმაც მცენარეების მოვლის 5,8 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქტები შეიძინეს," - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საერთო ჯამში, CNFA-მ საქართველოში 8 პროექტის რეალიზაციას შეუწყო ხელი. მისივე ინფორმაციით, USAID-ისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეშვეობით, ამერიკის მთავრობამ დახმარება გაუწია 430-ზე მეტ სოფლის მეურნეობის საწარმოს, შექმნა 3500-ზე მეტი სამუშაო ადგილი და აამაღლა 140 000-ზე მეტი პირის კვალიფიკაცია.

„ასეთი გულუხვი დახმარების შედეგად, CNFA-ს მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების გაყიდვებმა 51 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენ, ამგვარი თანამშრომლობის მეშვეობით, ამ შედეგების მიღწევა შევძელით. კიდევ უფრო ვამაყობ იმ გარემოებით, რომ შემიძლია განვაცხადო - CNFA არა მარტო საქართველოს პარტნიორი, არამედ ნამდვილი მეგობარია," - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის სექტორში გატარებული ღონისძიებების შესახებ. მისი თქმით, გასული 4 წლის მანძილზე საქართველოს მთავრობამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიციები სოფლის მეურნეობის ძირითად დარგებში, წარმატებით დასრულდა საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციისა და აღდგენის 120-ზე მეტი პროექტი, 2012 წლის შემდეგ გაორმაგდა სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი.

„სოფლის მეურნეობის რეფორმირების მიზნით, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ახალმა მთავრობამ შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო. ეს ღონისძიებები ექსპორტისა და წარმოების მოცულობის ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას ისახავდა მიზნად. საქართველოს ევროკავშირისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოებთან და თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობს. დავასრულეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან; ამავე საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებზე. მისი თქმით, სხვადასხვა პროექტის მეშვეობით, სახელმწიფომ დახმარება გაუწია 800 000-ზე მეტ წვრილ ფერმერს. 
„2014 წლის შემდეგ თითქმის 1400 კოოპერატივი დაარსდა. მათი წევრების რაოდენობა 12000-ს აღემატება.ჩვენ წამოვიწყეთ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი და თანადაფინანსების სხვა მექანიზმები, რაც ხელს უწყობს ახალი საწარმოების დაარსებას და, ამგვარად, სოფლის მეურნეობის სექტორის გეოგრაფიულ დივერსიფიცირებას. შეღავათიანი აგრო-კრედიტის წყალობით დაარსდა 148 ახალი საწარმო და გაფართოვდა თითქმის 700 მათგანი, სახელმწიფომ მონაწილეობა მიიღო 28 სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებელი საწარმოების დაფინანსებაში. სანერგე მეურნეობებისა და ბაღების თანადაფინანსებაზე ორიენტირებული მრავალი ახალი პროექტი, მათ შორის, „დანერგე მომავალი" ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ხარისხის ზრდას. ახალი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის გახსნა მოწინავე კვლევითი და ინოვაციური ტექნიკის სამეურნეო პრაქტიკაში დანერგვას ემსახურება. სულ ახლახანს, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და ევროკავშირის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, დაარსდა მსოფლიო დონის ფიტოსანიტარული ლაბორატორია. ესაა საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინებისა და განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალი. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შეუძლებელი იქნებოდა აქ დამსწრეთა დიდი ნაწილის მხარდაჭერისა და თავდადების გარეშე", - განაცხადა პრემიერმა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიულოცა „ოქროს საწმისის" ორდენით დაჯილდოება CNFA-ს ყოფილ პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრს, ჯონ კოსტელოს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, გიორგი კვირიკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრებს - დავით კირვალიძეს და შალვა ფიფიას. მან იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ხელშეწყობით, საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგი ქვეყნის განვითარებული ეკონომიკის განუყოფელ ნაწილად იქცევა.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა CNFA-ს პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სილვან როიმ.
„გაგვიმართლა, რომ CNFA კვლავ აგრძელებს საქმიანობას საქართველოში ჩვენი ადგილობრივი გუნდის დამსახურებით. ვერ განვახორციელებდით ამ პროექტებს მათი დაუღალავი შრომისა და გამოცდილების გარეშე. ზოგიერთი მათგანი ჩვენთან პირველი პროექტის დასაწყისიდან თანამშრომლობს. სწორედ მათი მიზანდასახულობისა და ენთუზიაზმის შედეგია ის, რომ CNFA-მ რეალურად შეძლო ასეთ შესანიშნავ ქვეყანაზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა", - ასე შეაფასა საქართველოში CNFA-ს 10-წლიანი მოღვაწეობა სილვან როიმ.

CNFA-ს საქართველოში საქმიანობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრი და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ყოფილი მდივანი მაიკლ ესპი დაესწრო.

„მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში, მდივნის უფლებამოსილების განხორციელებისას, მქონდა პატივი, ჩემი ხელისუფლების სახელით მიმეღო მონაწილეობა GATT-ის ფარგლებში ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. თუმცა, არსად მინახავს ასეთი დინამიკური, თბილი, პროგრესირებადი და წარმატებებით სავსე ადგილი, როგორიც საქართველოა," - განაცხადა მაიკლ ესპიმ.

მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს განვითარების თანმიმდევრული გეგმა გააცნო.
„ამ ადამიანს შესანიშნავი ხედვა აქვს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, ამდენად, ჩემი დირექტორთა საბჭოს წევრობის მიუხედავად, მე მსურს, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში წარმატება ვუსურვო მას," - აღნიშნა CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრმა და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ყოფილმა მდივანმა მაიკლ ესპიმ.

CNFA-ს საქართველოში საქმიანობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ტომას მორისი, CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრი და საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე, CNFA-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჯონ კოსტელო.

„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია სამართლიან, მდგრად განვითარებაზ“ - გიოგრი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 30 მაისი 2016 13:18

საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმზე, რომელიც ტექნოლოგიურ პარკში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვიიკაშვილმა ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას ტექნოლოგიური პარკის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. როგორც პრემიერმა განმარტა, ტექნოლოგიური პარკი ეს არის რევოლუციური პროექტი, რომელიც მოიცავს ინოვაციების მთლიანი ღირებულების ჯაჭვს.

მისივე თქმით,  ხელისუფლებამ შეიმუშავა სტარტაპების ფონდი, რომელიც ინოვაციური ჯაჭვის შეკვრას დაასრულებს და სადაც ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები შეძლებენ მიიღონ დაფინანსება. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ბიზნესფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოს სლოვაკეთთან ურთიერთობის გაღრმავებასა და განვითარებაში.

„საქართველო მცირე, მაგრამ დინამიური ქვეყანაა. სტრატეგიულ გზაჯვარედინზეა განლაგებული. ის ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენი სწრაფვა ევროპისკენ შეუქცევადია. მოხარული ვარ, რომ სლოვაკეთის მხარდაჭერა ურყევია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია სამართლიან და მდგრად განვითარებაზე.

სავაჭრო ურთიერთობების კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მიერ სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირთან არსებული სავაჭრო ხელშეკრულება დაასახელა, ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. 
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროექტებზე და იმ რეფორმებზე, რომელიც ხორციელდება. მთავრობის მეთაურმა ამ კონტექსტში პროფესიული და უმაღლესი განათლების რეფორმები, საგადასახადო რეფორმა, სტარტაპების დაფინანსება და ფრონტ ოფისის ჩამოყალიბება დაასახელა.

ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამაც. 
მისივე თქმით, არსებობს ბევრი რამ, რისი განვითარებაც შეგვიძლია და რისი გაუმჯობესებაც ხელგვეწიფება.
როგორც ანდრეი კისკამ აღნიშნა, სლოვაკეთი და საქართველო არის დაახლოებით ერთი ზომის ქვეყნები, ვინაიდან სლოვაკეთში ცხოვრობს 5 მილიონზე მეტი ადამიანი.

მისივე თქმით, სლოვაკეთით ბევრი ინვესტორია დაინტერესებული და როდესაც ის ინვესტორებს ეკითხება, თუ რა მოსწონთ სლოვაკეთში, ისინი აცხადებენ, რომ სლოვაკეთს გააჩნია ბრწყინვალე ხარისხი, რითაც ანდრეი კისკას თქმით, ის ამაყობს.

ანდრეი კისკამ ისაუბრა ასევე უმუშევრობის მაჩვენებელზე და აღნიშნა, რომ სლოვაკეთში აღნიშნული სტატისტიკური მონაცემი 15 %-ს შეადგენდა, რაც 9%-მდე დაიყვანეს.

მისივე თქმით, სლოვაკეთს გააჩნია 36 მილიონ ევროიანი სავაჭრო ბრუნვა, ”რაც არც თუ ისე დიდი ციფრია, ამიტომ ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული”.
მან მეწარმეებსაც მიმართა და განუმარტა, რომ პრეზიდენტის სახით ჰყავთ მხარდამჭერი.

საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმიც გაფორმდა. ღონისძიებას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 26 მაისი 2016 14:18

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო სამშობლოსთვის თავდადებულთა ხსოვნას.

ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს მიესალმება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 24 მაისი 2016 15:39

ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მიხაილ კოსტარაკოსი საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს მიესალმება, - ამის შესახებ გენერალმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ნატო-ს ვარშავის სამიტი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ პროცესში ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისადმი მხარდაჭერა დაუდასტურა.
საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს. პრემიერის თქმით, მთავრობა, ნატო-ს ვარშავის სამიტზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებას და ნატოსთან თანამშრომლობის არსებული ფორმატების გაფართოებას ელოდება.
შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში - ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკასა და მალიში ქართველი სამხედროების მონაწილეობა. გენერალმა კოსტარაკოსმა ქართული შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმი დადებითად შეაფასა.
საუბრისას ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასაც დაეთმო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღშფოთება გამოთქვა 19 მაისს სოფელ ხურჩაში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის გამო და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი აფხაზეთის რეგიონში არსებულ საგანგაშო ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე მიუთითებს.
ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის, საქმიანობის მნიშვნელობას. საუბარი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის როლსაც შეეხო.
პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობისთვის, რომელსაც თბილისი 24-25 მაისს მასპინძლობს.

არ გვინდა, რომ ნახტომისებური ცვლილებები მოხდეს,- გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 20 მაისი 2016 18:51

ეკონომიკაში ნამდვილად არის ის ტენდენციები და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. რამდენადაც ვიცი, ჭარბი დოლარის გარკვეული მასა იყო შესყიდული უკანასკნელ აუცქიონზე, რაც პრინციპში, ალბათ, გონივრული გადაწყვეტილებაა. არ გვინდა, რომ ნახტომისებური ცვლილებები მოხდეს, თუმცა გამყარების ტენდენცია მისასალმებელია,” - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლარის კურსის გამყარების ტენდენციაზე საუბრისას გააკეთა.

პრემიერ-მინისტრი ისრაელის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 მაისი 2016 10:20

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ებრაელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა ქართველ და ებრაელ ერებს შორის არსებულ მტკიცე კავშირს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ორი ერის მეგობრობა დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ისრაელი მაგალითია თითოეული ქართველისთვის , თუ როგორ შეიძლება მთელი საზოგადოება გაერთიანდეს პოზიტიური, განვითარებაზე ორიენტირებული მიზნების გარშემო და ააშენოს თანამედროვე სახელმწიფო.

"ჩვენც სწორედ იმავეს ვაკეთებთ. 25 წლიანი ბრძოლის შემდეგ, ჩვენ, ალბათ,ამ პროცესის დასაწყისში ვართ. წელს აღვნიშნავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 25-ე წლისთავს. ჩვენ ვამაყობთ იმ შესანიშნავი შედეგებით, რომლებსაც ამ წლების მანძილზე მივაღწიეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ისრაელის სახელმწიფოს, რომელიც უდიდეს დახმარებას გვიწევდა ამ პროცესში. ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი. აქედან 700 მეტრის მოშორებით, მშვენიერ ნაძვნარში ებრაელი ექსპერტების დახმარების შედეგად ჩვენ დავაარსეთ პირველი ტექნოპარკი საქართველოში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ისრაელს, როგორც სახელმწიფოს და ებრაელ ხალხს. მოხარული ვარ, რომ ისრაელიდან ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ჩვენი ებრაელი მეგობრების ასეთ აქტივობას," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მანვე ქართველი და ებრაელი ერების დაახლოებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს, რომელსაც მისიის ვადა ეწურება.

გიორგი კვირიკაშვილი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 17 მაისი 2016 15:33

უძველესი დროიდან მოყოლებული, ჩვენ გვაქვს მჭიდრო ისტორიული და კულტურული კავშირები და ვფიქრობ, რომ ტრანს-ადრიატიკული მილსადენის პროექტი არის კარგი შესაძლებლობა კიდევ უფრო გავამყაროთ თანამშრომლობა ენერგეტიკული კუთხით, - ამ სიტყვებით დაიწყო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა შეხვედრა საბერძნეთში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
გიორგი კვირიკაშვილმა ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობას მნიშვნელოვანი პროექტი უწოდა, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრაზე ლიდერებმა საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. პრემიერ-მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა, ხელი შეუწყონ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის, განათლების სფეროებში არსებული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას. აღინიშნა, რომ სავაჭრო ბრუნვისა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების ზრდა ორმხრივი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი მიზანია. გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური შესაძლებლობების სრულად ათვისებას.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგისა და ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა კიდევ ერთხელ გამოხატა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო პარტნიორია.

თესალონიკში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ.

 

პრემიერ-მინისტრი დღეს საბერძნეთს ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 17 მაისი 2016 10:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 17 მაისს სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს ტრანს-ადრიატიკის მილსადენის (TAP) პროექტის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, რომელიც თესალონიკში გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასსთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

პრემიერ-მინისტრი სამხედროებს საქართველოს შეირაღებული ძალების დღეს ულოცავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 04 მაისი 2016 13:15

  გიორგი კვირიკაშვილი სამხედროებს საქართველოს შეირაღებული ძალების დღეს ულოცავს. როგორც პრემიერის მისალოცშია ნათქვამი, დღეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქართული ჯარი ყველა პარამეტრით პასუხობდეს მაღალ თანამედროვე სტანდარტებს. 
25 წლის წინ შეიარაღებული ძალების შექმნით საქართველომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე. დღეს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქართული ჯარი ყველა პარამეტრით პასუხობდეს მაღალ თანამედროვე სტანდარტებს. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ამ მიზნის განხორციელებისთვის ჩვენ გვაქვს უმთავრესი საფუძველი - ეს არის ჩვენი ჯარისკაცების მხედრული სული. ჩვენ გვყავს ისეთი ჯარისკაცები, როგორითაც ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა. ეს ჩვენი სიმდიდრეა. ამას მოწმობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობაც.  გპირდებით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ქართულ ჯარში სამსახური გახდეს უფრო და უფრო პრესტიჟული და სიტყვები - „ვემსახურები საქართველოს!“ - გახდეს კიდევ უფრო საამაყო ქართველი ჯარისკაცისთვის”, -ნათქვამია პრემიერის მისალოცში. 

გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ში ვიზიტის მიმდინარეობა შეაფასა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 აპრილი 2016 11:47

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის მიმდინარეობა შეაფასა. მისი თქმით, ქართულმა მხარემ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან მიიღო გზავნილები, რომ საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გაფართოვდეს და გაღრმავდეს.

"ეს ეხება ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროს. მათ შორის, უსაფრთხოებას, სამხედრო მიმართულებას, ეკონომიკურ პარტნიორობას და ა.შ. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი არის ძალიან დიდი. საქართველოს საკითხი აშშ-ის პოლიტიკოსების დღის წესრიგში არის ერთ-ერთი უმთავრესი და ძალიან მაღალი პრიორიტეტის მქონე. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი არის ძალიან მაღალი ბიზნესწრეების მხრიდან. რა თქმა უნდა, კითხვები ისმის უსაფრთხოების მიმართულებით, თუმცა ვფიქრობ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია შევქმნათ ის სტაბილურობა, რაც საჭიროა ინვესტიციების მოსაზიდად, მიუხედავად იმ უმწვავესი გამოწვევებისა, რაც რეგიონში არსებობს. ეს მარტივი არ არის და ეს შესაძლებელია თუნდაც ამ სტრატეგიული პარტნიორობის მუშაობით, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-სთან", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური