"საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს"

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 12 თებერვალი 2019 12:12

"საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი, რომ ერთად დგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაზე რთულ დაავადებებთან გამკლავება შესაძლებელია" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვირუსულ ჰეპატიტებთან დაკავშირებულ რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაზე - ‘'მიღწევები ელიმინაციის გზაზე'' სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ მსგავსი სახის ღონისძიება ევროპაში პირველად ტარდება და მასპინძელ ქვეყნად 53 სახელმწიფოდან სწორედ საქართველო შეირჩა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ეს საქართველოს მიერ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების, განსაკუთრებით კი, C ჰეპატიტთან ბრძოლის საქმეში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის უდავო აღიარებაა.

„2012 წელს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აბსოლუტურ პრიორიტეტად გამოაცხადა ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევა გვქონდა ჯანდაცვაში და ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ. თავიდან ბოლომდე შევცვალეთ ის საბიუჯეტო აქცენტები, რომელიც დაგვხვდა და დღეს გვაქვს ძალიან სწორად გაანალიზებული ჯანდაცვის პრიორიტეტები. ამაზე მეტყველებს ის სტატისტიკა და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომელსაც მივაღწიეთ. ჩვენ შევიმუშავეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რითაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხელმისაწვდომობა აქვს საბაზისო სამედიცინო მომსახურებაზე და ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, C ჰეპატიტი  მსოფლიო საზოგადოებისთვის კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და ითხოვს როგორც მთავრობების, ისე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ამ დაავადებასთან ბრძოლაში.

პრემიერმა 2015 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები გაიხსენა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში მოსახლეობის თითქმის 8% ჰეპატიტის მატარებელი იყო.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეს იყო ქვეყნის წინაშე მდგარი ძალიან რთული გამოწვევა, რომელთან ბრძოლაც და C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის წამოწყება შესაძლებელი გახდა მეგობრების - სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის, კომპანია „გილეადის" და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით.

„დღეს ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით C ჰეპატიტით დაავადებული ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე სრულიად განკურნებულია, როდესაც, სულ ცოტა ხნის წინ, ეს დიაგნოზი საქართველოში ფაქტობრივად განაჩენს ნიშნავდა, ხოლო ამ უმძიმეს დაავადებასთან ფინანსურად დამოუკიდებლად გამკლავება  წარმოუდგენელი იყი. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. განკურნების მაჩვენებელი საშუალოდ 98 პროცენტია. ჩვენ არც სამომავლოდ დავიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ ეს დაავადება და დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს  C ჰეპატიტს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა პროგრამის განხორციელებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს, პარტნიორებსა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, ასევე ხაზი გაუსვა ჯანდაცვის საზოგადოების მიერ გაწეულ საქმიანობას და განაცხადა, რომ მიღწეული შედეგები ყველასთვის საამაყოა.

ორდღიან რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაში, რომელიც თბილისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით იმართება, სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების, აგრეთვე ევროკომისიისა და გაეროს სააგენტოების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური და სათავო ოფისების და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და წამყვანი ექსპერტები მონაწილეობენ. შეხვედრის მიზანია ვირუსული ჰეპატიტების გავრცელების დაძლევის პროცესში ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესისა და გამოწვევების გადახედვა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

მ. ბახტაძე ევროკავშირის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში ტ. კლაარს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 თებერვალი 2019 14:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობაზე, ასევე  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობის შესახებ.

განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. ხაზი გაესვა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ისახავს მიზნად. კერძოდ, განიხილეს სამი მიმართულება - განათლება, ჯანდაცვა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. აღინიშნა, რომ ამ სფეროებში ცალკეული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ხალხთა შორის ურთიერთობების აღდგენას.

საქართველოს პრემიერი დავოსში China Minsheng Investment Group-ის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019 11:17

საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, მთავრობის ინიციატივებსა და საქართველო-ჩინეთის მზარდ ურთიერთობებზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე China Minsheng Investment Group-ის პრეზიდენტ ლიუ ბენსიანს, რომელსაც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა.

ყურადღება დაეთმო საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკას და შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს წარმატებულ მონაწილეობას, სადაც პრემიერ-მინისტრი ბახტაძე პირადად პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით იმყოფებოდა.

CMIG-ის პრეზიდენტის შეფასებით, მისასალმებელია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს განვითარების პროცესი, რაც ქვეყანაში ინვესტირებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

შეხვედრაზე იმსჯელეს თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებსა და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე, რომელთა განხორციელებითაც, შესაძლოა, ჩინეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფი დაინტერესდეს.

CMIG-ი ჩინეთში ლიდერი გლობალური კერძო საინვესტიციო ჯგუფია, რომლის რეგისტრირებული კაპიტალის მოცულობა დაახლოებით 15 მილიარდი დოლარია. სათავო ოფისი შანხაიში მდებარეობს. ჩინეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც ძირითადად ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ჯანდაცვისა და ფინანსურ სექტორებში საქმიანობს, აქტიურად არის დაინტერესებული საინვესტიციო პროექტების განხორციელებით "სარტყლისა და გზის" ინიციატივის ქვეყნებში.

მამუკა ბახტაძემ და ილჰამ ალიევმა სტრატეგიული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 იანვარი 2019 13:38

საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის კიდევ უფრო ზრდის პერსპექტივასა და საქართველოსა და აზრბაიჯანის ბიზნესებს შორის კავშირების მეტად გააქტიურებაზე.

ხაზი გაესვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და იმ პოტენციალს, რომელიც, ცენტრალური აზიიდან ტვირთების მოზიდვის თვალსაზრისით, როგორც  საქართველოში, ისე აზერბაიჯანში არსებობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრეს TANAP-ის პროექტის შესახებ, ასევე ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო აქტიურად გამოყენების აუცილებლობაზე. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

მამუკა ბახტაძემ იაშვილის კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019 09:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაშვილის კლინიკაში, დიღომში კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა.

მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ იაშვილის კლინიკაში ამ დროისთვის ექვსი ბავშვი გადის მკურნალობას და მათი ჯანმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა დღეს თავს, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. მინდა მივუსამძიმრო ეს ტრაგედია ყველას. იაშვილის კლინიკაში ექვს პატარა პაციენტს ვმკირნალობთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვები ღამის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნებიან და დილით იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათი ოჯახში დაბრუნების შესახებ”, – განაცხადა მამუკა ბახტძაემ.

კლინიკაში მისვლამდე პრემიერ-მინისტრი ავთანდილის ქუჩაზე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, დიდ დიღომში გუშინ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი.

 

ქართველი დიპლომატები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 დეკემბერი 2018 18:05

„ელჩების კონფერენციის“ დასკვნითი დღის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და პრიორიტეტებზე.

საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა არსებულ მიღწევებზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატოსთან, ევროკავშირთან და სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან ურთიერთობებს. ხაზი გაესვა ანალიტიკური საქმიანობის მნიშვნელობას საგარეო პოლიტიკის წარმართვისას. პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა დიასპორასთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.

სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს  ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ოკუპაცია დაასახელა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნული გამოწვევის დაძლევის გზაზე ხაზი გაუსვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მნიშვნელობას.

შეხვედრის ფარგლებში  პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს გააცნო საქართველოში ეკონომიკის მიმართულებით არსებული სიახლეები და პრიორიტეტები. ასევე, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე და ხაზი გაუსვა საქართველოს ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ჰაბად შექმნის მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო უწყებას და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს წარმატებული საქმიანობისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 03 დეკემბერი 2018 16:22

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის ვიცე-პრემიერს მიხეილ რუსის შეხვდა. მიხეილ რუსიმ მამუკა ბახტაძეს საქართველოს ახალი პრეზიდენტის არჩევა მიულოცა.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობები წლიდან წლამდე ძლიერდება.

ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის გაზრდილ სავაჭრო ბრუნვას. აღინიშნა, რომ გაზრდილია როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მაჩვენებელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად შეფასდა ქართულ ბაზარზე ბელარუსული, ხოლო ბელარუსში ქართული პროდუქციის მიმართ არსებული მზარდი ინტერესი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ქართულ-ბელარუსული ერთობლივი საწარმოების შექმნისა და ამ მიმართულებით მთავრობების მხრიდან ხელშეწყობის მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრი ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 23 ნოემბერი 2018 17:09

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით - მზიურის საჩოგბურთო კორტებით უსასყიდლო უზურფრუქტით სარგებლობის 10-წლიანი ვადა 49 წლამდე გაუხანგრძლივდა.

სპორტის განვითარების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯებისა და ჩოგბურთის ფედერაციის სამომავლო გეგმების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ აკა მეტრეველსა და ფედერაციის გამგეობის წევრს, ლეგენდარულ ჩოგბურთელ ალექსანდრე მეტრეველს ესაუბრა.

მთავრობის მეთაურმა საუბრისას ხაზი გაუსვა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სპორტით ახალგაზრდობის დაინტერესების პრიორიტეტულობას და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება სახელმწიფო ქონების გადაცემა ჩოგბურთის ფედერაციისთვის, რომლის შესახებ მემორანდუმი დღეს ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმდა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის სპორტული აქტივობებით დაინტერესებისა და სპორტული ტურიზმის განვითარების პროცესში სახელმწიფოსა და ფედერაციას შორის თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქონების გრძელვადიანი უსასყიდლო უზურფრუქტით სარგებლობის უფლება ფედერაციას გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელების საშუალებას მისცემს, რაც საქართველოს რეგიონებში, მათ შორის მესტიაში, შეკვეთილში, წყალტუბოში, ზუგდიდში, საჩხერესა და ბორჯომში ახალი საჩოგბურთო კომპლექსების მშენებლობას გულისხმობს.

ფედერაციამ ასევე გამოთქვა მზადყოფნა, სპორტული ობიექტების ხელმისაწვდომობა დარეგულირდეს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების საჭიროებებისა და ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად.

"თითოეული მეხანძრე-მაშველი ჩვენთვის ნამდვილი გმირია"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 17 ნოემბერი 2018 15:29

"ჩემი პირადი და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საგანგებო სიტუაციების სამსახურის განვითარებას; ჩვენ გავზარდეთ უწყების ბიუჯეტი და 2020 წლამდე თბილისი ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანებით დაკომპლექტდება" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, 2022 წლის დასაწყისამდე სამსახურს მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა ჰქონდეს სრულიად განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მოძრავი საშუალებები და ახალი ტექნიკა.

პრემიერ-მინისტრმა სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიისას გამოვლენილი ვაჟკაცობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აფეთქების შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახსა და მთელს საქართველოს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„თქვენ სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეთ ჩვენი 3 მოქალაქე. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი შვილთან ერთად. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახს და მთელს საქართველოს ეს უზარმაზარი ტრაგედია. ჩემი პირადი და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თქვენი სამსახურის განვითარებას. ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისა და რიგითი მოქალაქისთვის აუცილებელია, თითოეულ მოქალაქეს ყოველთვის ჰქონდეს განცდა, რომ როდესაც იქნება განსაცდელსა თუ გასაჭირში, არსებობენ გმირები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში მზად არიან, მათ ოპერატიულად დაეხმარონ. მსურს, კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ გამოჩენილი ვაჟკაცობისა და სამშობლოსთვის თავდადებისთვის. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის ნამდვილი გმირია", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას.

შეხვედრას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი შალვა ხუციშვილი დაესწრო.

2000-დე დევნილი ახალ საცხოვრებელ ბინას მიიღებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 ნოემბერი 2018 16:47

დევნილი ოჯახების განსახლებისთვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში წარდგენილია  90  მილიონი ლარი, რაც ნიშნავს, რომ 2000-დე ჩვენი მოქალაქე და ოჯახი მიიღებს ახალ ბინას ამ პროგრამის ფარგლებში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

მთავრობის მეთაურის თქმით, თანხები განკუთვნილია როგორც ახალი ბინების მშენებლობისათვის ასევე, დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გამოსასყიდად.

„დარეგულირდა ბინების განაწილების რიგითობა, რომელიც ძალიან მტკივნეული პროცესი იყო.  მოგეხსენებათ, რომ გაუქმებულია 2009 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვა, რომელიც კრძალავდა თბილისში დევნილებისთვის ახალ მშენებლობებს. ჩვენ შევცვალეთ ეს დისკრიმინაციული მიდგომა. მთავრობა დევნილებისთვის საცხოვრებელ ბინებს ქართველი მენაშენეებისგან კონკურსის წესით შეისყიდის და მომავალ წელს ახალ ბინებს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ბათუმსა და ქუთაისში მცხოვრები დევნილები მიიღებენ.  დღეისათვის უკვე შესყიდულია და 342 ოჯახი მალე თბილისში მიიღებს საცხოვრებელ ფართობს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხის მობილიზაციიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იყო ვიდრე 2018 წლის სასტარტო ბიუჯეტში, გაჩნდა  შესაძლებლობა, კაპიტალური ხარჯებისა და ინვესტიციების განსახორციელებლად. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ კუთხით წელს დამატებით მოხდება 20 მილიონი ლარის მობილიზება, რაც მიმართული იქნება დევნილების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.  მთავრობის მეთაურის თქმით, გრძელდება დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართობის დაკანონების პროცესიც.  

„აქ ხშირ შემთხვევაში პროცედურები და კანონმდებლობა იყო მოუქნელი. და ეს საკითხი უმოკლეს ვადაში დარეგულირდება. აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ 2013 წლიდან უკვე 17 162 ოჯახს გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და ეს პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური