პრემიერ-მინისტრმა და საქართველოში EUMM-ის ხელმძღვანელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 ოქტომბერი 2019 08:04

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელ ერიკ ჰოგის შეხვედრის მთავარი თემა.

საუბრისას აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის სოფელ ჩორჩანას და გუგუტიანთკარის მიმართულებით, ასევე ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ადგილობრივი მცხოვრებლების დაკავება, მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და უხეშად არღვევს ადამიანთა უფლებებს.

პრემიერმა ხაზი გაუსვა დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ შექმნილი მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებაში EUMM-ის საქმიანობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

გიორგი გახარიამ ასევე ყურადღება გაამახვილა EUMM-ის, როგორც ადგილზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის როლზე დაძაბულობის შემცირებასა და ადგილზე მშვიდობის შენარჩუნებაში. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. 

 

პრემიერ-მინისტრი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018 14:26

სხდომის დაწყებამდე მინდა, შევეხო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას - ეს არის ტერორიზმი - გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი სახელმწიფოც ყველაფერს აკეთებს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. რა თქმა უნდა, როდესაც ამ გამოწვევასთან ბრძოლა საკუთარ ქვეყანაში გიწევს, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს მოქალაქეებს, ის არის ძალიან მგრძნობიარე და საფრთხილო.
ჩვენმა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს რამდენიმე სპეცოპერაცია და თითოეული მათგანი სწორედ ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილებას ეხებოდა. ამ ოპერაციებს შეეწირა ჩვენი სპეცსამსახურების ერთი თანამშრომელი და დაგვეჭრა - ოთხი. ეს ბიჭები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.
მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ პირველ რიგში არის სწორედ ხელისუფლების ინტერესი, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხები. ამიტომაც, დღეს, ამ ვითარებაში, წინასწარი განცხადებების თუ წინასწარი დასკვნების გაკეთება აზიანებს სახელწიფო ინტერესებს.
სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა, თუმცა, სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს.
მინდა, ასევე, ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს ქისტ თანამემამულეებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში, თავიანთი დამოკიდებულებით, არაერთხელ დაამტკიცეს საქართველოსა და მისი ინტერესების ერთგულება. ამ სიმტკიცეში არავის შეაქვს ეჭვი და გარწმუნებთ, რომ აქ ბზარის შეტანა შეუძლებელია.
ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ჩვენი სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ამ უპირველესი ვალდებულების უზრუნველსაყოფად.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 7 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 08 ივნისი 2016 10:38

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილი - აგარა-ზემო ოსიაურის 12-კილომეტრიანი გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სატრანსპორტო ქსელის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს საქართველოს ბევრი ტურისტი სტუმრობს, რომლებიც შეძლებენ, ისარგებლონ ჩქაროსნული მაგისტრალით.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ მორიგი მონაკვეთი უნდა გავხსნათ - ეს არის აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის უდიდესი ნაწილი. ძალიან კარგია, რომ ეს ხდება დღეს, ვინაიდან დღეს არის ბევრი ტურისტი ჩამოსული საქართველოში და როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე ჩამოსული სტუმრები ისარგებლებენ ამ გზით. პროექტ „Check in Georgia"-ს ფარგლებში დღეს იგეგმება დიდი კონცერტი ბათუმში და უკვე შესაძლებელი იქნება ამ გზით სარგებლობა," - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მთავრობის ამბიციური გეგმის შესახებ და რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში ქვეყნის სივრცითი განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. მისი თქმით, სივრცითი განვითარების მოდელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი სატრანსპორტო ქსელის მშენებლობაა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობა 2020 წლის ბოლოს უმთავრესი სატრანსპორტო არტერიების დასრულებას გეგმავს.

" ჩვენ ვგეგმავთ, რომ წელს გავხსნათ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რიკოთის მონაკვეთი, ანუ ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი. უკვე დაწყებულია ამ პროექტზე ძალიან აქტიური მუშაობა და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში დაიწყება უკვე რეალური მშენებლობითი სამუშაოები. ამას გარდა 2020 წლის დასასრულისთვის და ეს ასე არ იყო დაგეგმილი ნამდვილად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ უმთავრესი არტერიები საქართველოსი იქნას დასრულებული. ამ პერიოდისთვის მოგეხსენებათ, რომ ანაკლიის პორტის პირველი ფაზაც დასრულებული იქნება და აღმოსავლეთ-დასავლეთით, ჩრდილოეთ-სამხრეთით ძირითადი მაგისტრალები დასრულდება. ამ პერიოდისთვის ასევე იქნება დასრულებული ძირითადი ტურისტული მიმართულებების დამაკავშირებელი გზები და ეს არის სვანეთისკენ მიმავალი გზა თავისი გვირაბებით; ეს არის ქუთაისი-აბასთუმნის გზა. ქუთაისი ჩვენ უნდა ვაქციოთ საქართველოს შიდა ჰაბად, რომელიც იქნება დამაკავშირებელი ყველა წერტილთან. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი გზების პროექტირებას. უკვე წელს დავიწყებთ პროექტირებას მთა-თუშეთში მიმავალი გზის, ვინაიდან, ამას გააჩნია ძალიან მრავალმხრივი დანიშნულება - ეს არის უსაფრთხოების მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი რეგიონი. ვგეგმავთ რაჭის განვითარების მიმართულებით ახალი გზის აშენებას, რომელიც გომსა და რაჭას დააკავშირებს. ეს ყველაფერი მოიტანს საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან სტიმულს განვითარებისა," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილ პროექტებში აქტიურად ჩაერთვება კერძო სექტორი და საქართველო რეალურად შეძლებს, შეასრულოს "აბრეშუმის სარტყლის" შემადგენელი, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ფუნქცია.

"ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობა და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის სახელით მსოფლიო ბანკს, სხვა ინსტიტუტებს, რომლებიც არიან ჩართულნი ამ უმნიშვნელოვანეს პროექტებში. კომპანია " ბლექ სი გრუპის" წარმომადგენლები იმყოფებიან აქ და ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, მართლაც, უმაღლესი ხარისხით შესრულებული სამუშაოსთვის. საერთოდ უნდა ვთქვა, რომ კერძო სექტორის ჩართულობა უნდა იყოს უფრო მაღალი ასეთ პროექტებში. ჩვენ ახლა დაწყებული გვაქვს ძალიან ბევრ პროექტზე ერთდროულად მუშაობა დიზაინზე და წინასწარ კვლევებს ვატარებთ, მომავალი წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის ამ სამუშაოს დიდი ნაწილი გვექნება დასრულებული და ერთად დაიქოქება ძალიან ბევრი პროექტი. სწორედ ეს იქნება ნამდვილად საქართველოს, როგორც "აბრეშუმის სარტყლის" შემადგენელი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ფუნქციის სრულად ათვისების წინაპირობა," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა გზის გახსნა ასევე მიულოცა ადგილობრივ მაცხოვრებლებს. მისი თქმით, ჩქაროსნული მაგისტრალი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეკონომიკის განვითარებაში.

"მინდა ასევე მივულოცო ადგილობრივ მაცხოვრებლებს. 500-ზე მეტი ადამიანია ადგილობრივი დასაქმებული მარტო ამ მონაკვეთზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები საცხოვრებელი ადგილის მიტოვების გარეშე შოულობენ თავიანთ სარჩო-საბადებელს , თავიანთ ოჯახებს ინახავენ, ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ყველაფერი ეს რა თქმა უნდა, იმისთვის კეთდება, რომ საგზაო არტერიების განვითარებასთან ერთად განვითარდეს ჩვენი ქვეყნის რეგიონები და ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ, ყველანი ერთად ავაგუგუნებთ საქართველოს," - აღნიშნა პრემიერმა.
აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთი ე.წ „აბრეშუმის სარტყელის" შემადგენელი ნაწილია და ევროპა-აზიის გავლით, ჩინეთში სატრანზიტო მიმოსვლის მნიშვნელოვან კვანძს წარმოადგენს. აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთიდან დღეს გაიხსნა 7 კილომეტრი, დარჩენილ 5 კილომეტრზე კი სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება. აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტით, ევროპული სტანდარტების შესაბამისად შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 2 სატრანსპორტო კვანძი, 2 პარალელური ხიდი და 2 გზაგამტარი. მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებულია 500-მდე ადამიანი.

„ჩალიკ ჰოლდინგის“ საინვესტიციო პროექტები საქართველოში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 29 მარტი 2016 16:09

თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „ჩალიკ ჰოლდინგი“ და GE Power-ი საქართველოში ახალი მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავენ.

უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ, "ჩალიკ ჰოლდინგის" თავმჯდომარე აჰმეტ ჩალიკმა და GE Power-ის ვიცე-პრეზიდენტმა რიკარდო კორდობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგური, ქარისა და ჰიდროელექტროსადგურები და გაზსაცავის მშენებლობა, - ეს ის საინვესტიციო პროექტებია, რომელთა განხორციელების ინტერესს კომპანია გამოთქვამს.

„კომპანიის ინტერესი, ენერგეტიკის სფეროში პროექტების განხორციელებისადმი, ძალიან დიდია. საუბარია დაახლოებით 80 მეგავატი სიმძლავრის ქარისა და ჰიდროელექტროსადგურებზე, ასევე ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომელზეც ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოცხადებული გვაქვს. ასეთი დიდი პროექტების განხორციელებისადმი კომპანიის ინტერესი მისასალმებელია", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, „ჩალიკ ჰოლდინგის" ინტერესის სფეროშია ტექსტილის წარმოების განვითარებაც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტექსტილის საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით, რაც სავარაუდოდ, გურიის რეგიონში განხორციელდება.

„ჩალიკ ჰოლდინგის" თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.

შეხვედრას GE Power-ის გენერალური დირექტორი თურქეთში, მეთე მალთეფე, „ჩალიკ ენერჯის" აღმასრულებელი დირექტორი ოსმან საიმ დინჩი და „ჩალიკ ენერჯის" მმართველი ილდირაი თინარი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, „თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ. 

თურქეთი რუსეთს დაღუპული რუსი მფრინავის ცხედარს გადასცემს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 30 ნოემბერი 2015 14:24

თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს განცხადებით, თურქეთი რუსეთს დაღუპული სამხედრო მფრინავის ცხედარს გადასცემს.  ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.
24 ნოემბერს თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ჩამოგდებული რუსული „სუ-24“-ის ტიპის ბომბდამშენის მფრინავის ცხედარი, რომელიც მოკლული იქნა პარაშუტით გადმოხტომისას, გუშინ თურქეთის სირიასთან მოსაზღვრე ქალაქ ჰათაიდან ანკარაში, სამხედრო ჰოსპიტალ GATA-ში გადმოასვენეს.
დღეს კი რუსი მფრინავის ცხედარი GATA-დან ანკარის ესენბოღას სახელობის აეროპორტიდან რუსეთში გადაასვენეს.

ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 11 ოქტომბერი 2015 10:55

გუშინ ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. უკანასკნელი ცნობით, რომელიც გაავრცელა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეჰმეტ მუზინოღლუმ, გარდაცვლილია 95 ადამიანი, 246 კი დაშავებულია.

მომხდარის გამო ქვეყანაში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული. უსაფრთხოების წყაროების მიერ გავრცელებული განცხადებოის მიხედვით, აღნიშნული ტერაქტი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, რომლებიც ადგილზევე დაიღუპნენ, მიმდინარეობს მათი ვინაობის დადგენის სამუშაოები. მომხდარი აფეთქების შემდეგ ანკარაში პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავუთოღლუს თანათავჯდომარეობით უსაფრთხოების სამიტი გაიმართა, რომელსაც ვიცე-პრემიერი იალჩინ აქდოღანი, შინაგან და ჯანმრთელობის მინისტრები, ეროვნული უშიშროების მდივანი ჰაქან ფიდანი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. სამიტის შემდეგ აჰმედ დავუთოღლუმ პრეს-კომფერენცია გამართა, სადაც მოსახლეობას ერთიანობისა და სოლიდარობისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ორი ძლიერი აფეთქება ანკარაში გუშინ ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობები რკინიგზის სადგურის მახლობლად, ესტაკადაზე ამოქმედდა, სადაც მშვიდობის მარშის მონაწილეები იკრიბებოდნენ. თურქული მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობები რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე პროფკავშირების მიერ ორგანიზებული სამშვიდობო მიტინგის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ამოქმედდა. მიტინგი სახელწოდებით "შრომა, მშვიდობა, დემოკრატია" ძალადობის წინააღმდეგ იმართებოდა. მიტინგში მონაწილეობის მიღებისკენ მოსახლეობას "ქურთისტანის მუშათა პარტია" მოუწოდებდა.

რაც შეეხება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, იგი ტერაქტის ორგანიზატორების დასჯის პირობას დებს. მას ასევე მიაჩნია, რომ თავდასხმა ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით მოაწყვეს.

რუსეთთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს გონივრული პოლიტიკა, - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 11:37

ნიუ-იორკში პრემიერ-მინისტრი ქართული მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.  მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ღარიბაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებბზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს პრაგმატული პოლიტიკის წარმოება მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან:

"რუსეთთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს, სწორი, გონივრული პოლიტიკა, ეს არის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ყველა სახელმწიფოს მიერ არის დაფასებული.  ჩვენ გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში.  ჩვენ ვრჩებით და დავრჩებით ყოველთვის პრინციპულნი ისეთ საკითხებში, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ამ პრობლემას სჭირდება გონივრული მიდგომა და ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მშვიდობიანი  მოლაპარაკების გზით არის შესაძლებელი," - განაცხადა პრემიერმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური