პარლამენტის ვიცე სპიკერი პრემიერის განცხადებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 მარტი 2016 14:45

კოალიციაში არსებულ დაპირისპირებას და პრემიერის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება პარლამენტის ვიცე სპიკერი. მანანა კობახიძის განცხადებით, ნებისმიერი პრობლემის და კითხვის განხილვა, რომელიც წარმოიშვება, უნდა მოხდეს კოალიციის შიგნით და არა საჯაროდ.

„პრემიერმინისტრის განცხადების შინაარსი და მისი სულისკვეთება მთლიანად მიმართულია იქით, რომ კოალიციაში არსებული დაპირისპირება ამოიწუროს. ყველას მოუწოდა პრემიერმა საკუთრი პასუხისმგებლობების გააზრებისკენ,“ - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

პრემირის განცხადებას ქართული ოცნების  წევრი გია ჟორჟოლიანი ეხმაურება და ამბობს ,რომ მას სრულად იზიარებს.

რესპუბლიკელების პასუხი პრემიერს - ხათუნა სამნიძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 მარტი 2016 13:57

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს: 

 

"ბოლო დღეებში რესპუბლიკელები იძულებული გავხდით საჯარო და მკაცრი პასუხი გაგვეცა კოალიციის ერთ-ერთი პარტნიორი პარტიის წარმომადგენლისათვის. ეს განაპირობა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის და ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მიმართ გაჟღერებულმა განცხადებებმა, რომლებიც თავისი შინაარსით იყო არა მხოლოდ ცილისმწამებლური, არამედ ანტიკოალიციური და ანტისახელმწიფოებრივი.

აღნიშნული ტიპის ანტიდასავლური განცხადებები მრავალჯერ გაკეთებულა, რის გამოც კოალიციურ პარტნიორებს ხშირად გვიწევდა ხაზგასმა, რომ ეს იყო ერთი ადამიანის და არა კოალიციის პოზიცია. მიუხედავად შიდა კოალიციურად საკითხის არაერთ გზის წამოწევისა, პრობლემა არ მოგვარებულა. ამ ანტიდასავლური კამპანიის ნაწილია რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული განცხადებები,რაზეც პირველ ეტაპზე თავი შევიკავეთ, რადგან განმცხადებლის მხრიდან ლაპარაკი იყო მედიის მიერ თითქოსდა აზრის დამახინჯებაზე და ველოდებოდით შემდგომ განმარტებებს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღეში ცილისწამება განმეორდა კიდევ უფრო მძიმე ფორმებში - საგარეჯოში სამართლიანად ჩატარებული შუალედური არჩევნების საბაბად გამოყენებით, ამჯერად უკვე პირდაპირი ანტიდასავლური თავდასხმებით როგორც თავდაცვის მინისტრზე, ასევე პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეზე, რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთ დამფუძნებელზე, ამ ყველაფერს სრულიად ცალსახად მიეცა დაგეგმილი შეტევის ხასიათი. ასეთ ვითარებაში ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ქვეყნის, კოალიციის, პარტიის და ჩვენი კოლეგების პრესტიჟი.

კოალიციის ლიდერმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საჯარო და მკაფიო შეფასება მისცა მომხდარს, განცხადებებს უწოდა მიუღებელი,რაც „ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას“. იმავდროულად, პრემიერმა საკითხის კოალიციურ ფორმატში გადაწყვეტის საჭიროებას გაუსვა ხაზი და დაადასტურა, რომ ეს არის არა პარტნიორებს შორის დაპირისპირება, არამედ ერთი ადამიანის დაპირისპირება კოალიციასთან.

 აქედან გამომდინარე, რესპუბლიკელები ამ ეტაპზე ვწყვეტთ საჯარო დებატებს აღნიშნულ თემაზე, რადგან ველით კოალიციის შიდა ფორმატში, როგორც კოალიციური, ისე სახელმწიფოებრივი ინტერესების საფუძველზე შექმნილი ვითარების მიზეზებსა და მიზნებზემსჯელობას,რის შედეგადაც მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილებები,რომლებიც უზრუნველყოფს კოალიციის წარმატებულ ფუნქციონირებას მის სადამფუძნებლო დოკუმენტში გაცხადებული პრინციპებისა და ღირებულებების მტკიცე დაცვით, ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას,რომ ჩვენ მომავალში სათანადო რეაგირების გარეშე დავტოვებთ უსაფუძვლო ბრალდებებს, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ის" -ნათქვამია ხათუნა სამნიძის განცხადებაში. 

რესპუბლიკელები პრემიერს შეხვდებიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 მარტი 2016 13:54

,,რესპუბლიკური პარტიის" ლიდერები, დღეს, პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან. კონსულტაციები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გიორგი კვირიკაშვილმა კოალიციაში შექმნილ ვითრებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"ყველაფერი გავაკეთოთ,რომ უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი ჯარის პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალური დისტანცირება"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 მარტი 2016 11:37

საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მიუღებელია თავდაცვის მინისტრის მიერ მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა. პრემიერი კოალიციაში მიმდინარე დაპირისპირებებს შეეხო.

„თინათინ ხიდაშელი პირველ რიგში მთავრობის წევრია, იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მიუღებელია მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი ჯარის პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალური დისტანცირება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა

მისი თქმით, დაუშვებელია საამაყო ჯარისკაცები და ოფიცრები პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართული.

"პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კოალიციაში სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო"-პრემიერის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 მარტი 2016 10:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კოალიციაში მიმდინარე დაპირისპირებას ეხმაურება და სოციალურ განცხადებას ავრცელებს:

"პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კოალიციაში სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო. არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ და რის გამო დაიწყო დაპირისპირება. ეს არ უნდა ვაკადროთ, პირველ რიგში, იმ ხალხს, ვინც 2012 წელს მხარი დაგვიჭირა, ქვეყნის მართვა გვანდო და რომლებიც საქართველოს უმრავლესობას შეადგენენ. ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს, რომ პოლიტიკოსები მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკუთარ ქმედებებსა და განცხადებებს, იფიქრონ და დასახონ ხალხის პრობლემების მოგვარების გზები. რამდენიმე დღის წინ გავაკეთე პოლიტიკური განცხადება იმის შესახებ, რომ კოალიციის წევრების მხრიდან თავდაცვის მინისტრის მისამართით ამ ტიპის საჯარო ბრალდებები მიუღებელია და დღესაც ამ აზრზე ვრჩები. თუმცა, ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ თინათინ ხიდაშელი პირველ რიგში მთავრობის წევრია, იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მიუღებელია მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი ჯარის პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალური დისტანცირება. დაუშვებელია, რომ ჩვენთვის საამაყო ჯარისკაცები და ოფიცრები პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართული. საქართველოს მომავლისთვის უცხო და მიუღებელია საბჭოთა კავშირის წიაღიდან წამოსული სტალინისტური სენტენციები, რადიკალიზმი და მარგინალური ფსევდოტრადიციები. „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ეროვნულ თვითმყოფადობაზე დაფუძნებით, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს უზრუნველყოფს. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა უდიდესი ცვლილებები 2012 წელს, უფსკრულისკენ მიმავალი ქვეყანა დააბრუნა ისტორიული განვითარების გზაზე. დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს განახლების პროცესი, რაც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რომელიმე, თუნდაც ერთი ადამიანის ღვაწლის დავიწყებას. „ქართული ოცნება“ აუცილებლად იქნება ისეთი ძლიერი პოლიტიკური ერთობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ეროვნულ ღირებულებებზე, განვითარებაზე, პროგრესზე და ამ გზით საქართველო არა მხოლოდ მექანიკურად შეუერთდება ევროპას, არამედ, ქართული ტრადიციული და კულტურული ღირებულებებით გაამდიდრებს ევროპულ ოჯახს და მისი სრულფასოვანი წევრი გახდება. „ქართული ოცნება“ მზად არის, ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინც ამ პროცესს ფეხს აუწყობს, ვისთვისაც ამგვარი პოლიტიკური ხედვა სისხლხორცეული გახდება, ვინც შეძლებს, დაძლიოს ვიწროპარტიული და ჯგუფური ინტერესები და გაერთიანდეს მთავარი მიზნის – ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარშემო. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას." ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრი არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელთა ასოციაციას შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 14:03

არაალკოჰოლური სასმელის სავალდებულო მარკირების საკითხზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ,არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებთან ერთად ისაუბრა.
შეხვედრაზე, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი თაბუაშვილმა აღნიშნა, რომ სავალდებულო მარკირების სისტემის ამოქმედების შემდეგ, ბაზარზე აღრიცხული პროდუქციის რაოდენობა 17%-ით გაიზარდა.
ასოციაციის წევრები მიიჩნევენ, რომ მარკირება, არსებული ფორმით, დარგში აღრიცხვიანობის მოწესრიგებას ვერ უზრუნველყოფს, ვინაიდან შვეიცარული კომპანია SICPA-ს კუთვნილი მარკირების აპარატები ხარვეზებით მუშაობს.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აღნიშნულ თემას კომპლექსური შესწავლა სჭირდება. ამ მიზნით, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ბაზარზე დაკვირვება გაგრძელდება, კერძოდ, დაითვლება პროდუქციის რაოდენობრივი ზრდა და საბოლოო გადაწყვეტილება კომპლექსური ანალიზის შედეგად მიიღება.
ამასთან, შემოსავლების სამსახურს დაევალა, არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი კომპანიებისა და SICPA-ს წარმომადგენლების მონაწილეობით, გამართოს სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც მარკირების აპარატებთან დაკავშირებულ ტექნიკურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.
ბაზარზე დაკვირვება, სავარაუდოდ, 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ბაზრის შესწავლის პერიოდში, მარკირების საფასურის გადახდას სახელმწიფო განაგრძობს.

ესპანეთი საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 29 თებერვალი 2016 14:49

ესპანეთი, რეგიონული ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით, საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია-მარგაიომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ესპანეთი საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია, მათ შორის ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და დადებითად შეაფასეს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში პარტნიორობა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია ესპანეთის სამეფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი - თბილისში საქმეთა დროებითი რწმუნებულის დანიშვნა. 

ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

"თავისუფალი დემოკრატები" პრემიერს შეხვდებიან?

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 29 თებერვალი 2016 10:08

თავისუფალი დემოკრატები დღეს ელოდებიან პასუხს, შეხვდებიან თუ არა ისინი პრემირმინისტრს. ოპოზიციური პარტია შინაგან საქმეთა მინისტრთანაც ითხოვს შეხვედრას.მთავარი საკითხი, რაზეც ისინი აპირებენ საუბარს, ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმა და მიმდინარე გამოძიებაა, რა ეტაპზეა საქმის მსვლელობა და ყავთ თუ არა სავარაუდო ეჭვმიტანილები.ოპოზიციური პარტია საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ თავდასხმის ფაქტი და დააკავონ დამნაშავეები.თავისუფალი დემორკატები მუხლის გადაკვალიფიცირებასაც ითხოვენ.მომხდარზე გამოძიება სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტია კი ითხოვს, საქმის მსვლელობა მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმის შეფასებით, ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჩვენ უნდა გავაერთიანოთ საზოგადოება პოზიტიური მიზნების გარშემო, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 17:34

ჩვენ უნდა გავაერთიანოთ საზოგადოება პოზიტიური მიზნების გარშემო, დავძლიოთ პოლარიზაცია და მივაღწიოთ კონსენსუსს საზოგადოებაში და ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შორის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერი ამერიკის სავაჭრო პალატის მის გამართულ სამუშაო სადილს დაესწრო, რომელზეც ბიზნესის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და მათ ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების დღის წესრიგი გააცნო.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო რამდენიმე წელი ძალიან წარმატებული იყო საქართველოსთვის - ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ჩატარდა ასოცირების საბჭოს სხდომები ევროკომისიასთან ერთად, გრძელდება ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელება.
„ჩვენი მიზანია საქართველოს განვითარება და მისი ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბება, რომელსაც აქვს ევროპული კანონები და რეგულაციები, ნაკლები ბიუროკრატია, მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობა, დაბალი ფასები ენერგორესურსებზე და, რასაკვირველია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ყველა მეზობელ ქვეყანასთან, ევროკავშირთან. ახლახან ჩვენ დავიწყეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ჩინეთთან. იმედია, წლის ბოლომდე მივაღწევთ წარმატებას ამ მხრივ. ყოველივე ზემოთქმულის წყალობით, საქართველო არის განსაკუთრებული ქვეყანა რეგიონში. ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესასხმელად. ჩვენ ასევე ვუახლოვებთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ნატოს სტანდარტებს, ვმონაწილეობთ რა მის სამშვიდობო მისიებში და მოუთმენლად ველით ვარშავის სამიტს, რათა კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ნატოს. ჩრდილოელ მეზობელთან კონსტრუქციული მიდგომის წყალობით, ჩვენ მივაღწიეთ სტაბილურობას, რაც გვაძლევს საშუალებას, უფრო დავუახლოვდეთ ევროპასა და ნატოს," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ხელისუფლება მუშაობს 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმაზე. საქართველოს მთავრობამ უკვე განიხილა და მოიწონა მოგების გადასახადების გაუქმების ინიციატივა (ესტონური მოდელი), რაც გაზრდის კომპანიების ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს რეინვესტირებას.
„რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ გავატარებთ გადასახადების ადმინისტრირების რეფორმას, რათა ეს სისტემა მომხმარებელზე იყოს ორიენტირებული. საგადასახადო ინსპექტირება განხორციელდება მკაცრად დადგენილ ვადებში და მას განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო უწყება. ხოლო, ანგარიშების დაყადაღება განხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. გარდა ამისა, დღგ მოიხსნება იმპორტირებულ ტექნიკაზე. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ეკონომიკური დარღვევების დეკრიმინალიზაციაზე. ჩვენი რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილია დამწყები ბიზნესების მხარდაჭერა. საქართველო აღარ არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა, მაგრამ ახალგაზრდების წარმოდგენაში პოსტსაბჭოთა აზროვნება მაინც არსებობს. ახალგაზრდები საჭიროებენ ბიზნესზე ორიენტირებულ ცოდნას. ამის მაგალითია ტექნოლოგიური პარკი, რომელიც დაეხმარება მათ ბიზნესზე ყურადღების გამახვილებაში. ამ პარკს ჩვენ ასევე გამოვიყენებთ ახალგაზრდების დამწყები ბიზნესების ხელშესაწყობად," - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, რეფორმების პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს სახელისუფლებო ინსტიტუტებსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ე.წ ფრონტ-ოფისის შექმნაზე, რომელიც ერთი ფანჯრის სისტემით მიაწვდის საჯარო მომსახურებას იურიდიულ და კერძო პირებს.

„რეფორმების დღის წესრიგის კიდევ ერთი ბლოკი მოიცავს ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას. მაგალითად, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილი, ასევე სხვა გზატკეცილების მშენებლობა, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს აკავშირებს ერთმანეთთან და მეზობელ ქვეყნებთან, უფრო დაჩქარებული ტემპით განხორციელდება. ასევე დაჩქარდება სხვა პროექტების განხორციელება. მეოთხე ბლოკი კი ეხება განათლებას, ლაპარაკია გერმანული მოდელის შემოღებაზე," - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთ სიახლეზე ისაუბრა - საქართველოს მთავრობა ქვეყანაში კაპიტალის მნიშვნელოვანი ბაზრის შექმნასა და საპენსიო რეფორმას გეგმავს.

პრემიერის თქმით, რეფორმები წარმატებული ვერ იქნება კერძო სექტორისა და ბიზნესსაზოგადოების მხარდაჭერის გარეშე. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის სავაჭრო პალატას და მის პრეზიდენტს, სარა ვილიამსონს თანამშრომლობისთვის.
ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა სარა ვილიამსონმა საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების განხორციელებაში წარმატებები უსურვა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ალექსი პეტრიაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით პრემიერი შსს მიმართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 15:54

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმის გამო გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. პრემიერი უწყებას მოუწოდებს მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიონ მომხდარი. 

გიორგი კვირიკაშვილი მომხდარს შემზარავს უწოდებს და აღნიშნულთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს.

"მინდა, გამოვეხმაურო ალექსი პეტრიაშვილზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას და მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომხდარი მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიოს. 

მე უკვე ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა ამ შემზარავ ფაქტზე რეაგირება იყოს ძალიან მკაცრი. სამართალდამცავი უწყებები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ, რათა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს საქმის გამოძიება, დამნაშავეების დაკავება და სასამართლოს წინაშე მათი წარდგენა.

მომხდარით უკიდურესად შეშფოთებული ვარ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება", - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური