"ასოცირების ხელშეკრულება არის ძალიან ამბიციური შეთანხმება"-პრემიერი ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებთან შეხვედრაზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 21 მარტი 2016 16:52

საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებთან შეხვედრას დაესწრო , შეხვედრას ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომიც ესწრებოდა.თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, დოკუმენტის იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობა, არსებული გამოწვევები და ის შესაძლებობები, რომელსაც ქართულ ბიზნესსექტორს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმი სთავაზობს- ეს თემები 70-ზე მეტი ქართული და ევროპული კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს შეხვედრაზე განიხილეს. 


"ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოს ბუნებრივი არჩევანია. ასოცირების შეთანხმებისა და მისი შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ამ პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასოცირების ხელშეკრულება არის ძალიან ამბიციური შეთანხმება, რომლითაც გათვალისწინებულია არა მხოლოდ ორმხრივი ვაჭრობა, არამედ ევროპული სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში. ჩვენ ამ პროცესს მოვიაზრებთ არა მხოლოდ როგორც შანსს გაიზარდოს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი, ასევე გაუმჯობესდეს ბიზნესგარემო ჩვენს ქვეყანაში. ასოცირების შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას უკვე აქვს თავისი ზეგავლენა საქართველოს სავაჭრო ბალანსზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 
 პრემიერი მიიჩნევს, რომ ასოცირების შეთანხმება როგორც ქართული კომპანიებისა და ბიზნესისთვის, ისე ევროკავშირის ბიზნესისთვის სარგებლობის მომტანია. 
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო, რომლის გატარებასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს. ევროკომისართან მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ გახსნა. შეხვედრაში ვიცე- პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე და საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი, ასევე ევროკავშირის დელეგაცია და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. 

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება და მედიის წარმომადგენლებისთვის დახურული იქნება  .

მარნეულში პრემიერი და პრეზიდენტი მოსახლეობას დღესასწაულს ულოცავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 21 მარტი 2016 13:03

მარნეულის ცენტრში პრემიერმა და პრეზიდენტმა ცეცხლი დაანთეს. მუსლიმები დღეს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ.დღესასწაული მათ  საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა მიულოცეს.საზეიმო ღონისძიებები ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში რამდენიმე ადგილას იმართება.ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული, ტრადიციულად, 21 მარტს აღინიშნება.

ბათუმში საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი „IUHB” გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 მარტი 2016 16:31

ბათუმში საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი „IUHB” გაიხსნა.
103 პაციენტზე გათვლილ ჰოსპიტალში 400 ადამიანია დასაქმებული. სამედიცინო პერსონალი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტდა. პრემიერ მინისტრი გახსნის ცერემონიალს დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. 
“ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს საშუალება გავხსნათ ჰოსპიტალი, რომელიც არის კიდევ ერთი მაგალითი საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორობის, ძმობის და მეგობრობისა. ეს იქნება საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, სადაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებ სტუდენტებსაც ექნებათ საშუალება მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება. ჩემს ახალგაზრდობაში მქონდა ბედნიერება მესწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, ჩემი პირველი სპეციალობით ექიმი გახლავართ და დღეს ნამდვილად კეთილი შურით მშურს იმ ადამიანების, ვისაც ექნება საშუალება ასეთ სამედიცინო სასწავლებელში ისწავლოს” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
გიორგი კვირიკაშვილმა, ჰოსპიტალში მუშაობისთვის, მადლობა გადაუხადა თურქეთის მოქალაქეს ექიმ კარდიოლოგ ისმეტ მიქელაძეს.

საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გახსნაზე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, რამდენიმე დღის წინ, თურქეთში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

პრემიერი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან აუდიენციას აფასებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 16 მარტი 2016 16:17

პრემიერ- მინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივანთან აუდიენციას ეხმაურება და ამბობს, რომ ჯონ კერის ვიზიტი, რომელიც საქართველოში ზაფხულში იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გიორგი კვირიკაშვილმა იმ მხარდაჭერაზე ისაუბრა, რომელიც სავარაუდოდ აშშ-ის მხრიდან ექნება საქართველოს.

"ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს მიმართ ჩვენი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე ჩვენი ეკონომიკური განვითარების კუთხით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა შეერთებული შტატების მხრიდან," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც ცნობილია აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან შეხვედრა გამართა.

პრემიერის განცხადებას სტუდენტები ოვაციებით შეხვდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 მარტი 2016 15:20

"მინდა, ვთხოვო საბჭოს წევრებს, რომლებიც მხარს უჭერენ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას და თავად გიორგი გაფრინდაშვილს, გაითვალისწინოს არსებული სიტუაცია და, ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნას," - პრემიერ-მისინტრის ამ განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში მიმდინარე აქციაზე სტუდენტები ოვაციებით შეხვდნენ. 
აქციის მონაწილეები მადლობას უხდიან პრემიერს და აცხადებენ, რომ უნივერსიტეტში "ოდეერების" დრო უნდა დამთავრდეს. 

 

ინტერპარტიული ჯგუფი პრემიერს შეხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 მარტი 2016 11:27

უკვე გარკვეულია როდის გაიმართება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე იმ ერთობლივი ჯგუფის პირველი სხდომა, რომლის შექმნის საკითხზეც ინტერპარტიული პრემიერთან შეხვედრაზე შეთანხმდა. თარიღი წინასწარ არ კონკრეტდება.როგორც აცხადებენ, ერთობლივი ჯგუფი საქმიანობას უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ დაიწყებს, რაც პრემიერთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ.კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საბოლოოდ დადგინდება კოალიციიდან ვინ იქნება ჩართული ჯგუფის მუშაობაში. ვინ შევა მის შემადგენლობაში ინტერპარტიული ჯგუფის მხრიდან, ეს უკვე გარკვეულია და სუბიექტები ასევე დღეს დასახელდებიან ინტერპარტიული ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე.ერთობლივი ჯგუფის მუშაობის დაწყების გაჭიანურებას ინტერპარტიულში შემავალი ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ. 

გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 მარტი 2016 14:39

 საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის ბიზნესის წარმომადგენლებს ის ოთხკომპონენტიან სამოქმედო გეგმას წარუდგენს. აღნიშნულ გეგმაში კი გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები: მმართველობითი რეფორმა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განათლების რეფორმა.

შეფასებები პრემიერისა და "რესპუბლიკელების" შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 მარტი 2016 12:20

რას ნიშნავს ორპარტიული თანმშრომლობა - პრემიერისა და "რესპუბლიკური პარტიის" შეხვედრა და მხარეთა განცხადებები აუდიენციის შემდეგ- საკითხებზე პოლიტიკური შეფასებები  კეთდება. პარტია " მრეწველები " -ის ლიდერები გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე ვრცელი კომენტარისგან თავს  იკავებენ , მათი განცხადებით მათ ზუსტი დეტალები არ იციან  და შესაბამისად კომენტარს ვერ გააკეთებენ , ისინი დაელოდებიან პოლიტ საბჭოს სხდომას და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ უპასუხონ შეკითხვებს, კომენტარი გააკეთა ლევან ბერძენიშვილმა ,მისი განცხადებით  „ორპარტიული თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ორი პარტია, რესპუბლიკური პარტია და ქართული ოცნება, იმუშავებენ დოკუმენტზე, სადაც შეაჯერებენ ხედვებს და მოაწერენ ხელს შეთანხმებას, რომელიც არის ჩვეულებრივ, ნორმალურ, წესიერ ქვეყნებში კოალიციებში შემავალ პარტიებს შორის. ვრჩებით კოალიციაში, ვრჩებით კოალიციაში საარჩევნოდ და წარმატების შემთხვევაში ზოგიერთს მოუწევს ჩვენი ატანა,"- განაცხადა ბერძენიშვილმა. 

უმრავლესობის დეპუტატი გია ჟორჟოლიანი კოალიციაში დოკუმენტაციის შექმნას, რომელიც ურთიერთობებს დაარეგულირებს, სწორად არ მიიჩნევს. ჟორჟოლიანი კოალიციაში გარკვეულ ცვლილებებს არ გამორიცხავს.

"კოალიციის საარჩევნო ბლოკი იდენტური არ არის. საარჩევნო ბლოკი რა მიზნებისგან ჩამოყალიბდება, არ მგონია, რომ ამან დრამატული ცვლილება გამოიწვიოს, შეიძლება კონფიგურაცია შეიცვალოს," - განაცხადა ჟორჟოლიანმა. 

ვიყოთ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების, - პრემიერის მოწოდება საჯარო მოხელეებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 მარტი 2016 11:03

მინდა მოვუწოდო ყველა საჯარო მოხელეს, ვიყოთ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების, ვაჩვენოთ მეტი თავმდაბლობა, განსაკუთრებით, როდესაც ვიმყოფებით საჯარო სივრცეში და მივცეთ მაგალითი ჩვენს თანამოქალაქეებს, - ამ მოწოდებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ბათუმის წყლის" დირექტორის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

გიორგი კვირიკაშვილმა საჯარო სივრცეში გამოთქმული ბრალდებების შესწავლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაავალა. პრემიერი მიიჩნევს, რომ ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, „ბათუმის წყლის" დირექტორმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

„საჯარო სივრცეში გაჩნდა ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ შეკამათების გამო მოხდა ბათუმის ერთ-ერთი კვებითი ობიექტისთვის წყლის შეწყვეტა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვთხოვ, მაქსიმალურად დეტალურად შეისწავლოს ეს საკითხი. მინდა, გავერკვეთ ამ საკითხში და თუ ის დადასტურდა, ამ პიროვნებამ სასწრაფოდ უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ჩვენ ვერ შევეგუებით იმ ფაქტს, რომ საჯარო მოხელეები საკუთარ თანამდებობას იყენებდნენ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად. ეს შესაძლოა იყოს უსაფუძვლო ბრალდება, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, გავერკვეთ სიმართლეში და დადასტურების შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა იქნეს მიღებული ასეთი ტიპის გადაწყვეტილება," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საჭიროა ქვეყანაში დამკვიდრდეს საჯარო მოხელის ქცევის ძალიან მაღალი სტანდარტი.

კონსენსუსი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 მარტი 2016 10:13

ჩვენ ვართ მთავრობა, რომელსაც აქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები მისაღწევი, ბევრი ამოცანა გადასაჭრელი და მთავრობის მონოლითურობის ხარისხი უნდა იყოს გაცილებით მაღალი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გადაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილი „რესპუბლიკურ პარტიასთან“ გუშინ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, კოალიციაში აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა ბუნებრივი პროცესია, თუმცა მთავრობა უნდა იყოს ერთიანი საკუთარ გადაწყვეტილებებში.

„ვფიქრობ, მთავრობამ უნდა მოახდინოს მაქსიმალური კონცენტრირება და ფოკუსირება იმ ამოცანებზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გააჩნია, რომელიც არის აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის და ამ მიზნების მიღწევაში უნდა ვიყოთ ერთიანნი,“ – განმარტა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი კოალიციაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო. პრემიერი მიიჩნევს, რომ დაწყებული პოლიტიკური პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ პროცესში იქნება მოლაპარაკებები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.

„ძალიან საქმიანი საუბარი შედგა გუშინ „რესპუბლიკური პარტიის“ რამდენიმე ლიდერთან, სადაც ვისაუბრეთ პარტნიორობაზე „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსა“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ შორის. გარკვეული შეთანხმებები მისაღწევი იქნება წინასაარჩევნო პროცესში. თუ „ქართული ოცნება“ მრავალპარტიულ ფორმატში წარსდგება წინასაარჩევნოდ, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივად იქნება მიღწეული, შემდგომ მრავალმხრივ ფორმატში უნდა დადასტურდეს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მნიშვნელოვნად განახლება და მოხდება კონსოლიდაცია ერთიანი მიზნების გარშემო.

„იმ შემთხვევაში, თუ კოალიციურ ფორმატში მოხდება არჩევნებზე გასვლა, გუნდი რომელიც შეიკრიბება, გაერთიანდება ძალიან მკაფიო მიზნების გარშემო. ეს მიზნები იქნება, უპირველეს ყოვლისა, დაფუძნებული ჩვენს მთავარ ფასეულობებსა და ტრადიციებზე და, რა თქმა უნდა იქნება, კონსენსუსი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე,“ – აღნიშნა პრემიერმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური