წარდგენა-ასპინძა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 აგვისტო 2016 16:40
ჩვენ შეიძლება არ ვაშენებთ იმდენ „ზიზილ–პიპილო“ შენობებს, მაგრამ ვაკეთებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, საბაზისო ინფრასტრუქტურას,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ასპინძაში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ასპიძელებს „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი–გედევან ფოფხაძე წარუდგინა და გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლებას ქვეყნის განვითარების კონკრეტული გეგმა გააჩნია, რაც გულისხმობს ძირეულ ცვლილელებს განათლების სიტემაში, რათა პედაგოგები იყვნენ გაცილებით დაფასებულნი. გიორგი კვირიკაშვილი შეეხო მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს, რაც, მისი თქმით, საქმიან ადამიანს კიდევ უფრო გაუადვილებს ბიზნესის წარმოებას. „ბოლო პერიოდში ჩვენ დიდი ყურადღება მივაქციეთ წყალმომარაგებას და გაზიფიცირებას და ბევრ რაიონში ამ მიმართულებით რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა. ჩვენ ასევე ვარემონტებთ სკოლებს, კულტურის სახლებს, სპორტულ კომპლექსებს, რაც არის საჭირო ჩვენი მომავალი, ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად და დღეს გაცილებით მეტი ფული იხარჯება ინფასტრუქტურაში, ვიდრე ეს იყო 4 წლის წინ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მაქსიმუმი, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილნი და არ ვფიქრობთ, რომ ყველა პრობლემა უკვე მოვაგვარეთ ქვეყანაში. ჩვენ ვიცით რამხელა პრობლემებია რეგიონებში, თუ როგორ უჭირთ ადამიანებს და სწორედ ამიტომ სწრაფი ცვლილების განსახორციელებლად დღეს ჩვენ გვაქვს მომავალი 4 წლიანი გეგმა,“–აღნიშნა პრემიერმა. პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ასპინძელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „არა მოქალაქეების ღირსების გადავლით, არამედ ერთმანეთის პატივისცემით, ჩვენ ავაშენებთ უკეთეს ქვეყანას– უკეთესი განათლების სისტემით, უკეთესი ინფრასტრუქტურით, უკეთესი გზებით, უკეთესი გაზიფიცირებით, უკეთესი სოფლის მეურნებით და ეს არის მიღწევადი!“–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ასპინძის მოსახლეობასთან შეხვედრისას. ბორჯომი -ასპინძის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გედევან ფოფხაძემ სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ მიღწევებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკურმა გუნდმა ქვეყანაში ახალი ღირებულებები დაამკვიდრა. „მგონია, რომ აქ, საქართველოს ამ ისტორიულ მიწაზე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გრძნობა გვაქვს ყველას იმ მომავლის წინაშე, რომელიც ჩვენს ქვეყანას უნდა ჰქონდეს. აი, ამ პატარა ასპინძელების უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, რომელთაც დღეს აქ „ქართული ოცნების“ მაისურები აცვიათ და იმედიანი თვალებით გვიყურებენ. ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება საქართველოს მომავალი სხვანაირი იყოს, თუ არა ნათელი, ძლიერი და დაფუძნებული თავისუფლების დიად იდეალებზე. „ქართულმა ოცნებამ“ ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სრულიად საქართველოს ეგრძნო ის ახალი ღირებულებები, რომლითაც ჩვენ ვიწყებდით ცხოვრებას. მე მინდა, რომ ასპინძამ ბოლომდე იგრძნოს ეს ყველაფერი და ისიც გახდეს იმ პოლოტიკური სივრცის ნაწილი, რომელშიც დღეს სრულფასოვნად არის „ქართული ოცნება“ ჩართული. მე ვიცი, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს დღეს შეუძლია ასპინძას ყველაფერი ის მისცეს, რაც დღეს მას სჭირდება და ნებისმიერმა ასპინძელმა, ნებისმიერმა აქ მაცხოვრებელმა ადამიანმა, მისმა ოჯახმა იგრძნოს, რომ საქართველო სხვა რეალობაში იწყებს ცხოვრებას“,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პრემიერი ხიდაშელისა და უსუფაშვილის განცხადებებს პასუხობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 02 აგვისტო 2016 11:37

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნასთან დაკავშირებით, ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის და პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებებს ეხმაურება.პრემიერი მათ განცხადებებს არაადეკვატურს უწოდებს და ამბობს, რომ ემოციების დაძლევის შემდეგ, ისინი სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ.„გამიჭირდება ამ კომენტარებზე რაიმე პასუხის გაცემა, რადგან ძალიან არაადეკვატური კომენტარები იყო სამწუხაროდ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ქალბატონი თინა და ბატონი დავითი დაძლევენ ამ ემოციებს, ისინი სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელის და დავით უსუფაშვილის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა შეცდომა იყო

პრემიერი ხიდაშელს პასუხობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 28 ივნისი 2016 12:06

 თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა. პრემიერმინისტრი მიიჩნევს, რომ საკითხი მთავრობამ და უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება, პრესკონფერენციებზე თუ პრეს ბრიფინგებზე.მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ იმპლემენტაციის გეგმის საყოველთაო გაწვევის გაუქმება, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იქნა მიღებული.„თინას მხრიდან არის ცოტა არასწორი ინტერპრეტაცია, იყო რა თქმა უნდა, მიმართულება შეთანხმებული, ეს იყო სააკაშვილის დროს მიღებული მიმართულება, რომ საქართველოში, შემდეგ უკვე იმპლემენტაციის გეგმის თანახმად, უნდა გაუქმდეს საყოველთაო გაწვევა. მაგრამ, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილებები არისმრავალგანზომილებიანი და ის მოიცავს არა ერთი უწყების ჩართულობას, როგორიც არის რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე ვფიქრობ, რომ ფინანსებთან არის ეს დაკავშირებული, ასეთი გადაწყვეტილებების გახმოვანება არ ხდება ხოლმე წინასწარი მინიმუმ ტექნიკური მომზადების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებები, რომ ზოგადად ჩვენ მივდივართ ამ მიმართულებით ცნობილია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება, პრესკონფერენციებზე თუ პრეს ბრიფინგებზე. ეს არის ნორმალური ფორმატი, რომ როდესაც იღებ ასეთ გადაწყვეტილებას, უნდა იყოს მინიმუმ კარგი ტექნიკური მომზადება უწყაბათაშორის გავლილი. ამაზე იყო საუბარი და მე მგონია, რომ ეს გაუგებრობა უნდა ამოვწუროთ და თინასაც ვურჩევ, სჯობს სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიაში დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 18:07

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში დაიწყო.
საქართველოს მთავრობის მეთაურს ბერნის საერთაშორისო აეროპორტში შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პრეზიდენტი, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრი იოჰან შნაიდერ-ამანი დახვდა.
გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია  საპატიო ყარაულის მონაწილეობით, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ პრეზიდენტს საქართველოს დელეგაციის წევრები წარუდგინა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია იმყოფებიან.

პრემიერი შსს-ს მადლობას უხდის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 23 ივნისი 2016 14:33

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და სამინისტროს, სავარაუდო დამნაშავის დავით გერლიანის დაკავების ეფექტური ღონისძიებისთვის მადლობას უხდის. 
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ფაქტობრივად, მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამი დღე-ღამის განმავლობაში, განუწყვეტელ რეჟიმში მუშაობდა და ძალიან ეფექტური ღონისძიების შედეგად, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
„თუმცა, სპეციალური გამოძიების საგანი უნდა გახდეს, როგორ მოხდა სავარაუდო დამნაშავის შემოსვლა, მათ შორის, საიდან და როგორ მოხდა ამის ხელშეწყობა. ვფიქრობთ, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ყველა ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

არ შეგეშინდეთ ახალი იდეების,- პრემიერი „სტარტაპ საქართველოს" პრეზენტაციაზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 17 ივნისი 2016 15:39

არ შეგეშინდეთ ახალი იდეების, არ შეგეშინდეთ ნაბიჯის გადადგმის; პირველი ნაბიჯის გადადგმა არის უმთავრესი, იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" პრეზენტაციაზე შეკრებილ ახალგაზრდებს.
პრემიერმა „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში დაიწყო და აღნიშნა, რომ თითოეული ადამიანის შესაძლებლობების რეალიზაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება, რათა ადამიანებმა იფიქრონ, როგორ მოიფიქრონ ახალი იდეები იმისთვის, რომ შექმნან საკუთარი ბიზნესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შევქმნათ შესაბამისი ეკოგარემო, რომელშიც ახალგაზრდები, ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანები ამას შეძლებენ. ამიტომ, დღეს ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ პროგრამას - "სტარტაპ საქართველო". ეს არის პროგრამა, რომელიც შეცვლის ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ, გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და განავითარებს ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდებს, დამწყებ ბიზნესმენებს უნდა ჰქონდეთ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნესიდეა და, შესაძლოა, სრულიად არ ჰქონდეთ კაპიტალი, რომლითაც ბიზნესი უნდა დაიწყონ. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ახალი პროგრამა გამორჩეულია იმით, რომ ქმნის შესაძლებლობებს ნიჭიერი ადამიანებისთვის, რათა მათ, საწყისი კაპიტალის არქონის პირობებშიც, წამოიწყონ ბიზნესი.
„გარემო, სადაც ჩვენ ვიმყოფებით - ტექნოპარკი, რომელიც სულ უახლოეს წარსულში შეიქმნა, იძლევა საშუალებას, გამოვიყენოთ მთლიანად აქ არსებული ინფრასტრუქტურა; აქ არის იურიდიული კომპანიების მომსახურება, აქ გახლავთ ის სამეწარმეო საწყისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს მისცემს საშუალებას, წამოიწყონ ბიზნესი და, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ პროგრამით ბიზნესიდეები დაუფინანსდებათ, სახელმწიფო დაეხმარება ასევე ექსპორტში და მათი შესაძლებლობების ქვეყნის გარეთ რეალიზებაშიც", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, პროგრამისთვის საწყის ეტაპზე 11 მილიონი ლარი გამოიყოფა, ხოლო შემდგომ, გათვალისწინებულია პროგრამის ბიუჯეტის 35 მილიონ ლარამდე გაზრდა.
განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყება და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტები კონკურსის წესით შეირჩევა. დაინტერესებული პირები, ერთი ფანჯრის პრინციპით, ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ტექნოლოგიური პარკის შენობაში, ასევე, იმუშავებს ცხელი ხაზი.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პროგრამის დაწყების მოსამზადებელ სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საპარტნიორო ფონდს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს.

„ეს პროგრამა გახლავთ 4 პუნქტიანი რეფორმების პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი, ეკონომიკური განვითარების ბლოკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. ამ ბლოკით გათვალისწინებულია ასევე ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაცია. მოგეხსენებათ, რომ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. ასევე, რა თქმა უნდა, ამ ბლოკის უმთავრესი ნაწილია, რომ დამწყებ ბიზნესმენებს მიეცეთ საშუალება, მოიპოვონ დაფინანსება თავიანთი იდეების განსახორციელებლად. უმთავრესი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ არ შეგეშინდეთ ახალი იდეების, არ შეგეშინდეთ ნაბიჯის გადადგმის; პირველი ნაბიჯის გადადგმა არის უმთავრესი, იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ", - მიმართა პრემიერმა ახალგაზრდებს.
გიორგი კვირიკაშვილმა, ახალგაზრდების წახალისებისა და მათი საინტერესო, ინოვაციური იდეების განხორციელების სტიმულირების მიზნით, რამდენიმე ცნობილი ფრაზა გაიხსენა.
„კომპანია „ამაზონის" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბუზოსი აცხადებს - „როდესაც მე ბიზნესს ვიწყებდი, ზუსტად ვიცოდი, რომ არ ვინანებდი, თუ ეს წამოწყება დამთავრდებოდა კრახით, მაგრამ ასევე ზუსტად ვიცოდი, რომ ვინანებდი ერთადერთ რამეს - რომ არ მეცადა ჩემი იდეის განხორციელება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს ასევე გაახსენა ცნობილი კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის მაგალითი, რომელმაც კარიერის მანძილზე, უამრავი ქულა მოიპოვა და მრავალი სროლა განახორციელა, რომელიც აცილებით დამთავრდა; მას 36-ჯერ მიეცა გუნდისთვის გადამწყვეტ მატჩში, გადამწყვეტი სროლის განხორციელების საშუალება, 36-ჯერ ააცილა ბურთი კალათს და სწორედ ეს იყო მისი წარმატების საწინდარი.
„ამიტომ, მინდა, არასოდეს შეგეშინდეთ წარუმატებლობის, მინდა, ყოველთვის სცადოთ და დავასრულებ უინსტონ ჩერჩილის ძალიან ცნობილი ფრაზით - „მაშინაც კი, როდესაც თქვენ გიწევთ ჯოჯოხეთის გავლა, გააგრძელეთ სიარული. ეს არის წარმატების საწინდარი", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა პრეზენტაციაზე რამდენიმე ახალგაზრდის ინოვაციური იდეებიც მოისმინა, რომლებიც შესაძლოა, მომავალში ახალი პროგრამით დაფინანსდნენ.
პრეზენტაციას მინისტრთა კაბინეტის წევრები, საპარტნიორო ფონდისა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელები და ახალი სახელმწიფო პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი ახალგაზრდები დაესწრნენ.

 

პრემიერის ვიზიტი გერმანიაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 15 ივნისი 2016 08:37

 პრემიერი გერმანიაში ოფიციალურ ვიზიტს დღეს იწყებს. ის ასევე შეხვდება ბუნდესტაგის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს.გიორგი კვირიკაშვილი ფრიდრიხ ებერტის ფონდშიც გეგმავს გამოსვლას, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, ქვეყნისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და რუსეთთან ურთიერთობებზე ისაუბრებს.ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი. ვიზიტის წინ ვიზალიბერალიზაციაზე კომენტარი გააკეთა გერმანიაში საქართველოს ელჩმა.ლადო ჭანტურია აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ უკავშირდება მხოლოდ საქართველოს, მისი განმარტებით, გერმანიაში არსებობს შიდა პოლიტიკური საკითხები, ასევე სხვა წევრ სახელმწიფოშიც. 

შემაძრწუნებელია თითოეული წუთის გახსენება, - პრემიერი 13 ივნისის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 13 ივნისი 2016 09:58

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა 13 ივნისის ტრაგედიის გახსენებით დაიწყო, რომელსაც 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, შემაძრწუნებელია თითოეული წუთის გახსენება, რაც დედაქალაქში შარშან ხდებოდა, თუმცა ნამდვილად სანუგეშოა იმ კონსოლიდაციის და გადარჩენილი სიცოცხლეების გახსენება, რაც ადამიანების სიცოცხლის გაწირვის შედეგად მოხერხდა.
„ნამდვილად გვანუგეშებს ასევე ჩვენი ახალგაზრდობის კონსოლიდაცია, რომელიც მართლაც ისტორიული იყო იმ დღეებში. ალბათ, მადლობის თქმაც უადგილოა და უბრალოდ აღფრთოვანება უნდა გამოვხატო იმ ახალგაზრდა თაობის თითოეული წარმომადგენლის მიმართ, რომლებმაც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღეს. როდესაც ასეთ მოვლენებს იხსენებ, როგორიც არის 13 ივნისი, 9 აპრილი, გიჩნდება კითხვა, მაინცდამაინც ასეთი უბედურება უნდა დაგვემართოს, რომ ადამიანებს უფრო მეტად უყვარდეთ ერთმანეთი და ასეთი ერთიანობის გრძნობა იყოს ერში. თუმცა, ნამდვილად გამამხნევებელია თითოეული ჩვენგანისთვის იმ კონსოლიდაციის შეგრძნების გახსენებაც კი", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ 65 ოჯახს მთავრობამ საცხოვრისის შესაძენად თანხა უკვე გამოუყო, უდიდესი უმრავლესობა უკვე დაბინავებულია და პროცესი გრძელდება, ბევრი ადამიანის ბინას კი სარემონტო სამუშაოები უტარდება.
„დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, აღდგა ზოოპარკის დაზიანებული ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა ქვეყანამ გამოიჩინა კეთილი ნება და გადმოგვცა ცხოველები. დღეს ზოოპარკი ისევ არის ღია, როგორც ჩვენი ქალაქის, ისე სხვადასხვა კუთხის მცხოვრებლებისთვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომზადდა დასკვნა იმ ზონების შესახებ, სადაც ცხოვრება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშია, რაც მომავალში რისკს აგვაცილებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გასულ წელს დაღუპული მაშველი ზურაბ მუზაშვილი გაიხსენა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე 8 ადამიანის გადარჩენას შესწირა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სიმბოლურია, რომ 13 ივნისის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე, საქართველოს მთავრობა მეხანძრე-მაშველებისა და მაშველებისთვის სამართლებრივი და სოციალური უზრუნველყოფის პაკეტის გაუმჯობესების ინიციატივას განიხილავს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით მომზადდა.

მაშველების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევაში, ზუსტად ისე, როგორც პოლიციელის შემთხვევაშია, ოჯახს ერთჯერადად 100 ათასი ლარი, ხოლო შემდგომში ყოველთვიურად 1000-ლარიანი შემწეობა გადაეცემა.
„რა თქმა უნდა, ყველა მათგანს უნდა ვუსურვოთ მშვიდობიანი მოღვაწეობა, მაგრამ ვფიქრობთ, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ამ დონეზე აყვანა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სენსიტიური ასპექტების მიუხედევად ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობას ვაგრძელებთ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 10 ივნისი 2016 10:01

ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან თანმიმდევრულ მუშაობას ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით, მიუხედავად მთელი რიგი გამოწვევებისა და გარკვეული სენსიტიური ასპექტებისა, ვიმედოვნებთ, რომ არჩევნებამდე, ეს პროცესი დასრულდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ენერგეტიკული უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციის სადისკუსიო ნაწილში, რომელსაც მოდერატორობას უწევდა საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრის ენერგეტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების პროგრამის მკვლევარი ედუარდ ჩოუ.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.
„საქართველომ შეასრულა ყველა დავალება და დაასრულა მუშაობა ყველა ტექნიკურ ასპექტებზე ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ჩვენ შევასრულეთ ის მოთხოვნა, რაც ევროკომისიას გააჩნდა, ამიტომაც ჩვენი ძალისხმევა შეფასდა პოზიტიურად გასული წლის დეკემბერში. ამჟამად ვართ მხარდაჭერისა და კონსოლიდაციის პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. ვიმედოვნებთ, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას. რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს დისკუსიები, გვაქვს საუბრები ევროპელ ლიდერებთან, მაგრამ იმავდროულად გვესმის რა გამოწვევები გააჩნია ევროპას - ეს არის მიგრანტების კრიზისი, ეს არის რეფერენდუმები. ჩვენ საკუთარ თავს მოვიაზრებთ როგორც ევროპული ოჯახის ნაწილს, რადგან ისტორიულად ყოველთვის ვიყავით ნაწილი ევროპული კულტურისა. მიგვაჩნია, რომ ევროპა არის ჩვენთვის საბოლოო დანიშნულების ადგილი. ვიზალიბერალიზაციის საკითხი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია პროდასავლური ძალების მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს, რომ პროცესი დასრულდება 8 ოქტომბრამდე, როდესაც ჩვენ გვაქვს საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ რასაკვირველია, ეს არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ მისაღები გადაწყვეტილება," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს ვიზალიბერალიზაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა საგარეო საფრთხეებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც დგას საქართველო, არის ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები.
„საქართველოს ორი ისტორიული ნაწილი არის ოკუპირებული - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. არსებობს საკმაოდ მძიმე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხები, ხდება სამხედრო მოძრაობები ორივე ტერიტორიაზე, არსებობს მძიმე დარღვევები ძირითადად ადამიანის უფლებების კუთხით. ამ საოკუპაციო ზონების მიღმა არის პრობლემები ეთნიკურ ქართულ მოსახლეობასთან დაკავშირებით. მათ ართმევენ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას, ართმევენ და უზღუდავენ ქონებრივ უფლებებს. გუშინ ადგილი ჰქონდა ახალი ნიშნების დამონტაჟებას, მიმდინარეობს ბორდერიზაციის პროცესი, გვყავს ეთნიკური ქართველები, რომლებსაც პერიოდულად ატყვევებენ საოკუპაციო ძალები. ეს ადამიანები ხვდებიან ციხეებში და ხშირად მათგან ითხოვენ გამოსასყიდს. მიუხედავად ყველაფრისა, ვერაფერი შეცვლის საქართველოს ბედს, რომელსაც თავად ქართველი ხალხი განსაზღვრავს. არასოდეს იყო საქართველოს სუვერენული განწყობა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს და მიუხედავად ყველა ამ გამოწვევისა, ჩვენი კონსოლიდაციის და გაერთიანების სურვილი და განწყობა ამ სტრატეგიული მიზნების გარშემო არის ძალიან ძლიერი. მე ვერ ვხედავ ვერანაირ მნიშვნელოვან საფრთხეს, რაც შეაფერხებს დასავლეთისკენ სვლას და გადაგვახვევინებს ამ სტრატეგიული გზიდან," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

სამმხრივი შეხვედრა ბათუმის მინისტერიალის ფარგლებში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 08 ივნისი 2016 14:36

მწვანე ეკონომიკის განვითარება პანევროპულ რეგიონში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის და განათლება მდგრადი განვითარებისთვის, - ეს იყო მაღალი დონის სამმხრივი შეხვედრის ძირითადი თემები, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაეროს წარმომადგენლებს შორის გაიმართა. შეხვედრისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე მსჯელობას და აღინიშნა, რომ ჯანსაღი გარემო ადამიანის კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, მუშავდება სათანადო პოლიტიკა და ინერგება ეფექტიანი მექანიზმები, ასევე შემუშავებულია ახალი საკანონმდებლო რეგულაციები. 

მხარეებმა საუბრისას ასევე განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ უმნიშვნელოვანესია განათლება მდგრადი განვითარებისათვის. შეხვედრის მონაწილეების შეფასებით, საჭიროა მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და ისეთი ქცევის წესების დანერგვას, რომელიც შესაბამისობაში იქნება გარემოს დაცვასთან. შეხვედრაზე საუბარი ეკოლოგიურ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასაც შეეხო. სამმხრივ შეხვედრაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, UNECE-ის აღმასრულებელი მდივანი კრისტიან ფრის ბახი, UNECE-ის გარემოსდაცვითი განყოფილების დირექტორი მარკო კეინერი, UNECE-ის გარემოსდაცვითი განყოფილების დირექტორის მოადგილე სერჯიუს ლუდვიჩაკი, გარემოსდაცვითი სამსახურის უფროსი ჯან როდრიგესი; გარემოსდაცვით საკითხებზე ევროკომისიის გენერალური დირექტორატის საერთაშორისო პოლიტიკის, გლობალური და რეგიონალური გამოწვევების განყოფილების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ჰენლი, გარემოსდაცვით საკითხებზე ევროკომისიის გენერალური დირექტორატის ინტეგრაციის პოლიტიკისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების განყოფილების უფროსი ჯორჯ-სტავროს კრემლისი მონაწილეობდნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური