საგადასახადო რეფორმის ესტონური მოდელის დანერგვა საქართველოში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 02 თებერვალი 2016 12:02

საქართველოში საგადასახადო რეფორმის ესტონური მოდელის დანერგვა და მმართველობის რეფორმა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ესტონეთის ელჩის, პრიიტ ტურკის შეხვედრის მთავარი თემები.

საგადასახადო რეფორმის პროცესში საქართველოს აქტიურ დახმარებას უწევენ ესტონელი ექსპერტები, რისთვისაც პრემიერმა ელჩს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას ასევე ისაუბრეს მთავრობის რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულების - მმართველობის რეფორმის შესახებ, რომელიც გამჭვირვალობის ზრდას და, მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრმა ესტონელ დიპლომატს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. 

ბარაკ ობამას წერილი გიორგი კვირიკაშვილს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 17:36

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა  გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს, საქართველოს, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მხარდაჭერას უცხადებს და გიორგი კვირიკაშვილთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

„ჩვენი უმთავრესი გლობალური პრიორიტეტების გატარებაში, საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც თავდაუზოგავად მონაწილეობს ავღანეთის მისიაში და წვლილი შეაქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გარწმუნებთ, ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც მხარს დაუჭერს ამ ტრაექტორიას. თქვენს ხელმძღვანელობას უდიდესი მნიშვნელობა ექნება საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმისათვის აუცილებელი რეფორმების განხორციელების საქმეში. იმედის თვალით შევყურებ თქვენთან თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის განსამტკიცებლად. ვიმედოვნებ, შემომიერთდებით ბირთვული უსაფრთხოების წლევანდელ სამიტზე, რათა განვაგრძოთ რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევა", - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილში.

 

“საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები”-ფორუმი პრემიერმა გახსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 12:39

საერთაშორისო ფორუმი – “საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები” მიმდინარეობს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
ფორუმი “ქორთიარდ მარიოტში” ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში იმართება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებიან.
სტუმრებს სიტყვით მიმართავენ: ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გერმანიის ელჩი საქართველოში ბეკინა კადენბახი და IDFI-ს დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.
როგორც გიორგი კლდიაშვილმა ჟურნალისტებს ფორუმის დაწყებამდე განუცხადა, ფორუმი ორდღიანია და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. კერძოდ, განსახილველ საკითხებს შორისაა: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება და საქართველოს დემოკრატიული განვითარება.
კლდიაშვილის განმარტებით, მომხსენებლები იმსჯელებენ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე, ევროპის ენერგოთანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე, ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე და ა. შ. სპეციალურად ფორუმისთვის საქართველოს უცხოელი ექსპერტებიც ეწვივნენ.

ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელი გამკაცრდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 29 იანვარი 2016 10:34

გარდაბანში ჩატარებულ გამგებლის არჩევნებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე ისაუბრა პრემიერმინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა დამკვირვებლებს და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა და მმართველი გუნდის კანდიდატს, გოჩა ჯამარაულს გამარჯვება მიულოცა.

პრემიერის შეფასებით, გარკვეული დაძაბულობა საარჩევნო უბნების გარეთ იყო. გიორგი კვირიკაშვილმა ყველას, მათ შორის მმართველი ძალის მხარდამჭერებს სიმშვისკენ მოუწოდა.

"ოქტომბერში გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ  მართლაც ევროპული, მაღალი კულტურის მქონე ქვეყანა და შევძლოთ ისეთი ურთიერთობა, მიუხედავად ყველანაირი პროვოკაციებისა, რომლებიც შესაძლოა წამოვიდეს და ვიღაცას შეიძლება მართლაც აწყობდეს გარკვეული არეულობა, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, ჩვენ გვაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა, როგორც მმართველ ძალას," - განაცახდა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერმა დღესვე, მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრს მიმართა გადახედოს ცივილიზებულ ქვეყანაში არსებულ გამოცდილებას, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის არსებულ სასჯელებთან დაკავშირებით. 

"ფიზიკური შეურაცხყოფისთვის უფრო მკაცრი სასჯელებია გათვალისწინებული და იქნებ ამ კუთხითაც გარკვეული პრევენცია გაგვეკეთებინა არჩევნებამდე," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.  

პრემიერის და ოპოზიციის შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 იანვარი 2016 17:04

არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფთან შეხვედრა დასრულდა. პრემიერი და ოპოზიცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

"მე შეხვედრის დაწყებამდე ვთქვი, რომ არც გადაჭარბებული იმედები მაქვს და არც უიმედოდ შევდივარმეთქი. იყო უაღრესად საქმიანი და მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩვენს მიერ დაყენებული თემებიდან, გლობალურ ცვლილებაზე, რასაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილება ჰქვია, პრემიერმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ ეს საკითხი განხილვის საგანი კვლავ გახდება მმართველ კოალიციაში და თუ საჭირო გახდება, ამ განხილვის პროცესში, შეიძლება ჩვენი ჩართულობაც კი მოხდეს. მეორე - უახლოეს დღეებში შეიქმნება ფორმატი, რომელიც საარჩევნო გარემოს ყველა პრობლემატურ საკითხს მსჯელობის საგნად გახდის, დაწყებული სისტემიდან, დამთავრებული სხვა საკითხებით. ამიტომ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ იყო იმედისმომცემი შეხვედრა, მაგრამ ზედმეტ ეიფორიაში არ უნდა გადავვარდეთ, რომ რაღაც ახალი მოხდა - არა. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესი.

ეს აბსოლუტურად საკმარისია, რომ შესაჯერებელზე შევჯერდეთ და ვერშესაჯერებელზე ვთქვათ, რომ ვერ შევჯერდით. ამის მერე იქნება საპარლამენტო იმპლემენტაცია და ჩათვალეთ, რომ 6 თვით ადრე არჩევნებამდე ჩვენ გვექნება შეცვლილი საარჩევნო სისტემა, რაც უკვე კარგია", - დასძინა კაციტაძემ.

სპეცუბნებს ვაუქმებთ, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 იანვარი 2016 12:53

საარჩევნო სპეცუბნების გაუქმების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი მთავრობის სხდომის დღის წესრიგში უკვე ატვირთულია.
არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრისას გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა პოლიტიკურ პროცესში მაღალი ჩართულობის მნიშვნელობას და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ინტერპარტიული ჯგუფის მოსაზრებებზე ერთობლივი მსჯელობის მზადყოფნა გამოთქვა.
„ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ, პოლიტიკურ პროცესში ჩართულობა იყოს გაცილებით უფრო მაღალი, გვინდა დავამკვიდროთ ურთიერთობის მაღალი კულტურა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში, რათა ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს მთელს მსოფლიოში, რომ შეგვიძლია, ერთმანეთთან ცივილიზებულად ვისაუბროთ და არა მხოლოდ ვისაუბროთ, არამედ მოვისმინოთ ერთმანეთის და ჩავატაროთ მართლაც სამაგალითო არჩევნები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს ასევე მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ საქართველო იმყოფება ევროკავშირთან ასოცირების პროცესში და ბოლო პერიოდში, ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
„ეს მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ ჩვენ შევძლოთ და ერთმანეთის მოვისმინოთ. რაღაც შეიძლება გავითვალისწინოთ, რაღაც შეიძლება - არა, მაგრამ მთავარია, კონფრონტაციული ფორმატიდან გამოვიდეთ და საუბრის ფორმატში გადავიდეთ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფს ხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 იანვარი 2016 12:07

ამ წუთებში, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფს ხვდება. "ახალი მემარჯვენეების" ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით, საუბარი საარჩევნო საკითხებს შეეხება. "შეხვედრის თემა  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია, ნაკლოვანებები კანონმდებლობაში, როგორც კონსტიტუციაში, ასევე საარჩევნო კოდექსში და ამ ნაკლოვანებების შეცვლის აუცილებლობა," -  განაცხადა მამუკა კაციტაძემ შეხვედრის დაწყებამდე. 

ინტერპარტიული ჯგუფი დღეს პრემიერმინისტრს შეხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 იანვარი 2016 10:10

საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი დღეს პრემიერმინისტრს შეხვდება. მთავარი განსახილველი საკითხი 2016 წლისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილება და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება იქნება.არასაპარლამენტო ოპოზიციას კონკრეტული წინადადებები აქვს. ისინი იმედოვნებენ, რომ დიალოგი შედეგიანი იქნება და პრემიერი გაიზიარებს მათ რეკომენდაციებს. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში 12:00 საათზეა ჩანიშნული.

 

ნიკოლოზ მჭედლიშვილი პრემიერის ინიციატივის შესახებ "სტარვიზიის" ეთერში (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
კვირა, 24 იანვარი 2016 12:19

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობამ საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით აქტიური მუშაობა დაიწყო. საქმე ეხება მოგების გადასახადის დაბეგვრას მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში. პრემიერის ინიციატივის შესახებ, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცეპრეზიდენტმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა  "სტარვიზიის" ეთერში, გადაცემაში "აქტუალური თემა" ისაუბრა.

 

გიორგი კვირიკაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 იანვარი 2016 17:24

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კარიმ მასიმოვს შეხვდა. შეხვედრა დავოსში გაიმართა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საქართველო - ყაზახეთს შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს, ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.

შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა და კარიმ მასიმოვმა აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური