პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოში შინდისთან დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალი გვირგვინით შეამკო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2016 14:49

 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის აგვისტოში სოფელ შინდისთან დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალი გვირგვინით შეამკო. 
" ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, აქ მოვდივართ მადლიერებით, რათა პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად, გმირულად დაგვიცვა ჩვენ, დაიცვა დედაქალაქი, დაიცვა ჩვენი სამშობლო ვერაგი მტრისგან, მადლობა და დიდება მათ სახელებს, მათ ხსოვნას, მადლობა მათ ოჯახებს, რომ ასეთი შვილები, ქმრები და ძმები გაგვიზარდეს “,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა
2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში II ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურე გმირულად დაიღუპა საბრძოლო შეტაკების დროს, სადაც დღეს გმირთა მემორიალია აღმართული.

 

მოქალაქეების ნაწილი პრეზიდენტს მიმართავს, ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ დანიშნოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 04 აგვისტო 2016 14:51

საქართველოს მოქალაქეების ნაწილი პრეზიდენტს მიმართავს, ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ დანიშნოს. ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში პეტიცია გამოქვეყნდა. პეტიციას ამ დროისთვის 110 ადამიანამდე აწერს ხელს.  მიმართვის 
”ჩვენ, პეტიციის ხელმომწერები, მოვითხოვთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ დანიშნოს რეფერენდუმი ადამიანის უფლებების შესაზღუდად და არ დააკმაყოფილოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაგზავნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა სამოქალაქო ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის დანიშვნა წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან და გრძელვადიანი შედეგების მქონე დარტყმას მიაყენებს ეროვნულ ინტერესებს, გააძლიერებს რუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას, პრორუსულ ძალებს და დაამძიმებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის უფლებრივ მდგომარეობას.
ვფიქრობთ, ქორწინების საკითხის განსაზღვრა ახლა, იმ უამრავი მწვავე და აქტუალური საკითხის ფონზე, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ხელოვნური და სახიფათოა. როგორც ერთ-ერთ გამოსვლაში თავადაც აღნიშნეთ, ეს საკითხი უკვე გაწერილია კანონმდებლობაში და არ საჭიროებს შემდგომ რეგულაციას. ამ თემაზე რეფერენდუმის დანიშვნა საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ძალადობის და პოლიტიკური გარემოს უფრო მეტი პოლარიზაციის სერიოზულ რისკებს აჩენს. ვინაიდან, ეჭვგარეშეა, რომ ხელისუფლება რეფერენდუმის დანიშვნას კონსერვატიული და პრორუსული ამომრჩევლის მოსაზიდად იყენებს, რასაც სერიოზული გავლენა ექნება არჩევნების შედეგებზე და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივაზე, რეფერენდუმი არ უნდა დაინიშნოს.
ამასთან, რეფერენდუმის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, არ შეიძლება რეფერენდუმის დანიშვნა იმ საკითხებზე, რამაც შეიძლება ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები შეზღუდოს. რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება უკვე განისაზღვრება, როგორც "ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ", სარეფერენდუმო კითხვა: "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის" აბსურდულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. 
მიგვაჩნია, რომ წინასაარჩევნოდ, ამ საკითხის წინ წამოწევა და საზოგადოების ნაწილის ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განწყობებზე კაპიტალიზება, არის ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადაფარვის მცდელობა. ამასთან, პროცესი თავიდან ბოლომდე ექცევა რუსული პროპაგანდის ნარატივში, სადაც დასავლეთი წარმოდგენილია როგორც „გარყვნილების თავსმომხვევი“ და „ეროვნული იდენტობისა და მართლმადიდებლობის მტერი“. რეფერენდუმის გამოცხადება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არც ერთი ლგბტ ორგანიზაცია დღის წესრიგში არ აყენებს ქორწინების თანასწორობის საკითხს, ყველა იმ ლეგენდისა და მითის ლეგიტიმაციაა, რომელიც ქართული საზოგადოების დასაშინებლად რუსული პროპაგანდის მანქანამ შეთხზა. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს ხელი შეუშალოს ოკუპანტის პროპაგანდას და არ გადადგას დამღუპველი ნაბიჯი, რომელიც მძიმე დარტყმას მიაყენებს როგორც კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს, ისე ქართველი ხალხის ნებას, შეუფერხებლად გაგრძელდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი”, - ნათქვამია პეტიციაში. 

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ბრაზილიაში ზაფხულის ოლიმპიადის გახსნას დაესწრებიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 04 აგვისტო 2016 12:20

პრეზიდენტი და პირველი ლედი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დასასწრებად ეწვივნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით , დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის და მაკა ჩიჩუას შეხვედრა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებთან, პრეზიდენტი და პირველი ლედი ასევე ქართველი ოლიმპიელების გამოსვლებსაც დაესწრებიან. საქართველოს პრეზიდენტი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის სახელით გამართულ ოფიცილურ მიღებას ზაფხულის ოლიმპიადის გახსნაზე დამსწრე სახელმწიფო ლიდერებთან ერთად დაესწრება.
გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან გამართავს.

„აქცენტი პრეზიდენტის სიძეზე მიზანმიმართულად იყო გაკეთებული“ - სოსო ბარათაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 31 ივლისი 2016 22:20

“2016 წლის 28 ივნისს დაახლოებით 16 საათზე გააჩერეს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის ავტომანქანა, სადაც მასთან ერთად მისი ორი მეგობარიც იმყოფებოდა. ისინი გადმოიყვანეს მანქანიდან, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, შემდეგ მოხდა ავტომანქანის ჩხრეკა. ამის შემდეგ მინდია გოგოჭურის მეგობრები გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო თავად მინდია - საკუთარ სახლში. იქ ჩატარდა ბინის ჩხრეკა. მათი თქმით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მინდია გოგოჭურს გააჩნდა იარაღი, ხოლო დანარჩენ პირებთან არ ჰქონდათ პრეტენზია. თვითონ მინდიამ მაშინვე მოითხოვა ადვოკატი, მაგრამ მათ არ მისცეს ამის უფლება. რამდენიმე საათის განმავლობაში ამ ადამიანებს თავისუფლება ჰქონდათ შეზღუდული და პოლიციელთა მხრიდან მათ არ განემარტათ თავიანთი უფლებები,“ - განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა "სტარვიზიის" ეთერში. უყურეთ "სტარვიზიაზე" და უსმინეთ რადიო star fm-ზე, "აქტუალური თემის" შეკითხვებს სოსო ბარათაშვილი პასუხობს.

პრეზიდენტის სიძე საპოლიციო მოქმედების ფარგლებში გაჩხრიკეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 ივლისი 2016 12:58

პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობას ეხება, განმარტება შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა გააკეთა. ხუციშვილის განცხადებით ეს რეგულარული საპოლიციო ღონისძიება იყო.„ესეთ ოპერაციას პოლიცია ატარებს დღეში ათს. ჩვეულებრივი ღონისძიებაა. ეს არის ჩვეულებრივი საპროცესო მოქმედება, სტანდარტული საპოლიციო მოქმედება, რომელიც დღეში ათობით ტარდება,“ - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.



ირაკლი კობახიძის განცხადება კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 19:58

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებას არაეთიკურსა და არაკორექტულს უწოდებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს დღეს ხელმძღვანელობენ იგივე ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ საარჩევნო შტაბს 2013 წელს, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი გახდა სწორედ ამ გუნდის დახმარებით, სოფელ-სოფელ და ქალაქ-ქალაქ სიარულით, გიორგი მარგველაშვილი.
„აქედან გამომდინარე, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია, არაკორექტულია და არაეთიკურია პრეზიდენტის მხრიდან საუბარი, კითხვების დასმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ამოძრავებდა საარჩევნო შტაბს არჩევნებში მონაწილეობის პროცესში. ძალიან კარგი იქნებოდა პრეზიდენტს დაესვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო ბოკერიას და მელიას როლი კორცხელის ინციდენტისა და პროვოკაციის წამოწყების დროს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საუბრის დასასრული

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 09:56

18-19 ივლისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გაიმართება.

ქვეყნის პირველი პირი ლიუბლიანაში პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და საქართველოს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და პირველი ლედის მაკა ჩიჩუას დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლუბლიანაში, სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბორუტ პაჰორის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ასევე დაგეგმილია საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას შეხვედრა სლოვენიის პირველ ლედისთან ტანია პეჩარისთან.

საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის პატივსაცემად სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბორუტ პაჰორის და ტანია პეჩარის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართება.

გიორგი მარგველაშვილი, ვიზიტის ფარგლებში, შეხვდება სლოვენიის პრემიერმინისტრს მირო ცერარს, ასევე, სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მილან ბრგლეზს, ქალაქ ლიუბლიანას მერს ზორან იანკოვიჩს და ქალაქ პირანის მერს პიტერ ბოსმანს.

დაგეგმილია ასევე, სამუშაო ლანჩი სლოვენიის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის მინისტრ პიტერ გასპერsიჩთან.

პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება, რომელიც საქართველოსა და სლოვენიის მთავრობებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და სამუშაო პასპორტების მქონე პირთა ვიზების გამარტივებას ეხება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, მაია მელიქიძე, ანა დოლიძე, კახა კოჟორიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოს ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში ზურაბ ბექაია, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში 19 ივლისს დასრულდება.

 

პრეზიდენტი კონსულტაციებს მართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 ივლისი 2016 11:39

პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ფრაქციის "თანასწორობა" წევრებს შეხვდა.  გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში კონსულტაცია უმაღლესი საბჭოს ფრაქციის "თანასწორობა" წარმომადგენლებთან ასმათ დიასამიძესა და მედეა ვასაძესთან გამართა. შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურა პატარაძის კანდიდატურის წარდგენის საკითხი განიხილება.პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციებს განაგრძობს. გიორგი მარგველაშვილი უმაღლესი საბჭოს ფრაქციის "დემოკრატიული აჭარა" თავმჯდომარეს სულხან ღლონტსა და ფრაქციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტზე ზურა პატარაძის კანდიდატურის წარდგენის საკითხი განიხილება. 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება NATO-ს სამიტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 ივლისი 2016 17:14

საქართველოს დელეგაცია ვარშავაში, NATO-ს სამიტზე ქართული პოლიტიკური ძალების ერთობლივი დეკლარაციით წარსდგა, რომელსაც ხელს აწერს ასევე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ვარშავის სამიტზე საქართველოს დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომელიც საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა მიიღეს და რომელშიც მხარდაჭერილია საქართველოს NATO -ს კურსის ურყევი ნება.

„ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ყველა პარტია, როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლებო აწერს ხელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მადლობა მინდა გადავუხადო ამ პარტიებს - როდესაც, საკითხი ეხება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ქვეყნის ინტერესს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ უნარი გაერთიანდნენ და ერთიანი პოზიციით გამოვიდნენ, ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ ქვეყნის სასარგებლოდ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ქართველ მუსლიმებს რამადან–ბაირამის დასრულება მიულოცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 17:30

"გულითადად გილოცავთ რამადანის ერთთვიანი მარხვის საზეიმო დასრულებას. რამადან–ბაირამს – სულიერი განწმენდისა და სიკეთის გამარჯვების ამ უდიდეს დღესასწაულს ყველა თქვენგანი განსაკუთრებით  აღნიშნავს.

საქართველოს მუსლიმ თემს, ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს, საკუთარი გარჯითა და ქვეყნისადმი ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი საერთო სამშობლოს  აღმშენებლობაში.

ამიტომ თქვენი სიხარული - თითოეული ჩვენგანის სიხარულია. წარმატებებს, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს,"-განაცხადა პრეზიდენტმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური