”გირჩი“ პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 17:28

პოლიტიკური ცენტრი ”გირჩი“ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მიმართავს. მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

”ბატონებო, მოგეხსენებათ, რომ 2016 წლის 31 დეკემბერს ჩვენ, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დამფუძნებლებმა თანამოაზრეებთან ერთად, თუ მანამდე კანონმდებლობა არ შეიცვალა, საჯაროდ უნდა დავარღვიოთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების 12 წლამდე აღკვეთას.


გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრება ამ აქციისა და შესაძლო შედეგების შესახებ. ჩვენ არ გვეგულება ქართული საზოგადოების არც ერთი ჯგუფი, პარლამენტის წევრები, სტუდენტები, ხელოვანები, ბანკების თანამშრომლები, საჯარო მოხელეები, სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანები, უნივერსიტეტების პროფესორები, სოფლად თუ ქალაქად, რომლის წევრები არ არიან აკრძალული ნივთიერებების, ყველაზე ხშირად კი კანაფის მომხმარებლები.

რამდენიმე დღის წინ, 21 ნოემბერს, გამოქვეყნდა გაერო-ს ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის ანგარიში, სადაც ვკითხულობთ:
„პირადი ცხოვრება არის „პიროვნების ავტონომიისა და ღირსების საფუძველთა საფუძველი“. სახელმწიფოს შეუძლია ჩაერიოს ადამიანის პირად ცხოვრებაში მხოლოდ მაშინ, თუ ის შეძლებს დაამტკიცოს, რომ ჩარევას აქვს ლეგიტიმური მიზანი (მაგალითად, სხვა ადამიანისთვის ზიანის რისკის აცილება) და ასევე, არის პროპორციული და აუცილებელი. ადამიანების დასჯა ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის ფლობისთვის, როდესაც ის სხვას ზიანს არ აყენებს, არც პროპორციულია, არც აუცილებელი და შეუძლებელია მიჩნეულ იქნას დასაბუთებულ ჩარევად. მთლიანობაში, სახელმწიფოს ასეთი ჩარევა ძირს უთხრის პიროვნების ავტონომიასა და ადამიანის ღირსებას“.

იგივე აზრს ავითარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო:

,,სახელმწიფო არ შეიძლება ადამიანის თავისუფლებაში ჩაერიოს ზედმეტად, რადგან შედეგად მივიღებთ არა უფლებათა დაცვას, არამედ მის შეზღუდვას“.” ხელისუფლება შეზღუდულია უპირობო ვალდებულებით, ადამიანის თავისუფლებაში ჩაერიოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გარდაუვალია და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს ობიექტურად აუცილებელია“.

”ამა თუ იმ ქმედების დასჯადად გამოცხადება შესაბამისი საზოგადოებრივი სიკეთეების, ლეგიტიმური მიზნების დაცვის რეალური და ობიექტური აუცილებლობის გარეშე, ხელისუფლების ქმედებას აცლის კონსტიტუციურ საფუძველს – ხელისუფლება, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს, კონსტიტუციის მიღმა მოქმედებს“.

კანაფის მომხმარებლები არ გამოირჩევიან არც აგრესიულობით და არც ანტისაზოგადოებრივი ქმედებებით. მიუხედავად სახელმწიფოების ხანგრძლივი პროპაგანდისა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი უკვე მიიჩნევს, რომ ზოგადად, აკრძალული ნივთიერებების, განსაკუთრებით კი კანაფის მოხმარების გამო ადამიანის დასჯა არ შეიძლება. 

დღეს საქართველოში მოქმედი ნარკოპოლიტიკა არის ადამიანის ღირსების შემლახავი, სასტიკი და ამიტომაც ანტიკონსტიტუციური.
ჩვენი (გირჩის) დამოკიდებულება: 

წინასაარჩევნოდ დარწმუნებული ვიყავით, რომ გვქონდა ქვეყნის განვითარების საუკეთესო და მარტივი გეგმა. ნებისმიერ სფეროში - განათლებაში, ჯანდაცვაში, სახელმწიფო მმართველობაში, საკუთრების უფლების რეგისტრაციაში და ა.შ., ჩვენი მიდგომა დამყარებული იყო ადამიანის თავისუფალი არჩევანის უპირატესობაზე. ადამიანის მეტი თავისუფლება მორალურად სწორი და საზოგადოებისთვის პრაქტიკულადაც სასარგებლოა.
ჩვენთვის მთავარი პრობლემა დაბადებიდან სიკვდილამდე შეუჩერებელი სახელმწიფო პროპაგანდის „წყალობით“ შექმნილი საზოგადოებრივი აზრია, რომელიც „მზრუნველი სახელმწიფოს“ მითს ნერგავს.

ამავე დროს, ფაქტია, რომ იმ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ვისთანაც უშუალო კონტაქტის დამყარება მოვახერხეთ და დავაფიქრეთ, იდეა გასაგები და მისაღები აღმოჩნდა. საკუთარი თავის ფლობის უფლება ზოგისთვის ღმერთის საჩუქარია, ზოგისთვის ბუნებრივი კანონზომიერება და ინტუიტიურადაც, ბავშვობაში გაგონილი ილიას ოცნების „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ ახლიდან გააზრება.

ვიდრე რთულ თემებზე დაფიქრებას შევძლებთ, ჯერ საკუთარი თავის სრულყოფილად ფლობის პრიმიტიულ საკითხზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. სხვა შემთხვევაში, გვიდგება თანამიმდევრულობის პრობლემა და გაუგებარია რატომ მივიჩნევთ, მაგალითად მშობლებს სრულად პასუხისმგებლებად შვილებზე, მათ მომავალსა და განათლებაზე; თუნდაც საუკეთესო კარის მეზობელს (სახელმწიფოს) რატომ შეუძლია აიძულოს ადამიანები, ერთმანეთთან სავაჭროდ გამოიყენონ არა მათთვის, არამედ სახელმწიფოსთვის სასურველი ფული და ა.შ. და ა.შ.

სცენარები - ჩვენ ვფიქრობთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებზე. გვესმის, რომ არჩევნების შემდეგ ბევრი პერსონალურად მგრძნობიარე, თანამდებობრივი საკითხების გადაწყვეტის პერიოდია და ამ ორომტრიალში შესაძლოა ჯეროვანი ყურადღება ვერ დაუთმოთ მოულოდნელ და პროვოკაციულ პოლიტიკურ აქციას, ამიტომ გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტებისადმი ჩვენი დამოკიდებულება:

სცენარი #1 - მოქმედებთ:

იწყებთ ამ თემის განხილვას პარლამენტში, მნიშვნელობა არ აქვს, გვთავაზობთ თუ არა თანამშრომლობას, მაგრამ შედეგად 31 დეკემბრისთვის რაიმე ნივთიერების მოხმარება აღარ იქნება სასჯელის საფუძველი და არც საკუთარი მოხმარების მიზნით მცენარის გაზრდა აღარ გაითვალისწინებს რაიმე პასუხისმგებლობას. ეს ალბათ ყველაზე პრაგმატული გადაწყვეტილება იქნება „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის 21 ნოემბერს გამოქვეყნებული რეკომენდაციების ფონზე. გაეროს გლობალური კომისიის რეკომენდაციები 100%-ით ემთხვევა ჩვენს მინიმალისტურ მოთხოვნას.

არ არის გამორიცხული, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშივე, ყოველგვარი ”გირჩის” და ბევრი სხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოთხოვნების გარეშეც მოგიწიოთ ამ ნაბიჯის გადადგმა. დაახლოებით ისე, როგორც 90-იან წლებში ქვეყანას, ევროპის საბჭოში მიღებისთვის სავალდებულო პირობის დასაკმაყოფილებლად, სიკვდილით დასჯის გაუქმება მოგვიწია.

სცენარი #2 - უყურადღებობა (იგნორირება)

აქციას არასერიოზულად აღიქვამთ და არ აპირებთ რეაგირებას არც ახლა და არც ახალი წლის შემდეგ. 

ახალი წლის დადგომიდან ათიოდე დღეში, პოლიტიკური პარტიის ოფისში მიწიდან თავს ამოყოფს ფოთლები და რამდენიმე კვირაში პარტიის ოფისში ნებისმიერი ბრიფინგი და პრესკონფერენცია ორანჟერეის ფონზე გაიმართება. ეს იქნება ფაქტობრივი დეკრიმინალიზაცია. კანონში ჩანაწერი გახდება უმოქმედო. აღარავინ მოითმენს თუნდაც ერთი მოქალაქის მოსაშარდად გადაყვანას ან ციხეში მომხმარებლების დატოვებას, მაშინ როდესაც პოლიტიკური პარტია საჯაროდ არღვევს კანონს, რომლის გამოც ასეულობით ადამიანს ყოველდღიურად ამცირებენ და ციხეში ამწყვდევენ.
მოვლენების ასეთი განვითარება იქნება „გირჩის“ პოპულარიზაცია და არ გვგონია, რომ თქვენს ინტერესებში შედიოდეს.

სცენარი #3 - მოქმედებთ კანონის შესაბამისად - აქციის დაწყებამდე არაფერს აკეთებთ, მაგრამ კანონის დაცვის მოტივით, ახალი წლის ღამეს მოქმედებთ კანონის შესაბამისად ანუ აპატიმრებს აქციის მრავალრიცხოვან მონაწილეებს.

ვფიქრობთ, რომ შეუძლებელია ვიპოვოთ უკეთესი ტრიბუნა, ვიდრე დაპატიმრებულების მიმართ საზოგადოების ინტერესის პირობებში მიმდინარე სასამართლო პროცესები გახდება. 

პოლიტიკური აქტისთვის სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პოლიტიკური პარტიისა და აქტივისტების გასამართლება იგივე მოთხოვნისთვის, რასაც ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისია ურჩევს მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს, მათ შორის, თქვენც, დაგვეთანხმებით, რომ ძალიან უცნაურად გამოჩნდება საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების თვალში.

ამ სცენარს ბევრი სხვადასხვა სახის რისკიც ახლავს, მაგალითად, აქციაში მონაწილეების რაოდენობა, საზოგადოების რეაქცია თქვენს მოქმედებაზე და ა.შ. თუ აქამდე დაუსაბუთებლად და გაუგებრად, მაგრამ მაინც ამბობდით, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ გქონდათ გეზი აღებული, ამ ქმედებით ყველას უაზრო სისასტიკის მაგალითს აჩვენებთ.

ვფიქრობთ უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენ მიერ აკრძალული ნივთიერებების მომხმარებლები ამ ქვეყანაში ვართ ძალიან ბევრნი, დაახლოებით 8-ჯერ მეტი, ვიდრე საქართველოს ჯარი, ოთხჯერ მეტი, ვიდრე ბაღებისა და სკოლების მასწავლებლები, თითქმის სამჯერ მეტი, ვიდრე საჯარო მოხელეები. 

თქვენ ახერხებდით შეშინებულ ადამიანებზე სათითაოდ ნადირობას, მაგრამ შეუძლებელია ჩვენთან ღიად დაპირისპირება.

ეს აქცია არის პოლიტიკური აქტი ჩვენ მიერ დაგეგმილი სცენარით, გააზრებული მიზნითა და თითოეული მონაწილის სრული პირადი პასუხისმგებლობით, ამიტომ პატივს ვცემთ თქვენს თავისუფლებასაც აირჩიოთ საკუთარი როლი ასევე თანმდევი პასუხისმგებლობით.
P.S. ძნელად წარმოსადგენია, ჩვენი მიმართვის სამივე ადრესატს ოდესმე მაინც არ დაგერღვიოთ ეს კანონი, თუმცა ერთ-ერთი თქვენგანი დღემდე არღვევთ და ეს ვიცით ზუსტად. ამიტომ ინტერესით დაველოდებით თითოეული თქვენგანის საჯარო პოზიციას”, - ნათქვამია ”გირჩის” მიმართვაში.

პრეზიდენტმა მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული შავნაბადას მონასტრიდან მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 ნოემბერი 2016 11:26

აქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ წირვას შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაესწრო და საქართველოს მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.,,გილოცავთ გიორგობას, გეწეოდეთ წმინდა გიორგის მადლი, გაგვაძლიეროს თითოეული ჩვენგანი და გააძლიეროს მთლიანად საქართველო!'', - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.მონასტერში, რომელიც წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა, წირვა არქიმანდრიტმა შიომ აღავლინა.წირვას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ესწრებოდნენ

პრეზიდენტმა ცნობილი ქართველი დიპლომატები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 ნოემბერი 2016 16:28

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით - საქართველოს პრეზიდენტმა - ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ცნობილი ქართველი დიპლომატები დააჯილდოვა - ლევან მიქელაძე, გიორგი ბურდული და რევაზ ადამია, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან. მათი ჯილდოები ოჯახებს გადასცეს. ცერემონიას თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ. 

პრეზიდენტმა მათ უთხრა, რომ ქართული დიპლომატიის დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მათი ფაკულტეტისთვის სულხან-საბას სტიპენდიას დააწესებს. გიორგი მარგველაშვილი ახალგაზრდებს ქართული დიპლომატიის ისტორიასა და ამ პროფესიის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

"ამომრჩევლებს მოვუწოდებ, იყვნენ აქტიურები" - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 12:18

ქვეყნის პირველმა პირმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. გიორგი მარგველაშვილმა ხმა მთაწმინდის მე-6 უბანზე უკვე მისცა. საქართველოს პრეზიდენტმა ამომრჩევლებს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ამომრჩევლებს მოვუწოდებ, აქტიურები იყვნენ დღესაც, ისევე როგორც იყვნენ აქტიურები 8 ოქტომბერს. მივიდნენ უბნებზე, დააფიქსირონ თავიანთი ხმა. მე შევასრულე ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა, მოვედი და გამოვიყენე ჩემი ხმის უფლება”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 15:01

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ის მთავარი პროექტები განიხილეს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი მრავალი წელია ახორციელებენ.

საუბარი შეეხო ენერგეტიკულ საკითხებსაც და ამ მიმართულებით აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზეც იმსჯელეს.

“ამ შეხვედრაზე განხილული იყო ის მნივშნელოვანი საკითხები, როგორიც გახლავთ ენერგეტიკა. ამასთანავე, სოკარი მოგეხსენებათ გახლავთ აზერბაიჯანული კომპანია, რომელიც საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებს საქართველოში და ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს. ჩვენთვის აზერბაიჯანი არის სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ გადავწყვიტეთ მაქსიმალურად გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით,“ - განაცხადა ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა მაია მელიქიძემ.

პრეზიდენტმა 168 პატიმარი შეიწყალა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი 2016 12:09

პრეზიდენტმა 168 პატიმარი შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათგან 6 ქალია. „114 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. დანარჩენებს სხვადასხვა ვადით შეუმცირდებათ სასჯელი - ზოგს გაუნახევრდება, ზოგს კი 2/3-ით შეუმცირდება“, - აღნიშნა ქორიძემ.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „კრწანისის“ ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტი გამჭვირვალედ უნდა იყოს გამოძიებული

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 25 ოქტომბერი 2016 15:27

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში მომხდარი ფაქტის დროული და გამჭვირვალე გამოძიება უმნიშვნელოვანესია. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ  დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას, რომელიც აქვთ დაღუპულის ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას, უნდა გაეცეს კომპეტენტური პასუხი.

„პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში მომხდარი სამწუხარო ფაქტის დროული და გამჭვირვალე გამოძიება უმნიშვნელოვანესია. 

მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული ცენტრი, სადაც განთავსებულია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას, რომელიც აქვთ დაღუპულის ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას, უნდა გაეცეს კომპეტენტური პასუხი. 

არ უნდა დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი და ეჭვი, ამ ფაქტთან მიმართებაში. ეს მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, სამხედრო ძალების რეპუტაციისთვის“, - განაცხადა მიშველაძემ. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 საათზე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა. მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

პრეზიდენტი 15.00 საათზე განცხადებას გააკეთებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 24 ოქტომბერი 2016 12:35

 15.00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგის თემას არ აკონკრეტებენ.  

 

პრეზიდენტი მზადაა, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი დააფუძნოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 19 ოქტომბერი 2016 14:26

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას და მზადაა, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად დააფუძნოს სამუშაო ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით და დღესვე დაიწყოს კონსულტაციები სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესსა და სტრუქტურაზე. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა.მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადების სულისკვეთება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხსენებულ თემაზე სპეკულაციების დასრულებას და ამავდროულად, მოხსნის ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს.„ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თაობაზე შეიქმნას სამუშაო ჯგუფი.ვფიქრობთ, რომ აღნიშნული განცხადების სულისკვეთება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ხსენებულ თემაზე სპეკულაციების დასრულებას და ამავდროულად მოხსნის ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს.ასევე, ჩვენ სრულიად ვიზიარებთ იდეას, რომ აღნიშნულ ჯგუფს უნდა ჰქონდეს ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია.შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფო მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, რომელიც ამავდროულად არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, მზად არის დააფუძნოს აღნიშნული სამუშაო ჯგუფი, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით.ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე დავიწყოთ კონსულტაციები აღნიშნული სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესსა და სტრუქტურაზე.ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ წინა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის გამოცდილება იმისათვის, რომ აღნიშნული ახალი საკონსტიტუციო სამუშაო ჯგუფი არ იყოს ისეთივე არაეფექტიანი, როგორც ეს წინა საკონსტიტუციო კომისია იყო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა. კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად ჯგუფის შექმნის ინიციატივით, პრემიერი ინიციატივით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა

პრეზიდენტი მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 18 ოქტომბერი 2016 13:35

საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გააკეთა.
„ქვეყანა კვლავ საარჩევნო რეჟიმშია, წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პირველ რიგში მოსახლეობას აქტიურობისკენ და საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისკენ, ვინაიდან სწორედ ამომრჩევლის ნებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა არჩევნებზე“, - განაცხადა მიშველაძემ.ამასთან, მისი თქმით, პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნების მეორე ტური ჩატარდება გამჭვირვალედ, მშვიდობიანად და სამართლიანად, ყველა იმ ხარვეზის გარეშე, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი ტურის დროს რამდენიმე ოლქში. „ჩვენი ინფორმაციით, საჩივრების განხილვის პროცესი მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი იყოს გამოძიებული. პრეზიდენტის აზრით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს ყველა ეჭვსა და კითხვას, რაც გაჩნდა სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებში ხმის დათვლის პროცესთან დაკავშირებით“, - განაცხადა მიშველაძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო საკითხების სრულ სიცხადეზე პასუხისმგებელი პირველ რიგში ცენტრალური საარჩევნო კომისიაა.
„შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად გამოქვეყნდეს ყველა ოფიციალური მონაცემი, მათ შორის ბათილი ბიულეტენების რაოდენობასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ დაინტერსებულ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია არჩევნების პროცესის ანალიზისთვის და არ მიადგეს ჩრდილი ამ მნიშვნელოვანი არჩევნების სამართლიანობასა და ობიექტურობას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში ბათილი ბიულეტენების თემა, საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ყველა კითხვაზე და ეჭვზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა თავად ცესკოს ინტერესებში უნდა იყოს, ვინაიდან ცესკოს პასუხიმგებლობა და ვალდებულება არამხოლოდ არჩევნების ჩატარება და შედეგების გამოცხადება, არამედ საზოგადოების დროული ინფორმირებაა, მითუმეტეს თუ არსებობს ეჭვები და კითხვები",- განაცხადა მიშველაძემ.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური