სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 დეკემბერი 2017 18:04

სომხეთის პრეზიდენტისა და პირველი ლედის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა, ოფიციალური დახვედრის ცერემონიის ფარგლებში, პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას.
სერჟ სარგსიანისა და რიტა სარგსიანის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი სოფიკო ჯაჯანაშვილი.
დღესვე საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტები გამართავენ შეხვედრებს, როგორც პირისპირ ასევე გაფართოებულ ფორმატებში დელეგაციების თანხლებით, რის შემდეგაც ქართველი და უცხოური მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.
სომხეთის პრეზიდენტი ასევე გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქთან, პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

სომხეთის პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა საქართველოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 დეკემბერი 2017 17:34

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, მეუღლესთან რიტა სარგსიანთან ერთად დღეს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა საქართველოს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სერჟ სარგსიანის ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, სადაც შედგება ასევე საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების პირისპირ და დელეგაციებთან ერთად, გაფართოებული ფორმატის შეხვედრები.

სომხეთის პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, კათოლიკოს - პატრიარქთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს.
სასახლეშივე გაკეთდება ქართველი და უცხოური მედიისათვის განცხადებები.
სერჟ სარგსიანი საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 16 ნოემბერი 2017 13:41

საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ალოისიო ნუნეს ფერეირას საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საქართველო-ბრაზილიის ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისათვის გადასცა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოსათვის გაწეული სამსახურისათვის.
"განსაკუთრებული მადლობა მინისტრს იმ როლისთვის, რომელსაც ის თამაშობს საერთაშორისო არენაზე საქართველოს მნიშვნელობის და საქართველოს პრობლემატიკის წარმოჩენისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გამყარების მხარდაჭერაში.  მიგვაჩნია, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს გლობალური სტაბილურობის წინაპირობაა, რომ ყველა ასე ერთგულად ვემსახუროთ საერთაშორისო ურთიერთობების ცივილურ ღირებულებებს",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჯილდოს გადაცემისას.
დაჯილდოების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტსა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ბრაზილიასთან ურთიერთობების გაღრმავებით.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობას.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ალოისიო ნუნე ფერეირა ფილიოს ბრაზილიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და შეუქცევადი მხარდაჭერისათვის.
შეხვედრას, რომელსაც ესწრებოდნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე. ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ და ტურიზმის სფეროში ურთიერთობის დინამიკის ზრდაზე, განათლების სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

პრეზიდენტმა კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი 2017 18:12

 პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ხელმოწერის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გამოაცხადა.

ხელმოწერის მიუხედავად, როგორ ცნობილია, პრეზიდენტი კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მთელ რიგ დებულებებს არ იზიარებს. მან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა 117 ხმით დასძლია. 

13 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობამ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და კენჭისყრის შედეგად, პროექტის პირვანდელ რედაქციას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა.

პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის ერთი უვადო პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017 14:41

საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის ერთი უვადო პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულია. აღნიშნულის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შეწყალების მორიგი აქტი. შეწყალებულია 226 მსჯავრდებული, მათგან 141 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო 85 მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელები. 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მუშაობდა შეწყალების კომისია და სულ განიხილა 1406 პირის საქმე. შეწყალების აქტის საფუძველზე 226 მსჯავრდებულია შეწყალებული, მათგან 141 დღესვე დატოვებს დაწესებულებას. შეწყალების აქტი შეეხო 13 მსჯავრდებულ ქალბატონს და ორ არასრულწლოვან მსჯავრდებულს. 13 ქალბატონიდან 12 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ერთს შეუმცირდა სასჯელი. შეწყალებულთა შორის არის ერთი უვადო მსჯავრდებული, მას პრეზიდენტმა დაუდგინა გათავისუფლების თარიღი“,- განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაუგზავნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 10 ოქტომბერი 2017 12:04

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს 6 პუნქტიანი მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა.

პრეზიდენტის აზრით, საქართველოს კონსტიტუცია ვერ გახდება განსხვავებული სოციალურ-პოლიტიკური ხედვების მქონე მოქალაქეთა გამაერთიანებელი დოკუმენტი, თუ მას ექნება მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა.

გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო 9 ოქტომბერს დაადო.

მოტივირებული შენიშვნები შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.

პრეზიდენტი ავღანეთში ქართველი სამხედროს გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 აგვისტო 2017 12:14

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო.

,,ქედს ვიხრი თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც ემსახურება სამშობლოს, ვინც ბრძოლაში სიცოცხლე დაკარგა, ვინც განშორებულია თავის ოჯახს.

ვუცხადებ მათ პატივისცემას და საქართველოს მოქალაქეების სახელით უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ," - აღნიშნულია უმაღლესი მთავარსარდლის განცხადებაში.

გიორგი მარგველაშვილი უმძიმესი ტრაგედიის გამო უსამძიმრებს გარდაცვლილი უმცროსი სერჟანტის ოჯახს, მეგობრებსა და თანამებრძოლებს - „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს.

საქართველოს პრეზიდენტი თავდასხმის შედეგად დაშავებულ ქართველ სამხედროებს, რომლებიც ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში მკურნალობენ, სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.

პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 18 ივლისი 2017 11:29

უკრაინის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.

ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიაში საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუა და უკრაინის პირველი ლედიც მონაწილეობდნენ.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიას ესწრებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე და პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე.

უკრაინის პრეზიდენტის სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უკრაინის პირველი ვიცეპრემიერმინისტრი, უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი სტეპან კუბივი, უკრაინის ვიცეპრემიერმინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ივანნა კლიმპუშ-ცინცაძე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ელისეევი, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადიმერ ომელიანი, უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსთან პარლამენტთაშორისო კავშირების სადეპუტატო ჯგუფის ხელმძღვანელი ხვიჩა მეფარიშვილი, სტრატეგიული დაგეგმარებისა და ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, უკრაინის პრეზიდენტის პირველი მოადგილე იური ონიშჩენკო, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაქსიმ სტეპანოვი

ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის საუბრის მოსმენაზე გუშინ ერთი საათი დავკარგე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017 12:58

გუშინ დაახლოებით, ერთი საათი დავკარგე მე პრეზიდენტის საუბრის მოსმენაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებზე კომენტირებისას აღნიშნა. 

კობახიძის განცხადებით, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, თუ რატომ არიდებს პრეზიდენტი თავს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ღია ეთერში დისკუსიაში მონაწილეობას.

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პრეზიდენტს, რომ ღია ეთერში დავსხდეთ ერთად და საზოგადოებას ვესაუბროთ ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებას შეექმნება ნათელი წარმოდგენა საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის შესახებ. ასეთი ცალმხრივი საუბრებით, ბუნებრივია, საზოგადოება ვერ იღებს ინფორმაციას. ჩვენ პრეზიდენტს ძალიან კარგ ფორმატს ვთავაზობთ. ეს ფორმატი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ერთად დავსხდეთ ღია ეთერში საზოგადოების წინაშე და ერთად ვესაუბროთ საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის თაობაზე. ჩვენი შეთავაზება ძალაშია და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ფორმატი შედგება“, - განაცხადა კობახიძემ. 

საქართველოს პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო პროცესის შეჩერებისაკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ივნისი 2017 10:39

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან გამართა შეხვედრა.
შეხვედრაზე ყურადღება საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხებზე და მისი განხილვის პროცესში მაქსიმალური კონსენსუსის აუცილებლობაზე გამახვილდა.
„ჩვენ ვიმეორებთ ერთი და იგივეს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რომ ამოსავალი საკონსტიტუციო პროცესისთვის კონსენსუსი და დიალოგია.
რეალურად, ექვსი თვე დასჭირდა მმართველ გუნდს იმისთვის, რომ დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ ვერც ქართულ საზოგადოებას და ვერც საერთაშორისო საზოგადოებას ვერაფერს გამოაპარებ და მოატყუებ და დღეს ყველანი ვდგავართ ჩიხური სიტუაციის წინაშე.
იმისთვის, რომ არ შეჩერდეს ქართული დემოკრატიის განვითარება, იმისთვის, რომ დემოკრატია არ შევიყვანოთ ჩიხში, უნდა შევხედოთ ვითრებას,  „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს ის, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მის დემოკრატიულ იმიჯს და შეაჩეროს ეს პროცესი და დავიწყოთ კონსტიტუციური პროცესი, ისე როგორც ის უნდა მიმდინარეობდეს დიალოგის, ჩართულობის, კონსენსუსის ღირებულებებიდან გამომდინარე.
გავიგე, რომ დასჭირდა ექვსი თვე იმისთვის, რომ ეს ანბანური ჭეშმარიტება ჩვენთვის მაინცადამაინც ევროპიდან ეთქვათ, მაგრამ ახლა ამ მომენტში გავიაზროთ ვითარების სირთულე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ნუ შევიყვანთ კრიზისში“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ მთავარი საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში დიალოგის გზით კონსენსუსის მიღწევაა.
„ჩემი მესიჯი დღეს და შემდეგაც იქნება ის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყონ დიალოგი, ერთმანეთთან საუბარი, იმისათვის, რომ შედგეს კონსენსუსი.
პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია და თავად პრეზიდენტი მოუწოდებს დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ პარტიას“,- აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი; პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური