​საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 07 აგვისტო 2018 11:59

2008 წლის აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად საქართველოს სახელმწიფო დროშები 7 აგვისტოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე დაეშვება.

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტმა პატივი არ სცა აჭარის მოსახლეობის ნებას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018 13:31

როდესაც გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მან შეარჩია აჭარის მთავრობის პოსტზე კანდიდატი, ის ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში-ეს არის არასწორი”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. 

ირაკლი კობახიძის განმარტებით, გასათვალისწინებელია მარტივი დემოკრატიული პრინციპები. 
როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია არის 2/3-ით წარმოდგენილი კონკრეტულ წარმომადგენლობით ორგანოში, ამ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოში, ამ შემთხვევაში მარტივად ევალებოდა პრეზიდენტს წარმოედგინა ამ პარტიის მიერ დასახელებული თავმჯდომარეობის კანდიდატი. შესაბამისად, აქ საუბარი იმაზე, რომ მარგველაშვილმა შეარჩია კანდიდატი, არის უბრალოდ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რაც არის არასწორი პრეზიდენტის მხრიდან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, და აღნიშნა, რომ „პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად და კომენტარებიც უნდა გააკეთოს კონსტიტუციის შესაბამისად”. 

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ მარტივი მანიპულირებით, პრეზიდენტი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. 

არასწორია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მით უმეტეს პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტი იტყუება ამ შემთხვევაში. პრეზიდენტს არავინ არ შეურჩევია. ამ შემთხვევაში, მარტივად აისახა აჭარის მოსახლეობის პოლიტიკური ნება იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ფორმალურად უნდა მიეღო ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მარგველაშვილს. ამ მარტივი მანიპულირებით პრეზიდენტი ცდილობს, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. მას არ ჰქონდა არავის შერჩევის უფლება და საშუალება. მას უნდა წარმოედგინა ის კანდიდატი, რომელიც არის დასახელებული აჭარის უმაღლესი საბჭოს 2/3 -ის მიერ. მან უნდა სცეს პატივი ინსტიტუტებს. მან უნდა პატივი სცეს, მათ შორის იმ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. მან ამ შემთხვევაში გამოავლინა ეს უპატივცემულობა და მან პატივი არ სცა აჭარის მოსახლეობის ნებას, როდესაც თავის თავზე დაიბრალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის „შერჩევა“. ეს არის ტყუილი და სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტი ასე ექცევა საკუთარ საზოგადოებას”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 17 ივლისი 2018 14:04

ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით - ამ სიტყვებით მიმართა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას. სერჯო მატარელამ, რომელიც საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს პრემიერ-მინისტრს თბილი და მეგობრული დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. შეხვედრისას, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე გაამახვილა და მზადყოფნა გამოთქვა სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისა. „ჩემთვის საამაყოა, რომ ვარ პირველი სახელმწიფო მეთაური, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ჩამოვიდა. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან ვიზიტი ემთხვევა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენს ქვეყნებს ყველა დონეზე დიდი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს. პოლიტიკურ სფეროებში ჩვენ ყოველთვის ინტენსიური კონტაქტები გვქონდა, განსაკუთრებით კი, ურთიერთობები ბოლო წლებში გააქტიურდა. ყველა საერთაშორისო ფორუმზე მჭიდრო კავშირი მყარდება საქართველოსა და იტალიის წარმომადგენლებს შორის. ეკონომიკურ სფეროში უკვე არსებობს თანამშრომლობა, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან დიდი არეალი გვაქვს ასათვისებელი, ხოლო კულტურულ ნაწილში ჩვენ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს, როგორც ორი უძველესი კულტურის მქონე ცივილიზაციის ქვეყანა. ჩვენ ცოტა ხანში გადავინაცვლებთ ბიზნესფორუმზე. ეს გახლავთ ღონისძიება, რომელიც ჩვენს სურვილებს - სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესახებ ხორცს შეასხამს.

დიდი მადლობა მიღებისათვის," - მიმართა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს. თავის მხრივ, მამუკა ბახტაძემ სერჯო მატარელას საქართველოში ვიზიტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ იტალიის პრეზიდენტის სტუმრობა კარგი დასტურია ბოლო წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანისა. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და იტალიას შორის ეკონომიკურ, კულტურულ თანამშრომლობასა და ხალხთაშორის კავშირებზე გაამახვილა. „ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური და მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ეს არის პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩვენი მოკავშირე ქვეყნიდან უმაღლესი დონის ვიზიტი ხორციელდება და მინდა, ბატონ პრეზიდენტს, პირადად, დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის. ამავე დროს, ჩემი აზრით, ეს ვიზიტი კარგი დასტურია იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ შევძელით და ჩვენი ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ დონეზე გადავიყვანეთ. ვინც ამ ურთიერთობის გაღრმავებაში წვლილი შეიტანა მინდა, ყველა უწყებას და ყველა ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო.

საქართველო თავისი კულტურით, წარსულით და მომავლით არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. ბატონო პრეზიდენტო, ჩემი და ქართველი ერის სახელით მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის," - მიმართა მამუკა ბახტაძემ სერჯო მატარელას. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე და იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ქართულ-იტალიურ ბიზნესფორუმზე გადაინაცვლეს.

საქართველოსთვის ჩინეთის განვითარება დიდი შესაძლებლობაა და არა გამოწვევა - საქართველოს პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 12 ივნისი 2018 17:30

საქართველოსთვის ჩინეთის განვითარება იშვიათი და დიდი შესაძლებლობაა და არა გამოწვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჩინურ საინფორმაციო სააგენტო „სინხუასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო მზად არის, ჩინეთთან თანამშრომლობა ყველა სფეროში გააღრმავოს. „ჩვენ ჩინეთის განვითარებას ვუყურებთ როგორც მსოფლიოსთვის იშვიათ და დიდ შესაძლებლობას, გამოწვევის ნაცვლად. სწორედ ამიტომ საქართველომ ხელი მოაწერა გასულ წელს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ჩინეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო მოთამაშეა გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და ხელს უწყობს მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას.„როდესაც ვსაუბრობთ სხვადსხვა ერებს შორის ეკონომიკურ ან კულტურულ დიალოგზე, არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ ჩინეთი, რომელიც ეკონომიკურად, დემოგრაფიულად და სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები სწორი მიმართულებით ვითარდება. მისი თქმით, ორ ქვეყანას აკავშირებს ნდობაზე დაფუძნებული, პროდუქტიული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პარტნიორობა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის მხარდაჭერას საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია, გაერო-ში ჩინეთის როლის გათვალისწინებით.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ჩინეთთან ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის „ერთი სარტყელის, ერთი გზის“ შესახებ. „თუ შეხედავთ ინიციატივის „ერთი სარტყელის, ერთი გზის“ ფარგლებში პროექტებს, აღმოაჩენთ უამრავ მარშრუტს. თუმცა საქართველოს გზა ყველაზე მარტივი და საინტერესოა“, – აღნიშნა მარგველაშვილმა და დაამატა, რომ საქართველოს სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიცირების ხელშეწყობა შეუძლია.

თურქმენეთი - ქვეყანა, რომელმაც მარადიულ სიმბოლოდ აქცია თავისი ეროვნული სიამაყე - ახალთექური ცხენი

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
ორშაბათი, 21 მაისი 2018 10:47

მსოფლიო ცხენოსნების ხელოვნების ფესტივალი და თურქმენული ცხენის საერთაშორისო დღე 2019 წელს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გაიმართება. ამის შესახებ თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა 25 აპრილს ახალთექური ცხენოსნების საერთაშორისო ასოციაციის VIII სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. სასტუმრო „ოგუზკენტის“ სხდომათა დარბაზში გამართულ ახალთექური ცხენოსნების საერთაშორისო ასოციაციის VIII სხდომას თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი პირადად უძღვებოდა. მიმდინარე წელს, თურქმენული ცხენის საერთაშორისო დღეს, რომელიც ეძღვნება ახალთექური ცხენის ჯიშს და რომელიც 1992 წლიდან აღინიშნება, ეროვნული დღესასწაულის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის დადგენილებას ხელი თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა მოაწერა. 
თურქმენეთის პრეზიდენტმა დღის წესრიგი გააცნო მონაწილეებს და აღნიშნა, რომ მიმდინარე სხდომა, რომლის დევიზია „თურქმენეთი - დიდი აბრეშუმის გზის გული“ მოწოდებულია გახდეს მიმდინარე წლის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა. მისივე თქმით, სხდომაზე განიხილება საერთაშორისო არენაზე ახალთექური ჯიშისა და საცხენოსნო სპორტის განვითარების საკითხები. “ახალთექური ცხენოსნების საერთაშორისო ასოციაციის შექმნის წყალობით მყარი საფუძველი ჩაეყარა პლანეტაზე ახალთექური ჯიშის შენარჩუნებას და მათი რაოდენობის გაზრდას მთელ მსოფლიოში”, - დასძინა თურქმენეთის პრეზიდენტმა.
ახალთექური ცხენი, რომელიც თურქმენეთის სახელმწიფო გერბზეა გამოსახული, ქვეყნის ეროვნულ მონაპოვრად ითვლება. ახალთექური ცხენის ჯიში ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი საცხენოსნო ჯიშია მსოფლიოში. მეცნიერები მის ასაკს 5 ათასი წლით განსაზღვრავენ. ამ ჯიშმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ბევრი ცნობილ ჯიშებზე, მათ შორის არაბულ და ინგლისურზეც. 
ახალთექური ცხენოსნების საერთაშორისო ასოციაციის VIII სხდომაში მონაწილეობის მისაღებად აშხაბადში იმყოფებოდნენ ცხენოსნობის სფეროს ცნობილი მოღვაწეები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, უნგრეთიდან, გერმანიიდან, კანადიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, და უზბეკეთიდან.
სხდომაზე ხაზი გაესვა ამ ფართომასშტაბიანი ფორუმის მნიშვნელობას, რომელიც მხარეებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარ ქვეყნებში დაგროვილი გამოცდილება. ასევე შეიტყონ ცხენოსნობის სფეროში არსებული სიახლეების შესახებ. კონგრესი არის პლატფორმა, სადაც ხალხს ეძლევა შესაძლებლობა გასაცნობად გამოიტანონ მეცხენეობასა და ცხენოსნობაში მიღწეული მონაპოვარი.საქართველო ოდითგანვეა დაკავშირებული მეცხენეობისა და ცხენის კულტის ტრადიციებთან. ჩვენი ქვეყანა ევროპა-აზიის გასაყარზეა და, ბუნებრივია, მის ყოფაში აისახა კულტურათა მრავალფეროვნება. ბუნებრივია ისიც, რომ საქართველოში, გარდა ენდემურისა, გავრცელდა ცხენთა სხვადასხვა ჯიშები, მათ შორის ახალთექური (თურქმენული). თურქმენი ხალხის ყოფისა და კულტურის განუყოფელია ახალთექური ცხენი.
კონგრესის პარალელურად, აშხაბადის „სერგი კოშგის“ საგამოფენო ცენტრში მოეწყო სპეციალური გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა, პროფესიონალებმა და ბიზნესმენებმა. უნდა აღინიშნოს, ის რომ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობდა საქართველოს წარმომადგენელიც. ცნობილი ბიზნესმენი მამუჩარ ყიფიანი ცხენოსნობის სფეროს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია და მის მიერ დამზადებულ ცხენის წამალს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. სწორედ თავისი ახალი პროდუქცია ჰქონდა ჩამოტანილი და წარმოდგენილი „სერგი კოშგის“ ცენტრის საგამოფენო სტენდზე მ. ყიფიანს.
გარდა ამისა კონგრესის მასპინძლებმა სპეციალურად ჟურნალისტებისათვის მოაწყვეს პრეს-ტური აზიის თამაშებისადმი აგებულ აშხაბადის ოლიმპიურ ქალაქში. ეს გახლავთ უნიკალური სპორტული კოლპლექსი, სადაც ერთ სივრცეში წარმოდგენილია სპორტის ყველა სახეობა. ერთი კომპლექსის ფარგლებში თავმოყრილია ყველა სახეობა და უმოკლეს ხანებში - საჰაერო ტრამვაის საშუალებით შეგიძლიათ გადაადგილდეთ ერთი ადგილიდან მეორეში. სპორტულ კომპლექსში არსებული დანადგარები უახლესი მოდელისაა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სპორტული კომპლექსი თანამედროვე საინჟინრო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. 
კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა, რომელიც ამ დღესასწაულს თან ერთვოდა გახლდათ სადღესასწაულო დოღები. მსოფლიო ცხენოსნების ხელოვნების ფესტივლის ფარგლებში მოეწყო დოღები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. აღნიშნულ დოღებს პირადად ესწრებოდა თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი და სწორედ მან დააჯილდოვა დოღებში გამარჯვებული ცხენოსნები. როგორც ამბობენ თვითონ თურქმენეთის პრეზიდენტი უბადლო მოჯირითეა და ყველასთვის მაგალითის მიმცემია. სწორედ მისი დამსახურებაა ახალთექური ჯიშის ცხენის ეროვნულ ფასეულობების დონეზე აყვანა. კაცობრიობა კი ვალშია ცხენის წინაშე და მისი დამსახურება ღირსეულად უნდა დაფასდეს. სწორედ ამის შესანიშნავი მაგალითი მოგვცა თურქმენეთმა, რომელმაც ქვეყნის მარადიულ სიმბოლოდ აქცია თავისი ეროვნული სიამაყე - ახალთექური ჯიშის ცხენი.

ავთანდილ ოთინაშვილი
აშხაბადი-თბილისი-აშხაბადი

თურქეთის პრეზიდენტს მშვიდობის საერთაშორისო ჯილდო გადაეცემა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 13 მარტი 2018 07:59

მსოფლიოს საერთაშორისო პედიატრიულმა ასოციაციამ (IPA) თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე, ლტოლვილ ბავშვებისთვის  გაწეული დახმარებისათვის, „მშვიდობის საერთაშორისო ჯილდო“-ს გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ "TRT-ქართული" იუწყება.

IPA-დან გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, დაწესებულების წარმომადგენლები თურქეთში იყვნენ ჩასული. მათ ლტოლვილთა ბანაკებში არსებული სიტუაცია და მათი მდგომარეობა ადგილზე შეისწავლეს რა, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანზე  „მშვიდობის საერთაშორისო ჯილდო“-ს გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გაწეული დახმარებით მრავალი  ბავშვის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. მსოფლიოს საერთაშორისო პედიატრიულ ასოციაციას 1 მილიონზე მეტ პედიატრი ჰყავთ გაწევრიანებული და 140 ქვეყანაში ფუნქციონირებს.

საქართველო და ევროკავშირი მეცნიერებისა და ინოვაციის საკითხებში თანამშრომლობას გააძლიერებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 მარტი 2018 13:37

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროკომისარს კვლევების, მეცნიერების და ინოვაციების საკითხებში კარლოს მოედაშს შეხვდა. შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა ძალიან პოზიტიურ და აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასა და კომისიას შორის განსაკუთრებით კვლევებისა და ინოვაციების სფეროში და იმედი გამოთქვა, რომ ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისარი თბილისში ვიზიტით მოიწვია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ დინამიკურ პროგრესს, რომელიც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში არსებობს; ასევე იმ შედეგებს, რომლის მიღებაც ქვეყანამ შეძლო ასოცირების შეთანხმების გაფორმების, ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის დაწესების შემდეგ. აღინიშნა სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. 
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ინტერესია, ქვეყანამ გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა ევროკავშირის სტანდარტებთან, ნორმებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში იყოს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და კომუნიკაცია, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კულტურა, მეცნიერება და ინოვაციები.ხაზი გაესვა იმას, რომ მეცნიერება და ინოვაციები საქართველოს საშინაო დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

გიორგი მარგველაშვილმა ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი გიუნტერ ბეხლერი მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 იანვარი 2018 16:10

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი გიუნტერ ბეხლერი მიიღო.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას იტალიის ელჩი, როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი ესწრებოდა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, კონფლიქტის დარეგულირების საკითხს და რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობას.
გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ეუთოს როლი განიხილა.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, განიხილეს მავთულხლართების გავლებისა და ბანერების აღმართვის ზეგავლენა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასა და საარსებო საშუალებებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 18 იანვარი 2018 10:44

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა და სახელმწიფო ჯილდო მის ქალიშვილს მედეა ახალკაცს გადასცა.
ნოდარ ახალკაცი, ღირსების ორდენით ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცს ქართული ფეხბურთის გამარჯვებების შემოქმედი უწოდა და სიტყვით გამოსვლისას იმ ღვაწლს გაუსვა ხაზი, რომლისთვისაც ნოდარ ახალკაცი ქართველმა ხალხმა შეიყვარა.
"გვინდოდა გამოგვეყო და ხაზი გაგვესვა ბატონი ნოდარის ღვაწლისთვის - იმ სიხარულისთვის, იმ გამარჯვებისთვის, იმ აღტაცებისთვის, რომლითაც წლების განმავლობაში ხარობდა ქართული საზოგადოება.
გამოგვეყენებინა ეს დღე, რომ კიდევ ერთხელ გვეთქვა მადლობა ჩვენი გამოჩენილი სპორტსმენებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ქართულ დროშას ძალიან მაღლა სწევდნენ, სწევენ და ასწევენ მომავალში.
ეს იყო საბჭოთა პერიოდი და მე მახსოვს ის ემოცია, რომელიც არამხოლოდ სპორტულ აღტაცებაში ითარგმნებოდა, არამედ ითარგმნებოდა პატრიოტიზმის განცდაში, როდესაც ჩვენი ფეხბურთელები ამ მაღალ წარმატებას აღწევდნენ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ნოდარ ახალკაცის, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს და ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც თავის საქმიანობას წინამორბედთა მაგალითზე და მათ აღიარებაზე აფუძნებს.
"ეს მეხსიერება და პატივისცემა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი თაობის აღსაზრდელად. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, ბატონი ნოდარის ღვაწლის აღსანიშნავად, გარდაცვალების შემდეგ დავაჯილდოოთ სახელმწიფოსა და ხალხისაგან მადლიერებით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტს და ცერემონიაზე შეკრებილებს მადლობა გადაუხადა მედეა ახალკაცმა მამამისის წვლილის და საქმიანობის დაფასებისათვის და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ჯილდო დიდი პატივია მისი ოჯახისათვის.
ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას მწვრთნელის ოჯახის წევრები, მეგობრები, ვეტერანი ფეხბურთელები და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფეხბურთის ფედერაციამ და ვეტერანმა ფეხბურთელებმა გიორგი მარგველაშვილს ვაჟიშვილის შეძენა მიულოცეს, პატარა თომას ნაკრების მაისური, პრეზიდენტს კი, ვეტერანი ფეხბურთელების ავტოგრაფებიანი ბურთი უსახსოვრეს.

პრეზიდენტის ახალი საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი გახდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 09 იანვარი 2018 16:37

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი დანიშნა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა და მედიას ანა ნაცვლიშვილი წარუდგინა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ახალი საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის, როგორც იურისტის, ადამიანის უფლებათა დამცველის საქმიანობას და ასევე, სახელმწიფოებრივ, სამართლებრივ და საკანონმდებლო პროცესებში ერთერთ ყველაზე პრინციპულ და მნიშვნელოვან ხმას კარგად იცნობს ქართული საზოგადოება.
"სწორედ, მისი ხედვიდან, მისი პრინციპების მიმართ ერთგულებიდან და აგრეთვე მისი მაღალი იურიდიული კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მე შევთავაზე მას ერთერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობა და მიხარია, რომ ქალბატონი ანა დათანხმდა ამ თანამდებობას. ჩვენ კვლავაც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მთავარ საპარლამენტო ორგანოსთან საქართველოს პარლამენტთან და იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა იქნება ორიენტირებული უკეთესი სამართლებრივი, პოლიტიკური რეალობის შესაქმნელად საქართველოში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ანა ნაცვლიშვილს წარმატება და ქვეყნის საკეთილდღეოდ ეფექტიანი მუშაობა უსურვა. თავის მხრივ ანა ნაცვლიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ნდობისათვის და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ გამოხატული მაღალი ნდობა უდიდესი პასუხისმგებლობაა.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, იგი გააგრძელებს მუშაობას და წვლილის შეტანას იმ უდიდეს საქმეში, რასაც საქართველოსთვის მაღალი სტანდარტის საკანონმდებლო ბაზის შემქნა, სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიის დაცვა და განმტკიცება ჰქვია.
"მაქვს მზაობა და იმედი იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა როგორც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან, ასევე საკანონმდებლო პროცესით დაინტერესებულ და ამ პროცესში ჩართულ, ყველა სახელმწიფო უწყებასთან, დაფუძნებული იქნება პატივისცემის პრინციპზე, იქნება კონსტრუქციული და შედეგიანი",- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
 
ანა ნაცვლიშვილის ბიოგრაფია
ანა ნაცვლიშვილი დაიბადა 1984 წლის 31 დეკემბერს. სწავლობდა ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის გიმნაზიაში. 2006 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, 2007 წელს მიენიჭა ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის (უნგრეთი) სამართლის მაგისტრის წოდება, ხოლო 2013 წელს ესექსის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის წოდება.
2007-2008 წლებში სტაჟირება გაირა დიდ ბრიტანეთში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "მე-19 მუხლში" და სამხრეთ აფრიკაში, კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში.
2008-2011 წლებში მუშაობდა საქართველოში, უფლებადაცვით ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ და საერთაშორისო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის ოფისში.
2012 წელს მუშაობდა დიდ ბრიტანეთში, ესექსის უნივერსიტეტთან არსებულ გარდამავალი მართლმსაჯულების ქსელში, ხოლო 2013 წელს - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისში.
2014-2017 წლებში სამჯერ იქნა არჩეული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ.
ამავე პერიოდში  ხელმძღვანელობდა ოცდაათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შემდგარ კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის.
ანა ნაცვლიშვილი იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2017 წ.), ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის (2016-2017 წწ.) და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი კომისიის წევრი (2016).
ანა ნაცვლიშვილი არის საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების თაობაზე არაერთი კვლევის და პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.
სხვადასხვა დროს ექსპერტის რანგში თანამშრომლობდა არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორებიცაა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, ევროსაბჭო, და სხვ. 
მიღებული აქვს რამდენიმე პროფესიული სტიპენდია და სიგელი. 2017 წელს მას მიენიჭა საქართველოს 7 უმაღლესი სასწავლებლის მიერ დაწესებული ჯილდო "წლის უფლებადამცველი".

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური