28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018 09:53

დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08:00 საათიდან გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.

ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩევლები საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურვილი აქვს დააზუსტოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. ანალოგიურ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; მუშაობს ონლაინ ჩათიც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს პრეზიდენტობის კანდიდატი: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არც ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხმის მიცემა ფარულია. დაუშვებელია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ნებისმიერი სახის კონტროლი. ამას გარდა, დაუშვებელია საარჩევნო კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 3 დამკვირვებელი, მედია ორგანიზაციებს წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს - 1 წარმომადგენელი.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

დღეს, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ. ცესკოს მედია ცენტრში გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები. ჩვენ ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

და ბოლოს, შევახსენებთ მოქალაქეებს, რომ დღეს არის უქმე, არასამუშაო დღე. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს იაქტიურონ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. თითოეული ამომრჩევლის აქტიურობა მნიშვნელოვანია.

ასევე, მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი არჩევნების მშვიდ, ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩატარებას, რაც ამომრჩევლებს მისცემს შესაძლებლობას თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მე-2 ტური ავღანეთში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018 09:58

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მე-2 ტურში მოქალაქეობრივი ვალი უკვე მოიხადეს. საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და არჩევნები შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩატარდა. ავღანეთში მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურა განხორციელდა. პროცესის დასრულების შემდეგ, საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის კონვერტები, სადაც ბიულეტენებია მოთავსებული, დაილუქა და შედეგების დათვლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება.

ავღანეთში ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა საკუთარი არჩევანი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გააკეთეს, სადაც საარჩევნო უბანი დილის რვა საათზე გაიხსნა.

II ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა მოქალაქეობრივი ვალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე" გახსნილ საარჩევნო უბანზე მოიხადა. ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში დისლოცირებულმა IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა კი, საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლებმა, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღეს მონაწილეობა.

საარჩევნო უბნები სპეციალურად მოაწყო და აღჭურვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ავღანეთში წარგზავნილმა ჯგუფმა, რომელმაც არჩევნების ჩატარებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა,  სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებიან.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018 16:37

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გაიმართება. განკარგულება მეორე ტურის დანიშვნის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე, 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ მიიღო.

სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს პრეს-სპიკერმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღე არის უქმე დღე. შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ნოემბერი, ოთხშაბათი, ოფიციალურად არასამუშაო დღეა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩვენების მეორე ტურში მონაწილეობას იღებს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატი. შესაბამისად, 28 ნოემბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ დღესვე დამტკიცდა საარჩევნო ბიულეტენის ტექსტი. ბიულეტენში იქნება პრეზიდენტობის ორი კანდიდატი: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

არჩევნების მეორე ტური 3 705 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. მათ შორის 55 საარჩევნო უბანი საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის იმუშავებს. რაც შეეხება ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე მოქალაქეებს, მათთვის ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 2 საარჩევნო უბანზე 26 ნოემბერს გაიმართება.

„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს აძლევს მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. კონკრეტულად, ცესკოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიები იმუშავებენ დამატებითი დროით და ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე“, - განაცხადა პრეს-სპიკერმა.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა მეორე ტურის ბიუჯეტი - სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი.

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018 18:08

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) წარმოგიდგენთ ინფორმაციას გარკვეული პროცედურებისა და ვადების შესახებ.

იმისათვის, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა, უნდა იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული.

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში და არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, უკვე შეუძლიათ მიმართონ საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს www.geoconsul.gov.ge  და ონლაინ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების სიის ცესკოსთვის გადაცემის ბოლო ვადა დაკავშირებულია არჩევნების მეორე ტურის თარიღთან და მას ცესკო განსაზღვრავს 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამების საფუძველზე.   აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიები არაუგვიანეს 8 ნოემბრისა შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქებში. შესაბამისად, ცესკო გეგმავს უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო პროცედურები და  ვადები.

ამასთან, ცესკო პირველი ტურის საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, ოფიციალურად, განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის თარიღს.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 3 703 საარჩევნო უბნის მიხედვით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 29 ოქტომბერი 2018 12:50

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგები 3 703 საარჩევნო უბნის მიხედვით გააცნო.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს აქტიურობისთვის და საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას და ხელი შეუწყვეს ამ პროცესის გამჭვირვალედ, პროფესიულ დონეზე წარმართვას“, განაცხადა თამარ ჟვანიამ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, „მათ დაუღალავად იმუშავეს უწყვეტ რეჟიმში, მოემსახურნენ ამომრჩევლებს და ასახეს მათი ნება არჩევნების შედეგებში“ - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.  

„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, რომელთა უმრავლესობაზე საარჩევნო ადმინისტრაციამ ადგილზევე მოახდინა მყისიერი რეაგირება. ამასთან ნებისმიერ ფაქტსა თუ საკითხს ადმინისტრაცია განიხილავს კანონით დადგენილ ვადებში და ცხადია შემდგომშიც ექნება შესაბამისი რეაგირება.

ყველა საარჩევნო უბანი დილის 08:00 საათიდან მზად იყო ამომრჩეველთა მისაღებად და ამომრჩევლებს მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა თავისუფლად შეეძლოთ. საღამოს 20:00 სთ-ზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ხმის დათვლის პროცედურა დაიწყო. საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენისა და საარჩევნო უბანზე ყველა კანონით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, ოქმები მიეწოდებოდა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს ვადებში  ტვირთავდნენ საარჩევნო მართვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. ამასთან ცესკომ ოქმების გამოქვეყნება შედეგების ვებგვერდზე დაიწყო 22:00 სთ-იდან.

ჩვენ, კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე საათში გავაცანით საზოგადოებას არჩევნების წინასწარი შედეგები 512 უბნის მიხედვით. საუბნო შემაჯამებელი ოქმები მთელი ღამის განმავლობაში ოპერატიულად იტვირთებოდა  ცესკოს ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა, რომელშიც ასევე შედიოდნენ საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე.  

28 ოქტომბრის 20:00 სთ-ის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46,74%-ია” - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები, 3  703 საარჩევნო უბნის მიხედვით (საარჩევნო უბნების თითქმის 100 %).

 

 №

 პრეზიდენტობის კანდიდატი

მიღებული ხმების რაოდენობა

პროცენტული მაჩვენებელი

1

მიხეილ ანთაძე 
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

107

(0.07 %)

2

დავით ბაქრაძე 
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

174699

(10.97 %)

4

ვახტანგ გაბუნია 
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა

1948

(0.12 %)

5

გრიგოლ ვაშაძე 
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

601175

(37.74 %)

10

შალვა ნათელაშვილი 
საქართველოს ლეიბორისტული პარტია

59805

(3.75 %)

13

ზვიად მეხატიშვილი 
საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია

713

(0.04 %)

17

გიორგი ლილუაშვილი 
საქართველო

892

(0.06 %)

18

აკაკი ასათიანი 
ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი

2002

(0.13 %)

21

კახა კუკავა 
თავისუფალი საქართველო

21207

(1.33 %)

22

ოთარ მეუნარგია 
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

663

(0.04 %)

23

ირაკლი გორგაძე 
მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის

542

(0.03 %)

25

დავით უსუფაშვილი 
თავისუფალი დემოკრატები

36005

(2.26 %)

27

ზვიადი ბაღდავაძე 
სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო

488

(0.03 %)

28

მიხეილ სალუაშვილი 
სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე

2969

(0.19 %)

30

ზვიად იაშვილი 
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)

444

(0.03 %)

31

თამარი ცხორაგაული 
თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა

4015

(0.25 %)

35

გელა ხუციშვილი 
საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა

1623

(0.1 %)

36

ზურაბ ჯაფარიძე 
გირჩი

35971

(2.26 %)

40

ლევანი ჩხეიძე 
ახალი ქრისტიან-დემოკრატები

2936

(0.18 %)

48

სალომე ზურაბიშვილი 
დამოუკიდებელი

615403

(38.63 %)

49

ბესარიონ თედიაშვილი 
დამოუკიდებელი

3856

(0.24 %)

51

გიორგი ანდრიაძე 
დამოუკიდებელი

13153

(0.83 %)

58

კახაბერ ჭიჭინაძე 
დამოუკიდებელი

1430

(0.09 %)

62

ვლადიმერ ნონიკაშვილი 
დამოუკიდებელი

635

(0.04 %)

65

თეიმურაზ შაშიაშვილი 
დამოუკიდებელი

9486

(0.6 %)

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 54 300 ლარი გამოიყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 09 აპრილი 2016 14:39

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, 9 აპრილის ტრაგედიის შედეგად დაღუპულების ოჯახებისა და დაზარალებულების დასახმარებლად 54 300 ლარი გამოიყო.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა დაღუპულთა ოჯახებს და თითოეულ დაზარალებულს მოხმარდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური