პრეზიდენტი ავღანეთში ქართველი სამხედროს გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 აგვისტო 2017 12:14

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო.

,,ქედს ვიხრი თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც ემსახურება სამშობლოს, ვინც ბრძოლაში სიცოცხლე დაკარგა, ვინც განშორებულია თავის ოჯახს.

ვუცხადებ მათ პატივისცემას და საქართველოს მოქალაქეების სახელით უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ," - აღნიშნულია უმაღლესი მთავარსარდლის განცხადებაში.

გიორგი მარგველაშვილი უმძიმესი ტრაგედიის გამო უსამძიმრებს გარდაცვლილი უმცროსი სერჟანტის ოჯახს, მეგობრებსა და თანამებრძოლებს - „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს.

საქართველოს პრეზიდენტი თავდასხმის შედეგად დაშავებულ ქართველ სამხედროებს, რომლებიც ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში მკურნალობენ, სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.

პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 18 ივლისი 2017 11:29

უკრაინის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.

ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიაში საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუა და უკრაინის პირველი ლედიც მონაწილეობდნენ.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიას ესწრებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე და პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე.

უკრაინის პრეზიდენტის სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უკრაინის პირველი ვიცეპრემიერმინისტრი, უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი სტეპან კუბივი, უკრაინის ვიცეპრემიერმინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ივანნა კლიმპუშ-ცინცაძე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ელისეევი, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადიმერ ომელიანი, უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსთან პარლამენტთაშორისო კავშირების სადეპუტატო ჯგუფის ხელმძღვანელი ხვიჩა მეფარიშვილი, სტრატეგიული დაგეგმარებისა და ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, უკრაინის პრეზიდენტის პირველი მოადგილე იური ონიშჩენკო, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაქსიმ სტეპანოვი

ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის საუბრის მოსმენაზე გუშინ ერთი საათი დავკარგე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017 12:58

გუშინ დაახლოებით, ერთი საათი დავკარგე მე პრეზიდენტის საუბრის მოსმენაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებზე კომენტირებისას აღნიშნა. 

კობახიძის განცხადებით, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, თუ რატომ არიდებს პრეზიდენტი თავს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ღია ეთერში დისკუსიაში მონაწილეობას.

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პრეზიდენტს, რომ ღია ეთერში დავსხდეთ ერთად და საზოგადოებას ვესაუბროთ ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებას შეექმნება ნათელი წარმოდგენა საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის შესახებ. ასეთი ცალმხრივი საუბრებით, ბუნებრივია, საზოგადოება ვერ იღებს ინფორმაციას. ჩვენ პრეზიდენტს ძალიან კარგ ფორმატს ვთავაზობთ. ეს ფორმატი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ერთად დავსხდეთ ღია ეთერში საზოგადოების წინაშე და ერთად ვესაუბროთ საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის თაობაზე. ჩვენი შეთავაზება ძალაშია და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ფორმატი შედგება“, - განაცხადა კობახიძემ. 

საქართველოს პრეზიდენტი აბიტურიენტებს მიმართავს

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 09:06

ძვირფასო აბიტურიენტებო,
თქვენ ცხოვრებაში, შესაძლოა, აქამდე ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეები დაიწყო.
მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ მომავალში, თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ გზას ცხოვრებაში, ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში. ამავე დროს, ღრმად მწამს, რომ მეცნიერება და შემოქმედება, ახალი ცოდნის წარმოების პროცესი არის ის, რასაც თითოეული ქვეყნის განვითარება თუ მთლიანად კაცობრიობის წინსვლა ეფუძნება.
ამიტომ, მთელი გულით გისურვებთ, რომ წარმატებით ჩააბაროთ გამოცდები და ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელოთ იმ ცოდნის გაღრმავება, რომელსაც სკოლებში ეუფლებოდით.
მჯერა, რომ წინ შემეცნების სიხარულით აღსავსე და საინტერესო ცხოვრება გელით. რომ თქვენი შრომა ჩვენ ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენ პირად წინსვლას.

პატივისცემით,
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო პროცესის შეჩერებისაკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ივნისი 2017 10:39

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან გამართა შეხვედრა.
შეხვედრაზე ყურადღება საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხებზე და მისი განხილვის პროცესში მაქსიმალური კონსენსუსის აუცილებლობაზე გამახვილდა.
„ჩვენ ვიმეორებთ ერთი და იგივეს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რომ ამოსავალი საკონსტიტუციო პროცესისთვის კონსენსუსი და დიალოგია.
რეალურად, ექვსი თვე დასჭირდა მმართველ გუნდს იმისთვის, რომ დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ ვერც ქართულ საზოგადოებას და ვერც საერთაშორისო საზოგადოებას ვერაფერს გამოაპარებ და მოატყუებ და დღეს ყველანი ვდგავართ ჩიხური სიტუაციის წინაშე.
იმისთვის, რომ არ შეჩერდეს ქართული დემოკრატიის განვითარება, იმისთვის, რომ დემოკრატია არ შევიყვანოთ ჩიხში, უნდა შევხედოთ ვითრებას,  „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს ის, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მის დემოკრატიულ იმიჯს და შეაჩეროს ეს პროცესი და დავიწყოთ კონსტიტუციური პროცესი, ისე როგორც ის უნდა მიმდინარეობდეს დიალოგის, ჩართულობის, კონსენსუსის ღირებულებებიდან გამომდინარე.
გავიგე, რომ დასჭირდა ექვსი თვე იმისთვის, რომ ეს ანბანური ჭეშმარიტება ჩვენთვის მაინცადამაინც ევროპიდან ეთქვათ, მაგრამ ახლა ამ მომენტში გავიაზროთ ვითარების სირთულე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ნუ შევიყვანთ კრიზისში“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ მთავარი საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში დიალოგის გზით კონსენსუსის მიღწევაა.
„ჩემი მესიჯი დღეს და შემდეგაც იქნება ის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყონ დიალოგი, ერთმანეთთან საუბარი, იმისათვის, რომ შედგეს კონსენსუსი.
პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია და თავად პრეზიდენტი მოუწოდებს დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ პარტიას“,- აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი; პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ.

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ მოიწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017 10:04

გიორგი მარგველაშვილმა არ გაითვალისწინა პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით და მოუწოდა პარლამენტს არ მიიღოს შეუთანხმებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაჩქარებული წესით. 
„ჩემს უარს აქვს პოლიტიკური შინაარსი. მე მოვუწოდებ პარლამენტს არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები. დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ  შემოთავაზებულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს და სწორედ ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს უკეთესი ვერსია.
შევქმნათ ერთიანი თანხმობის დოკუმენტი, შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც იქნება დაფუძნებული კონსენსუსზე და რომელიც იქნება დაფუძნებული ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ ფუნდამენტურ პრინციპებზე. ნუ შევუქმნით პრობლემას ქართული დემოკრატიის განვითარებას.
იმედი მაქვს, რომ ამ რთულ ვითარებაში, პატივცემული დეპუტატები, საპარლამენტო უმრავლესობა არ იქნება ჩართული, რაღაც უაღრესად დასწრაფებულ რეჟიმში და გააგრძელებს კონსტიტუციის განხილვას სწორედ ჩემს მიერ შემოთავაზებული პრინციპების  ირგვლივ”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით გუშინ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცისაკენ მიმართული ცვლილება.
„უარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ- ეს ცვლილება თვისობრივად ცვლის კონსტიტუციის რეფორმის შემოთავაზებულ პროექტს, რომელიც განიხილა ქართულმა საზოგადოებამ და ვენეციის კომისიამ.
ამ ვითარებაში, ის, რაც დარჩა სახელიდან - კონსტიტუციის ფუნდამენტური ცვლილებები- და  მოლოდინიდან, რომ ქართული საზოგადოება კიდევ ერთ, წინ გადადგმულ ნაბიჯს მიიღებდა კონსტიტუციის დახვეწის თვალსაზრისით, ჩვენ მივიღეთ ფუნდამენტური ცვლილება მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცის თვალსაზრისით: ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ეს ეხება უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციებს და უფლებებს, ეს ეხება კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს გაქრობას. ანუ, რის თაობაზეც ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით, მაშინ, როდესაც იქმნებოდა საკონსტიტუციო კომისია. იმ სულისკვეთებაზე, რომელიც მიმართულია რეალურად, პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ, საბოლოოდ მივედით სწორედ, ამ ვერსიამდე”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ანა დოლიძე - მივეჩვიეთ, რომ დედამიწაზე ყველაფერი ბრალდება პრეზიდენტს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 ივნისი 2017 12:41

მივეჩვიეთ, რომ ყველაფერი დედამიწაზე ბრალდება პრეზიდენტს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც გავრცელებულ ვარაუდებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

დოლიძემ აღნიშნული უარყო, თუმცა განმარტა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვენეციის კომისიასთან კომუნიკაცია „კიდეც ჰქონდა და მომავალშიც ექნება“.
"საქმე ისაა, რომ ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი საჭირბოროტო საკითხი, რომელსაც სჭირდება გადაწყვეტა და ამ პირობებში, ჩვენ, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, რომ დედამიწაზე ყველაფერი ბრალდება პრეზიდენტს, რაც, რა თქმა უნდა, კომენტარს არ იმსახურებს. ჩვენ გვქონდა და გვაქვს კომუნიკაცია კომისიასთან და ბუნებრივია, ასეც გავაგრძელებთ. რა ფორმა ექნება ამას, დრო და საქმე გვიჩვენებს", - განაცხადა დოლიძემ.

ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის პოზიციები სუსტია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 11:53

პრეზიდენტის პოზიციები კონსტიტუციასთან მიმართებაში არის უაღრესად სუსტი, ასე, რომ მე არ მიკვირის, რომ ის თავს არიდებს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობის მიღებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რას იტყვის იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ პრეზიდენტი ვენეციის კომისიის სხდომაზე დასასწრებად არ წავა, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს. კობახიძის თქმით, კომისიის პლენარულ სხდომაზე თავად და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აუცილებლად წავლენ. 

”პრეზიდენტის პოზიციის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პოზიციები კონსტიტუციასთან მიმართებაში არის ძალიან მყარი და პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი. გუშინ თავდაცვის საკითხებზე გვესმოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ძალიან დრამატული შეფასებები. პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი კონსტიტუციასთან მიმართებაში, ასე რომ, მე არ მიკვრის, რომ ის თავს არიდებს პლენარულ სხდომაში მონაწილეობას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

გაიმართა ტრადიციული ტურნირი ხელოვნურ კედელზე ცოცვაში, რომელიც მიეძღვნა ქართულ ამერიკული მეგობრობის 25 წლის იუბილეს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 15 მაისი 2017 11:23

საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ პეკინში გაიმართება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 04 მაისი 2017 14:44

2013 წელს, ჩინეთის პრეზიდენტ - სი ძინფინის მიერ წამოყენებული თანამშრომლობის ინიციატივა - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, განვითარების სტრატეგიების გაერთიანებისა და ერთმანეთის უპირატესობების გამოყენებით, ყველა მხარისათვის სასარგებლო განვითარების მიღწევას. სამი წელია, რაც „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ წარმატებით ხორციელდება. მიღწეულ იქნა საყოველთაო კონსენსუსი საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხზე, სახეზეა ადრეული შედეგები, იგი უკვე იქცა საერთაშორისო და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მნიშვნელოვან პროდუქტად.
იმისათვის, რომ ქვეყნებმა კიდევ უფრო დააკავშირონ ერთმანეთის განვითარების სტრატეგიები და გააღრმავონ საქმიანი თანამშრომლობა, 2017 წლის 14-15 მაისს ქ. პეკინში ჩინური მხარის ორგანიზებით საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ გაიმართება. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და თანამშრომლობის შედეგების ურთიერთგაზიარებისათვის. ფორუმი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
ფორუმი ღია, ინკლუზიურ და ურთიერთსარგებლობის კონცეფციაზე დაყრდნობით იმართება. მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან მივესალმებით წარმომადგენლების დასწრებას. ამ დროისთვის, ასზე მეტ ქვეყანამ და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოხატა ფორუმის მიმართ მხარდაჭერა და მონაწილეობის სურვილი. მონაწილეთა რაოდენობა უკვე გაცდა ამ ინიციატივის ტრადიციულ საზღვრებს; დასავლეთით - დასავლეთ ევროპასა და აფრიკას მიაღწია, სამხრეთით - ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას, აღმოსავლეთით კი - ოკეანეთსა და ლათინურ ამერიკას. სინამდვილეში, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც იზიარებს აბრეშუმის გზის სულისკვეთებას, კერძოდ, მშვიდობასა და თანამშრომლობას, გახსნილობასა და ინკლუზიურობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ურთიერთსარგებლის მიღწევას, შეუძლია ჩაერთოს ამ პროექტში.
ჩინეთის მთავრობის მოწვევით, 28 ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელმა და 110 ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა, მეცნიერებმა, ბიზნესმენებმა, საფინანსო ინსტიტუტების, მედიისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს მონაწილეობა. მათ შორის არიან 92 ქვეყნიდან ვიცე პრემიერი - 9, საგარეო საქმეთა მინისტრი - 7, სამინისტროების ოფიციალური პირი - 190. გარდა ამისა, ფორუმს დაესწრება 61 საერთაშორისო ორგანიზაციის 89 ხელმძღვანელი და წარმომადგენელი. მონაწილეთა საერთო რაოდენობა 1200-ზე მეტია.
ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მიმართულებით კარგად დაიწყო. ამ მხრივ, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. მას დიდი წვლილი შეაქვს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების საქმეში. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებენ საეთაშორისო ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრებში. მაღალი დონის შეხვედრები ფორუმის მნიშვნელოვანი ნაწილია და მათი მიზანია ხელისუფლების, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეებს შორის კავშირების გაღრმავება და შესაბამის სფეროში საქმინი თანამშრომლობის ხელშეწყობა. ჩინური მხარე დარწმუნებულია და იმედოვნებს, რომ პირველი ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი და მინისტრი გახარია მხარეებთან განიხილავენ საერთო ინტერესის საკითხებსა და თანამშრომლობის გეგმებს, რაც კიდევ უფრო მეტ შედეგს მოიტანს საქმიანი თანამშრომლობის მიმართულებით.

 

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გი...

პოპულარული

« აგვისტო 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური