"ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება ჟურნალისტების გარეშე და სახელმწიფო არ იქნება პოლიციის გარეშე, საზოგადოება არ იქნება თქვენ გარეშე!"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019 11:24

,,ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება ჟურნალისტების გარეშე და სახელმწიფო არ იქნება პოლიციის გარეშე, საზოგადოება არ იქნება თქვენ გარეშე“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ექიმებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც  20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი  მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისათვის დააჯილდოვა.
ღირსების მედალი საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა: „რეგიონული ჰოსპიტალის“ ქირურგ - ოფთალმოლოგ რევაზ ომიაძეს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ქირურგ-ოფთალმოლოგ მარიამ გოლოვაჩოვას, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილეს, სოლომონ როსტომაშვილს. 

დედაქალაქის მერის სახელით, თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ  ,,მადლობის სიგელი" გადასცა ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის" მთელ გუნდს სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

,,დღეს განსაკუთრებული დღეა - მადლობის თქმის დღე! 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა, მთელი ღამის განმავლობაში, თავდაუზოგავად იშრომეს, ჩვენს მოქალაქეებს სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და შეძლეს მათი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებებში. დიდი მადლობა  მინდა გადავუხადო მათ მთელი საზოგადოების სახელით“,  - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 
პრეზიდენტის განცხადებით, სამწუხაროდ, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმე რჩება და ექიმები მათი გამოჯანმრთელებისათვის ყველაფერს აკეთებენ.

პრეზიდენტის თქმით, ,,ნიუ ჰოსპიტალში“ ღამის განმავლობაში, სულ 24 პაციენტი შევიდა. მათ გადაუდებელი ოპარაცია ჩაუტარდათ და ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა. 

,,6 პაციენტის შემთხვევაში, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და შეუნარჩუნდათ მხედველობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ ახალგაზრდების თვალები ჩვენი მომავლის თვალებია

მინდა დაჯილდოებით გამოვყო ქირურგ - ოფთალმოლოგ მარიამ გოლოვაჩოვას ღვაწლი, რომელმაც 21 ივნისს დაბადების დღესთან დაკავშირებით მორიგეობა გადაცვალა და სწორედ იმ ღამეს მოუწია სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულება. 

,,რეგიონულ ჰოსპიტალსაც“ მთელი ღამის განმავლობაში ურთულეს  პირობებში უწევდა მუშაობა და იქაც ტყვიით დაშავებულ 2 პაციენტს თვალზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. 
როცა ბელორუსიიდან დავრეკე პირადად, მითხრეს, რომ ვერ გადაარჩებოდა თვალი, მაგრამ სასწაულებიც ხდება და საბედნიეროდ, ორივე შემთხვევაში თვალის შენარჩუნება მოხერხდა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ახალგაზრდა ქირურგ - ოფთალმოლოგს, რეზო ომიაძეს, რომელსაც გამოცდილება საზღვარგარეთ აქვს მიღებული და დაბრუნდა საქართველოში, ესეც ღირსშესანიშნავია. 

სულ მუშაობდა 77 სასწრაფო დახმარების ბრიგადა.  მათ შეძლეს სხვადასხვა სიმძიმის პაციენტების სამედიცინო დაწესებულებებში დროულად გადაყვანა. 

მაკა გვარამია, როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორი, იმ ღამეს დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნებული, სოლომონ როსტომაშვილი - მოვალეობის შემსრულებელი,  არიან ის ადამიანები, რომლებმაც ამ სამსახურის მობილიზაცია შეძლეს და ამ სამსახურმა ძალიან ეფექტურად იმუშავა. მინდა, რომ ყველას გადასცეთ მადლობა.

ჩვენ ამოვირჩიეთ ეს 4 ადამიანი, შეუძლებელია ყველას დაჯილდოება, მაგრამ მათი ჯილდო თქვენი ჯილდოცაა, ეს ყველას ჯილდოა - სხვადასხვა საავადმყოფოებში მობილიზებული ექიმების.  ეს იყო არნახული ერთად ყოფნა. 
ეს არის ის, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

არაერთი ტრაგიკული, მძიმე დღე, მძიმე ღამე და მძიმე პერიოდი გაუვლია ამ ქვეყანას -  მაგრამ ყოველთვის აღმოჩნდებოდა ხოლმე, იმ პერიოდში, მეორე მხარე, რომელიც იმედისა და გაძლიერების მომცემია და ეს მეორე მხარე, დღეს ხართ თქვენ, ყველა, ვინც ამ ქვეყნისა და მისი მომავლისათვის მზადაა იშრომოს და ბოლომდე დაიხარჯოს. ამისი მაგალითი ვნახეთ. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებსა და პოლიციელებსაც, რომლებიც 20 ივნისის აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

,,ჟურნალისტებს შორისაც არიან დაზარალებულები. ისინი თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მინდა, მათ მიმართ თანადგომა გამოვხატო. 

ასევე პოლიცილების მიმართ, რომლებიც იმ ღამეს არნახული ძალადობის ქვეშ იყვნენ და ძალიან დიდხანს გაუძლეს ამ ძალადობას. 

არ შევეხები ძალის გადამეტების საკითხს. ამის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება. ეს გამოძიებისა და სასამართლოს საკითხია. ვინც დასასჯელია, უნდა დაისაჯოს.
ეს არ უნდა გადავიდეს ყველა პოლიციელზე, რადგან ამ ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება თუ არა ჟურნალისტები,  სახელმწიფო არ იქნება, თუ არა სამართალდამცველები, საზოგადოება არ იქნება თქვენ გარეშე“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ექიმებმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს სახელმწიფო ჯილდოსა და ნდობისათვის.
,, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ნდობისთვის. 
ჩემთვის უდიდესი  პატივია ეს ჯილდო, მე უბრალოდ სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდი, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. 
შემოსული იყო ორი უმძიმესი პაციენტი თვალის კაკლის დაზიანებით. საბედნიეროდ, მეც და პაციენტებსაც გაგვიმართლა, რომ მოვახერხე  თვალის მთლიანობის აღდგენა. 

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ოფთალმოლოგიურ ცენტრში ნინო ბერაძეს, რომელიც ძალიან დამეხმარა და მის გარეშე ეს არ მოხერხდებოდა,  ასევე მადლობა ჩემს კოლექტივს ოფთალმოლოგიურ ცენტრს ერთად დგომისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა რეზო ომიაძემ.
 

პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 22 აპრილი 2019 10:03

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით დილის რვა საათიდან მობილიზებული იყო კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი.

ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა პოლიციას, დაუშინა ჯოხები და ქვები, რის შემდეგაც მოხდა დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება. ადგილზე მყოფი მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს. დაზიანდა პოლიციის ტექნიკა, დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეები.

ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს. 23 პოლიციელი თელავის საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება.

”ჩვენ პოლიციელების ხელფასი გავზარდეთ, სხვა დანაყოფებში ხელფასების ზრდა გაგრძელდება” - გიორგი გახარია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ივლისი 2018 19:50

გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე

„მოგესალმებით, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ და ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ იმ რეფორმების შესახებ იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მეორედ ვართ ამ საპატიო ტრიბუნასთან. რეფორმებს, რომელიც დღეს მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება. ეს გახლავთ, ნამდვილად, საჭირო და აუცილებელი პროცესი, რომელიც მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას - ეს გახლავთ, პირველ რიგში კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია და საზღვრის დაცვა. აქტუალობიდან გამომდინარე, მინდა ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ, რა ეტაპზეა დღეს კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარე რეფორმები და კონკრეტული მიმართულებები ამ რეფორმების. მოგეხსენებათ, რომ ძირითადი არსი მდგომარეობს სპეციალიზაციის გაჩენაში საუბნო მიმართულებით, საგამოძიებო მიმართულებით და ოპერატიული სამუშაოს მიმართულებით. უკვე ჩვენმა მოქალაქეებმაც იციან, რომ საუბნო მიმართულებით ჩნდება ახალი პერსონაჟი, ახალი ინსტიტუტი კრიმინალურ პოლიციაში, რომელსაც ერქმევა მართლწესრიგის ოფიცერი.

უკვე განსაზღვრულია მისი უფლებამოსილებები, მოვალეობები, ამ მოვალეობების აღწერა. თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ და გამოვაცხადეთ კონკურსი ამ პოზიციებზე ახალი თანამშრომლების შერჩევის. მინდა მოგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე მიღებული გვაქვს 1700-ზე მეტი განაცხადი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, იმედი გამოვთქვათ, რომ ეს ახალი ინსტიტუტი იქნება სრულად აღწერილი და წარმოდგენილი იმ შესაბამისი სტანდარტებით, რომელსაც ჩვენ ვაწესებთ.

ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო აქტუალური თემა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახდა, მათ შორის პარლამენტშიც განსჯის საგანი, ეს გახლავთ საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება კრიმინალურ პოლიციაში და საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მინდა გითხრათ რომ 15-20 წელი გამოძიების ხარისხის მიმართულებით არაფერი გაკეთებულა და მე მესმის, რომ ჩვენ ობიექტურად შეგვიძლია ვიყოთ უფრო მეტად მომთხოვნები, შეგვიძლია უფრო მეტად ვაკრიტიკოთ გამოძიებაც და გამომძიებელიც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, 15–20 წლის განმავლობაში არა თუ რეფორმა ხელშესახები არაფერი არ გაკეთებულა. ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება დიდი აღმოჩენების გაკეთება, მოგეხსენებათ რომ პირველივე დღიდან ამ სამინისტროში მოსვლის ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ გამოძიების კომპონენტის გაძლიერება იქნება ძირითადი მიმართულება ჩვენი რეფორმების და ეს არის ყველაზე საჭირო და ყველაზე აუცილებელი კომპონენტი ამ რეფორმების. რა გაკეთდა უკვე დღეის მდგომარეობით, ამ მიმართულებით, მინდა მოგახსენოთ - უკვე ჩაუტარდა ტესტირება სრულიად კორპუსს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების კორპუსი მყავს მხედველობაში, ეს გახლავთ 1104 ადამიანი, რამაც მოგვცა საშუალება გაგვეზომა მათი კვალიფიკაციის დონე. უკვე ჩატარებულია მათი დაკავებულობის ხარისხის შეფასება, მათი საქმეების რაოდენობის შეფასება და ასევე სირთულე ამ საქმეების. შესაბამისად, ყველა ამ მოგროვებულ ინფორმაციის საფუძველზე უკვე შექმნილია საბაზისო კურსები გამომძიებლების გადასამზადებლად. თითოეული ეს გამომძიებელი - ეს 1104 ადამიანი გაივლის შემოდგომიდან - სექტემბრიდან გადამზადების კურსებს, რათა თვალნათლივ შევძლოთ შევაფასოთ როგორც მათი კვალიფიკაცია ასევე მათი პოტენციალი რა დონეზე შეგვიძლია გავზარდოთ ამ ხალხის კვალიფიკაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები ძირითადი შინაარსი სამი მიმართულებით იყოფა: სტრუქტურული, შინაარსობრივი რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები. ეს ის მიმართულებაა, რომლის შედეგებს წარმოგიდგენთ წლის ბოლოს, განსაკუთრებით კრიმინალური პოლიციის ჭრილში.

კიდევ ერთი მომენტი რაზეც დღეს მინდა ვისაუბრო და რაზეც ჩვენ აქამდე არ გვისაუბრია ეს გახლავთ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი რომელიც გახლავთ სანაპირო დაცვა. სანაპირო დაცვა დღეს, განსაკუთრებით ნატოს ბოლო სამიტის კონტექსტში, იძენს განსაკუთრებულ დატვირთვას. მოგეხსენებათ, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება გახლავთ ის მიმართულება სადაც ნატოს და საქართველოს შორის ურთიერთობა შეიძლება გახდეს უფრო პრაქტიკული და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი სანაპირო დაცვის მიმართულება მაქსიმუმს გააკეთებს, რამეთუ პრაქტიკულ ჭრილში გადავიყვანოთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა. რამეთუ გავზარდოთ როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხი, ასევე გავზარდოთ ჩვენი თანამშრომლების კომპეტენციაც. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს არ გააჩნია სამხედრო საზღვაო ძალები და ამ მიმართულებით ნატოს პარტნიორად გვევლინება სანაპირო დაცვის სამსახური. ბევრი რამ არის გაკეთებული, ისეთი თანამშრომლობის ხარისხი როგორიც დღეს გვაქვს აქამდე არ ყოფილა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ აქ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

მოგეხსენებათ რომ ნატო დღეის მდგომარეობით ახორციელებს ხმელთა შუა ზღვაში - „ზღვის მცველის„ ოპერაციას რომელშიც სანაპირო დაცვის სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს მონაწილეობის მიღებას. ამისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადადგმულია. ჩვენი მიზანია ამ აბორდაჟის ჯგუფების კვალიფიკაციის ამაღლების ოთხწლიანი გეგმიდან ორი წელზე გადავიდეთ. ფოთის აბორდაჟის ჯგუფმა უკვე მიიღო პირველი სერტიფიცირება და 2019 წლის დასაწყისში იგივეს ველოდებით ბათუმის აბორდაჟის ჯგუფიდან. ჩვენ გვესმის, რომ ამ მიმართულებით არის ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი, განსაკუთრებით ინვესტიციების ნაწილში, განსაკუთრებით პერსონალის ამაღლების ნაწილში. ასევე მინდა მოგახსენოთ რომ განსაკუთრებულ როლს ასრულებს ისეთი ძლიერი ინსტრუმენტი როგორიც არის „ჯეიმოკი“ - ინფორმაციის გაცვლის და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით შეიქმნა და რომელიც ახლა აწყობს კომუნიკაციას ნატოს სანაოსნო ცენტრთან, რათა უფრო ეფექტურად გავცვალოთ ინფორმაცია. წელს, წლის ბოლომდე ჩვენ გვეყოლება საქართველოს „აილენდის“ კლასის 2 გემი, რომელიც მოგვცემს საშუალებას უფრო სრულფასოვნად მივიღოთ როგორც ნატოს წვრთნებში ხმელთაშუა ზღვაში მონაწილეობა, ასევე უფრო ეფექტურად მოვახდინოთ ჩვენი სანაპირო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

კიდევ ერთი კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების და ცვლილებების გახლავთ სამსახურში მიღების წესის ცვლილება. ეს ბრძანება უკვე ხელმოწერილია. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ფუნქცია. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი - პირველი რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში აღარ იქნება უმაღლესი განათლების კომპონენტი და ის იქნება სრულად პროფესიული განათლების დაწესებულება. გარდა ამისა, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯი და ვთქვით, რომ სისტემაში მოხვედრის ერთადერთი გზა იქნება ანაზღაურებადი სტაჟირება და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ საბაზისო კურსების გავლის დროს საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავლილი ტესტირების შედეგად გამორჩეული ან ამორჩეული, მისი სტაჟირების პერიოდი და სწავლის პერიოდი, რომელიც იქნება აკადემიაში, იქნება ანაზღაურებადი. ის პირველი 3 თვის საბაზისო კურსების გავლის პერიოდში მიიღებს მისი საშტატო სარგოს 50%-ს. ხოლო 1 წლიანი, შემდგომ უკვე 9 თვიანი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში, მიიღებს სრულ სარგოს და ეს იქნება ის ინსტიტუციონალური პროცესი, რისი საშუალებითაც თითოეული ადამიანი შეძლებს მოხვდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამას ვაკეთებთ, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ძალიან კარგად გვესმის, ვერანაირი სოციალური სტატუსის ზრდა, ხელფასის ზრდა, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, სოციალური დაცვის გაძლიერება ვერ იქნება გარანტი იმის, რომ ადამიანური რესურსი შინაგან საქმეთა სამინისტროში ხარისხობრივად გაუმჯობესდეს. ამას სჭირდება ინსტიტუციონალური განათლების და პროფესიული ზრდის მექანიზმები, რომელსაც ახლა ჩვენ ვქმნით. რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საუკეთესო კადრები, საუკეთესო ახალგაზრდები მოდიოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და მათ იცოდნენ, რომ მათი სოციალური და პროფესიული ზრდის გარანტიები არის შექმნილი სახელმწიფოს და ინსტიტუტის მიერ. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ მოვახერხეთ და 13 200 პოლიციელს გავუზარდეთ ხელფასი, თუმცა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი ნაბიჯი. და ასევე მინდა ვთქვა, რომ უახლოეს პერიოდში გაგრძელდება ხელფასების ზრდა სხვა დანაყოფებში.

ორიოდე სიტყვით მინდა მოგახსენოთ იმ საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ბოლო 6 თვის განმავლობაში, როგორც ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში, ასევე, საერთაშორისო საპოლიციო ინსტიტუტებთან. მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახდა ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს უკვე დაცული და დახურული არხები ინფორმაციის გაცვლის ევროპოლთან, რაც გვაძლევს საშუალებას კიდევ უფრო ეფექტურად ვითანამშრომლოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოგეხსენებათ, რომ ორგანიზებული დანაშაულის ნაწილში და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ნაწილში ეს არის ძალზედ პრინციპული და მნიშვნელოვანი კონტექსტი. ეფექტურად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტი. ჩენ ამ ინსტიტუტს ვაძლიერებთ და ვაფართოებთ და მოგეხსენებათ, რომ ის გამოწვევები, რომლებიც არსებობდა უვიზო რეჟიმის კონტექსტში ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში და ის შეკითხვები, რომლებიც ისმებოდა, ჩვენ ბოლო პერიოდში, თითოეულ ამ შეკითხვას კონკრეტულად გავეცით პასუხი. რა თქმა უნდა არსებობდა რისკი თავშესაფრის მაძიებლებსა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის გარკვეული კავშირის დამყარებისა და ჩვენ, პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობით, ფაქტიურად ეს რისკები მოვხსენით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული მისი თანამშრომელი ყოველთვის იქნება მზად პარლამენტის წინაშე წარმოადგინოს ის გეგმები, ხედვები და გასცეს პასუხი თითოეულ იმ შეკითხვას, რომელიც დაებადებათ დეპუტატებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სისტემა იყო კიდევ უფრო ეფექტური და მართლწესრიგის ხარისხი იყოს კიდევ უფრო მაღალი ჩვენს ქვეყანაში.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეფექტური და პოლიტიკურად თავისუფალი შინაგან საქმეთა სამინისტრო გახლავთ ის ინსტიტუცია, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს შეუქმნის საშუალებას გამოწვევების მაგივრად შესაძლებლობების ქვეყანაში იცხოვრონ. მადლობა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნათია მეზვრიშვილი - არ შეიძლება პოლიციელების დისკრედიტაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი კანონის სრული დაცვით მოქმედებენ

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 29 მაისი 2018 13:50

რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული, ფაქტი ამ ვიდეოში არის ერთი – პოლიციელთა მხრიდან მის ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, პოლიცია მოქმედებდა და იყენებდა იძულების პროპორციულ ზომას, რასაც კანონი ითვალისწინებს, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს ხელვაჩაურში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას განუცხადა. 

როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, საპროცესო მოქმედების მონაწილეები საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე ყოველთვის თანხმობას არ აცხადებენ და ასეთ შემთხვევაში კანონი საგამოძიებო მოქმედებების იძულებით ჩატარებას ითვალისწინებს. 

„ადვოკატი თავად ესწრებოდა ამ საგამოძიებო მოქმედებას. ის ორი კვირის განმავლობაში ფლობდა ამ ვიდეომასალას და წინასასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, რა მოტივაცია შეიძლება ამოძრავებდეს ადვოკატს. ეს არის არაეთიკური საქციელი, არ შეიძლება პოლიციელების და სამართლდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ადამიანები კანონის სრული დაცვით მოქმედებენ. მესმის, რომ ვიდეოში არის ბრალდებულის განწირული ხმით კვილი და წივილი. რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული, ფაქტი ამ ვიდეოში არის ერთი – ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, პოლიცია მოქმედებდა და იყენებდა იძულების პროპორციულ ზომას იმ ბრალდებულის მიმართ, ვინც ნიმუშის აღებაზე უარი თქვა. ნიმუშის აღება აუცილებელი იყო, რათა დაგვედგინა, ჰქონდა თუ არა მას ყაჩაღობასთან რაიმე ფორმით შეხება. ეს იყო აუცილებელი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმისთვის. ეს მოხდა სასამართლოს განჩინებით, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. საუბარი იმაზე, რომ პოლიციამ უფლებამოსილებას გადაამეტა, ზედმეტია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა. 

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლები პატიმარზე ძალადობენ.

10-მა ახალგაზრდამ თბილისში 4 პოლიციელი სცემა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 26 ივნისი 2017 21:57

შინაგან საქმეთა სამინისტრო მეოთხე დღეა ეძებს ათამდე ახალგაზრდას, რომლებმაც თბილისში პოლიციელები სცემეს. 4 სამართალდამცველზე თავდასხმა გვიან ღამით ცოტნე დადიანის გამზირზე მოხდა. სათვალთვალო კამერებმა ფაქტი მთლიანად დააფიქსირა და სავარაუდოდ, სწორედ ამ ვიდეო კადრების გაშიფვრის შემდეგ დაადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდამსხმელების ვინაობა.

„კურიერთან“ შემთხვევის თვითმხილველი ყვება, რომ სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთმა პირმა სამართალდამცველს შეაგინა. მოგვიანებით კი მდგომარეობის დაძაბვის გამო პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

შსს-მ თავდამსხმელების ვინაობა უკვე იცის, თუმცა ფაქტზე არავინაა დაკავებული. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც თავდასხმისას მძიმე დაზიანებები მიიღო.

პოლიციელებზე თავდასხმის საქმეს შსს სისხლის სამართლის კოსექსის 353-ე მუხლით იძიებს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის წინააღმდეგ მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

თურქეთში ახალგაზრდა დედა მშობიარობის შემდეგ დააკავეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 04 ივნისი 2017 19:25

თურქეთში ახალგაზრდა დედა ნაზლი ნ. მერტი მშობიარობის შემდეგ ბავშვთან ერთად დააკავეს. დაკავებულის მეუღლეც, გიულენის მოძრაობის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში თურქეთის ქალაქ ჩორუმში პატიმრობაში იმყოფება.  პოლიციელები მშობიარობის პერიოდში საავადმყოფოს არ მოშორებიან, დღეს დილით კი დედა, ნაზლი მერტი ბავშვთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა დედა პოლიციის განყოფილებაში ინვალიდის ეტლით იქნა გადაყვანილი, რადგან მას ფეხით გავლაც კი არ შეეძლო.

გავრცელებული ინფორმაციით, დედა ნაზლი ნ. მერტი პოლიციელების ზეწოლის გამო ცუდად გახდა, წნევა დაუვარდა და მას სასწრაფოდ გადასხმა გაუკეთდა. გახშირებული ტკივილის გამო მერტი სასწრაფოდ სამშობიაროში გადაიყვანეს. პოლიციელები რომლებიც ნაზლი მერტს სამშობიაროსთან ელოდებოდნენ დღეს ბავშვთან ერთად დააკავეს.

წყარო: http://www.kronos.news/tr/genc-anne-dun-dogum-yapti-bugun-tekerlekli-sandalyeyle-gozaltina-alindi/

UNICEF-ის პოლიციელთა მხრიდან არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობაზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 14:44

პოლიციელთა მხრიდან არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესაძლო შემთხვევის შესახებ UNICEF-ი  განცახდებას ავრცელებს. 

" გაეროს ბავშვთა ფონდი შეშფოთებულია არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტებით, რომლებსაც, სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, ადგილი ჰქონდა თერჯოლის პოლიციის განყოფილებაში 2015 წლის დეკემბერში. 

ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით გამოძიების პროცესს. "იუნისეფი" მოუწოდებს შინაგან საქმეთა  სამინისტროს, დაუყოვნებლივ გადადგას საჭირო ნაბიჯები პოლიციელთა სპეციალიზაციის პროცესის გაძლიერების და დაჩქარების მიზნით და უზრუნველყოს ხარისხის კონტროლისა და ეფექტიანი მეთვალყურეობის მექანიზმი", -ნათქვამია განცხადებაში. 

"არ ვიცი, რატომ გავისროლე, არ მახსოვსო"-სამართალდამცავების მკვლელობაში ბრალდებული

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 13:38

2015 წლის 30 დეკემბერს თელ­ავში ორი პოლიციელი მოკლეს. შემთხვევა, საპატრულო პოლიციის ეზოში­ მოხდა. პატრულ-ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი მეწყვილესთან ერთად საპ­ატრულო მანქანით ქუჩაში უნდა გასულიყო. ის ეზოში გამოვიდა და მოულოდნელად გასროლის ხმაც გაისმა,ის მიწაზე მოწყვეტით დაეცა ,პოლიციის კაპიტანი გელა ლამაზ­ოშვილი დაჭრილი კოლეგისკენ გაიქცა და ამ დროს მეორე გასროლაც გაისმა. ამჯერად დამნაშავემ დაჭრილის საშველად მისულსაც ესროლა.  შენობიდან პოლიციელები გამოცვივდნენ. გელამ მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ გვერდით ეზოდან ისროლეს.
ორი ადამიანის განზრახ მკვლ­ე­ლობის ბრალდებით 19 წლის სანდრო მეტრეველი დააკავეს. ბრალდებული პოლიციის გვერდით­ ცხოვ­რობს - მის სახლსა და პოლი­ციის შენობას­ ერთი გალავანი აქვს. სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი - სანადირო თოფი ამოიღეს, რომელიც სანდ­რო მეტრეველის დიდ პაპას ეკუთვნოდა და ოჯახის რელიკვია იყო. მეზობლები ბრალდებულს დადებითად ახასიათებენ ხოლო ბრალდებულის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ სანდროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მას მკურნალობდნენ.
გაქცევა არ უცდია. არც იქ მისულ პოლიციელებს­ გაუწია წინააღმდეგობა. მხოლოდ ერთსა და იმავეს იმეორებდა - არ ვიცი, რა მოხდა, რატომ გავისროლე, არაფერი მახსოვსო- იხსენებს ოჯახის ახლობელი. 

დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 14:54

თელავის შს სამმართველოს ეზოში სროლის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელი  -მაია ჯავახიშვილი დაიჭრა,მაია ჯავახიშვილი თელავის საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც თელავის რაიონულ საავადმყოფოში აცხადებენ , დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის ის საოპერაციოში იმყოფება და ოპერაცია უტარდება.
შეგახსენებთ, რომ თელავში, პოლიციის შენობის ეზოში სროლის შედეგად პატრულის თანამშრომელი მოკლეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილის შესახებაც. სავარაუდო დამნაშავე პოლიციელებმა მომხდარიდან მალევე დააკავეს. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილიც გაემგზავრა. 

ოზურგეთში სამი პირი პოლიციელებზე თავდასხმის გამო დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 26 სექტემბერი 2015 10:31

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოზურგეთში სამი პირი პოლიციელების მიმართ მუქარის და ძალადობის ფაქტზე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადასც ნათქვამია, რომ ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამი პირი, - 1980 წელს დაბადებული დავით ბ, 1983 წელს დაბადებული ჯაბა ლ. და 1979 წელს დაბადებული დავით მ. ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობის ფაქტზე დააკავეს.

"ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე, პოლიციის ავტომანქანას ქვეითად მოძრავმა სამმა პირმა გზა გადაუჭრა და მოძრაობის საშუალება არ მისცა. ავტომანქანიდან გადმოსულმა სამართალდამცველმა ბრალდებულებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ. დავით ბ-მ, ჯაბა ლ-მ და დავით მ-მ სამართალდამცველს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციელმა  თავდაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა," - ნათქვამია განცხადებაში. 

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ინციდენტში მონაწილე სამივე პირი ადგილზე დააკავეს.

გამოძიება ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური