საქართველოს შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის და პოლიციის წარმომადგენლებმა ნ. მელია დააკავეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 თებერვალი 2021 10:44

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სპეციალური დანიშნულების რაზმის და პოლიციის წარმომადგენლებმა 23 თებერვალს, დილით, ერთიანი ნაციოანალური მოძრაობის ოფისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად პარტიის თავმჯდომარე ნიკანორ მელია თავის სამუშო კაბინეტში დააკავეს.

რამდენიმე ასეული სამართალდამცველი, სპეცტექნიკის თანხლებით ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, სადაც ოპოზიციის ლიდერები და ნ. მელიას მხარდამჭერები გასული დღეების მსგავსად მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ, გამთენიისას გამოჩნდნენ და ნ. მელიას დაკავების ოპერაცია დაიწყო.

სამართალდამცველებმა ნაციონალურ მოძრაობის ოფისი ყველა მხრიდან ალყაში მოაქციეს და შენობაში რამდენიმე მხრიდან შევიდნენ, მათი ნაწილი კი – ოფისში ადგილზე მიტანილი სპეციალური სახანძრო კიბის გამოყენებით სახურავიდანაც ჩავიდა. ამის შემდეგ, სამართალდამცველებმა ოფისიდან შეკრებილების გამოყვანა დაიწყეს, რასაც სამართალდამცველებსა და შეკრებილებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მედიის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სამართალდამცველებმა, ნიკა მელიას სამუშაო კაბინეტში შესვლისას, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის „სპრეი“ გაუშვეს და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე სწორედ ამის შემდეგ დააკავეს.

საქართველოს პოლიციის ატაშეების ჩართულობით, იტალიასა და საფრანგეთში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2021 16:41

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს პოლიციის ატაშეების ჩართულობით, იტალიასა და საფრანგეთში სხვადასხვა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

2021 წლის 9 თებერვალს, იტალიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს უშუალო ჩართულობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, იტალიის რესპუბლიკის შსს-ს ცენტრალური ოპერატიული სამსახურის, იტალიის რესპუბლიკის შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის რეჯიო ემილიას სამხარეო პოლიციისა და ინტერპოლის თანამშრომლებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში, გამოავლინეს და დააკავეს იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე - 23, პოლონეთში - 2, საბერძნეთში - 1, ბელგიაში 1 და სლოვენიაში - საქართველოს 1 მოქალაქე, რომლებიც იტალიის რესპუბლიკისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე აქტიურად სჩადიოდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ჩრდილოეთ იტალიაში ბინებს ქურდავდნენ, მოპარულ ნივთებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე აბარებდნენ, ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით კი იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგალური ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას ცდილობდნენ.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების გამო, იტალიის რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ საქმე აღძრა იტალიის სისხლის სამართლის კოდექსის 416-ე, 624-ე და 648-ე მუხლებით, რაც გულისხმობს კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ქურდობას, ასევე, ფულის გათეთრებას და მაქსიმალური სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით.

ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში, ქართველმა სამართალდამცველებმა, 6-თვიანი თანამშრომლობის შედეგად, იტალიურ მხარესთან საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშეს უშუალო მონაწილეობით, არაერთხელ გაცვალეს ოპერატიული ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც ხსენებულ დანაშაულებში მონაწილეობდნენ.

საქართველოს მოქალაქეები, იტალიური საპოლიციო ძალებისათვის კვალის არევის მიზნით, აქტიურად იყენებდნენ გაყალბებულ მონაცემებსა და დოკუმენტაციას. ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით მოხდა ყველა პიროვნების იდენტიფიცირება, რომლებიც ხსენებულ დანაშაულებში მონაწილეობდნენ.

ოპერაცია „კანონიერი ქურდი“ მხოლოდ ნაწილია იმ მასშტაბური ღონისძიებების, რომლებსაც ქართველი და იტალიელი სამართალდამცველები ერთობლივად ახორციელებენ.

ასევე, 2021 წლის 9 თებერვალს, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშესა და სამინისტროს მიერ საფრანგეთის ეროვნულ პოლიციაში მივლენილი ქართველი მეკავშირე ოფიცრის უშუალო ჩართულობით, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთობლივი ოპერაცია „BRATVA-35“ ჩატარდა.

ოპერაციის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქებში: როშ-სურ-იონში, ნუარში, ანჟერში, ბორდოსა და რენში ქართული წარმოშობის „კანონიერი ქურდი“ - კ.ა. და საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს.
ფრანგი სამართალდამცველების მიერ დაკავებული პირები ორგანიზებული დაჯგუფების წევრები იყვნენ და საფრანგეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე აქტიურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას. კერძოდ, მათ ბრალად ედებათ საფრანგეთის რესპუბლიკის სსკ-ის 131-ე, 132-ე, 311-ე, 321-ე, 450-ე მუხლებითა და საბაჟო კოდექსის 414-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები: ორგანიზებული ჯგუფის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტებში ჩადენილი ქურდობის არაერთი ეპიზოდი, ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა/გასაღება და კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა, რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლის ვადით და ჯარიმას 375 ათასი ევროს ოდენობით.

 შსს-ს პრეს-ცენტრი

პოლიციამ მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 06 ივლისი 2020 14:41

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ი.ქ., ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სურამში დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილაზე გარდაიცვალა.
 
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
 
მომხდარ ფაქტამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს - თ.რ.-სა და ი.ქ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შსს-ს პრეს-რელიზი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პოლიციამ 17 პირი დააკავა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 ივნისი 2020 12:05

არსებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პოლიციამ 17 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში /შსს/ ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი ცოტა ხანში გაკეთდება.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სპეცოპერაციები თბილისის სხვადასხვა უბანში გასულ ღამეს ჩატარდა.

ფეხბურთელ გიორგი შარაქაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის არიან მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე, რომლებიც დაპირისპირების ღამეს ავტომანქანა "ტოიოტა ქამრით" გადაადგილდებოდნენ.

გაგნიძე და მახარაძე რამდენიმე საათის წინ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. არსებული ინფრომაციით, გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის "ა" პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს - თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.

 

წყარო: https://mtavari.tv/news/8571-mtavari-arkhis-inpormatsiit-politsiam-giorgi

"პოლიციის დადებულია ეგ ნარკოტიკი" - რას ჰყვება ფონიჭალაში დაკავებულების ძმა სპეცოპერაციის დეტალებზე

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 11 აგვისტო 2017 23:50

ქვემო ფონიჭალაში, ცურტაველის ქუჩაზე დაკავებული ძმების ოჯახის წევრები ნარკოდანაშაულს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ სახლში ნარკოტიკული ნივთიერებები არ ინახებოდა.

როგორც დაკავებულების ძმამ სამრატ ჯაფაროვმა განაცხადა, მათ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკული საშუალება თავად სამართალდამცველებმა ჩადეს. მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმმა ოჯახის წევრები სახლიდან გაყარა, მოგვიანებით კი უთხრეს, რომ სახლში ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს.

ჯაფაროვის თქმით, თავდაპირველად მისი ძმები პოლიციის განყოფილებაში გამოიძახეს და როდესაც მათ სახლში სპეცრაზმი მივიდა, ძმები ისევ პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ. დაკავებულების ოჯახის წევრები შს სამინისტროსგან დაკავებულების დროულ გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე, ოჯახი ითხოვს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას.

ოჯახი ასევე არ გამორიცხავს, რომ მომხდარი ფაქტი მეზობელთან არსებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს. როგორც დაკავებულის ძმამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, გვერდით მცხოვრები მეზობელი მათ სახლის დანგრევას სთხოვდა. დაკავებულების ძმა არ გამორიცხავს, რომ მეზობელი, რომელთანაც კონფლიქტი აქვთ, სამართალდამცველებთან იყოს კავშირში.

გერმანული მედიის ინფორმაციით, მიუნხენში პირმა პოლიციელ ქალს საბუთების შემოწმების დროს ესროლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 13 ივნისი 2017 12:00

გერმანული მედია მიუნხენში მიმდინარე სპეცოპერაციის დეტალებზე წერს. გერმანული მედიის ინფორმაციით, პირმა პოლიციელ ქალს საბუთების შემოწმების დროს ესროლა. 

პოლიციელი მძიმედ დაჭრილია. ასევე დაშავებულია ოთხი ადამიანი.

მიუნხენის გარეუბანში, უნტერფორინგის სარკინიგზო სადგურზე პოლიცია მასშტაბურ ოპერაციას ამ წუთებშიც ატარებს. სადგურის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. 

აქციაზე მოულოდნელად ქალი პოლიციელი გამოჩნდა, რომელმაც მონაწილეებთან ერთად გარეპა

გამოქვეყნებულია ვიდეო
კვირა, 11 ივნისი 2017 18:12

აქციაზე მოულოდნელად ქალი პოლიციელი გამოჩნდა, რომელმაც მონაწილეებთან ერთად გარეპა

ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 12 მაისი 2017 11:41

თბილისში ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოსა და გერმანიას შორის საპოლიციო თანამშრომლობის თემით გაიხსნა. ფორუმზე საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გვანცა ჩხვიმიანი სიტყვით გამოვიდა.

საქართველოს პოლიციის ატაშემ ფორუმის მონაწილეებს შსს-ს მიერ საერთაშორისო, ორმხრივი, ოპერატიული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით მიღწეული შედეგები გააცნო და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ სტრუქტურებთან არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა. როგორც გვანცა ჩხვიმიანმა აღნიშნა, საქართველოს შს სამინისტროს საზღვარგარეთ უკვე 13 პოლიციის ატაშე ჰყავს მივლენილი, მათ შორის რვა - ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, რაც ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებთან ოპერატიულ და ეფექტურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს.

საქართველოს პოლიციის ატაშემ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და ევროპოლს შორის ხელმოწერილი, ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

გვანცა ჩხვიმიანმა საქართველოსა და გერმანიას შორის საპოლიციო სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს შს სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის არა მხოლოდ ფედერალურ, არამედ ცალკეული ფედერალური მიწების სამართალდამცავ სტრუქტურებთან. საქართველოს პოლიციის ატაშემ გერმანიასთან თანამშრომლობის ცალკეული მიმართულებები განიხილა, რომელიც ორგანიზებული დანაშაულის, კიბერდანაშაულის, ნარკოტიკების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და განათლების კუთხით ხორციელდება.

საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავი სტრუქტურები ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობენ „ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების შესახებ“ 2014 წლის სამთავრობო შეთანხმების, 2016 წელს ოთხ ფედერალურ მიწასთან ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის და ამავე წელს გაფორმებული, ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმის ფარგლებში.

ყოველწლიური ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდისა და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ინიციატივით, თბილისში მეექვსედ გაიმართა. ფორუმში მონაწილეობდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰაიკე პაიჩი, პარლამენტის წევრები, კონრად ადენაუერის ფონდის, საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავი სტრუქტურებისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

სასამართლომ პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 04 აპრილი 2017 15:21

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საპატრულო პოლიციელებზე თავდასხმაში, ავტომანქანის ქურდობაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში ბრალდებული ომარ ცისკარაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 -ე მუხლის 1 ნაწილით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე  მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით. 
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 მაისს, დაახლოებით 23 საათზე, ქ. გურჯაანში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების გიორგი ამისულაშვილის და მალხაზ მღებრიშვილის მიერ შემჩნეული იქნა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა. პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანის  მესაკუთრეს ომარ ცისკარაშვილს აცნობეს, რომ სატრანსპორტო საშუალება უნდა გადაეყვანათ საჯარიმო ავტოსადგომზე, რაზეც ომარ ცისკარაშვილი გახდა აგრესიული, პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ავტომანქანის გადაყვანის უფლებას არ მისცემდა და ტერიტორია დატოვა. მომხდარიდან რამდენიმე წუთში ომარ ცისკარაშვილმა გურჯაანში მცხოვრებ ზ.უ-ს კუთვნილი „BMW“-ს X-5 მოდელის ავტომანქანა მოიპარა, დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და პატრულ-ინსპექტორების მიმართულებით, რომლებიც ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანისთვის საჭირო პროცედურებს აწარმოებდნენ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად დაზიანდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი ორი ავტომანქანა.
ომარ ცისკარაშვილს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა და ვინაიდან იგი თავს არიდებდა გამოძიებას, მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. სამართალდამცველებმა ძებნილი ომარ ცისკარაშვილი  2016 წლის 3 ივლისს ქ. ბათუმში დააკავეს. 
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ომარ ცისკარაშვილი დამნაშავედ სცნო და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელებმა თანამშრომელ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 მარტი 2017 13:22
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გოგა რაზმაძემ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, მრავალშვილიან დედას - ეკატერინე ერაძეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დედის დღე პირადად მიულოცა, თაიგული გადასცა და წარმატებები უსურვა. შს მინისტრის გადაწყვეტილებით საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ქალები დედის დღესთან დაკავშირებით სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისგან გათავისუფლდნენ. შსს-ს რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებმა, ასევე, დედის დღე მიულოცეს თავიანთ თანამშრომელ ქალბატონებს და თაიგულები გადასცეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური