პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018 20:54

დღეს, 18:00 სთ-ზე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა დასრულდა.  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 25 საპრეზიდენტო კანდიდატი დაარეგისტრირა, მათგან 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფის მიერ. კანდიდატურის მოხსნის კანონით დადგენილი ვადის ამოწურვამდე, არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადება ცესკოში არ შემოსულა. შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენში შეყვანილი იქნება ყველა, - 25-ვე რეგისტრირებული კანდიდატი.

დღეს ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე, ზემოაღნიშნულთან ერთად კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა ერთიანი სიის შესახებ; როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამოიწურა ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ვადაც. კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღემდე ბოლო 12 დღის განმავლობაში აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა.

„ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა სიის გადამოწმების ელექტრონული სერვისებით, 10 ოქტომბრის ჩათვლით ისარგებლა და სიები გადაამოწმა 900 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა, ხოლო სიებში მონაცემებთან დაკავშირებით საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებს წერილობით მიმართა 988 ამომრჩეველმა. ამომრჩეველთა სიის საბოლოო ვერსიის საფუძველზე, საუბნო საარჩევნო კომისიები  ამომრჩევლებს დაურიგებენ ამომრჩევლის ბარათს მიმდინარე წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებსა და მმართველ გუნდს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი ჩიხიდან გამოსავალს სთავაზობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 13 სექტემბერი 2017 11:07

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ დოკუმენტზე მუშაობა შესთავაზა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართული სახელმწიფოს იმიჯი შეილახა იმ შთაბეჭდილების შექმნით, რომ საზოგადოებას არ შეუძლია შეთანხმება უმნიშვნელოვანეს საკითხზე, ამიტომ პრეზიდენტი გამოსავლის სახით პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ პროექტზე ერთობლივი, კონსენსუსური ვარიანტის შექმნას და შემდგომ მმართველი გუნდისთვის წარდგენას სთავაზობს.
 „მე გიწვევთ, რომ ვიმუშაოთ კონსტიტუციის არსებულ კანონპროექტზე, რაც აპრიორი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ კონსენსუსისკენ მივდივართ იმიტომ, რომ როგორც დაიწერა კონსტიტუცია, რა ფორმითაც დაიწერა, შესაძლებელია ეს არ არის ის, როგორც მე ან თითოეული თქვენთაგანი დაწერდა კონსტიტუციას. სრულიად შესაძლებელია კონსტიტუცია დაწერილიყო სრულიად სხვა პროცესის შედეგად, სრულიად სხვა ლოგიკით, სრულიად სხვა აქცენტებით, მაგრამ უკვე რაღაც დოკუმენტი დაიდო, ამას ვცემთ რა პატივს, რომ ეს პოლიტიკური ფაქტია აი ეს დოკუმენტი ავიღოთ, როგორც ამოსავალი, არ დავიწყოთ დამოუკიდებლად იმპროვიზაცია, არამედ ეს დოკუმენტი ავიღოთ, მოვნიშნოთ ის ძირითადი პუნქტები, რომლებიც ძირითადი წინააღმდეგობის თემა იყო დავწეროთ ჩვენი ვერსია, ის რომელზეც შეთანხმდებით თქვენ, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ხართ და ეს შევთავაზოთ მმართველ პოლიტიკურ ძალას როგორც გამოსავალი; როგორც გამოსავალი და კონსენსუსის ფაქტი. აგრეთვე, დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ შესაძლებელია საქართველოში რომ განსხვავებული, დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთად აკეთებდნენ აი ასეთ საქმეს და ერთად თანხმდებოდნენ ძირითადზე - რასაც ჰქვია სახელმწიფოს პრინციპები და არქიტექტურა. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, ჩემი აზრით,  გამოვიყვანთ ქვეყანას იმ რთული ვითარებიდან, რომელშიც დღეს  სამწუხაროდ არის და რომელსაც  ასე ხატოვნად  გამოხატავს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, როდესაცამბობს, რომ ის იმედგაცრუებულია.  ეს არ არის მარტო იმედგაცრუება  მმართველი პოლიტიკური ძალით, არამედ ეს საბოლოოდ  გადაითარგმნება, როგორც  იმედგაცრუება  საქართველოთი, სადაც ვერ ხერხდება რაღაც ძირითადზე შეთანხმება. მე მოგიწოდებთ ეს გავაკეთოთ; მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება აგრეთვე გარკვეული შესაძლებლობა, კიდევ ერთი შანსი მმართველი პოლიტიკური ძალისთვის, რომ დაფიქრდეს იმაზე, რომ ასეთ კონსესუსის უნდა გაუწიოს ანგარიში, იმიტომ რომ მე რასაც ვუყურებდი ბოლო დროს ძალიან უცნაური იყო მთელი ის პოლემიკა, რომელიც ხდებოდა. „ზეპირად გვითხარით“, „შეხვედრაზე გვითხარით“, „წერილობით გამოგვიგზავნეთ“, მერე რაღაცა „სიმღერა დაწერეთ და კომიქსებად გამოგვიგზავნეთ“, მერე რაღაცა „არ მოგვწონს“, „ულტიმატუმია“ – ეს აბსოლუტურად გაუგებარი პროცესი იყო. შევქმნათ ესეთი ერთობლივი, წერილობითი კონსენსუსის დოკუმენტი, მივართვათ მმართველ პოლიტიკურ ძალას, მცირე იმედი მაქვს, ეს გააჩენს გარკვეულ გააზრებას იმისას, რომ არ შეიძლება ერთპარტიული კონსტიტუცია იწერებოდეს იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს დემოკრატიულობაზე და ევროპულ პროცესში პროგრესულობაზე და ლიდერობაზე პრეტენზია. თუ ასეთი დოკუმენტი არ იქნება მიღებული, შემდეგ შეიძლება უკვე ეს ტექსტი, კონკრეტული, რომელიც ჩვენს მიერ იქნება შექმნილი, სხვა მიზნებისთვისაც იქნას გამოყენებული. ამისთვის გთხოვეთ მობრძანება. ამისთვის მინდა გთხოვოთ, რომ მონაწილეობა მიიღოთ იმ პროცესში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის იმიჯის, პლიუს კიდე კონსტიტუციის ჩიხიდან გამოსვლის პროცესი ჰქვია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის ამ ინიციატივას პარტიების ლიდერები მიესალმნენ და მზადყოფნა გამოთქვეს, ერთიან დოკუმენტზე იმუშაონ. პრეზიდენტის შეხვედრას პოლიტიკური პარტიების წევრებთან ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საპარლამენტო მდივანი, პოლიტიკურ საკითხებში მრჩეველი და მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში.

ოცდასამი პოლიტიკური პარტია ცესკოს ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამაში ჩაერთო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 აგვისტო 2017 11:21

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო ადმინისტრაციის კიდევ ერთი ინოვაციური პროექტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ცესკოს თავმჯდომარემ იმ ახალი პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა არჩევნებში ჩართულ მხარეებს გაუმარტივებს რეგისტრაციის პროცესს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს დროულად და ეფექტურად დაამუშაოს და გადაამოწმოს წარდგენილი დოკუმენტაცია. პროექტს ამ ეტაპზე 23 პოლიტიკური პარტია შეუერთდა.

შეხვედრის მონაწილეებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე მათ შეკითხვებს უპასუხეს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა - ელისაბედ ველიძემ და საარჩევნო სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა. ინოვაციური პროგრამის მეშვეობით, პოლიტიკურ პარტიებს საშუალება ეძლევათ ყველა დონის საარჩევნო კომისიაში (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) წარმომადგენლების დანიშვნა ელექტრონულად, ონლაინ რეჟიმში მოახდინონ.  მომხმარებლებისთვის გაიხსნება  ელექტრონული სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ განახორციელონ შესაბამისი პროცედურები, მიიღონ ინფორმაცია სიახლეების შესახებ, ჩამოტვირთონ საჭირო დოკუმენტაცია და სამართლებრივი აქტები.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის პროგრამა საპილოტე რეჟიმში იმუშავებს, სამომავლოდ კი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ელექტრონული რეგისტრაცია საშუალებას მისცემს პარტიებს, საინიციატივო ჯგუფებს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე მედიასაშუალებებს მათთვის საჭირო საჭირო რეგისტრაციის პროცედურები ონლაინ რეჟიმში გაიარონ. 

პროექტი ცესკოს ინიციატივით და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

 

 

 

 

მამუკა კუდავა "გირჩში" გაწევრიანდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 15:14

მამუკა კუდავა ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" წევრი გახდა. ის გირჩის საგარეო მდივანი იქნება. გირჩში გაწევრიანების შესახებ ინფორმაციას თავად მამუკა კუდავა ავრცელებს:


"დავთანხმდი რა ზურაბ ჯაფარიძის შემოთავაზებას, ვუერთდები ახალ პოლიტიკურ ცენტრს, როგორც საგარეო მდივანი. არასდროს ვყოფილვარ პოლიტიკური პარტიის წევრი, მაგრამ როგორც სახელმწიფო მოხელე დიპლომატის რანგში არაერთი წლის განმავლობაში, არც შორს ვყოფილვარ საშინაო პოლიტიკისგან.

თანამოაზრეთა ახალ გუნდთან ერთად ჩემი მიზანი არის, რომ ქვეყნის განვითარების კრიტიკულ ეტაპზე შეძლებისდაგვარად მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო ორი მთავარი მიმართულებით:

1. „ქართული ოცნების“ ქმედითუუნარო ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობის დამთავრება ოქტომბრის არჩევნებით, კერძოდ ქვეყნის ისტორიაში პირველი ჭეშმარიტად კოალიციური პროდასავლური მმართველობის შექმნის გზით.

2. ეკონომიკის სწრაფი პროგრესი, რათა მეტი ფული გაჩნდეს თითოეული მოქალაქის ჯიბეში. მიმაჩნია, რომ ახალ პოლიტიკურ ცენტრს გააჩნია საუკეთესო ეკონომიკური პროგრამა, რომელიც მიმართულია ერთდროულად დაბალანსებული ბიუჯეტისა და
ბიუჯეტის გაჭირვებული ოჯახების მიმართულებით ორიენტირებისკენ.

ეს ახალი ძალა, როგორც პროევროპული ცენტრისტული პარტია - სოციალურად ლიბერალური და ფისკალურად კონსერვატიული - განსაკუთრებით შეეცდება მოიპოვოს იმ ელექტორატის ხმები, რომელიც გულაცრუებულია ორპოლუსიანი კონფრონტაციული პოლიტიკური პეიზაჟით. ასეთი კი მოსახლეობის ნახევარზე მეტია."- აცხადებს მამუკა კუდავა.

კუდავას დიპლომატიური კარიერა 15 წელზე მეტი გრძელდებოდა. ის საქართველოში 2012 წელს დაბრუნდა. ბოლოს მამუკა კუდავა საფრანგეთში საქართველოს ელჩის პოსტს იკავებდა.

ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა გირჩმა პარლამენტში ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 17:34

ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა გირჩმა პარლამენტში ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირა. დოკუმენტი საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილებას გულისხმობს. კანონპროექტის მიხედვით მიწის დარეგისტრირების ფორმა მარტივდება. პოლიტიკური ცენტრის წევრების ინფორმაციით, რეფორმა უნდა დაიწყოს საკადასტრო ინფორმაციის შეგროვებით, რომელსაც მარეგისტრირებელი ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით ასრულებენ კერძო საამზომველო კომპანიები. ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი,კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის მიერ მიწის რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში არსებული დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ ცხადდება სახელმწიფო საკუთრებად.

ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა “გირჩმა" ეკონომიკური პროგრამა წარადგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 17:19

ეკონომიკური პროგრამა წარადგინეს დღეს ახალ პოლიტიკურ ცენტრში “გირჩი”. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, საქართველოს ეკონომიკას დღეს მკვეთრი ნაბიჯები სჭირდება. 

“გირჩის” მიერ შემუშავებული ეკონომიკური პროგრამიდან აქცენტი რამდენიმე საკითხზე გაკეთდა, მათ შორისაა დაბალი გადასახადები, მთავრობის შეკვეცისა და უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხი, სოციაური დახმარების ზრდა და სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილება მოქალაქეებზე. 

პოლიტიკურ გაერთიანებაში ბიუჯეტის პერსპექტივებზეც ისაუბრეს. 

ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიის საარჩევნო შტაბს, ფონდის პრეზიდენტი გიორგი ქვრივიშვილი უხელმძღვანელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2015 16:13

ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური პარტიის „ბედნიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბს მისი ფონდის პრეზიდენტი გიორგი ქვრივიშვილი უხელმძღვანელებს. “მქონდა პატივი ბოლო 5 წლის განმავლობაში მეხელმძღვანელა ლეონიდ ჩერნოვეცკის საინვესტიციო კომპანიისთვის და მისი ფონდისთვის, ხოლო დღეიდან დავიწყე მისი პოლიტიკური პარტიის აქტიური ფორმირება. ჩვენ უკვე დავიწყეთ გუნდის ჩამოყალიბება, და ეს იქნება გუნდი რომელიც 2016 წლის არჩევნებზე აუცილებლად მიაღწევს წარმატებას და შემდეგ შეასრულებს უკლებლივ ყველა იმ დაპირებას, რომელიც ჩვენგან უკვე იქნა და მომავალში იქნება გაცემული. მათ შორისაა: ეკონომიკის გამაჯანსაღებელი კანონების მიღება, ბიზნესის და ტურიზმის დღემდე არნახული ხელშეწყობა, ინვესტორებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და რაც მთავარია, თითოეულ ჩვენ მოქალაქეზე ზრუნვა, პენსიების ზრდა და სოციალური ფონის გაუმჯობესება.ჩვენს გუნდში იქნებიან პატრიოტები და პროფესიონალები, რომლებიც წარმოაჩენენ ჩვენს პოლიტიკურ ძალას 2016 წლის საპარალმენტო არჩევნებზე და შემდეგ კი, რაც ყველაზე მთავარია, გაცემულ დაპირებებს შეასრულებენ. უფრო დეტალურად ჩვენს გეგმებზე უახლოეს მომავალში მოგახსენებთ”, - განაცხადა გიორგი ქვრივიშვილმა.
კიევის ყოფილმა მერმა, მილიარდერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ახალი პოლიტიკური ძალის „ბედნიერი საქართველოსთვის“ ჩამოყალიბებაზე განცხადება 5 დეკემბერს, ქობულეთში მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა. ჩერნოვეცკიმ განაცხადა რომ მისი პოლიტიკური პარტია პარლამენტში შესვლისთვის და გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

იანოშ ჰერმანი „რუსთავი 2“-ის საქმეზე პოლიტიკურ ფონზე საუბრობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 15:40

ვროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი „რუსთავი 2“-ის საქმეზე პოლიტიკურ ფონზე საუბრობს.

როგორც ჰერმანმა „მაესტროს“ ეთერში საუბრისას განაცხადა, ევროკავშირი ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებს დიდი ყურადღებით აკვირდება.

"ჩვენ სრულად პასუხს ვცემთ სასამართლოს, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ რუსთავის საქმე, როგორც ის ვითარდება, მას აქვს სეროზული პოლიტიკური კონტექსტი. უპირველესად, როგორი იქნება პატივისცემა მედიაპლურალიზმის, მედიათავისუფლების მიმართ და ამას გავლენა ექნება საქართველოს პოლიტიკურ იმიჯზე. ამიტომ ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ პროცესებს თვალყურს. გუშინ საღამოს როცა მე ვიძინებდი, ჩავთვალე, რომ იყო სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვით გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო აღსრულებული დაუყოვნებლივ და იყო დრო შემდგომი აპელაციისთვის. დღეს გავიღვიძე და ჩანს, რომ სიტუაცია ისე არ არის როგორც ჩვენ გვეგონა", - ამბობს იანოშ ჰერმანი.

თურქეთი არჩევნებისთვის ემზადება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 19:32

თურქეთი 26-ე პერიოდის პარლამენტარების გამოსავლენად 1 ნოემბერს არჩევნებს ჩაატარებს. ამის შესახებ TRT-ქართული წერს. ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში ამჟამად 54 მილიონ 49 ათას 940 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 1 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში 16 პოლიტიკური პარტია იღებს მონაწილეობას. ხმის მიცემის პროცედურა 1 ნოემბერს თურქეთის დროით 08:00 საათზე დაიწყება და 17:00 საათამდე გაგრძელდება. მაგრამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონებში ხმის მიცემის პროცედურა 07:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათზე დასრულდება. ხმის მიცემის მსურველი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე აუცილებლად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა გამოცხადდეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური