სალომე სამადაშვილი - მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას, რათა კრიზისი დაიძლიოს, მათ შორის ხელისუფლებაზეც

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 მარტი 2021 17:10

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრაზე გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი, როგორ შეიძლება, ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას, რათა კრიზისი დაიძლიოს.

„ყველას ესმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის აუცილებლად მოსაძებნი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პროცესები, რაც ქვეყანაში შეიძლება, განვითარდეს, აწყობს მხოლოდ რუსეთს. ამიტომ, ევროკავშირს, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, ჩვენს ქვეყანაში აქვს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესი. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად, ასევე იმ მთავარ პრობლემებზე, რომლებსაც ვხედავთ კრიზისიდან გამოსავლის თვალსაზრისით. ეს არის პოლიტპატიმრების თემა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდნენ, რათა დავიწყოთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა და მეორე, ქვეყანას სჭირდება ახალი, განახლებული, დემოკრატიული პროცესი. ეს პროცესი შეიძლება, იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ძალიან დეტალური საუბარი გვქონდა ყველაფერ ამაზე და იმ გზაზე, ჩვენ როგორ ვხედავთ გამოსავალს შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან.

მე შემიძლია, გითხრათ ერთი რამ, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს ილუზია, რომ შარლ მიშელი დღეს ჩამოვიდა, ხვალ წავა და აღარ დაინტერესდება, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და როგორ გამოდის ქვეყანა კრიზისიდან, ეს ასე არ იქნება. ის დაპირება, რომელიც დღეს მივიღეთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის ის, რომ ევროკავშირი იქნება უკიდურესად აქტიურად ჩართული ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად და განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას, რათა კრიზისი დაიძლიოს. მათ შორის ხელისუფლებაზეც. ძალიან კარგად ესმით ჩვენს პარტნიორებს, რომ შეუძლებელია, მძევლად აყავდეს ადამიანები ხელისუფლებას და აპატიმრებდეს პოლიტიკურ ლიდერებს, ამ დროს კი, საუბრობდეს დიალოგზე. ეს არის თავისთავად აბსურდული მოცემულობა. ეს მათ ესმით ძალიან კარგად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

წყარო: https://1tv.ge/news/salome-samadashvili-evrokavshiri-ganakhorcielebs-yvela-shesadzlo-gzit-zewolas-rata-krizisi-daidzlios/

საქართველოს პრეზიდენტი - საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 19 თებერვალი 2021 11:16

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

"ცხრა თვის წინ მივიღე ჩემთვის უმძიმესი და საზოგადოებისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სტაბილურობის შენარჩუნებით და ემსახურებოდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევასა და დეპოლარიზაციას.

სამწუხაროდ, ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დაუმორჩილებლობის ყველა ფორმის გამოყენება, საზოგადოებრივ-სოციალური პროტესტის წაქეზება მიზნად ისახავს ქვეყნის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას.

ამას შეიძლება მოჰყვეს უმძიმესი შედეგები, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის დაკარგვა, არა თუ ჩვენთვის, არამედ ჩვენზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყნებისთვის გამანადგურებელი პრეცედენტის შექმნას უდრის. არჩევნების შედეგის პატივისცემა და წაგების აღიარება ხომ დემოკრატიის ქვაკუთხედია! ამ დემოკრატიული პრინციპების უარყოფა კი, აწყობს მხოლოდ იმ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ვინც საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს და ვინც რეგიონში საქართველოს სტაბილურობასა და დემოკრატიულობას საფრთხედ აღიქვამს.

დღეს შეხვედრა გავმართე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და დეტალურად განვიხილეთ შექმნილი ვითარება. მიმაჩნია, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი, რათა ამ პროცესებმა არ დააზიანოს ქვეყნის სტაბილურობა და საერთაშორისო იმიჯი.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მზად ვარ ყველა ფორმის დიალოგს მხარი დავუჭირო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა და არა, როცა დათმობა აღქმულია სისუსტედ, ან უფრო მეტიც, როდესაც ეს შეიძლება ვინმემ საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს. ასევე, კონსტრუქციულ დიალოგს ეწინააღმდეგება წინაპირობების წაყენება და პროცესების რადიკალიზაცია.

მე, როგორც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ევროპულობის, დემოკრატიული განვითარებისა და მაშასადამე სტაბილურობის გარანტი, გამოვდივარ ქვეყნისა და მისი ყველა მოქალაქის ინტერესებიდან და მჯერა, რომ ქვეყნის დაწყნარებით და განვითარებით ყველა გამარჯვებული დარჩება.

ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენია", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება საარჩევნო პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკებების გზით წარმართვის აუცილებლობაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2020 11:44

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს როგორც მმართველ, ასევე, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები საარჩევნო დარღვევების გამო შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიების მიზნით. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" სახალხო დამცველის აპარატიდან შეატყობინეს.

საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც ქვეყანაში საარჩევნო უფლების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი კონსტიტუციური ორგანოს, შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ძალადობრივი ინციდენტების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე, არჩევნების დღეს ამომრჩევლების ნების კონტროლის, დამკვირვებლებზე და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის პარალელურად, განსაკუთრებული პრობლემებით გამოირჩეოდა შედეგების შეჯამებისა და ხმის დათვლის პროცესი. სამწუხაროდ, შემაჯამებელ ოქმებში არსებულ არსებითი ხასიათის დარღვევებს საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვის პროცესში სათანადო პასუხები ვერ გასცეს, რამაც საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობა და საზოგადოებრივი პროტესტი კიდევ უფრო გააღრმავა.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. სიტუაციას ამძაფრებს გლობალური პანდემიის გამო საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ეკონომიკური კრიზისი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით მოლაპარაკებების წარმართვა საერთო სამართლებრივ და პოლიტიკურ გამოსავალზე შეთანხმების მიზნით. აუცილებელია გზების გამონახვა, რათა შესაძლებელი გახდეს სადავო საარჩევნო უბნების შედეგების მაქსიმალური გამჭვირვალობით გადათვლა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს, უსწრაფესად დაიწყონ მოლაპარაკებები კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიების მიზნით. დროულად გამოიძებნოს და შეთანხმდნენ შესაბამის ფორმატზე, რა დროსაც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, ასევე, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესების დაკვირვებისა და ფასილიტაციის მიზნით.

პოლიტიკური კრიზისი ვენესუელაში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 29 აპრილი 2016 18:12

ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისია. ადგილობრივი მოსახლეობა პრეზიდენტ, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამოდის. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც გვალვის და სხვა ხელისშემშლელი მოვლენების ფონზე, ქვეყნის ჰიდროელექტროსადგურებში წყლის დონე შემცირდა, შესაბამისად, გართულდა ელექრტოენერგიის მიწოდებაც. მადურომ მიიღო გადაწყვეტილება, დღეში ოთხი საათის განმავლობაში ელექტროენერგიის შეჩერების შესახებ მისი დაზოგვის მიზნით, თუმმცა მოსახლეობა აღნიშნულ ნაბიჯს აპროტესტებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური