პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება საარჩევნო სისტემის ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 30 ივნისი 2020 14:17

დღეს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება საარჩევნო სისტემის ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით. "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ ამ განცხადებას:

"გულითადად ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდასა და უფრო ფართო წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში. ვაღიარებთ, რომ ეს ცვლილებები ასახავს იმ კომპრომისებს, რომელთა მისაღწევად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სირთულეების გადალახვა დასჭირდათ და მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო ამ ცვლილებების წარმატებით დასრულება. ვწუხვართ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა [კენჭისყრაში].

ამჯერად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაში. ეს უაღრესად საჭირო რეფორმები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საარჩევნო ყუთებთან ხმის თავისუფლად მიცემას.

8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების მოგვარებას, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების უმართებულო პოლიტიზაცია, კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში.

დაბოლოს, გვსურს, ყველა მხარემ პატივი სცეს ჩვენს, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას", - ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.

ლაშა დარსალია საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 ნოემბერი 2019 13:36

2019 წლის 27 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ლი იანთან.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თანამშრომლობის საკითხები. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დადებითი ასპექტების მნიშვნელობას, რომელიც ჩინეთსა და საქართველოს გააჩნიათ მარავალხრივი ფორუმების ფარგლებში და სამომავლო პარტნიორობის გაძლიერების იმედი გამოთქა.
გარდა აღნიშნულისა, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები, ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთოებების გაღრმავებას და მნიშვნელოვან მიღწევებს.
ქალბატონმა ლი იანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჩინეთის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის გაღრმავების იმედი როგორც საერთაშორისო და რეგიონულ, ასევე ორმხრივ დონზე.

ზაალ ანჯაფარიძე - ცესკოს კრიტიკა აქტუალური აღარ არის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 22 ოქტომბერი 2018 19:24

ე.წ. ჩანაწერების სკანდალებს  და კომპომატების ომს,   საარჩევნო პროცესსა  და  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობაზე რაიმე სერიოზული გავლენა არ მოუხდენია - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი კვირაა დარჩენილი და რჩება შთაბეჭდილება, რომ ცესკოს მიერ არჩევნებისთვის მზადება, კანდიდატთა საარჩევნო კამპანია და ჩანაწერებით ომი,   ორ პარალელურ, ერთმანეთისგან განყენებულ სიბრტყეში მიმდინარეობს.

„მედიიდან თითქმის გაქრა დამკვირვებელი  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების  პრეტენზიები და ბრალდებები ცესკოს მიმართ, რითაც უხვად იყო დატვირთული გასული თვენახევარი. ცესკოს კრიტიკა აღარ არის აქტუალური.  მითუმეტეს, როცა  სერიოზული ხელჩასაჭიდიც არ არსებობს. თუმცა, ეს შეიძლება ქარიშხლის წინ არსებული სიჩუმე იყოს და დამკვირვებლები შესაფერის  მომენტს ელოდებიან. რას შეიძლება შეეხოს კრიტიკა? ბიულეტენის ბეჭდვას და დროულად მიწოდებას საარჩევნო უბნებზე, პენიტენციურ დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში ხმების მიცემას და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას“ - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

 მისივე თქმით, რადგან პოლიტიკური ტემპერატურა არჩევნების წინ საკმაოდ აწეულია და დესტრუქციული ქმედებების ალბათობაც შედარებით მაღალი, ცესკოს მხრიდან ნებისმიერი, თუნდა მცირე პროცედურული დარღვევა, მაშინვე გაბუქებული და  გამოყენებული იქნება ცნობილი ჯგუფების მიერ. 

ცესკოს განცხადება მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018 18:39

მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა ნამდვილად დაფიქსირდა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო  ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში. თუმცა მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება ცესკოში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.

ამავე პარტიის მხარდამჭერთა სიასთან დაკავშირებით კიდევ შემოსულია მოქალაქის განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თანხმობის გარეშე მისი მონაცემების გამოყენების საკითხს და ითხოვს ვითარების გარკვევას. აღსანიშნავია, რომ მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესს ესწრებოდნენ როგორც შესაბამისი პოლიტიკური  პარტიის წარმომადგენელი, ისე ცესკოს თანამშრომლები და წევრები.

ამასთან, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში შემოვიდა შეტყობინებები და ასევე, დაფიქსირდა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის წერილობითი განცხადება, რომელიც ეხება „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის  მხარდამჭერთა სიაში არსებული მისი ხელმოწერის არაერთგზის გაყალბების ფაქტს.  

აღნიშნული ფაქტები წარმოდგენილია დოკუმენტური ინფორმაციის სახით და ცესკოს მიერ გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში - პროკურატურაში რეაგირებისთვის.

რაც შეეხება პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცესკოს მხრიდან  ჟურნალისტებისთვის არანაირი ინფორმაცია და მონაცემები არ გადაცემულა.

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცესპიკერს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 სექტემბერი 2017 17:52

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცესპიკერთან, მა პეიჰუასთან.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან აქტიური თანამშრომლობა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის მოხარულია, რომ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების როლს და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მზადაა, ამ პროცესში წვლილი შეიტანოს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცესპიკერის განცხადებით, მისი ვიზიტი და უახლოეს მომავალში დაგეგმილი სხვა ორმხრივი შეხვედრები ორ ქვეყანას შორის არსებულ მზარდ თანამშრომლობას კიდევ უფრო გაამყარებს. ორმხრივ მჭიდრო თანამშრომლობაზე საუბრისას, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაც.

მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ საქართველოში წარმატებით ოპერირებს ბევრი ჩინური კომპანია. სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცესპიკერის შეფასებით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესისთვის კარგი გარემოა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველომ აღიდგინოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ისტორიული ფუნქცია. ვიცესპიკერმა პეიჰუამ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობის „სარტყელისა და გზის“ ეკონომიკურ პროექტში საქართველოს აქტიური ჩართულობისთვის და გამოთქვა მზადყოფნა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ამ პროცესში საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს. აქვე, სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცესპიკერმა აღნიშნა, მისი ქვეყანა მაღალი ოფიციალური პირებით იქნება წარმოდგენილი ნოემბერში დაგეგმილ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“.

ირაკლი კობახიძემ სტუმარს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აგრეთვე, განაცხადა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას.

„საბედნიეროდ, განებივრებულები ვართ ჩინეთის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტებით საქართველოში. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობაზე. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე ძალიან აქტიური თანამშრომლობის ფონზე აღინიშნება. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით - როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური კუთხით. ჩვენთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებას და დღევანდელ შეხვედრაზე ამ ყველაფრის შესახებ ვისაუბრეთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცესკოს საინფორმაციო, სარეკომენდაციო განცხადება პოლიტიკური პარტიებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 აგვისტო 2017 15:13

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

შეგახსენებთ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის თანახმად,  პარტია, რომელიც რეგისტრირებული იყო და მონაწილეობდა 2016 წლის პარლამენტის არჩევნებში დამოუკიდებლად, ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში ან/და არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის დანიშვნის შემდეგ მომდევნო 3 დღის განმავლობაში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა).

კოდექსში შესული ცვლილებების  თანახმად,  პარტიებისთვის გამარტივდა საარჩევნო რეგისტრაციისთვის საჭირო  პროცედურები. კერძოდ, პარტიას აღარ ესაჭიროება მისი წესდებისა და სარეგისტრაციო მოწმობის დედნების ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლების ცესკოში წარმოდგენა. ცესკოს თავმჯდომარისთვის კანონმდებლობით დადგენილი  წესით წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს  მხოლოდ  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგანეტოს მიერ ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.

ვინაიდან საჯაროდ განცხადებულია, რომ ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოსთვის იგეგმება არჩევნების ჩატარება და მოახლოვდა არჩევნების დანიშვნის თარიღი, რომელიც გულისხმობს არჩევნების დანიშვნას 60 დღით ადრე, ცენტრალური საარჩევნო კომისია რეკომენდაციას უწევს შესაბამის პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებზეც ვრცელდება 142-ე მუხლის მოქმედება, მიმდინარე კვირიდან, ან პრეზიდენტის მიერ განკარგულების გამოცემის დღიდან, განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამონაწერის მოთხოვნის მიზნით.

გაერო-ს გენერალური მდივნის სამშვიდობო მიმართვა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 01 იანვარი 2017 15:06

გთავაზობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალი, რიგით მეცხრე გენერალური მდივნის ანტონიო გუტერესის მიმართვას, რომელიც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა დღეს გაავრცელა.
ნიუ იორკი 2017 წლის 1 იანვარი - "ჩემს პირველ სამუშაო დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის რანგში ერთი საკითხი განსაკუთრებულად მიმძიმებს გულს.
როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ კონფლიქტის ქარცეცხლში მყოფ მილიონობით ადამიანს, რომელთაც ომებმა, რასაც ბოლო არ უჩანს, უდიდესი ტანჯვა მიაყენეს?
სამოქალაქო პირები სასიკვდილო ძალას ეწირებიან. ქალებს, ბავშვებსა და კაცებს ხოცავენ და ასახიჩრებენ, დევნიან საკუთარი სახლებიდან სარჩო-საბადებლის გარეშე. საავადმყოფოები და ჰუმანიტარული ავტოკოლონებიც თავდასხმის სამიზნეებია.
ამ ომებში არავინ იგებს; ყველა წაგებულია. ტრილიონობით დოლარი იხარჯება საზოგადოებებისა და ეკონომიკის გასანადგურებლად, უნდობლობისა და შიში დასათესად, რომელიც შეიძლება რამდენიმე თაობა გაგრძელდეს. მთელ რეგიონებში დესტაბილიზაციაა და გლობალური ტერორიზმის ახალი საფრთხე ყველა ჩვენგანს ემუქრება.
ამ ახალი წლის დღეს, მე გთხოვთ ყველას, შემომიერთდეთ ერთი საერთო საახალწლო გადაწყვეტილების მიღებაში:
მოდით გადავწყვიტოთ, რომ მშვიდობა უპირველესია.
მოდით, 2017 წელს ყველამ - მოქალაქეებმა, მთავრობებმა, ლიდერებმა - ვეცადოთ დავძლიოთ ჩვენი განსხვავებები.
მშვიდობა უნდა იყოს ჩვენი მიზანი და ჩვენი მეგზური ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სოლიდარობისა და თანაგრძნობიდან - დიალოგისა და პოლიტიკური განსხვავებულობის პატივისცემამდე... ბრძოლის ველზე ცეცხლის შეწყვეტიდან - მოლაპარაკების მაგიდასთან პოლიტიკური კომპრომისების მიღწევამდე.
ყველაფერი, რასაც ჩვენ ვესწრაფვით კაცობრიობისთვის - ღირსება და იმედი, პროგრესი და კეთილდღეობა - დამოკიდებულია მშვიდობაზე.
მაგრამ მშვიდობა ჩვენზეა დამოკიდებული.
მოგიწოდებთ ყველას, შემომიერთდეთ მშვიდობის მისაღწევად დღეს და ამიერიდან ყოველ დღე.
მოდით, 2017 წელი იყოს მშვიდობის წელი.
გმადლობთ".

პოლიტიკური დებატები საბავშვო ბაღების საკითხზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 16:18

საბავშვო ბაღებიდან დირექტორებისა და მათი მოადგილეების გათავისუფლების საკითხი დღეს განათლების კომიტეტში განიხილეს. სხდომას გათავისუფლებული თანამშრომლებიც ესწრებოდნენ, თუმცა, საკითხის განხილვამდე დებატები გაიმართა იმის შესახებ, უნდა ემსჯელა თუ არა განათლების კომიტეტს ამ საკითხზე.

როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერიამ გიშინ სპეციალური წერილით მიმართა განათლების კომიტეტის ხელმძღვანელს და მოითხოვა, რომ კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხზე მსჯელობა არ გამართულიყო.

საბოლოოდ, უმრავლესობის გადაწყვეტილებით საკითხის განხილვა მაინც მოხდა. სხდომას ესწრებოდნენ როგორც გათავისუფლებული დირექტორები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ყოფილი ხელმძღვანელები პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.

 

საქართველოში ახალი პოლიტიკური მოძრაობა დაფუძნდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 დეკემბერი 2015 10:00

ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია თბილისში. ახალი მოძრაობის მიზანი საზოგადობის აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა.მისი დამფუძნებლები და აქტივისტები საქმიანობას დღეიდან როგორც თბილისსში ასევე რეგიონებშიც დაიწყებენ. მოძრაობაში არ გამორიცხავენ, რომ მომავალში ის პოლიტიკურ პარტიადაც ჩამოყალიბდეს.ახალი მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი თუთბერიძე ამბობს, რომ მომავალში შესაძლოა მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდეს. გეგმა გვაქვს როგორ უნდა გავზარდოთ პოლიტიკური ცნობიერება. ჩვენი მიზანია გვქონდეს 21-ე საუკუნის პოლიტიკა,"- განაცხადა ახალი მოძრაობის დამფუძნებელმა ოთარ ნადირაძემ. 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური