ჩინეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვედა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 13:24

პეკინში დღეს გაიმართა ჩინეთის პრეზიდენტის სი ცზინპინის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევთან, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ამის შესახებ ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

როგორც სი ცზინპინმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ყველა სფეროში ვითარდება და მას დიდი მომავალი გააჩნია. „ჩინეთი აფასებს აზერბაიჯანის მხარდაჭერას ახალი პროექტის „დიდი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ განვითარების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აზერბაიჯანი საუკეთესო მეგობრები და პარტნიორები არიან. „უკანასკნელ ხანს ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ ყველა სფეროში, როგორიც არის პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა და განათლება“, - დასძინა ი. ალიევმა.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, სი ცზინპინმა და ილხამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ჩინეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავების თაობაზე.

პეკინის გამზირზე 11 დან 18 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება-მერიის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 11:29

თბილისში მოსალოდნელი საგზაო შეზღუდვების შესახებ დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს:

"საგზაო სამუშაოების შეუფერხებლად და დროულად დასრულების მიზნით, პეკინის გამზირი(ზ. ჟვანიას სახელობის მოედნიდან ეროვნულ არქივამდე არსებულ მონაკვეთი ორივე მიმართულებით) შაბათს, 5 დეკემბერს 11 საათიდან 18 საათამდე გადაიკეტება და საავტომობილო მოძრაობა სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება.

ასევე მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ბოტანიკურისა და ყავლაშვილის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სამუშაოებს იწყებს. სამუშაოების განხორციელებისას აღნიშნულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება, კერძოდ: ბოტანიკურის ქუჩაზე მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ყავლაშვილის ქუჩაზე, 5 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს დაზიანებული ქვაფენილისა და განივი დამჭერების მოხსნას და ახლით ჩანაცვლებას. სარემონტო სამუშაოებს შ.პ.ს „ბაზალტი 2011“ აწარმოებს."- აღნიშნულია განცხადებაში.

პეკინში ჰაერის დაბინძურების გამო „ყვითელი“ ფერის გამაფრთხილებელი სისტემა გამოცხადდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 16:03

პეკინის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა დღეს გაავრცელა განცხადება, მოსალოდნელი „ყვითელი“ გამაფრთხილებელი დონის შემოღების თაობაზე. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ჰაერის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა და მან დაბინძურების მეხუთე დონეს მიაღწია. „ასეთი ვითარება 15 ნოემბრამდე შენარჩუნდება, რის შემდეგაც ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებას დაიწყებს“, - ნათქვამია პეკინის მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე პეკინის ადგილობრივი ხელისუფლება თხოვნით მიმართავს მოსახლეობას თავი შეიკავონ ავტომობილებით მგზავრობისაგან, რათა შეამცირონ დაბინძურების არეალის გაზრდა. ბავშვებს და მოხუცებს კი ურჩევენ შეასაძლებლობების ფარგლებში სახლებში დარჩენას.

შეგახსენებთ, რომ პეკინში არსებობს ჰაერის დაბინძურების ოთხდონიანი გამაფრთხილებელი სისტემა, რომელიც აღნიშნულია ცისფერი, ყვითელი, ფორთოხლისფერი და წითელი ფერებით.

ჩინეთის საგარეო უწყების მეთაურმა მოუწოდა ამერიკულ მხარეს არ ატეხოს სკანდალი ცარიელ ადგილზე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 16:52

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ, რომელიც მონაწილეობას ღებულობს ჩინეთ-იაპონია-სამხრეთ კორეის სიმპოზიუმში პეკინში, კომენტარი გააკეთა ამერიკული მხარის განზრახვაზე სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში, კუნძულებიდან 12 საზღვაო მილის მანძილზე ამერიკული სამხედრო გემების გაგზავნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

როგორც ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, ჩინური მხარე ამოწმებს ამ ინფორმაციას და „თუკი ეს ინფორმაცია დადასტურდა, ჩვენ ვურჩევთ ამერიკულ მხარეს კარგად დაფიქრდეს თავის სამომავლო ქმედებებზე, არ გადადგას გაუწონასწორებელი ნაბიჯები და არ მოაწყოს სკანდალი ცარიელ ადგილზე“, - აღნიშნა ჩინელმა მინისტრმა.

პეკინში მუშაობა დაასრულა აზიის პოლიტიკური პარტიების სპეციალურმა კონფერენციამ აბრეშუმის გზის თემაზე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 25 ოქტომბერი 2015 14:22

ჩინეთის სახალხო რესპულიკის კომუნისტური პარტიის ორგანიზებით, 14-16 ოქტომბერს, პეკინში ჩატარდა აზიის პოლიტიკური პარტიების სპეციალურ საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „აბრეშუმის გზის აღდგენა-განვითარებისთვის ერთობლივად ხელშეწყობა“. კონფერენციაში სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.
საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად, იქვე მიმდინარეობდა საერთაშორისო მედია-ფორუმი - „აბრეშუმის გზის ახალი ისტორიები, მედიის როლი და მოქმედებები“, რომლის მუშაობაშიც მსოფლიოს წამყვან საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს მედია-საშუალების ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობდნენ. მათი ვიზიტი ჩინეთში, საქართველოში ჩინეთის საელჩოს მიწვევითა და მხარდაჭერით განხორციელდა.
კონფერენციის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა - დაეხმაროს აბრეშუმის გზის მარშრუტზე მდებარე ქვეყნებს კარგად გაიგონ  ჩინეთის სტრატეგიული კონცეფციის „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის და საზღვაო აბრეშუმის გზის (ერთი სარტყელი - ერთი გზა)“ მნიშვნელობა და არსი.

14 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის სპიკერი აზიური პოლიტიკური პარტიების აბრეშუმის გზის თემატური კონფერენციის გახსნის ცერემონიას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ამავე დღეს გაიმართა დავით უსუფაშვილის შეხვედრა ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან, ჩჟან დეძიანგთან.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ცზინპინის ინიციატივაში - „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ (OBOR) - საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო ისტორიულად იყო ბუნებრივი ხიდი, რომელიც ევროპას, ცენტრალურ აზიას, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს ერთმანეთთან აკავშირებდა, ხოლო აბრეშუმის გზის აღორძინებითა და აზიასთან ურთიერთობის აღდგენით, ქვეყანა ევროპაში თავის ადგილს დაიბრუნებს. „აბრეშუმის გზის აღორძინების გზით, აზიასთან ურთიერთობის აღდგენით საქართველო დაიბრუნებს თავის ადგილს ევროპაში. ჩვენ ახლა ახალი სავაჭრო მარშრუტის ცენტრში ვართ, ჩვენ ვართ ხიდი მსოფლიოს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებს შორის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ევროპიდან ჩინეთში სახმელეთო კავშირს კომერციული მნიშვნელობა აქვს.
„მადრიდამდე მიღწევას 21 დღე სჭირდება; ვარშავამდე - 16 დღე და 9 დღე - თბილისამდე, საქართველოს დედაქალაქამდე. ის, რაც ახლა ჩვენ გვაქვს, ესაა დინამიური გაანგარიშება სიჩქარისა ღირებულების წინააღმდეგ. მაგრამ ღირებულება მცირდება მასშტაბით, ხოლო მანძილი - თითოეული გვირაბით, გამშვები პუნქტის თითოეული ოპტიმიზაციით და ჩვენს მიერ ჩადებული თითოეული ინვესტიციით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე შეფასებით, ეს პროექტი საქართველოს გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ აღქმას შეცვლის.
თავის მხრივ, ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ჩინეთში გატარებულ რეფორმებზე, რის შედეგადაც, მისი შეფასებით, ჩინეთი დღეს მსოფლიოში ეკონომიკური მაჩვენებლებით მეორე ადგილზეა. ჩჟან დეძიანგმა განაცხადა, რომ ჩინეთი აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტირიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მისი თქმით, ჩინეთის მიზანია მჭიდრო ეკონომიკური და საქმიანი კავშირების დამყარება. მან ქართული მხარისთვის, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა. ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია შესაბამისი კანონმდებლობის არსებობა, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და საშეღავათო პირობების დაწესება. „თქვენი განსაკუთრებული მდებარეობა თქვენი უპირატესობაა“, - განაცხადა ჩჟან დეძიანგმა.
15 ოქტომბერს, სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ცზინპინმა ერთობლივ შეხვედრა გამართა კონფერენციაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აბრეშუმის გზის ახალი ინიციატივის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მასზე დღეს საუბრობს ქართული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ისეთ დიდ ღონისძიებაზე, როგორიც აზიური პოლიტიკური პარტიების დღევანდელი კონფერენციაა. „საქართველო, ჩვენი აღქმით, ევროპის ნაწილია. ამასთან, ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს აზიის ნაწილიც ვართ - აზიისა, რომელიც უფრო და უფრო ძლიერი და დიდი ხდება და რომელიც უფრო და უფრო მეტ პარტნიორს იძენს. ფაქტობრივად, ჩვენ ერთ მსოფლიოზე, ერთ კონტინენტზე ვსაუბრობთ, რომელიც ყველას გვაერთიანებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
აზიური პოლიტიკური პარტიების აბრეშუმის გზის კონფერენციის შედეგები შემაჯამებელ დოკუმენტში - „პეკინის დეკლარაცია“ აისახა. დისკუსიის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ინიციატივით მიმართა. კერძოდ, აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოაწეროს კონფერენციის მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა და ეს იქნება მომავალში ქვეყნების მიერ ნაკისრი ვალდებულებები, რომლებიც ყველა ქვეყანამ უნდა შეასრულოს მიუხედავად არჩევნებში გამარჯვებული ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული კონსენსუსის საჭიროებაზე ისაუბრა, რომელიც ამ ინიციატივის მხარდასაჭერად ყველა ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებს შორის უნდა იქნას მიღწეული. დავით უსუფაშვილმა ისაუბრა იმ პრობლემებზეც, რომელსაც ამ გზაზე პარტიები აწყდებიან. „როდესაც არჩევნები ახლოვდება, პარტიები ერთმანეთთან ბრძოლას იწყებენ და ამ ბრძოლაში ხანდახან გვავიწყდება ეს გრძელვადიანი მნიშვნელოვანი იდეები და მიზნები და ამ გრძელვადიან მიზნებს მსხვერპლად ვწირავთ პოლიტიკოსებისა და პარტიების მოკლევადიან მიზნებს.“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთაშორისო დონეზე კონსენსუსის მიღწევაა და აქაც გარკვეული პრობლემების დაძლევაა საჭირო. „მჯერა დროა, ყველამ გააცნობიეროს, რომ იზოლაციას ან გაფართოებას, ორივეს, საბოლოოდ უარყოფითი შედეგები მოაქვს. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ აბრეშუმის გზის იდეა ძალიან მნიშვნელოვან, მომავლის ფუნდამენტურ გაგებაზეა დაფუძნებული, რომ მომავალში ჩვენ განსხვავებულები დავრჩებით და ეს არ არის პროექტი, რომელიც ჩვენ ერთმანეთს დაგვამსგავსებს, ან ერთ კულტურას მეორეზე გაავრცელებს, ან გვეყოლება გამარჯვებულები და დამარცხებულები“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
აზიური პოლიტიკური პარტიების აბრეშუმის გზის თემატური კონფერენცია ეძღვნებოდა ჩინეთის გლობალურ ინიციატივას აბრეშუმის გზის განახლების თაობაზე. კონფერენციაზე თავმოყრილი იყო ორმოცამდე სახელმწიფოს პოლიტიკური პარტია, ასევე ლიდერები, პრემიერ-მინისტრები. საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ მოხდება აბრეშუმის გზის იდეის რეალიზება; ძალიან საყურადღებო იყო გამოსვლები, ვინაიდან, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანა და ამ შემთხვევაში, აზიის სახელმწიფოები, ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში. საქართველოს როლი და ადგილი კი კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ წარმოჩინდა ამ კონფერენციაზე.
კონფერნციაში ასევე მონაწილეობენ კვიპროსის პრეზიდენტი, კამბოჯის პრემიერ-მინისტრი და მალდივის ვიცე-პრეზიდენტი. გარდა ამისა კონფერენცია ესწრებოდა 60-მდე პოლიტიკური პარტიის და პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენელი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან. მათ შორის არა მარტო აზიის ქვეყნებიდან, არამედ ლათინური ამერიკიდან და აფრიკიდან. ისინი კონფერენციას დამკვირვებლების სტატუსით ესწრებიან.
რაც შეეხება მედია-ფორუმს, მასში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 22 ქვეყნის მასობრივი საინფორმაციო საშუალების წარმომადგენელმა. ფორუმის მუშაობის პარალელურად, მათთვის პეკინში მოეწყო კულტურული პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა დაათვალიერეს ჩინეთის დიდი კედელი და იმპერატორის „აკრაძალული ქალაქი“.
18 ოქტომბერს მედია-ფორუმის მონაწილეები შანხაიში გაემგზავრნენ, სადაც გაიმართა შეხვედრები შანხაის ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე შანხაის მედია-ჯგუფის და ინტერნეტ-კომპანიის წარმომადგენლებთან.
შანხაიში ვიზიტის დასასრულს, საერთაშორისო მედია-ფორუმის მონაწილეებისთვის გამოსამშვიდობებელი საღამო მოეწყო გემზე, რომლის დროსაც მათ შანხაის ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს.

ავთანდილ ოთინაშვილი

 

პეკინში მიმდინარეობს აზიის პოლიტიკური პარტიების სპეციალური კონფერენცია აბრეშუმის გზის თემაზე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 16:11

ჩინეთის კომუნისტური პარტია პეკინში მართავს აზიის პოლიტიკური პარტიების სპეციალურ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „აბრეშუმის გზის აღდგენა-განვითარებისათვის ერთობლივად ხელშეწყობა“. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. საქართველოს პარლამენტის სპიკერმა სიტყვით მიმართა სტუმრებს და აღნიშნა, რომ საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს და მისთვის ისეთ გლობალურ პროექტებში ჩართვა, როგორიც არის „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი და საზღვაო აბრეშუმის გზა (ერთი სარტყელი-ერთი გზა)“ ძალიან მომგებიანი იქნება.   

კონფერნციაში ასევე მონაწილეობენ კვიპროსის პრეზიდენტი, კამბოჯის პრემიერ-მინისტრი და მალდივის ვიცე-პრეზიდენტი. გარდა ამისა კონფერენცია ესწრება 60-მდე პოლიტიკური პარტიის და პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენელი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან. მათ შორის არა მარტო აზიის ქვეყნებიდან, არამედ ლათინური ამერიკიდან და აფრიკიდან. ისინი კონფერენციას დამკვირვებლების სტატუსით ესწრებიან.

კონფერენციის ჩატარების მიზანს წარმოადგენს დაეხმაროს აბრეშუმის გზის მარშრუტზე მდებარე ქვეყნებს კარგად გაიგონ  ჩინეთის სტრატეგიული კონცეფციის „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის და საზღვაო აბრეშუმის გზის (ერთი სარტყელი-ერთი გზა)“ მნიშვნელობა და არსი.

აღსანიშნავია ის, რომ საერთაშორისო კონფერენციაში პირველად მონაწილეობენ საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები, ბიზნესმენები და საქმიანი წრეების პირველი პირები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც აბრეშუმის გზის მარშრუტზე მდებარეობენ.

აზიის პოლიტიკური პარტიების სპეციალურ საერთაშორისო კონფერენცია ორგანიზებულია ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ.

საერთაშორისო კონფერენციის მუშაობა 16 ოქტომბერს დასრულდება.

პეკინის გამზირზე, ახლად გარემონტებულ მიწისქვეშა გადასასვლელში წყალი ჩადის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 11:33

თბილისში, პეკინის გამზირზე ახლად გარემონტებულ მიწისქვეშა გადასასვლელში წყალი ჩადის. მეტრო "ტექნიკური უნივერსიტეტის" ამოსასვლელში მყოფი მოვაჭრეები ყვებიან, რომ ტერიტორია ცოტა ხნის წინ მერიამ გაარემონტა - შეიღება ჭერი, დაიგო ფილები, თუმცა ახალგარემონტებულ მიწისქვეშა გადასასვლელში წყალი მუდმივად ჩადის, წვიმის დროს კი ჭერსა და კედლებზე წყლის დინება განსაკუთრებით ძლიერდება. 
"როგორც გარეთ წვიმს, აქაც ისევე წვიმს. რემონტი გაკეთდა, მაგრამ წყალი მაინც ჩამოგვდის. რა ჯანდაბად მინდოდა ფილები, წყალში ვზივართ. პოლიეთილენის პარკებს ვაფენთ, რომ ტანსაცმელი დავკიდოთ", - აღნიშნა ერთ-ერთმა მოვაჭრემ, თინათინ დოლიძემ.

„მის ჩინეთი“-ს ნახევარფინალი თბილისში

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 17:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ასევე „ჰუალინგ ჯგუფის“ თანასპონსორობით, საქართველოში „მის ჩინეთი“-ს ნახევარფინალი გაიმართა. ცერემონია რესტორან ,,ქართულ სახლში“ ჩატარდა, ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი დაესწრო.
სცენარის მიხედვით, კომპეტენტურმა ჟიურიმ გადაწვეტილება ჩინეთში მიიღო და თბილისში ჩატარებულ ნახევარფინალის ღონისძიებაზე გაახმოვანა, კონკურსის შემდეგ ეტაპზე 12 მონაწილე გავიდა. ჟიურის გადაწყვეტილების შესახებ კონკურსანტებმა ორიგინალური ხერხით შეიტყვეს – ქართულ სუფრასთან მსხდომ გოგონებს თავდახურული ჭურჭელი დაურიგეს, 12 იღბლიან მონაწილეს ქართული ტკბილეული – ფელამუში შეხვდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი ნახევარფინალში მოხვდნენ. 4 აუტსაიდერი კი იმით გამოვლინდა, რომ მათ ჭურჭელში ფელამუშის მაგივრად სამკაული იყო მოთავსებული.
კონკურსის ფარგლებში, ჩინეთის ერთ-ერთი რეიტინგული სატელიტური ტელეარხი „Phoenix TV“-ის გადამღები ჯგუფი საქართველოს ვიდეორგოლის გადასაღებად ეწვია. ზემოხსენებულ მედიასაშუალებას აქვს 6 არხი, მაუწყებლობს ევროპის ქვეყნებშიც და მსოფლიოს მასშტაბით 250 მილიონი მაყურებელი ჰყავს.
„Phoenix TV”-ის მიერ დაარსებული სილამაზის კონკურსი “Miss Chinese Cosmos Pageant”, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ერთ-ერთ პოპულარულ ღონისძიებად არის დასახელებული. ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს კონკურსი სხვადასხვა ქვეყანაში იმართებოდა (ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ევროპა და ტაიტის კუნძულები).
12-22 სექტემბერს გადამღები ჯგუფი და კონკურსის 16 მონაწილე საქართველოს ეწვია, მათ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გადაიღეს ვიდეორგოლისთვის საჭირო მასალა, რომელსაც მაყურებელი 17 ოქტომბერს „მის ჩინეთის“ მსვლელობისას იხილავს.
ორგანიზატორებს სურვილი აქვთ, წარმოაჩინონ საქართველოს ავთენტური და სრულიად უნიკალური კულტურა, მათ შორის – ეროვნული ფოლკლორი, თექაზე მუშაობა, ღვინის მომზადების ტექნოლოგია.
კონკურსანტებს ქართული ცეკვის დადგმაში დახმარება გაუწია „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ანსამბლმა“, კონკურსის მონაწილეებთან ერთად ანსამბლის წევრებმა რამდენიმე ქართული ხალხური ცეკვა შეასრულეს.
თექის დამზადების ტექნოლოგიას კონკურსის მონაწილეები გაეცნენ ქ. სიღნაღში არსებულ „ნუკრიანის საამქროში“. კონკურსანტებმა თანამშრომლებთან ერთად ამოქარგეს კონკურსის ლოგო.
ქ. ყვარელში ტურისტულ კომპლექს „მეღვინეობა ხარებაში“ კონკურსანტებმა თავად დაკრიფეს ყურძენი და ღვინო დაწურეს. ასევე ამოავლეს ჩურჩხელა, ქართული ფოლკლორული მუსიკის თანხლებით.
კონკურსის მონაწილეები ასევე ეწვივნენ ქ. ბათუმს, სადაც მათ აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ცნობილმა დიზაინერმა აკა ნანიტაშვილმა “Miss Chinese Cosmos Pageant”-ის თექვსმეტივე მონაწილეს უსასყიდლოდ გადასცა კაბები, რომლითაც კონკურსანტები ნახევარფინალის მსვლელობისას წარდგებიან.
ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს, შესაბამისად, ამ ღონისძიების სათანადო დონეზე განხორციელება უზრუნველყოფს ჩინეთის ბაზარზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას და ხელს შეუწყობს ჩინეთიდან ვიზიტორების მატებას.

"აბრეშუმის გზის ფორუმს" ჩინეთიდან მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 სექტემბერი 2015 13:45

"აბრეშუმის გზის ფორუმს", რომელიც თბილისში 15-16 ოქტომბერს გაიმართება, ჩინეთიდან არაერთი მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელები საქართველოში პირადად მოიწვია.
 პეკინში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მთავრობის დიდი ინტერესი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის საინიციატივო პროექტში-"ახალი აბრეშუმის გზა" მონაწილეობის შესახებ, რომლის მიზანიცაა თანამედროვე ეპოქაში ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა არის სატრანსპორტო სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მიმართულება და საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ისტორიული ცენტრი, შესაფერისი ადგილია აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დიალოგისთვის.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველომ მიაღწია გარკვეულ შედეგებს ამ სტრატეგიის ფარგლებში. კერძოდ, განხორციელდა პირველი სატვირთო სარკინიგზო რეისი ჩინეთიდან საქართველოში, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა სარეკორდო დროში - ცხრა დღეში მაშინ, როცა იმავე მარშრუტით საზღვაო გადაზიდვას სჭირდება დაახლოებით 45-60 დღე.

პეკინში სამხედრო აღლუმი გაიმართება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 21 აგვისტო 2015 14:12

სამხედრო ტექნიკის 84 პროცენტი, რომელსაც ფართო საზოგადოება იხილავს 3 სექტემბერს პეკინში დაგეგმილ აღლუმზე, წარმოადგენს უახლეს ტექნიკას და მისი დემონსტრირება პირველად მოხდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

სამხედრო აღლუმში, რომელიც მსოფლიო ანტიფაშისტური ომის 70 წლის იუბილეს ეძღვნება, მონაწილეობას მიიღებს 10 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე.

გარდა ამისა, აღლუმზე წარმოდგენილი იქნება შეიარაღებული ძალების, საჰაერო ძალების სახმელეთო ძალების შენაერთები. არტილერისტები და პოლიციელები ასევე წარმოადგენენ თანამედროვე იარაღს.

მთლიანობაში, აღლუმში მონაწილეობას მიიღებს 27 სამხედრო კოლონა.

პარალელურად აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ ანტიიაპონური ომის მონაწილე ვეტერანები, რომლებიც ჩინეთის კომპარტიის და "გომინდანის" პარტიის ხელმძღვანელობით იბრძოდნენ იაპონიის წინააღმდეგ. მათი ასაკი 90 წელს აღწევს და ისინი ჩინეთის მატერიკულ ნაწილში ცხოვრობენ.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო აღლუმი 3 სექტემბერს პეკინში, ტიანმინის მოედანზე ჩატარდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური