მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 26 აპრილი 2019 11:42

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

ვიზიტის ფარგლებში, მაია ცქიტიშვილი მონაწილეობას მიიღებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფორუმში და  სიტყვით გამოვა „ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობის ზონალურ ფორუმზე“. 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროში მაია ცქიტიშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ლი სიაოპენგი ხელს მოაწერენ 2019 წლის 5-6 მარტს მხარეების მიერ პარაფირებულ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“. 

დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამშენებლო კორპორაციის თავმჯდომარესთან. 

ვიზიტისას განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდება საქართველოს ეკონომიკურ და სავაჭრო პოტენციალზე და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიდგომებსა და გეგმებზე. 

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.

საქართველოს ელჩმა ჩინეთში რწმუნებათა სიგელები გადასცა ჩინეთის პრეზიდენტს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018 16:53

2018 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიამ ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის სასახლეში (ჩინეთის პარლამენტი) პეკინში, რწმუნებათა სიგელების ორიგინალები გადასცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" ჩინეთში საქართველოს საელჩოში შეატყობინეს, სიგელების გადაცემის შემდეგ გაიმართა ხანმოკლე შეხვედრა, სადაც მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა.
აღინიშნა მაღალ დონეზე არსებული კონტაქტების გააქტიურების მნიშვნელობა და ასევე, ჩინეთის პრეზიდენტის "სარტყელისა და გზის" ინიციატივის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.
ჩინეთის პრეზიდენტმა არჩილ კალანდიას ელჩის თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.

5 წელი სი ძინპინის ხელმძღვანელობით

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 12 მარტი 2018 10:22

პეკინი, /სინხუა/ -- პეკინის შუაგულ ცენტრში წამომართული სახალხო კრებების დიდებული სასახლე ჩინეთის დემოკრატიული პოლიტიკის მოწმეა.

2013 წელს მის გრანდიოზულ დარბაზში სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრების 3000 დეპუტატის ხმის მიცემის შედეგად სი ძინპინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელად აირჩიეს. მიმდინარე თვეში ამავე ორგანოს სესიაზე დეპუტატებს კვლავ მოუწევთ სახელწიფოს მეთაურის არჩევა.

სი ძინპინმა ქვეყნის ხელმძღვანელის თანამდებობა ისეთ პერიოდში დაიკავა, როდესაც ჩინეთის საზოგადოებისთვის საყოველთაო მღელვარების საგნები იყო კორუფცია, განხეთქილება მდიდრებსა და ღარიბებს შორის და გარემოს დაბინძურება. სი ძინპინმა სახელმწიფოს სათავეში მოსვლისთანავე განაცხადა: „ეპოქის დიადი ტენდენციისა და ხალხის უკეთესი ცხოვრების გულწრფელი იმედის წინაშე, ჩვენ ვერც უმცირეს თვითკმაყოფილებას დავუშვებთ, ვერც სამუშაოს მიმართ უმცირეს დაუდევრობას ვერ გამოვავლენთ“.

მან გადმოსცა ერის დიდ აღორძინებაზე ჩინური ოცნების საკუთარი ხედვა, რომელიც ხალხის ძალებით, ხალხისთვისვე უნდა განხორციელდეს.

    ხუთი წლის მანძილზე ჩინეთმა ისტორიულ წარმატებებს მიაღწია. ჩინელები ახლა გაცილებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

    ფუდანის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორმა ჩჟენ ჩანჩჟუნმა მაღალი შეფასება მისცა სი ძინპინის ხელმძღვანელობას.

    „ჩინეთმა არა მხოლოდ დამაჯერებელ განვითარებას მიაღწია, არამედ შექმნა ადამიანური ცივილიზაციის განვითარების წინსვლის მოდელი“, - მიიჩნევს ჩჟენ ჩანჩჟუნი. მისი აზრით, ამ მიღწევებში სი ძინპინმა, როგორც ქარიზმატულმა ლიდერმა,  თავისი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

გასული წლის ოქტომბერში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცკ-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხელახლა არჩეულმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინელმა ერმა, რომელმაც, ახალი ისტორიის პერიოდის დასაწყისიდან მოყოლებული, უთვალავი განსაცდელი გამოიარა, გრანდიოზულ გარდასახვებს მიაღწია: ფეხზე დადგა, უკეთესი ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება და ძლიერ, მძლავრ ერად გადაქცევა დაიწყო.

მიახლოება ჩინური ოცნების განხორციელებასთან

სი ძინპინის ხელმძღვანელობით ჩინეთის ეკონომიკა სტაბილურად განაგრძობდა  ზრდას ბოლო ხუთი წლის მანძილზე. 2017 წელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდამ 6,9 პროცენტი შეადგინა.

ეკონომიკის მოცულობა 54 ტრილიონი იუანიდან 82 ტრილიონზე მეტ იუანამდე/13 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რამაც ჩინეთს მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ეკონომიკური სუბიექტის პოზიციის დაკავების საშუალება მისცა.

 შარშან ჩინეთში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალმა 25 ათას 974 იუანი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7,3 პროცენტით მეტია.

  ლიუ ხემ, სი ძინპინის ეკონომიკური გუნდის მნიშვნელოვანმა ფიგურამ 2018 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ჩინეთის საშუალო კლასმა უკვე 400 მილიონ კაცს მიაღწია და ზრდას კვლავაც განაგრძობს.

ღარიბი მოსახლეობა საგრძნობლად სწრაფად მდიდრდება.

სპეციალისტების ვარაუდით, 282 მილიონი ჩინელი მუშა-მიგრანტი გახდება მთავარი ძალა, რომელიც საშუალო კლასს შეემატება.

23 წლის ძოუ ბინი იმ ახალგაზრდა მიგრანტთაგანია, რომელიც ბოლო ხუთი წლის მანძილზე მომხდარი ცვლილებების მოწმე გახდა.

ძოუ ბინი სულ მთლად ახალგაზრდა იყო, როცა ხუნანის პროვინციაში სამშენებლო მოედანზე აგურს აგურზე აწყობდა. იმ დროისთვის მას სკოლა ახალდამთავრებული ჰქონდა, თუმცა, თავის სამუშაოს საკმაოდ სერიოზულად ეკიდებოდა და მონდომებით შრომობდა.

2015 წლისთვის ძოუ ბინი თავისი საქმის პროფესიონალი გახდა და ჩინეთი პროფესიული ოსტატობის საერთაშორისო ჩემპიონატზეც კი წარადგინა. გარდა ამისა, მან მოახერხა მოწყობა ერთ-ერთ ჩინურ სამშენებლო კომპანიაში, რომელიც მსოფლიოს 500 ყველაზე პრესტიჟულ კომპანიათა რიცხვში შედის, სადაც გაცილებით მაღალ ხელფასს იღებდა და თავის გუნდს ხელმძღვანელობდა.

წელს ძოუ ბინი სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრების დეპუტატი გახდა.

ძოუ ბინის მსგავს მშრომელ ხალხს რომ მიეცეს ის, რასაც ისინი იმსახურებენ, სი ძინპინმა სწორედ ამიტომ გაატარა რეფორმები, რომლებიც ეკონომიკის ზრდასა და დოვლათის უფრო სამართლიანად გადანაწილებაზე იყო მიმართული. თანაც, ამ შედეგებს ფულის ბეჭდვით კი არა, სერიოზული გარდაქმნების გზით მიაღწიეს.

    სი ძინპინი სათავეში ჩაუდგა რეფორმების ყოველმხრივი გაღრმავების ცენტრალურ მმართველ ჯგუფს. ცენტრალურმა ხელისუფლებამ 1500-ზე მეტი რეფორმატორული ზომა მიიღო, მათ შორის, შეთავაზებების სფეროს სტრუქტურული რეფორმა, ბიუროკრატიის შემცირება საშუალო და მცირე ბიზნესის წასახალისების მიზნით, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ზონების შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

    ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩინეთის ქალაქებში შეიქმნა 66 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი, რაც რიცხვობრივად დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას უტოლდება.

    შემოსავლების დაბალანსების მიზნით, ჩინეთმა გააუქმა პრივილეგიები და შეღავათები, რომლებითაც მოხელეები სარგებლობდნენ, დააწესა შეზღუდვა სახელმწიფო საწარმოების დირექტორების ხელფასის ოდენობაზე. ამის პარალელურად, გაიზარდა მუშათა და კვალიფიცირებულ სპეციალისტთა ხელფასები, ასევე გაიზარდა პენსია ასაკის გამო.

სი ძინპინმა სიღარიბის შემცირების პირობა დადო, ამბიციურ მიზნად კი 2020 წლისთვის ქვეყანაში სიღატაკის საფუძვლიანად ლიკვიდირება დაისახა.

   ბოლო ხუთ წელიწადში 68,5 მილიონზე მეტმა ჩინეთის მოქალაქემ დააღწია თავი სიღატაკეს. ეს ნიშნავს, რომ დღეში საშუალოდ 37 ათასი ადამიანის მდგომარეობა უმჯობესდებოდა.

სი ძინპინი დაპირდა ხალხს, რომ ჩამორჩენილი არავინ დარჩებოდა.

ეს მისია რომ შეესრულებინათ, პარტიული და სამთავრობო მოხელები რიგრიგობით მიეშურებოდნენ სოფლებში საცხოვრებლად. ისინი თითოეული ოჯახის სიღარიბის შესამცირებელ ინდივიდუალურ გეგმას შეიმუშავებდნენ და მათთან ერთად მუშაობდნენ დასახული მიზნის მისაღწევად.

      ერთ-ერთი ასეთი მოხელე იყო ძიან ფუანი. 2015 წელს ძიან ფუანი, რომელიც იმ დროისთვის აუდიტორად მუშაობდა, სიჩუანის პროვინციის ლიანშან-იის ავტონომიური ოლქის შორეული მთიანი რაიონის სოფელში ჩავიდა. მან ყველა სახლი შემოიარა და ასზე მეტი ღარიბი ოჯახი მოინახულა.

მისი დახმარებით ათეულობით ღარიბმა ბავშვმა შეძლო განათლების მიღება  სახლთან ახლოს. მაგრამ, 2016 წელს, თავისი მივლინების დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, ძიან ფუანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. ის მხოლოდ 26 წლის იყო.

მთელი სოფელი გლოვობდა. ძიან ფუანი დაამახსოვრდათ მოხელედ, რომელმაც სიცოცხლე კეთილშობილურ მიზანს შესწირა.

    სი ძინპინი დიდ ყურადღებას უთმობს ლიანშან-იის ავტონომიურ ოლქს, რომელსაც სიღარიბე დარევია. წელს მთვარის კალენდრით ახალი წლის დადგომამდე ინსპექციისთვის მან სწორედ ეს რაიონი შეარჩია.

    „ჩვენი სოციალისტური სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ საუკეთესო ცხოვრება შესთავაზოს ყველა ეთნიკურ ჯგუფში შემავალ ადამიანებს“, - თქვა სი ძინპინმა.

ახალი ამბების გაზეთ Executive Intelligence Review-ს ვაშინგტონის საკორესპონდენტო პუნქტის ხელმძღვანელმა უილიამ ჯონსმა აღნიშნა, რომ სიღარიბის დაძლევა ხანგრძლივი დროის განმავლობაში კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენდა, თუმცა, ჯერ კიდევ სულ ახლახან ეს „უტოპიურ ოცნებად“ მიიჩნეოდა.

„ჩინეთი კი ამ ოცნებას რეალობად აქცევს“, - თქვა მან.

გაცილებით სუფთა ჩინეთი

სი ძინპინმა გარემოს დაბინძურებასაც გამოუცხადა ომი.

როდესაც მან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა, კაცობრიობის წინაშე მდგარ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ეკოლოგიური დეგრადაცია დადგა.

სი ძინპინმა მონაწილეობა მიიღო პარიზში გამართულ კლიმატური ცვლილებების კონფერენციაში, რამდენიმე თვის შემდეგ კი ჩინეთმა პარიზის შეთანხმებას მოაწერა ხელი.

    მუდმივი სმოგით გაწამებული პეკინი ამ ბრძოლის ცენტრშია 2013 წლიდან, როცა სახელმწიფო საბჭომ ჰაერის დაბინძურების კონტროლის ეროვნული კამპანია წამოიწყო.

გასულ წელს „მნიშვნელოვნად დაბინძურებული“ დღეების რიცხვი 23-მდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი 2013 წელს 58-ს შეადგენდა. ჩინეთის დედაქალაქის მაცხოვრებლებმა, ბოლოს და ბოლოს, ჩამოიხსნეს ნიღბები.

ქალაქის ხელისუფლების მონაცემებით, 2017 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში РМ2,5 ნაწილაკების კონცენტრაცია პეკინში ნარჩუნდებოდა ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

ქვეყნის 338 ქალაქში РМ2,5 ნაწილაკების საშუალო კონცენტრაციამ შეადგინა 43 მკგ კუბურ მეტრზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,5 პროცენტით ნაკლებია.

    პროგრესია მიღწეული წყლის რესურსებისა და ნიადაგის დაცვის სფეროში.

    ჩინეთმა ეროვნული პარკების მშენებლობა წამოიწყო. დღეისათვის საცდელ ექსპლუატაციაში მინიმუმ ათი ასეთი პარკია შესული. მაგალითად, დიდი პანდების ნაკრძალი, რომელიც სამი პროვინციის ტერიტორიას მოიცავს, ფართობით კი სამჯერ დიდია, ვიდრე იელოუსტოუნის ეროვნული პარკი აშშ-ში.

   გარემოს დაცვა შესულია ხუთმიმართულებიანი მშენებლობის საერთო სქემაში, რომელიც ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, სოციალური და ეკოლოგიური განვითარების კოორდინირებულ წინსვლას გულისხმობს.

მიმომხილველთა აზრით, პარტიის ხელმძღვანელობა ყველა სფეროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გეგმების მოქმედებაში მოსაყვანად.

კაცობრიობის მეორე მუდმივ პრობლემასთან - კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ სი ძინპინის მიერ მიღებული ზომების წყალობით, „სუფთავდება“ სახელმწიფო უწყებების სისტემაც.

2013 წელს სი ძინპინმა კორუფციას უწოდა საფრთხე, რომელსაც პარტიისა და სახელმწიფოს დანგრევა შეუძლია, და სერიოზულად გადაწყვიტა, წინ აღდგომოდა მას.

გატარებულმა ღონისძიებებმა თვალსაჩინო შედეგები გამოიღო. შემოწმდა სისტემის თითოეული რგოლი, ხუთ წელიწადში 1,5 მილიონამდე მოხელე დაისაჯა. მე-18 მოწვევის ჩინეთის კომუნისტური პარტიის (ჩკპ) დისციპლინის შემოწმების ცენტრალური კომისიის ანგარიშის მონაცემების თანახმად, 2012 წლის ნოემბრიდან გამოძიება ჩატარდა პროვინციული, კორპუსული დონის ან უფრო მაღალი რანგის 440 მოხელის მიმართ.

მექრთამეობისთვის დასჯილი უკანასკნელი მაღალჩინოსანი მოხელე იყო სუნ ჩჟენცაი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს ყოფილი წევრი და ჩკპ-ის ჩუნცინის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე.

    კორუფციაში მხილებულ დანარჩენ „ვეფხვთა“ შორის არიან ჩჟოუ იუნკანი, ბო სილაი, გო ბოსიუნი, სიუი ცაიხოუ და ლინ ძიხუა.

ანტიკორუფციული კამპანია გასული წლის ოქტომბრში გამართული ჩკპ-ის მე-19 ყრილობის შემდეგაც გაგრძელდა. ყრილობის დასრულებიდან დაახლოებით ას დღეში ჩკპ-ის დისციპლინის შემოწმების ცენტრალურმა კომისიამ განაცხადა ცხრა მაღალჩინოსანი მოხელის მიმართ გამოძიების დაწყების შესახებ, რომელთა შორისაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ყოფილი წევრი იან ძინიც იყო.

დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ ე. წ. „ბუზებიც“ - გაცილებით დაბალი რანგი კორუმპირებული მოხელეები. ანტიკორუფციულმა მოძრაობამ დიდი პოპულარობა მოიპოვა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხამ აჩვენა, რომ კორუფციონერების წინააღმდეგ ბრძოლას მხარს მოსახლეობის 93,9 პროცენტი უჭერს.

სი ძინპინმა ზედამხედველობის რეფორმის ინიციატივაც წამოაყენა. ჩკპ-ის მე-19 ყრილობიდან ოთხ თვეში უკვე შექმნილი იყო საზედამხედველო კომისიები პროვინციულ, მუნიციპალურ და მაზრების დონეზე. რეფორმა სახელმწიფო დაწესებულებების ყველა თანამშრომლის საქმიანობის კონტროლის განხორციელებაზეა ორიენტირებული.

    ჩინეთის პოლიტიკურ-იურიდიული უნივერსიტეტის პროფესორი ძიაო ხუნჩანი მიიჩნევს, რომ რეფორმა ხელისუფლებას წესრიგის „გალიაში“ მოაქცევს.

თითოეულ ამ ნაბიჯს უარყოფს „ხელისუფლებისთვის ბრძოლის“ გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, რომელიც საზღვარგარეთ იქმნება ჩინეთის ანტიკორუფციული კამპანიისთვის ჩირქის მოსაცხებად.

შესაძლებლობების  შეთავაზება

ჩინეთში ახლახან გადაღებული ორი ბოევიკი - „მგლების ომი 2“ და „ოპერაცია წითელ ზღვაში“ ნამდვილ ჰიტებად იქცა. ორივე ფილმის სიუჟეტი ერთმანეთს წააგავს: მათში მოთხრობილია ჩინელ ჯარისკაცებზე, რომლებიც გამოგონილ საომარ კონფლიქტებში გახვეულ აფრიკასა თუ შუა აღმოსავლეთში მამაცურად იბრძვიან, ჩინეთის მოქალაქეებისა და განსაცდელში მოხვედრილი მათი ადგილობრივი მეგობრების გადასარჩენად.

    ამ ფილმებში ასახულ ისტორიებს წმინდა წყლის გამონაგონს ვერ ვუწოდებთ. 2015 წელს იემენში ომი გაჩაღდა, ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის სამხედრო-საზღვაო ძალებმა კი მიიღეს ბრძანება, სამშობლოში დაებრუნებინათ იემენში მყოფი ჩინეთის მოქალაქეები. სულ რამდენიმე დღეში 600 ჩინელისა და 200 უცხოელის ევაკუაცია განხორციელდა.

„მგლების ომი 2“ ჩინური კინემატოგრაფის ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად იქცა. ფილმის ბოლო კადრებში ნაჩვენებია ჩინური პასპორტი წარწერით: „ჩინეთის მოქალაქეებს: თუ საზღვარგარეთ ყოფნისას განსაცდელში მოხვდით, არ შედრკეთ! თქვენ გვერდით ძლიერი სამშობლო დგას!“

კინოსურათმა მთელი ქვეყნის მაყურებლებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია, სეანსების შემდეგ დიდხანს უკრავდნენ ტაშს, მღეროდნენ ეროვნულ ჰიმნს, ბევრი მათგანი ცრემლებს ვერ იკავებდა, იმდენად ძლიერად იმოქმედა მათზე ფილმმა.

და მართლაც, დღეს ჩინეთის პასპორტით მოგზაურობა გაცილებით იოლია, ვიდრე ოდესმე. ჩინური პასპორტის მფლობელებს უკვე მსოფლიოს 65-ზე მეტი ქვეყნისა და რეგიონის მონახულება შეუძლიათ ვიზის გაფორმების გარეშე.

    ბოლო წლებში ჩინელი ტურისტები ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტ უცხოურ ვიზიტს ახორციელებენ. ჩინური კომპანიებიც სულ უფრო აქტიურად აწარმოებენ თავიანთ ბიზნესს საზღვარგარეთ. გასულ წელს ჩინელებმა მსოფლიოს 174 ქვეყნისა და რეგიონის 6236 საწარმოში 120 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელეს, რითაც ადგილობრივი მცხოვრებნი სამუშაო ადგილებითა და სტაბილური შემოსავლით უზრუნველყვეს.

უკვე ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა წამოაყენა „სარტყელი და გზის“ მშენებლობის ინიციატივა, რომელმაც მსოფლიოს სარგებლობა სავაჭრო და ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის განვითარების გზით უნდა მოუტანოს. 2017 წელს ჩინეთსა და „სარტყელი და გზის“ ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობამ 7,4 ტრილიონ იუანს მიაღწია. ამ ინიციატივის ფარგლებში ჩინეთთან შეთანხმებას 80-ზე მეტმა ქვეყანამ და ორგანიზაციამ მოაწერა ხელი.

2016 წელს ამოქმედდა მსოფლიოში პირველი, ჩინეთის ინიციატივით შექმნილი მრავალმხრივი ფინანსური ინსტიტუტი - აზიის ინფრასტრუქტურის საინიციატივო ბანკი. მისი წევრების რაოდენობა დღეისათვის უკვე 84-ს აღწევს.

ჩინეთს, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდება, საკუთარ საზღვრებშიც ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია.

2017 წელს ქვეყანამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მოცულობა - 878 მილიარდი იუანი მიიზიდა. სულ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია იდება ტექნოლოგიურ სექტორში, როგორც მომსახურების, ისე წარმოების სფეროებში.

სავაჭრო ცენტრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით - იუდან გუანჩჟოუმდე - უცხოელი ბიზნესმენების არნახული სიმრავლე შეიჩნევა. ბევრი ქალაქი გადაიქცა საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად, რომლებიც 100-ზე მეტი ქვეყნის უცხოელ მეწარმეებს იზიდავენ.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, ფუძიანის პროვინციის საპორტო ქალაქ შიშიში მცხოვრები იემენელი ბიზნესმენი მარვან აკლან საიდი სავაჭრო ფირმის მფლობელია, რომელიც ჩინური წარმოების ტანსაცმელს, სათამაშოებსა და ჩემოდნებს ჰყიდის შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. იგი უკვე დიდი ხანია, რაც ჩინეთში ცხოვრობს, თუმცა, დღემდე არ ჩამცხრალა მისი აღფრთოვანება ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესით.

.“ხუთი წელი ჩვენ, შესაძლოა, გვეყოს, საკუთარ სახლამდე გზა რომ გავიყვანოთ, ჩინეთში კი ამ დროში შეუძლიათ მთლიანი ქალაქის ნულიდან აშენება“, - ამბობს საიდი, რომელიც შიშის საკუთარ სახლად მიიჩნევს.

    ის თავისი ბიზნესის გაფართოების გეგმებსაც გვიზიარებს და აფრიკის ბაზარზე გასვლასაც აპირებს „სარტყელი და გზის“ მშენებლობის წყალობით შექმნილი შესაძლებლობების გამოყენებით. „ეს შესაძლებლობები მხოლოდ ჩინურ ფირმებზე როდი ვრცელდება, ეს ყველა ჩვენგანისთვის სარფიანია“, - აცხადებს საიდი.

    სი ძინპინის იდეამ კაცობრიობის ერთიანი მომავლის საზოგადოების მშენებლობის შესახებ მთელ მსოფლიოში ჰპოვა აღიარება და მოწონება. ის გაეროს რეზოლუციაშიც შეიტანეს და 2018 წლის დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემის შერჩევისას მუზადაც კი იქცა. აშკარაა, რომ პეკინი კონსტრუქციულ როლს თამაშობს საკმაოდ რთულ რეგიონულ საკითხებში, შუა აღმოსავლეთიდან კორეის ნახევარკუნძულამდე.

ჩინური დიპლომატიის მთავარი მიზანი ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ფორმირება და კაცობრიობის ერთიანი მომავლის საზოგადოების მშენებლობაა.

    ამ მიზნის სათავეები უნდა ვეძიოთ უძველეს ჩინურ ფილოსოფიაში, რომლის თანახმადაც, „მართალია ის საქმე, რომელიც საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევისკენ არის მიმართული“; ასევე იმ მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის მთავარ ფასეულობებში, რომელსაც ჩინეთი უკვე 60 წელზე მეტია ახორციელებს, ჩინელებისა და მსოფლიოს ყველა ხალხის საერთო კეთილდღეობისკენ სი ძინპინის სწრაფვაში.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველი უცხოელი ლიდერი იყო, რომელიც ჩინეთს ჩკპ-ის მე-19 ყრილობის ჩატარების შემდეგ ეწვია. პეკინში გამართული შეხვედრისას სი ძინპინმა განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ აზრთა საფუძვლიანი გაცვლა-გამოცვლა ორმხრივ ურთიერთობებზე და საერთო ინტერესების შემცველ საკითხებზე, რის შედეგადაც მხარეებმა ფართო კონსენსუსს მიაღწიეს.

დონალდ ტრამპის ვიზიტი სულ რამდენიმე თვეში მოჰყვა ორი სახელმწიფოს მეთაურის შეხვედრას, რომელიც აშშ-ში, მარ-ა-ლაგოს მამულში გაიმართა და რომელმაც გავლენა იქონია ორმხრივი კავშირების განვითარებაზე.

    ჩკპ-ის მე-18 ყრილობის შემდეგ სი ძინპინი ხშირად ხვდებოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და ინარჩუნებდა მასთან ურთიერთობას. ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები მთელ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფის ქვაკუთხედად იქცა. დანანგში /ვიეტნამი/ ორი ქვეყნის ლიდერს შორის გამართულ შეხვედრაზე სი ძინპინმა უთხრა პუტინს, რომ ჩინეთმა და რუსეთმა შექმნეს ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ნიმუში, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, გულწრფელობაზე, სამართლიანობასა და ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობაზეა დაფუძნებული.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩინეთმა უმასპინძლა მსოფლიო სამიტების სერიას, მათ შორის საერთაშორისო თანამშრომლობის მაღალი დონის პირველ ფორუმს „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ლიდერთა 22-ე არაოფიციალურ შეხვედრას, „დიდი ოცეულის“ სამიტს ხანჩჟოუში, BRICS-ის  ლიდერთა შეხვედრას სიამენში.

სი ძინპინის მმართველობისას ადამიანები ჩინეთის მსოფლიო გავლენის კიდევ უფრო მეტად ზრდის მომსწრენი გახდნენ, მისი შთაგონების უნარიც იხილეს და ფორმირების ძალაც; ჩინეთმა კი კიდევ უფრო მეტი წვლილი შეიტანა პლანეტაზე მშვიდობის უზრუნველყოფისა და მისი განვითარების საქმეში.

. ჩჟენ ჩანჩჟუნი მიიჩნევს, რომ სი ძინპინის ხელმძღვანელობით ჩინეთმა მიაღწია ფუნდამენტურ და ყოველმხრივ პროგრესს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში, კანონის უზენაესობაში, სახელმწიფო მმართველობაში, პარტიულ მშენებლობაში, კულტურულ აღორძინებასა და გარემოს დაცვაში.

    ფილოსოფია, რომელიც ჩინეთში ბოლო ხუთი წლის მანძილზე განხორციელებული სიღრმისეული ცვლილებების საფუძველშია ჩადებული, გამოიკვეთა სი ძინპინის იდეებში ჩინური სპეციფიკის მქონე ახალი ეპოქის სოციალიზმზე.

ჩინეთმა, როგორც სოციალისტურმა ქვეყანამ, გადალახა მოდერნიზაციის პროცესის უამრავი გამოწვევა, რომლებიც განვითარებადი სამყაროს წინაშე დგას, შეძლო გაესწრო დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისთვის მრავალ სფეროში და ამით სოციალისტური სისტემის დემონსტრირება მოეხდინა, ამბობს ჩჟენ ჩანჩჟუნი.

„სი ძინპინმა ჩინეთი ახალ ეპოქაში გადაიყვანა, ახლა ფორმირდება ჩინური მოდელი, რომელიც კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების მასტიმულირებელი გახდება“, - აცხადებს ის და დასძენს, რომ იმის მიხედვით, თუ რამდენად წინ წაიწევს ჩინეთი მსოფლიო არენის ცენტრისკენ, აღნიშნული მოდელიც მეტ წვლილს შეიტანს კაცობრიობის განვითარებაში.

მზერა მომავლისკენ

იანვარში მაღალჩინოსანი მოხელეებისთვის გამართულ სემინარზე სი ძინპინმა ისინი გამოსაცდელებს შეადარა, ხალხი კი - გამომცდელს, რომელმაც უნდა იმსჯელოს, რამდენად კარგად გაართვეს თავი გამოსაცდელებმა მათზე დაკისრებულ ამოცანებს.

    სი ძინპინმა მომავალი განვითარების ორეტაპიანი გეგმა წარმოადგინა: 2020-2035 წლებისა, როდესაც უმთავრესად სოციალისტური მოდერნიზაცია უნდა განხორციელდეს; და 2035 წლიდან მიმდინარე საუკუნის შუა წლებამდე პერიოდისა, როდესაც ჩინეთი მძლავრ მოდერნიზებულ სოციალისტურ სახელმწიფოდ უნდა იქცეს.

ამ გზაზე,  რასაკვირველია, ჩინეთს სხვადასხვაგვარი გამოწვევები ელის. მართალია, ჩინეთში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 8000 დოლარს აღემატება, მაგრამ ამ მხრივ ქვეყანა ჯერ კიდევ საკმაოდ ჩამორჩება აშშ-ს, სადაც ეს მაჩვენებელი 57 000 დოლარია. ჩინეთის მრეწველობის სტრუქტურა მოდერნიზებას საჭიროებს, მისი ინოვაციური პოტენციალიც ჯერ არასაკმარისად ძლიერია, ჩინეთს ჯერ კიდევ მოუწევს რისკების აღმოფხვრა ფინანსურ სისტემაში.

სი ძინპინმა დაასახელა მთავარი წინააღმდეგობა, რომელიც ჩინეთის საზოგადოების წინაშე დგას, „წინააღმდეგობა კარგი ცხოვრების პერიოდში ხალხის მუდმივად მზარდ მოთხოვნილებებსა და არათანაბარ და არასრულ განვითარებას შორის“.

სი ძინპინმა თავის საახალწლო მიმართვაში განაცხადა, რომ „იცის იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას, როგორიცაა განათლება, დასაქმება, შემოსავალი, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, ხანდაზმულთა დახმარება, საცხოვრებელი ბინები და გარემოს დაცვა“.

მან აღიარა, რომ ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას სასურველი შედეგი ყოველთვის არ მოაქვს, რომ უკვე მიღწეული წარმატებები სულაც არ არის იმის გარანტი, რომ წარმატებები უსასრულოდ გაგრძელდება.

სი ძინპინი მუდმივად შეახსენებს პარტიულ და სახელმწიფო კადრებს, რომ ახალი ეპოქა ეკუთვნის იმათ, ვინც გულმოდგინედ მუშაობს, და მოუწოდებს მათ, ჩინელი ხალხის დიადი ბრძოლის ისტორიაში ახალი თავი ჩაწერონ.

იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც სი ძინპინის მითითებებს მოყვება, ცნობილი გახდება სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენლების სესიაზე. სი ძინპინის ხელმძღვანელობით, ჩინეთი დღითიდღე კიდევ უფრო გაძლიერდება.

თარგმნა ეკა ჯიმშელაძემ

პეკინის ქუჩაზე შესაძლოა პარკირება აიკრძალოს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 26 ივნისი 2017 12:18

მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პეკინის ქუჩაზე შესაძლოა, პარკირება გაუქმდეს. ამის შესახებ, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა. ამასთან, შესაძლოა პეკინის ქუჩა ცალმხრივიც გახდეს. 

„პეკინის ქუჩა დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიაა. ასეთი ინტ-ენსივობით დატვირთული ქუჩა საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს. 1 საათში აქ 6 ათასამდე ავტომობილი მოძრაობს. პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო დროებითი სატრანსპორტო სქემა შედგა და აღმოჩნდა, რომ ეს სქემა კარგად მუშაობს. თუმცა, მას მუდმივი სახე რომ მივცეთ, ამას ჯერ მუშაობა სჭირდება. 

ამიტომ 10 აგვისტოსთვის მზად გვექნება პეკინზე, შარტავა-კოსტავასა და მიმდებარე ქუჩებზე შეცვლილი სატრანსპორტო მოძრაობის სიმულაციური სქემა და კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, რომელიც რეალურს 80%-ის სიზუსტით უახლოვდება, ამ სქემის ეფექტიანობის შეფასებას შევძლებთ. 

პეკინის ქუჩის გაცალმხრივების შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საკითხზე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ექსპერტებთან ვიმსჯელებთ. თუმცა, საუკეთესო ექსპერტი, ალბათ, ეს რამდენიმეთვიანი პერიოდი იქნება, როცა ქუჩებზე შეცვლილია მოძრაობის მიმართულება და საბოლოო გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, თუ როგორ მუშაობს დროებითი სქემა. 

ასევე გადასაწყვეტი იქნება, დარჩება თუ არა პარკირების ადგილები პეკინის ქუჩაზე. დღეს იქ საერთოდ შეზღუდულია პარკირება, ასევე ავტომობილების გაჩერება შეზღუდულია ბექას ქუჩაზე, რომელიც ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის ქუჩას აკავშირებს ერთმანეთთან; დღის საათებშია შეზღუდული ავტომობილების პარკირება შარტავასა და ბულაჩაურის ქუჩებზეც. ეს შეზღუდვები დროებითი სქემის ნაწილია, მაგრამ იმაზეც ვმუშაობთ, როგორ მოეწყობა პარკირების სისტემა - გზის ორივე მხარეს დარჩება, მხოლოდ ერთი ზოლი იქნება და სხვ. როცა პეკინის ქუჩას ვაკვირდებოდით, ღამის საათებში თითო-ოროლა ავტომობილი იდგა. შესაბამისად, აქ შესაძლებელია შევეგუოთ პარკირების ადგილების შეზღუდვას, თუმცა ესეც მსჯელობის საგანია,“ - განაცხადა მუმლაძემ.

16 ივნისიდან პეკინის გამზირი გადაიკეტება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 ივნისი 2017 17:14

16 ივნისიდან პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში დედაქალაქის მერის ხელმძღვანელობით სამუშაო თათბირი გაიმართა. შეხვედრას თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურების ხელმძღვანელები, საკომუნიკაციო კომპანიების, ასევე სამუშაოს მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

როგორც თბილისის მერმა შეხვედრაზე განაცხადა, რეაბილიტაცია მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ გამოცვლას, ასევე გზის საფარის და ტროტუარების მოწესრიგებას.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, 16 ივნისს პეკინის გამზირის რეაბილიტაცია იწყება. რეაბილიტაცია მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ გამოცვლას, ასევე გზის საფარის და ტროტუარების მოწესრიგებას. მნიშვნელოვანია ის, რომ სამუშაოს მასშტაბებიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ჩვენ გვიწევს პეკინის გამზირის ცალკეული მონაკვეთების დაკეტვა, შესაბამისად მოსახლეობა რაიონული გამგეობის მიერ წინასწარ იქნება გაფრთხილებული, რათა თავიდან ავიცილოთ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებული დისკომფორტი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სამუშაოები სწრაფ ტემპში, 24 საათიან რეჟიმში წარიმართოს, რათა სექტემბერში, ვიდრე მოსახლეობა ქალაქში დაბრუნდება, ყველა ძირითადი სამუშაო იყოს დასრულებული და გადაადგილება იყოს თავისუფალი. ამიტომაც ჩვენ აქ გვესწრება როგორც სამუშაოს შემსრულებელი კომპანია, ასევე ის კომპანიები, რომლებიც კომუნიკაციაზე არიან პასუხისმგებლები. სამი მთავარი ამოცანა გვექნება: პირველი - რაც შეიძლება, ინტენსიურ რეჟიმში ვიმუშავებთ და 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი გვექნება. მეორე - ეს იქნება დისკომფორტის მინიმუმამდე დაყვანა, რათა ჩვენი თანამოქალაქეების ის ნაწილი, რომელიც ზაფხულის განმავლობაში ქალაქში რჩებიან, მათთვის გადაადგილებასთან დაკავშირებული დისკომფორტი იყოს მინიმუმამდე დაყვანილი და მესამე - სამუშაოების მაღალი ხარისხით შესრულება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საკომუნიკაციო კომპანიებთან ერთად, ჯერ კომუნიკაციები გამოვცვალოთ, შემდეგ მოვაწესრიგოთ გზის საფარი და ტროტუარები. ქუჩების პერიოდულ დაკეტვასთან და მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საპატრულო პოლიციასთან, შესაბამისად, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, კონკრეტულად, დღეების მიხედვით რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები. რაიონული გამგეობა აფრთხილებს მოსახლეობას, იქ არსებული კომერციული ფართების მესაკუთრეებს, რათა წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ის მცირე დისკომფორტი, რაც დაკავშირებული იქნება შეზღუდვებთან, არაფერია იმასთან შედარებით, რა სიკეთესაც ქალაქი პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაციით მიიღებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საგზაო ინფრასტრუქტურა პეკინის ქუჩაზე 60 წელია არ შეკეთებულა.

საკომუნიკაციო ქსელის აღდგენა - გამოცვლას, კომპანია GWP განახორციელებს. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალსადენის ორ კმ-იან მაგისტრალურ ქსელს. წყალსადენის გამანაწილებელი ქსელების სამ კმ-იანი სიგრძის ძველი მილსადენები სრულად შეიცვლება ახლით. ასევე, წყალსადენის მაგისტრალური ქსელების ინფრასტრუქტურული ელემენტები სრულად განახლდება და მოეწყობა ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭებზე ახალი, ევროსტანდარტის, ჰერმეტული და ბრენდირებული თავსახურები დამონტაჟდება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 400 მეტრი სიგრძის წყალარინების ქსელის მიწისქვეშა გვირაბულ კოლექტორს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი, გერმანული კომპანიების ექსპერტები განახორციელებენ.

გარდა ამისა, მოეწყობა 600 მეტრი სიგრძის ახალი სანიაღვრე ქსელი, ასევე ახალი საკონტროლო ჭები და ცხაურები, სულ 20 ერთეული. პროექტის ფარგლებში მოხდება ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი, როგორც სავალ ნაწილზე, ასევე ტროტუარებზე; დაიგება ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი.

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება. სამუშაოები სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და გასტანს მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. პროექტს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ბლექ სი გრუპი“ განახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების დროს პეკინის ქუჩაზე საავტომობილო მიმოსვლა ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთებზე შეიზღუდება.

ზაფხულში პეკინის გამზირი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაიკეტება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 მაისი 2017 14:51

თბილისში, საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირზე სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რის გამოც გამზირი ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ 3 თვით გადაიკეტება. სამუშაოები პეკინის გამზირზე ივნისის დასაწყისიდან დაიწყება.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის განცხადებით პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაცია 60 წელია არ განხორციელებულა. ზაფხულის პერიოდი კი იმისთვის შეირჩა, რომ სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ქალაქში მოძრაობა შედარებით თავისუფალი იქნება. სრულ რეაბილიტაციას დაიწყებს, რასაც 3 თვე დასჭირდება. სამუშოების სექტემბრის დასაწყისში, 15 სექტემბრამდე დასრულდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი ლარი იქნება.

საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ პეკინში გაიმართება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 04 მაისი 2017 14:44

2013 წელს, ჩინეთის პრეზიდენტ - სი ძინფინის მიერ წამოყენებული თანამშრომლობის ინიციატივა - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, განვითარების სტრატეგიების გაერთიანებისა და ერთმანეთის უპირატესობების გამოყენებით, ყველა მხარისათვის სასარგებლო განვითარების მიღწევას. სამი წელია, რაც „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ წარმატებით ხორციელდება. მიღწეულ იქნა საყოველთაო კონსენსუსი საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხზე, სახეზეა ადრეული შედეგები, იგი უკვე იქცა საერთაშორისო და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მნიშვნელოვან პროდუქტად.
იმისათვის, რომ ქვეყნებმა კიდევ უფრო დააკავშირონ ერთმანეთის განვითარების სტრატეგიები და გააღრმავონ საქმიანი თანამშრომლობა, 2017 წლის 14-15 მაისს ქ. პეკინში ჩინური მხარის ორგანიზებით საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ გაიმართება. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და თანამშრომლობის შედეგების ურთიერთგაზიარებისათვის. ფორუმი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
ფორუმი ღია, ინკლუზიურ და ურთიერთსარგებლობის კონცეფციაზე დაყრდნობით იმართება. მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან მივესალმებით წარმომადგენლების დასწრებას. ამ დროისთვის, ასზე მეტ ქვეყანამ და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოხატა ფორუმის მიმართ მხარდაჭერა და მონაწილეობის სურვილი. მონაწილეთა რაოდენობა უკვე გაცდა ამ ინიციატივის ტრადიციულ საზღვრებს; დასავლეთით - დასავლეთ ევროპასა და აფრიკას მიაღწია, სამხრეთით - ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას, აღმოსავლეთით კი - ოკეანეთსა და ლათინურ ამერიკას. სინამდვილეში, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც იზიარებს აბრეშუმის გზის სულისკვეთებას, კერძოდ, მშვიდობასა და თანამშრომლობას, გახსნილობასა და ინკლუზიურობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ურთიერთსარგებლის მიღწევას, შეუძლია ჩაერთოს ამ პროექტში.
ჩინეთის მთავრობის მოწვევით, 28 ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელმა და 110 ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა, მეცნიერებმა, ბიზნესმენებმა, საფინანსო ინსტიტუტების, მედიისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს მონაწილეობა. მათ შორის არიან 92 ქვეყნიდან ვიცე პრემიერი - 9, საგარეო საქმეთა მინისტრი - 7, სამინისტროების ოფიციალური პირი - 190. გარდა ამისა, ფორუმს დაესწრება 61 საერთაშორისო ორგანიზაციის 89 ხელმძღვანელი და წარმომადგენელი. მონაწილეთა საერთო რაოდენობა 1200-ზე მეტია.
ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მიმართულებით კარგად დაიწყო. ამ მხრივ, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. მას დიდი წვლილი შეაქვს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების საქმეში. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებენ საეთაშორისო ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრებში. მაღალი დონის შეხვედრები ფორუმის მნიშვნელოვანი ნაწილია და მათი მიზანია ხელისუფლების, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეებს შორის კავშირების გაღრმავება და შესაბამის სფეროში საქმინი თანამშრომლობის ხელშეწყობა. ჩინური მხარე დარწმუნებულია და იმედოვნებს, რომ პირველი ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი და მინისტრი გახარია მხარეებთან განიხილავენ საერთო ინტერესის საკითხებსა და თანამშრომლობის გეგმებს, რაც კიდევ უფრო მეტ შედეგს მოიტანს საქმიანი თანამშრომლობის მიმართულებით.

 

ყველა გზა ჩინეთში მიდის!

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 27 აგვისტო 2016 00:28

29 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა საქართველოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელი პირების დელეგაცია. მათ შორის: სააგენტო „ნისუდეი საქართველოს“ დირექტორი ავთანდილ ოთინაშვილი, ტელეკომპანია „სტარვიზია“ - გენერალური პროდიუსერი ეგორ კუროპტევი, მედია-ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი, „ჯიბი თაიმსის“ დირექტორი - მიხეილ ტარახჩოვი, „ბიზნესთაიმ ჯორჯიას“ დირექტორი - ლევან ჭითანავა , ,„რუსთავი 2“ -პროდიუსერი მაკა ფანქველაშვილი, „იმედის“ პროდიუსერი - შორენა ცხოვრებაშვილი, „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი და ჟურნალისტი მარიკა შალიკაშვილი, გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი - აკაკი გვიმრაძე, ტელეკომპანია„მაესტროს“ წამყვანი და ჟურნალისტი - ნანუკა იროდანიშვილი.
აღნიშნული ვიზიტი ორგანიზებული იყო საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მიერ და ჩვენთან ერთად იმყოფებოდა საელჩოს მდივანი თამუნა მუჯირი, რომელმაც უდიდესი დახმარება გაუწია დელეგაციის წევრებს. ჩვენ, ჩვენი მხრიდან გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩინეთის საელჩოს, ბატონ ელჩს ძი იანჩის ასეთი შთამბეჭდავი მედიატურის ორგანიზებისათვის.

დელეგაციის წევრები პეკინში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორმა გუეი ცონგიუომ (Gui Congyou) მიიღო, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზგასმით განაცხადა, რომ ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი კეციანის და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრამ (დალიანის ეკონომიკური ფორუმი), განამტკიცა და ასევე დასაბამი მისცა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.“ ჩინეთს საქართველოსთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. მომავალ წელს გახდება 25 წელი, რაც ჩინეთმა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ჩვენ საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელებას ვგეგმავთ“, - დასძინა მან. 
როგორც ჩინელმა დიპლომატმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებით წარმატებით ვითარდება ურთიერთობები ეკონომიკის და განათლების სფეროებში. „მიმდინარე წელს გაგრძელდება მოლაპარაკებების პროცესი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოსაწერად. შეთანხმების გაფორმების შემდეგ საქართველო პირველი ქვეყანა გახდება, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რომელთანაც ასეთი სახის ხელშეკრულება გაფორმდება“, - ამბობს გუეი ცონგიუო.
მისივე თქმით, ჩინური კომპანიები დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტიციების დაბანდებით და ამის ნათელი მაგალითია საერთაშორისო კორპორაცია „ხუალინგ ჯგუფი“, რომელიც უკვე დიდი ხანია რაც საქართველოში წარმატებით მოღვაწეობს. მხარეებს შორის თავისუალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებისთანავე საქართველოსთვის უფრო ფართოდ გაიღება ჩინეთის უზარ-მაზარი ეკონომიკური ბაზრის კარები“, - განაცხადა გუეი ცონგიუომ. ასევე საინტერესო იქნებოდა ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებაც, რაც ჩინელი დიპლომატის აზრით, ხელს შეუწყობს ჩინთისა და საქართველოს მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილების პროცესს. „ჩინელ ტურისტებს უყვართ მოგზაურობა და სავიზო პროცესის გამარტივების შემთხვევაში, ისინი სიამოვნებით ჩამოვლენ საქართველოშიც, მიაჩნია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორს.
რაც შეეხება განათლებას, ჩინელი დიპლომატის აზრით, ორ ქვეყანას შორის ძალიან კარგი პერსპექტივები არსებობს ამ სფეროს შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. ყოველ წელს ჩინეთის მთავრობა ქართველი სტუდენტებისთვის გამოყოფს სტიპენდიას, რომელიც მათ აძლევს საშუალებას მათთვის სასურველ სპეციალობაზე ისწავლონ ჩინეთის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში. „ამჟამად ჩინეთში 100-მდე ქართველი სტუდენტი იღებს განათლებას, საქართველოში კი 5 ჩინელი სტუდენტი სწავლობს. მომავალში ჩვენ შევეცდებით გავზარდოთ ქართველი სტუდენტების რიცხვი ჩინეთში, რათა უფრო მეტ ქართველ წარმატებულ სტუდენტს მივცეთ საშუალება ჩინეთში გააგრძელოს სწავლა“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
თავის მხრივ დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს ჩინელ დიპლომატს მიღებისა და საინტერესო ინფორმაციის მიწოდებისთვის. ამის შემდეგ საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის ფარგლებშიც საუბარი წარიმართა ისეთ საინტერესო თემების გარშემო, როგორიც არის ჩინეთ-საქართველოს მომავალი ურთიერთობები. მედიის წარმომადგენლები ასევე შეეხნენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ვითარებას.
პეკინში მედიის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ჩინეთის საერთაშორისო სამოგზაურო სააგენტო „დიაოიუთაი“-ს გენერალურ დირექტორს მა თიენშუს, (Ma Tianshu), შანხაიში - შანხაის ხელისუფლების საგარეო საქმეთა ოფისის დირექტორის მოადგილეს ფუ ძიხონგს (Fu Jihong) და პროვინცია შან სი-ს (ქალაქი სი’ანი, ჩინეთის უძველესი დედაქალაქი) ხელისუფლების საგარეო საქმეთა ოფისის ხელმძღვანელს ჭანგ ბაოვენს. (Zhang Baowen) შეხვდნენ.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციისთვის მომზადებული იყო კულტურული ტურები, ხოლო ჩინური უაღრესად გემრიელი სამზარეულოს გაცნობის მიზნით, შერჩეული იყო თითქმის ყველა მხარის სამზარეულო, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ქართველ ჟურნალისტებზე.
კულტურული პროგრამის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა პეკინში დაათვალიერეს ეროვნული მუზეუმი, მოინახულეს ზაფხულის სასახლე, გაისეირნეს ნავებით, ასევე მოინახულეს „აკრძალული ქალაქი“(ჩინელი იმპერატორების მთავარი სასახლე კომპლექსი, დაწყებული მინის და დამთავრებული ცინის დინასტიით), ჩინეთის დიდი კედელი, ესტუმრნენ გამომცემლობა „People’s Daily“-ს რედაქციას და შანხაიში ჩქაროსნული მატარებლით გაემგზავრნენ, სადაც შანხაის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა, დღის მეორე ნახევარში კი შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონა დაათვალიერეს.
ასევე, მოინახულეს კომპანია "ხუავეის" ოფისი, სადაც "ხუავეის" წარმომადგენელმა ქართველ ჟურნალისტებს ის სიახლეები გააცნო, რომლის განხორციელებასაც კომპანია ახლო მომავალში გეგმავს. ამის შემდეგ დაათვალიერეს შანხაის სანაპირო, „იუ იუენის“ პარკი, შოპინგისა და გართობის უბანი (Xintaindi), შემდეგ კი ქალაქ სი’ანში გაემგზავრნენ, სადაც ქართველი ჟურნალისტები ასევე შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს. სი’ანი რადიკალურად განსხვავდება შანხაისაგან, აქ ყველაფერს სიძველის, გარკვეულწილად ხელუხლებლობის და ნამდვილი ჩინურის იერსახე აქვს. აქ ნაკლებად შეხვდებით ინგლისურ წარწერებს, ისევე, როგორც ინგლისურად მოსაუბრე მოსახლეობას. ამის მიუხედავად სი’ანი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და პოპულარული მიმართულებაა, რომელსაც უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ეს არის ლეგენდებით მოსილი მხარე, რომელიც აბრეშუმის გზაზე მიმავალი ქარავნებისათვის მთავარი დანიშნულების წერტილი იყო. სწორედ სი’ანშია აღმართული ნულოვანი კილომეტრის აღმნიშვნელი მონუმენტი, როგორც საწყისი წერტილი დიდი აბრეშუმის გზისა. ამის შესახებ ინფორმაციის მიღება აბრეშუმის გზის მუზეუმში შეიძლება, რომელიც სწორედ ამ მონაკვეთშია განლაგებული.
გარდა ამისა დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სი’ანის მუზეუმი. მოინახულეს იმპერატორ ცინ ში ხუანგის ე.წ. „ტერაკოტების არმია“ და აბრეშუმის გზის საწყისი, ქალაქის ისტორიული გალავანი და ზარების კოშკი. ბოლოს კი ქალაქ ლანჭოუდან ურუმჩუში გადავიდნენ, საიდანაც თბილისში ჩამოფრინდნენ. 

დასასრულს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელი პირების დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მიუხედავად მოსახლეობის სიმცირისა, ჩინეთი საქართველოს თანასწორუფლებიან პარტნიორად მიიჩნევს და პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

  ავთანდილ ოთინაშვილი,

თბილისი-პეკინი-თბილისი

სექტემბრიდან პეკინსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 14 ივნისი 2016 19:32

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დელეგაცია ჩინეთში სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისა და უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანიების - „Air China“, „Hainan Airlines“, „China Southern Airlines“ და „China Eastern Airlines“ წარმომადგენლებს შეხვდა.

ჩინეთ-საქართველოსსაავიაციოხელისუფლებსშორის გაფართოებულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ „China Southern Airlines“ ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ახალი დანიშნულების პუნქტს დაამატებს.2016 წლის 22 სექტემბრიდან „China Southern Airlines“ პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებითრეგულარულადიფრენს.

შეხვედრაზე მხარეებმა,ქვეყნებსშორისსაავიაციოსფეროშიარსებულიორმხრივიურთიერთობებისგაღრმავებისადამომავალითანამშრომლობისპერსპექტივებზე ისაუბრეს.საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება ჩინური ავიაკომპანიებისათვის. მხარეები შეთანხმდნენრომ ქართული საავიაციო ბაზრის ინტენსიურად ათვისების მიზნით, საავიაციო ხელისუფლებებიმჭიდროდ ითანამშრომლებენ მათ კომპეტენციაში შემავალსაკითხებზე.

ვიზიტისას ჩინურმა მხარემ პოზიტიურად შეაფასა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორიო ორგანიზაციის (ICAO) მიერ საქართველოში ჩატარებული საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების აუდიტების მიერ გამოვლენილი შედეგები, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება გაზრდილი საჰაერო მიმოსვლის უზრუნველყოფის კუთხით.

შეხვედრის ფარგლებში, კონსულტაციები გაიმართა ჩინურ ავიაკომპანიებთან. სააგენტოს წარმომადგენლებმა ავიაგადამზიდველებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების ტენდენციების, ასევე ქვეყანაში მოქმედი ლიბერალური საავიაციო საკანონმდებლო ბაზის შესახებ, რაც ამარტივებს საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყების შესაძლებლობას. 

ჩინეთი BBC-ს აფრთხილებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 10:45

ჩინეთი „ბი-ბი-სის“ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მშენებარე კუნძულის გაშუქებისაგან თავშეკავებას ურჩევს. 

ტელეკომპანიის ცნობით, პეკინი ჟურნალისტ რუპერტ ჰეიესის შეშინებას ცდილობს, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის ახალი კუნძულის გადაღებას თვითმფრინავით ცდილობს და მშენებლობის საქმეს იძიებს. 

კუნძულებთან ახლოს ფილიპინების სამოქალაქო თვითმფრინავში მყოფმა „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტმა ჩინეთის საზღვაო ძალებისა და ავსტრალიის ავიაციის რადიოკომუნიკაციის ჩაწერა შეძლო, სადაც ირკვევა, რომ კუნძულებთან ახლოს ავსტრალიის ავიაციაც დაფრინავს. 

გასულ თვეში კუნძულს ამერიკულმა „ბი 52-ის“ ტიპის ბომბდამშენმაც გადაუფრინა, რამაც ჩინეთის აღშფოთება გამოიწვია. 

პეკინი ხელოვნურ კუნძულს სამხრეთ ჩინეთის ზღვის ბუნებრივი რესურსებით მდიდარი სადავო კუნძულების სიახლოვეს აშენებს. სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო კუნძულებზე პრეტენზიას, ჩინეთთან ერთად, მალაიზია, ფილიპინები, ტაივანი და ვიეტნამიც აცხადებენ. ანალიტიკოსები სადავო კუნძულებს 21-ე საუკუნის ერთ-ერთ გეოპოლიტიკურ ცხელ წერტილს უწოდებენ.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური