​პანკისელი პედაგოგები ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 თებერვალი 2019 15:52

პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისგან შემდგარი 20-კაციანი ჯგუფის სასწავლო ვიზიტი ბელგიაში გრძელდება.

ვიზიტის ფარგლებში 6 თებერვალს გაიმართა მასწავლებლების შეხვედრა ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან ალექსანდრე მაისურაძესთან.

შეხვედრაზე სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიის, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. ყურადღება გამახვილდა მასწავლებლების ინფორმირების აუცილებლობასა და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე.

„ასეთი სახის შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია ჰქონდეს. მასწავლებლებს და სკოლის ხელმძღვანელებს პანკისის ხეობიდან, საშუალება მიეცათ ალიანსის მაღალი დონის წარმომადგენლებთან და ჩვენთან შეხვედრის განმავლობაში სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ არა მხოლოდ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის თაობაზე, არამედ ჩვენი ქვეყნისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რადგან ამ შეხვედრით საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე,“ - განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.

ვიზიტის მეორე დღეს, პედაგოგები სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების რეგიონულ კოორდინატორს, დესპინა აფენტოულის და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტის წარმომადგენელს, მაგდალენა გრონოსს შეხვდნენ. ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა, პერსპექტივები და რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის საკითხები შეხვედრის მთავარი თემა იყო.

პროექტი შერიგებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა მიერ ხორციელდება, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018 19:22

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ სექტემბრის დასაწყისში წარმოდგენილი განათლების სისტემის ტრანსფორმაციის გეგმა აქტიურ ფაზაში შედის. წინასწარი სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და მიმდინარეობს შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან. როგორც ცნობილია, განათლების რეფორმა განათლების სისტემის ყველა მიმართულებას მოიცავს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ თბილისის საჯარო სკოლების მასწავლებლებთან სამუშაო შეხვდა გამართა და რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული ზოგადი განათლების განვითარების ხედვა, სამომავლო გეგმები და ის ახალი ინიციატივები გააცნო, რაც სკოლებს კიდევ უფრო განავითარებს და მოსწავლეთა და პედაგოგთა მოტივაციას გაზრდის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესულ ცვლილებებს, სკოლის ახალი მოდელის კონცეფციას, სახელფასო ზრდის პოლიტიკას და სხვ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბევრი სიახლე ინერგება იმისათვის, რომ ამაღლდეს განათლების ხარისხი, სკოლა გახდეს უფრო საინტერესო და თანამედროვე, მოზარდებს განუვითარდეთ კრიტიკული და თავისუფალი აზროვნება.

პირველ რიგში ეს არის ახალი სასწავლო გეგმა, განახლებული სასკოლო წიგნები და სხვა სასწავლო რესურსი, პილოტის რეჟიმში მიმდინარეობს სწავლების ახალი მოდელის დანერგვა, რომელიც კომპლექსურია და ბევრ მიმართულებას მოიცავს - ახლებურ მიდგომებს საგაკვეთილო პროცესში, მეტი ანალიზის შემოტანას, რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიების, ინოვაციების დანერგვას სკოლებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ირინა აბულაძემ ისაუბრა არის მასწავლებლების, სკოლის დირექტორების და ადმინისტრაციის ხელფასების ზრდა.

2019-2021 წლებში, ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1800 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი - 2000 ლარს და მეტს. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში თანხები უკვე გათვალისწინებულია.

მშვიდობიანი აქციას სკოლის პედაგოგები და სტუდენტებიც უერთდებიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017 10:21

7 ივნისს, 11 საათზე, თბილისში, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით გაიმართება უკანონოდ დაკავებული, დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია.

აქციის მიზანია კიდევ ერთხელ მოუწოდოს სახელმწიფოს არ დაუშვას უკანონო ქმედება და არ გადასცეს ბატონი ჩაბუქი თურქეთის მთავრობას, სადაც იგი  შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების/არაადამინური მოპყრობისა ან/და დასჯის მსხვერპლი გახდეს და არ მას მიეცეს სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა.

დღევანდელ ღონისძიებაში ასევე ჩაერთვებიან ბატონი ჩაბუქის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და ერთხმად მიმართავენ მთავრობას მოხდეს საქმის ქართული მხარის მიერ გამოძიება და მიეცეს საქართველოში მოღაწე პედაგოგსა და მის ოჯახს იმის საშუალება, რომ ისარგებლონ ლტოლვილის სტატუსით.

საქართველოში, ბოლო 15 წლის განმავლობაში პედაგოგიური მოღვაწეობით დაკავებული ჩაბუქი, მიმდინარე წლის 24 მაისს დააკავეს თურქეთის მთავრობის მოთხოვნით. მას თურქეთის მთავრობის მიერ ბრალად ედება  ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომოლობა. ბატონი მუსტაფა წლების განმავლოვაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საგანმანათლებლო საქმიანობით იყო დაკავებული. პროფესიით ფიზიკოსი  არაერთი მასშტაბური საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტის ავტორი გახლავთ. მისი ინიციატივით საქართველოში ჩატარდა  მრავალი მნიშვნელოვანი სოციალური ღონისძიება, რომლის მიზანსაც ნიჭიერი ბავშვების გამოვლენასა და შემდგომ დახმარებას წარმოადგენდა. ბატონი მუსტაფა ასევე არის რამოდენიმე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტის ავტორიც. მათ შორისაა: ახალგაზრდა გამომგონებელთა ოლომპაიადა IYIPO, ქართული ენის ოლიმპიადა, ენისა და კულტურის ფესტივალი, პროექტი „ვსწავლობთ ქართულად“, მეცნიერების ფესტივალი „შეეხე მეცნიერებას“...

7 მაისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები არიან : ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); თბილისის ადამაინის უფლებათა სახლი (HRHT); მედიის განვითარების ფონდი (MDF); ადამიანის უფლებათა ცენტრი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI). კონსტიტუციის 42-ე მუხლი. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეგობრები და ოჯახის წევრები, დემირელის პარტნიორი სკოლები და შავი ზღვის საერთაშორისო უნივესიტეტი.

ალექსანდრე ჯეჯელავა ქვემო ქართლის რეგიონის პედაგოგებს შეხვდა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 15:20

გრძელდება მინისტრის შეხვედრები საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან. ალექსანდრე ჯეჯელავამ ამჯერად ორი შეხვედრა ქვემო ქართლის რეგიონში გამართა, ერთ-ერთი შეხვედრა ბოლნისელ, დმანისელ და მარნეულელ 500-მდე პედაგოგთან გაიმართა.

მინისტრმა საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს ზოგადი განათლების განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო და ვრცლად ისაუბრა იმ სამომავლო გეგმებზე და ინიციატივებზე, რაც სკოლას კიდევ უფრო განავითარებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

პედაგოგთა სერთიფიცირების დროს, ვიდეო გაკვეთილების ჩატარება სავალდებულო აღარ იქნება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 ივლისი 2016 10:10

პედაგოგთა სერთიფიცირების დროს ვიდეო გაკვეთილების ჩატარება სავალდებულო აღარ იქნება.განცხადება განათლების მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში გააკეთა, სადაც სხდომა მიმდინარეობს. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება.მინისტრთა კაბინეტის წევრები დღეს 20 საკითხზე იმსჯელებენ. დღესვე დამტკიცდება აწარმოე საქართველოს პროგრამის ფარგლებში რამდენიმე პროექტი

შეხვედრა ქობულეთში პედაგოგებთან

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016 17:22

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გასული სასწავლო წლის შედეგები ქობულეთის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგიურ საზოგადოებასთან და სკოლების ადმინისტრაციასთან ერთად შეაჯამა. სამუშაო შეხვედრაზე  სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს და ის პრიორიტეტები განსაზღვრეს,  რაც მომავალში მეტ წარმატებას და უკეთეს შედეგებს უზრუნველყოფს.  ლია გიგაურმა ასევე უპასუხა მის მიმართ დასმულ ყველა შეკითხვას.

პედაგოგთა საბაზო ხელფასი 405 ლარი იქნება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 10:20

მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა პედაგოგებისათვის ხელფასების ზრდის თაობაზე გააკეთა კომენტარი. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მასწავლებლებისთვის საბაზო ხელფასი იქნება 405 ლარი.

"2015 წლის 1 აპრილიდან დაიწყო პედაგოგების ხელფასების ზრდის მეორე ეტაპი და მასწავლებელთა საბაზო ხელფასი გახდება 405 ლარი, პრინციპში უკვე გახდა,“ - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ეს პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება.

განათლების მინისტრის განმარტებით, პედაგოგის საშუალო ხელფასი 2016 წლის აპრილიდან საშუალოდ 600-700 ლარი იქნება.

დღესვე პრემიერმა ჯანდაცვის უწყების ბიუჯეტზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჯანდაცვის ბიუჯეტი კი 2016 წელს იქნება 3 მილიარდ 100 მილიონზე მეტი. ძირითადი თანხა საყოველთაო ჯანდაცვას მოხმარდება

2016 წლის ბიუჯეტის საბოლოო პარამეტრებთან დაკავშირებით დღეს მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრები შეთანხმდებიან, რის შემდეგაც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი  გადაიგზავნება საკანონმდებლო ორგანოში. 

„ლიბერთი ბანკმა“ პედაგოგები დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 16:06

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.
კონფერენციის ფარგლებში „ლიბერთი ბანკის“ დირექტორმა არმენ მატევოსიანმა  Gift card-ით დაასაჩუქრა კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები, რომლებმაც საგანმანათლებლო სფეროში ინოვაციების შესახებ საუკეთესო ნაშრომები წარმოადგინეს.
„ლიბერთი ბანკთან“ ერთად წლევანდელი კონფერენციის პარტნიორები „ინტელი“, „მაიკროსოფტი“, „ესაბი“ გახლდათ და 250 პედაგოგმა, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტმა და ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა.

მასწავლებლებისთვის შეღავათიანი მგზავრობის ბარათების გაცემა დაიწყო

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 17:04

საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის და ავტორიზირებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლების და სხვა თანამშრომლებისთვის შეღავათიანი მგზავრობის ბარათების გაცემა უკვე დაიწყო

განათლების მართვის სისტემის ცნობით, თბილისში სამგზავრო ბარათის მიღება შეუძლიათ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული საჯარო სკოლის და ავტორიზირებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებს და სხვა თანამშრომლებს, ასევე, თვითმმართველი ქალაქების – რუსთავის, მცხეთის, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არსებული საჯარო სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან თბილისში.

განათლების მართვის სისტემის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტით (მეტრო, ავტობუსი) შეღავათიანი მგზავრობის ბარათების მისაღებად, თბილისში რეგსიტრირებულმა მასწავლებლებმა უნდა მიმართონ ქალაქ თბილისის მერიის სატრანსპორტო ბარათების გამცემ სერივისცენტრს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ვშაველას გამზ. N 99.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური