უსუფაშვილის და ღარიბაშვილის კომენტარი-პატრიარქის ინიციატივაზე შეიწყალოს პატიმრები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 06 დეკემბერი 2015 11:43

არ ვიცი პრეცედენტი, როცა პატიმართა შეწყალების უფლება სახელმწიფოს მეთაურის გარდა, ვინმე სხვას აქვს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეწყალების უფლების პატრიარქისთვის მინიჭების ინიციატივას. 
უსუფაშვილი ფიქრობს, რომ მცირედ გაუგებრობას აქვს ადგილი. "ერთია ცოდვის მიტევება, შენდობა, რომელიც, გასაგებია, თუ ვისი ექსკლუზიური უფლებაა. მეორეა სასჯელისგან გათავისუფლება და ამ თვალსაზრისით - შეწყალება. არ მახსენდება, შემთხვევა, როცა სახელმწიფოს მეთაურის გარდა, ვინმეს ჰქონდეს ეს მძიმე ტვირთი. შეწყალება ეს სასიამოვნო უფლება არ არის. შესაძლოა, აქ უფრო ჩართულობაზე იყოს საუბარი და არა რაიმე უფლების ვინმესთის გადაცემაზე ან გაყოფაზე. არ მახსენდება ასეთი კონსტიტუციური მოდელი", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პრემიერს უწმინდესმა თხოვნით მიმართა, ხელისუფლებამ განიხილოს პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭების საკითხი. როგორც ცნობილია, მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. 
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. შესაბამისად, უწმინდესის თხოვნის საფუძველზე, მთავრობის მეთაური საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაწყების თხოვნით მიმართავს", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სასჯელაღსრულების მინისტრის და ბესელიას კომენტარი-პატრიარქის განცხადებაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 15:31

პარლამენტის ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი პატრიარქის ინიციატივას მიესალმება.

განცხადება ეკა ბესელიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 

ბესელია ფიქრობს, რომ, თუ პოლიტიკური ნება იქნება, იდეას ბევრი მხარდამჭერი ეყოლება. თავად კი ფიქრობს, რომ პატრიარს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს .

პატრიარქის ინიციატივას, დადებითად აფასებს სასჯელაღსრულების მინისტრიც . 

კახა კახიშვილი ამბობს, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება და აღნიშნავს, რომ ამისათვის კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა შევიდეს. 

შეგახსენებთ, რომ პატრიარქმა განცხადება რუსთაველის თეატრში გააკეთა , სადაც მსჯავრდებულების მონაწილეობით წარმოდგენა მიმდინარეობდა. პატრიარქი თვლის , რომ მას პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს. 

პატრიარქი საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 10:30

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდა.
მუფთებთან შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა და მას რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძეც დაესწრო.
შეხვედრაზე პატრიარქმა ბოლო დროს რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის შესახებ ისაუბრა.
“ორი კვირის წინ ვთქვი, რომ ამ ნეგატიურ მოვლენებეში რელიგიას არ აქვს კავშირი და ეს თვითონ ბოროტი ადამიანების მოქმედებაა. ამან ძალიან დიდი გავლენა და მნიშვნელობა იქონია. ჩემთან მოვიდა თურქეთის ელჩი და მე ამის გამო მადლობა გადამიხადა. ასევე მოვიდა აზერბაიჯანის ელჩი და იმანაც მადლობა მითხრა. ასე რომ, ძალიან დროულად იყო ის ჩემს მიერ ნათქვამი, რომ მუსლიმანური რელიგია და ნებისმიერი რელიგია როგორ დაუშვებს იმას, რომ უდანაშაულო ხალხი დახოცონ.
მე მინდა თქვენგან მოვისმინო, რა გზები არსებობს კიდევ იმისთვის, რომ ეს საფრთხე თავიდან ავიცილოთ. მე მოხარული ვარ, რომ გხედავთ და ჩვენთან მობრძანდით”, – აღნიშნა პატრიარქმა.
თავის მხრივ, საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რეზიდენციაში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
“თქვენ თქვით, რომ ისლამი არაფერ შუაშია. ტრადიციული ისლამი ყოველთვის სიმშვიდეს მოიცავს, ურთიერთსიყვარულს, ურთიერთდახმარებას. თქვენს სიტყვებში ეს ყველაფერი ამოიბეჭდა”, – განაცხადა ქამაშიძემ და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სახელით, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მადლობა გადაუხდა.
მისივე თქმით, საუკუნეების განმავლობაში ქართველი მუსლიმები ქართველ მართლმადიდებლებთან ყოველთვის მეგობრულად იყვნენ და ეს უნდა გაგრძელდეს.
“ყოველთვის უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ღირებულებებს, უნდა დავაფასოთ ერთმანეთის სარწმუნოება. გამოსავალს მე უფრო მეტად განათლებაში ვხედავ. სახელმწიფო თანადგომას გვიცხადებს ჩვენ, რომ საქართველოში გაიხსნას მედრესეს სახით სასწავლებელი, რომელიც ადამიანებს ძირითადი ისლამის სიყვარულს ჩაუნერგავს და არ იქნება მოძალადე”, – განაცხადა ქამაშაძემ.

როგორც საქართველოს მუფთმა აღნიშნა, სახელმწიფომ დასავლეთ საქართველოში მედრესე შეუძინა, ასევე არის მზაობა, რომ აღმოსავლეთშიც მედრესეს სახით სასწავლებელი იყოს შეძენილი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ შეიხმა რამინ იგიდოვმა აღნიშნა, რომ დიდი ხანია მათ ჰქონდათ სურვილი, პარტიარქთან ესაუბრათ. “ჩვენ კარგი და დადებითი შთაბეჭდილებები დაგვრჩა, როგორც ყველა სხვას, რომელიც პატრიარქს შეხვდება. მოხარულები ვართ და დადებითი შთაბეჭდილებებით მივდივართ”, – განაცხადა რამინ იგიდოვმა.

თავის მხრივ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, შეხვედრა არსებული სიტუაციის ფონზე მიზანშეწონილია. “დემონსტრირება მოხდა იმ ტოლერანტობისა და თანამშრომლობისა, რაც ყოველთვის არსებობდა. განწყობა ძალიან დადებითია.

უწმინდესის მხრიდან დემონსტირებული იყო ცნობილი მესიჯები და მუსლიმი თემისგანაც მოხდა იმის დადასტურება, რომ საქართველოს ეკლესიასა და სახელმწიფოსთან ერთად, არსებული გამოწვევების ფონზე, ერთობლივად იმოქმედონ ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – განაცხადა ვაშაყმაძემ.

მამა გაბრიელი თვით სასუფევლიდან ეხმარება მორწმუნეებს-საქართველოს პატრიარქი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 29 ნოემბერი 2015 16:06

მამა გაბრიელი თვით სასუფევლიდან ეხმარება მორწმუნეებს – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ფერიცვალების სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ბრძანა. პატრიარქმა მამა გაბრიელის შესახებ იქადაგა. მისი თქმით, ბერი გაბრიელი განსაკუთრებული პიროვნება იყო. უწმინდესმა შესთხოვა უფალს, მამა გაბრიელის ლოცვებით წყალობა მოიღოს საქართველოზე.
“მამა გაბრიელმა გამოიჩინა საოცარი თვისებები. ზოგს ესმოდა, ზოგს არ ესმოდა მისი. ის მაინც ღვთის საქმეს აკეთებდა. მამა გაბრიელმა იმ დროს დაიწყო მოღვაწეობა, როდესაც სასულიერო პირები, ეკლესია იდევნებოდა. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, რომ მამა გაბრიელი სალოსობდა”, – ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, მამა გაბრიელი მართლა ავადმყოფი კი არ იყო, მან ასეთი ტვირთი, ჯვარი მიიღო თავის თავზე. “ზოგს ამხელდა, ზოგს აქებდა, მაგრამ შინაგანად ის მუდამ იყო უფალთან და უფალი იყო მასთან. და აი ჩვენ დღეს შევასრულეთ წირვა და უნდა დავასვენოთ ახალ ლუსკუმაში. ჩვენ შევთხოვთ უფალს ლოცვა-კურთხევას და შეწევნა არ მოაკლოს საქართველოს მამა გაბრიელის ლოცვებით”, – აღნიშნა უწმინდესმა.
ქადაგების დასრულების შემდეგ ტაძარში პარაკლისი შესრულდა, რომლის შემდეგაც წმინდა მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ნაწილები ლუსკუმით შეაბრძანეს ფერიცვალების სახელობის ტაძრის საკურთხეველში, შემდეგ კი მისთვის განკუთვნილ ახალ ადგილზე, ქვის სარკოფაგზე დაასვენეს.

მართლმადიდებელი ეკლესია მათე მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 29 ნოემბერი 2015 13:09

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მათე მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. 

სადღესასწაულო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთაში, სამთავროს ფერისცვალების სახელობის ტაძარში აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესი, ტრადიციულად, მრევლს ქადაგებით მიმართავს. 

მოგვიანებით კი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს ახალ ლუსკუმაში გადააბრძანებენ. 2012 წლის 20 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მას წმინდა გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი უწოდა. 2013 წლის 20 თებერვალს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების ამობრძანება სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში არსებული საფლავიდან მოხდა.

პატრიარქის საკვირაო ქადაგება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 22 ნოემბერი 2015 14:42

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტრადიციული საკვირაო ქადაგება გამართა.
უწმინდესმა შეკრებილებს მშობლის პატივისცემაზე ესაუბრა და ბრძანა, რომ შვილებმა ყოველდღიურად დალოცვა სთხოვონ და ხელზე ემთხვიონ მშობლებს.
“ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც მშობლებს არ ესმით შვილების და შვილებს არ ესმით მშობლების. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა აზროვნება, შეხედულება, მსოფლმხედველობა განსხვავდება. აი, ამიტომ ხშირია კონფლიქტი მათ შორის. თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი კანონი, რომელიც ღმერთმა მისცა კაცობრიობას, არის: “პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა”, მაგრამ ამით არ მთავრდება, “რათა კეთილი გეყოს შენ და მრავალჟამიერ იყო ქვეყანასა ზედა”. ამიტომ მე მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო თქვენს დამოკიდებულებას მშობლების მიმართ. მშობლის შეიძლება არ გესმოდეს, შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეთ შენ და მშობელს, მაგრამ შენ ვალდებული ხარ, მშობლის საშუალებით მიიღო მადლი ღვთისა, მადლისა სულისა წმინდისა და ამით კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა”, – ბრძანა პატრიარქმა.
მან ასევე თავისი სტუდენტობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ სახლში დაბრუნებისას ყოველთვის ცდილობდა, რაიმეთი გაეხარებინა მშობლები და მათთვის საჩუქრები გაეკეთებინა. “თქვენ უნდა ეცადოთ, რომ რაღაცით ასიამოვნოთ თქვენს მშობელს. გირჩევთ, მთავარი ყურადღება მიაქციოთ ამ საკითს”, – განაცხადა უწმინდესმა.
საკვირაო ქადაგების შემდეგ პატრიარქმა რამდენიმე გვარი და კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრი დალოცა.

პატრიარქი საფრანგეთში განხორციელებულ ტერაქტებს გამოეხმაურა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 15 ნოემბერი 2015 14:28

მუსულმანური რელიგია არაფერ შუაშია, ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა. 
პატრიარქი საკვირაო ქადაგებისას პარიზში მომხდარ ტერაქტებს გამოეხმაურა. ასევე შეეხო თვითმფრინავის აფეთქების ფაქტს. 
"ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ ღვთის ძალა და ღვთის მშვიდობა სუფევდეს საქართველოში და მთელს მსოფლიოში. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ებრძვის. ეს მუდამ იყო, მაგრამ ბოლო წლებში – ბოლო 10 წლეულებში გაძლიერდა. ჩვენი დიდი პოეტი ამბობს: ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია". ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ კეთილმა სძლიოს ბოროტს. ბოროტი ძალიან ხშირად ადამიანის ბოროტი ნებით გამოვლინდება. ბოლო დროს გამოვლინდა – იცით, რომ მოხდა თვითმფრინავის აფეთქება, ასევე ჩვენ ვუთანაგრძნობთ საფრანგეთის მოსახლეობას. იქ მრავალი მსხვერპლია და ვლოცულობთ მათთვის. არიან ადამიანები, რომლებიც ამას მიაწერენ რელიგიას – მუსულმანურ რელიგიას. მაგრამ სინამდვილეში რელიგია არაფერ შუაში არ არის. ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი დამშვიდდება, დაწყნარდებაა და ისევ იზეიმებს სიკეთე და სიხარული, როგორც ამბობს შოთა რუსთაველი, რომ სიკეთის არსება გრძელია. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ეს არსად აღარ განმეორდეს", - განაცხადა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.
პატრიარქმა ღმერთს დაღუპული ადამიანების ცხონება, ხოლო დაჭრილთა გამოჯანმრთელება შესთხოვა. მან ასევე აღნიშნა, რომ იზიარებს ოჯახების მწუხარებას. გარდა ამისა, ილია მეორემ მრევლს მისცა ლოცვა-კურთხევა, 40 დღის განმავლობაში ყოველ დღე სახარების ერთი თავი წაიკითხონ, რათა "საქართველოში და მსოფლიოში მშვიდობამ იზეიმოს".

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი მიიღო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 19:20

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე აზერბაიჯანში ქართველი ეპისკოპოსის მსახურებისა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხები დააყენა.

შეხვედრის დასაწყისში აზერბაიჯანის პრეზიდენტს პატრიარქმა მიმართა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ მათ ურთიერთობებს დიდი პერიოდი აქვს. უწმინდესმა დასძინა, რომ მას ახლო ურთიერთობები ჰქონდა ილჰამ ალიევის მამასთან. პატრიარქმა დასძინა, რომ ურთიერთობები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სხვებისთვის მაგალითია.

„დიდი მნიშვნელობა აქვს საგარეჯოში სამონასტრო კომპლექსს, რომლის ნაწილიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. ბფიქრობ ამ საკითხების მოგვარება შესაძლებელია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მშვიდობა იყოს კავკასიაში. ვღელავთ რომ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტები ხდება აზერბაიჯანშიც და საქართველოშიც. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღდგენილი,“ - აღნიშნა პატრიარქმა.

პატრიარქმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ასევე იმის გამო, რომ კომპანია სოკარისმეშვეობით საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიის წარმომადგენელს აქვს უფასო ბუნებრივი აირი

"თვითმკვლელი ღვთისმშობლის" გამოფენა, ჩვენი სარწმუნოების შეურაცხყოფაა-პატრიარქი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 01 ნოემბერი 2015 15:43

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი "თვითმკვლელი ღვთისმშობლის" გამოფენას მკრეხელობას უწოდებს. საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ აღნიშნა, რომ ასეთი შეურაცხყოფა საქართველოში ჯერ არ ყოფილა.

"არის ერთი სამწუხარო ამბავი, წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტში არის გამოფენა, სადაც არის გამოსახული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, უჭირავს პისტოლეტი და თავს იკლავს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოების და საქართველოსი. მე მიკვირს, როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში. საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა და იმედია, რომ გამოსწორდებიან", - აღნიშნა პატრიარქმა. 

შეგახსენებთ, სკანდალური ნახატი "თვითმკვლელი ღვთისმშობელი" ილიაუნიში ერთ-ერთი კონფერენციის ფარგლებში, 2 საათის მანძილზე იყო გამოფენილი.

მინისტრთა კაბინეტმა სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 15:54

სვეტიცხოველში სადღესასწაულო ლიტურგია აღესრულა. კათალიკოს-პატრიარქმა მრევლს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა. ილია მეორის განმარტებით, საამისოდ სვეტიცხოვლის კარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება.

ღვთისმსახურება პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა.

უამინდობის მიუხედავად მცხეთაში მრევლი სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდა.

სვეტიცხოველში დღესასწაულთან დაკავშირებით იმყოფებოდა პრემიერმინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ პოლიტიკოსებიც, რომლებმაც შეკრებილ მრევს სვეტიცხოვლის დღესასწაული მიულოცეს.

“სვეტიცხოვლობა არის სწორედ სიმბოლო ჩვენი სარწმუნოების, და სიმბოლო ქართველი კაცის, სულიერი სიმტკიცის. ამიტომ მე მინდა ყველას გისურვოთ პირველ რიგში სულიერი სიმტკიცე, სიმშვიდე, გამთლიანება. ჩვენი ქვეყნის და პირველ რიგში ჩვენი ერის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი სამშობლო,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სვეტიცხოვლობა სრულიად საქართველოს თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამაც მიულოცა, რომელიც მცხეთაში იმყოფებოდა.

კულტურული ღონისძიებები მცხეთის ცენტრალურ მოედანზე იმართება და მას დაასრულებს გალა-კონცერტი, რომელიც 20 საათზე დაიწყება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური