სამების ტაძარში,ღარიბაშვილი,კვირიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთად იმყოფებიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 12:17

საქართველოს 2 ყოფილი პრემიერი და პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარდგენილი გიორგი კვირიკაშვილი სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებიან. 

ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი ოჯახის წევრებთან და მრევლთან ერთად პატრიარქის აღსაყდრების 38-ე წლისთავთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმთო ლიტურგიას ესწრებიან. 

მათ მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. 

კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 38 წელი უსრულდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 09:57

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციიდან დღეს 38 წელი სრულდება. ამასთან დაკავშირებით ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დილის 10 საათისთვის ჩაატარებს.

გუშინ კი პატრიარქის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით ლოცვა სხვა ტაძრებშიც შესრულდა. ილია მეორის ინტრონიზაცია სვეტიცხოვლში 1977 წლის 25 დეკემბერს მოხდა. 

პრემიერმა პატრიარქზე განცხადება გააკეთა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 16:18

პატრიარქს არავის ფუნქცია არ სჭირდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 
პრემიერი შეწყალების საკითხზე პატრიარქის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საუბარი იყო მხოლოდ უწმინდესობის ჩართულობის გაზრდაზე იმ პროცესში, რასაც შეწყალება ჰქვია.
"ძალიან ნიჭიერი პატიმრები გყავთ. სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია თქვენს მიერ ორგანიზებულმა სპექტაკლმა პატიმრების მონაწილეობით. ისე, რა საოცარი რაღაც მოხდა იმ დღეს. ძალიან ემოციური დღე იყო. როგორც იცით, პატრიარქიც ესწრებოდა და ლამის სახელმწიფოს დანგრევა დაგვწამეს იმ დღეს", - მიმართა პრემიერმა სასჯელაღსრულების მინისტრს.
მისივე განმარტებით, მთავრობის წევრებს ანტისახელმწიფოებრიობა დააბრალეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც თავად არ იციან სახელმწიფოს ცნება.
"დაგვაბრალეს ანტისახელმწიფოებრიობა და ა.შ. ადამიანებმა, რომლებმაც მე მგონია, არ იციან რა არის სახელმწიფო, ან სამშობლო, მაგრამ ეს გასაგებია ჩვენთვის. უბრალოდ საწყენია - ეს ადამიანები საცოდავები არიან, რომლებიც მიზეზს ეძებენ, რომ თავდასხმა გააკეთონ, იქნება ეს პატრიარქის ინსტიტუტი, პატრიარქის პიროვნება თუ მთავრობა, ჩემზე აღარ არის საუბარი. ჩვენზე მიზეზები არ სჭირდებათ, ისედაც გვესხმიან თავს, ამას შეჩვეულები ვართ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ კონსტიტუციით შეწყალების საკითხი დარეგულირებულია.
"ჩემი განცხადებაც თუ ნახეთ, ვფიქრობ, იქ ყველაფერი წესრიგში იყო. მე იმაზეც მივანიშნე, რომ ეს საკითხი არის დარეგულირებული კონსტიტუციით. შეწყალების კომისიაში ჩართულია საპატრიარქოს წარმომადგენელი, ერთ-ერთი ეპისკოპოსი. მოვისმინე რა პატრიარქის ემოციური მიმართვა, რა თქმა უნდა, მეც გამიჩნდა ემოციური მოთხოვნილება, რომ მიმემართა კანონმდებლებისთვის და პრეზიდენტისთვის, რომლის უშუალო ფუნქცია არის სწორედ შეწყალება, რომ განეხილათ ისედაც ჩართული საპატრიარქოს როლის გაზრდა ამ პროცესში. აქ რა იყო გაუგებარი, ან ანტისახელმწიფოებრივი არ მესმის. ეს არის უბრალოდ მიზეზი. კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა და გავაშიშვლეთ ეს ადამიანები, რომლებიც თავს დაგვესხნენ ჩვენ ყველას. დაწყებული საპატრიარქოთი - მთავრობაზე აღარ ვსაუბრობ. მე უბრალოდ მაინტერესებს, ამდენი სიძულვილი და აგრესია საიდან დაუგროვდათ ამ ადამიანებს?", - აღნიშნა პრემიერმა.

პრეზიდენტი პოლიტიკოსებს მიმართავს და ქვეყნის ცხოვრებაში პატრიარქის მნიშვნელობას ახსენებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 16:27

პრეზიდენტი პოლიტიკოსებს მიმართავს და ქვეყნის ცხოვრებაში პატრიარქის მნიშვნელობას ახსენებს. განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

პრეზიდენტი საპატრიარქოში იმყოფებოდა. ინფორმაცია პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. 

უცნობია, შედგა თუ არა საუბარი პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკოს-პატრიარქი მოინახულა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 14:41

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა.

„მქონდა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამომეხატა სიყვარული და პატივისცემა ჩვენი პატრიარქის მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველას ვალია, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსების,  რომ  მოვუფრთხილდეთ ამ უმნიშვნელოვანეს ადამიანს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა.

წულუკიანი პატრიარქის ინიციატივაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 14:06

იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ სასულიერო პირს არ უნდა ჰქობდეს პატიმრების შეწყალების უფლება.

ამ თემაზე თეა წულიკიანმა საპატრიარქოს უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

მინისტრის აზრით თუ პატრიარქს აქვს განცდა, რომ შეწყალების პროცესი არასრულყოფილია, ეს ნიშნავს, რომ საჭიროა მეტი კომუნიკაცია საქართველოს პრეზიდენტთან.

შეგახსებთ,რომ პატრიარქი პატიმრების შეწყალების ინიციატივით გამოვიდა

პატრიარქისთვის შეწყალების უფლებამოსილების მინიჭების ინიციატივის გასაპროტესტებლად კანცელარიასთან აქცია იგეგმება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 11:59

პატრიარქისთვის შეწყალების უფლებამოსილების მინიჭების ინიციატივის გასაპროტესტებლად არასამთავრობოების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს შეკრებას გეგმავს. აქცია სახელწოდებით გადადექი! წადი მონასტერში სოციალური ქსელის საშუალებით დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ მხარდაჭერით წინასაარჩევნოდ მანიპულირებენ და თავიანთ მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულებენ. "უკვე ნორმად იქცა პოლიტიკოსების მხრიდან რელიგიური სენტიმენტებით სპეკულირება, საპატრიარქოსა და პატრიარქთან კეკლუცი, რაც განსაკუთრებით აქტიურდება საარჩევნო კამპანიის პერიოდში. ეს უკანასკნელი ნამდვილ მარათონს ემსგავსება იმის მტკიცებით, თუ ვინ უფრო მეტად მართლმადიდელია და ვის უჭირავს უფრო გრძელი სანთელი. ამ ნორმას თითქოს შევეგუეთ კიდეც, ხშირ შემთხვევაში ირონიით ვუყურებთ, როგორც საარჩევნო ტრიუკს, მაგრამ, ვფიქრობთ, სერიოზულად დამაფიქრებელი და სახიფათო პრაქტიკაა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პერიოდულად წამოყენებული ინიციატივები, პატრიარქი ჩართონ და მას გადააბარონ მნიშვნელოვანი საჯარო საკითხების მოგვარება-გადაწყვეტა (იქნება ეს საგანმანათლებო, პენიტეციალურ თუ სხვა სისტემაში).
ეს სეკულარულ სახელმწიფოს უქმნის საფრთხეს.
მიმართავენ რა ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთი შერყეული რეპუტაციისა და მოსახელობაში დაკარგული ნდობის აღსადგენად პატრიარქის ავტორიტეტს, ამით ხაზს უსვამენ საკუთარ უუნარობას, იმას რომ მათ არ ყოფნით არც კომპეტენცია, არც პოლიტიკური ნება, არც პრინციპულობა იმისთვის რომ მიიღონ (რიგ შემთხვევაში არაპოპულარული) გადაწყვეტილებები.
შევახსენებთ ხელისუფლების ნებისმიერ პასუხისმგებელ პირს, რომ ისინი სეკულარული და მრავალეთნიკური სახელმწიფოს დაქირავებული მოხელეები არიან. მათ ხელფასს საქმეში ვუხდით და არა ლოცვაში.
მათგან მოვითხოვთ, საკუთარი რელიგიური გრძნობები დატოვონ სახლში და მოძღვართან, გამიჯნონ მისგან სახელმწიფო მოხელის ფუნქციები და ვალდებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გადადგომას, როგორც სუსტი ჩინოვნიკების, რომლებიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე თავიანთი საქმიანობის ლეგიტიმაციას ვერ ახერხებენ",-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.საუბარია ,პატრიარქის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე , რომელიც პატიმრების შეწყალებას გულისხმობს. 

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას აკეთებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 10:00

პატრიარქის მიერ პატიმრების შეწყალების ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განმარტებას აკეთებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქო  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ნიუსდეი” უცვლელად გთავაზობთ: "ა.წ. 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება. 
ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მესამე სექტორი პატრიარქის ინიციატივას უარყოფითად აფასებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 06 დეკემბერი 2015 15:25

მესამე სექტორი პატრიარქის ინიციატივას უარყოფითად აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ერთიანი განცხადების შემუშავებას მომავალ კვირაში გეგმავენ, სადაც იქნება განმარტებული ამ ინიციატივის უარყოფითი მხარეები.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე განმარტავს, რომ ამ ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება, რომელსაც დღევანდელ პარლამენტში ქართული ოცნებადამოუკიდებლად - ნაციონალური მოძრაობის გარეშე ვერ განახორციელებს.

„ეს ინიციატივა საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიული წყობილების არსებობას, ვინაიდან შეწყალების უფლებამოსილება ქვეყნის მიერ არჩეული უმაღლესი თანამდებობის პირიდან გადადის სასულიერო პირის ხელში, რომელსაც ირჩევს სინოდი და არა საქართველოს მოსახლეობა და მისი მანდატი არ წარმოადგენს ხალხის მხრიდან პერიოდული ლეგიტიმაციის განახლების საგანს. ეს არის ცალსახა ნაბიჯი დემოკრატიიდან თეოკრატიამდე,“ - აცხადებს გიორგი გოცირიძე.

პრეზიდენტის პოზიცია პატრიარქის ინიციატივაზე ჯერჯერობით უცნობია, გიორგი მარგველაშვლის ადმინისტრაციაში განცხადებას ჯერ არ აკეთებენ.

პატრიარქმა პარიმრების შეწყალების უფლებაზე ინიციატივა გუშინ გააჟღერა. 

ოპოზიცია პატრიარქის ინიციატივას არ იზიარებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 06 დეკემბერი 2015 12:07

ოპოზიცია პატრიარქის ინიციატივას პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭების შესახებ ცალსახად არ უჭერს მხარს. ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე  განმარტავს, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საკითხებში და ეკლესია საერო საკითხებში.

„ჩვენ ვაშენებთ სეკულარულ სახელმწიფოს, შესაბამისად სახელწმიფო არ უნდა ერეოდეს, არც ერთ შემთხვევაში, ეკლესიის საქმეებში და ცხადია არც ეკლესია უნდა ერეოდეს საერო საქმეებში. სანამ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის იქნება ასეთი ტიპის ურთიერთობა, მანამდე საქართველოში მუდმივად იარსებებენ პოლიტიკოსები, რომლებიც ეცდებიან ეკლესიის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც პირველ რიგში აზიანებს თავად ეკლესიას,“ - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ნაციონალურ მოძრაობაში კი მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციაში ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულია, მათი აღრევა არ შეიძლება და ეს არის თანამედროვე სახელწმიფოს მთავარი პრინციპი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური