საქართველოში ამერიკის ელჩმა და მისმა მეუღლემ ილია მეორეს უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 03 მარტი 2016 11:27

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ და მისმა მეუღლემ ფრანჩესკამ საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს უმასპინძლეს.
შეხვედრა ელჩის რეზიდენციაში გაიმართა და აშშ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს.
 პატრიარქმა ელჩს საჩუქრად ნახატი გადასცა, რომელზეც ნატვრის ხეა გამოსახული.-განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
“ ელჩ კელისა და მის მეუღლე ფრანჩესკას მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის მასპინძლობის პატივი ხვდათ. შეხვედრისას, რომელიც ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, აშშ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს. ფრანჩესკა ოპერის პროფესიონალი მომღერალია. სადილისას მან და ილია მეორემ პატრიარქის მუსიკალურ კომპოზიციებზე ისაუბრეს. პატრიარქმა ელჩს საჩუქრად გადასცა ნახატი, რომელზეც ნატვრის ხეა გამოსახული”, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

პატრიარქი თბილისის მერს უსახლკაროებისათვის თავშესაფრის გამოყოფას სთხოვს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 09 თებერვალი 2016 13:21

 საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უსახლკარო და მიუსაფარი ადამიანებისათვის თავშესაფარს ითხოვს. ილია მეორემ თბილისის მერსა და საქველმოქმედო ფონდის წევრებს მიმართა.ინიციატივით კათოლიკოს პატრიარქი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის 11 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოვიდა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 17:53

საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის სიტყვას ავრცელებს, რომელიც მან მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების შეხვედრაზე, ჟენევაში, შამბეზში წარმოთქვა.

ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეს მიმართავს: „თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მსოფლიო პატრიაქო, ბართლომე, მართლმადიდებელ ეკლესიათა უწმიდესნო და უნეტარესნო მწყემსმთავარნო, მეუფენო, მამანო და ძმანო, გულითადად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით.

თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კონსტანტინეპოლში შევიკრიბეთ და დავსახეთ ძირითადი მიმართულებები წმინდა და დიდი კრების ჩასატარებლად.

მაშინ გადაწყდა მთავარი პრინციპიც ჩვენი მუშაობისა, რომ როგორც კრების წინარე შეხვედრები, ისე თვით კრება კონსენსუსის პრინციპით უნდა წარმართულიყო, რაც გულისხმობს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობას კრებაზე და ყველას თანხმობას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მაშინაც აღვნიშნეთ და კვლავ გავიმეორებთ, რომ წმინდა და დიდი კრება, რომლისთვისაც ჩვენ – ყველანი ვემზადებით, განსხვავებულია ადრე ჩატარებული მსოფლიო კრებებისაგან იმით, რომ ჩვენ არ განვიხილავთ დოგმატურ საკითხებს და არ ვემიჯნებით ამა თუ იმ სწავლებას, არამედ გვსურს მსოფლიოს წინაშე მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის წარმოჩენა და ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე საკრებო ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღება. და რადგან კრების მთავარი მიზანი ჩვენი ერთობის გამოხატვაა, ბუნებრივია, რომ მხოლოდ ის თემები უნდა იქნას განხილული, რომელთა შესახებ ყველა ეკლესიამ დადებითი პოზიცია დააფიქსირა. ეს არის ერთადერთი სწორი მიდგომა. თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, კარგად გვესმის, რომ კრების მომზადებასთან დაკავშირებული ძირითადი ტვირთი თქვენ გაწევთ, მაგრამ არსებითი საკითხების გადაწყვეტისას ადგილობრივი ეკლესიების პოზიციების გაუთვალისწინებლობა დაუშვებელია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქოსთვის უმნიშვნელოვანესია დიპტიქის (ეკლესიათა რიგითობა) საბოლოოდ განსაზღვრა, ძმობის და თანამშრომლობის სულისკვეთებით განმსჭვალულები, ჩვენ ამჯერად თავს ვიკავებთ აღნიშნული თემის კრებაზე განხილვის კატეგორიულად დაყენებისგან, რითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს კონსტრუქციულობას და გვჯერა, რომ ახლო მომავალში ეს პრობლემა ჩვენთვის დადებითად გადაწყდება. მაგრამ ვერაფრით ვერ დავეთანხმებით იმ აზრს, რომ ბოლო დროის შეხვედრებზე როგორც ჩვენი, ისე სხვა ეკლესიების მიერ უარყოფილი თემები წმინდა და დიდ კრებაზე 30 წელზე მეტი ხნის წინ მიღებული სახით გავიდეს. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ 1998 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომამ მიუღებლად მიიჩნია წმინდა და დიდი კრების იმდროინდელი წინამოსამზადებელი შეხვედრების რიგი დადგენილებები (მათ შორის ქორწინების და კალენდრის საკითხიც). რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მსაგვსი ქმედებები განხორციელდა სხვა ეკლესიებშიც. წმინდა და დიდი კრების წინამოსამზადებელი კომისიის მუშაობის შედეგებს ჩვენი ეკლესიის წმინდა სინოდი რეგულარულად ეცნობოდა, თუმცა, ვიცავდით დოკუმენტების არ გასაჯაროების შეთანხმებას; რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენც ვეთანხმებოდით ამ პოზიციას. პირიქით, ყოველთვის ვიყავით და ვართ მომხრე იმისა, რომ შეთანხმებული საკითხები უნდა გასაჯაროვდეს, ამით ეკლესიებსაც და კრებასაც დავიცავთ გავრცელებული უსაფუძვლო ეჭვებისა და ბრალდებებისგან. რაც შეეხება ეკლესიებისთვის კრების შედეგების სავალდებულოებას, მიგვაჩნია, რომ დიდმა და წმინდა კრებამ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, თუ იგი ეკლესიის სისავსემაც არ აღიარა, ეს დადგენილებები არათუ სავალდებულო და მისაღები გახდება ეკლესიებისათვის, არამედ იქცევა დაბრკოლების მიზეზად და შეიძლება განხეთქილებამდე მიგვიყვანოს. მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია ამის არაერთ მაგალითს იცნობს. ჩვენ ვცხოვრობთ 2000-წლოვანი განუყოფელი ეკლესიის ტრადიციით. ამ წიაღმა მსოფლიოს მისცა ათასობით წმინდანი. მათ მიერ განჩინებული და აღიარებული წესების შეცვალა ძალიან საშიშია. გავიმეორებ იმ აზრსაც, რომ ვინაიდან, დიდი და წმინდა კრების გადაწყვეტილებები არ ეხება სწავლებით-სამოძღვრო (დოგმატურ) საკითხებს, მისი დადგენილებები ადგილობრივი ეკლესიებისთვის სავალდებულო შეიძლება გახდეს მხოლოდ კონსენსუსის წესით ყველას მიერ მათი მიღების შემთხვევაში. უწმინდესნო და უნეტარესნო მწყემსმთავარნო, ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო და მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელნო, საქართველოს ეკლესიის მხრიდან ორი წერილი დაგეგზავნათ (ჩემი და მიტროპოლიტ გერასიმეს სახელით), სადაც დაფიქსირებული იყო ის აზრები, რომელიც აგრეთვე წარმოადგენს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის პოზიციას. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის (როგორც ადრე ჩატარებულის, ისე ბოლოდროინდელთა) გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, კვლავ ვაცხადებთ, რომ სამი თემის (,,ერთიანი კალენდრის შესახებ,” ,,ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების” და ,,მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში,”) წარმოდგენილი სახით წმინდა და დიდ კრებაზე გატანა მიუღებლად მიგვაჩნია. მაგრამ, თუ იქნება მოთხოვნა იმისა, რომ აღნიშნული საკითხები კრების დღის წესრიგში აუცილებლად უნდა შევიდეს, მაშინ წმინდა და დიდი კრება უნდა გადაიდოს, ვიდრე მათთან დაკავშირებით საერთო შეთანხმება არ მიიღწევა. შევნიშნავთ იმასაც, რომ წმინდა და დიდ კრებაზე არ შეიძლება, უკვე შეჯერებული თემების გარდა, რომელიმე სხვა საკითხის შემოთავაზება განსახილველად. ეს პრინციპულად მიუღებელია. წმინდა და დიდ კრებას უნდა ესწრებოდნენ მართლმადიდებელი სამღვდელოების, ბერ-მონოზვნების, ღვთისმეტყველების წარმომადგენლები, რაც იყო მსოფლიო კრებების ტრადიცია. ბოლოს აღვნიშნავთ იმასაც, რომ შამბეზის ამჟამინდელი გადაწყვეტილებებიც გატანილი იქნება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე. ჩვენ – ყველანი აქ შევიკრიბეთ, რათა ვმოწმოთ ჭეშმარიტი. დაე, იყოს ეს შეხვედრაც და წმინდა დიდი კრებაც გაცხადება ყოვლადწმინდა სამების ნებისა და ჩვენზეც აღსრულდეს მოციქულის სიტყვები: ,,გიხაროდეთ, ძმანო, განმტკიცდით, ნუგეშცემულნი იყავით და ერთსულოვანნი, მშვიდობა გქონდეთ; და ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენთან“, – ბრძანა პატრიარქმა. საპატრიარქოს ცნობით, ყველა ეკლესიის დელეგაციის რამდენიმე დღის დაუღალავი საქმიანობის შედეგად ამ ეტაპისთვის წმინდა და დიდი კრების დღის წესრიგში შემდეგი ცვლილებები განხორციელდა: 1. საკითხი ,,ერთიანი კალენდრის შესახებ, აღარ განიხილება. 2. ავტოკეფალიის და დიპტიქის თემაც ამოღებულია. 3. ჩასწორდა ტექსტი – ,,მართლმადიდებელი ეკლესიის მისია მსოფლიოში“. 4. წმინდა და დიდ კრებაზე არ იქნება გატანილი ისეთი საკითხი, რომელიც წინამოსამზადებელ შეხვედრებზე არ იყო განხილული და შთანხმებული. 5. ნება დაირთო ყველასთან შეჯერებული საკითხების გასაჯაროებისა. 6. სხვა ეკლესიებთან მიმართებაში წმინდა და დიდი კრების გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათი შეიცვალა კრების ყველა წევრისთვის გადაწყვეტილებების საყოველთაო მართლმადიდებლური ავტორიტეტით. „მიმდინარეობს სხვა თემებზეც მუშაობა და წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებული რეგლამენტის (პროტოკოლური საკითხების) განსაზღვრა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 659 ბავშვი გახდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 19 იანვარი 2016 10:34

კათოლიკოს პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 659 ბავშვი გახდება. ეს უკვე ჩვილთა 42-ე საყოველთაო ნათლობა იქნება.პატარებს საჩუქრად ჯვარი, ნათლობის მოწმობა და საშობაო ეპისტოლე გადაეცემათ.ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ ილია II ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს. 

კათოლიკოს-პატრიარქმა ცნობილ საოპერო ვარსკვლავებს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 იანვარი 2016 17:31

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ფონდ "ნატვრის ხის" დამფუძნებელ ნინო სურგულაძესა და ცნობილ საოპერო ვარსკვლავებს საპატრიარქოში უმასპინძლა. 

ილია მეორემ სტუმრები დალოცა და საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. 

9 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ფონდი "ნატვრის ხე" კიდევ ერთ მასშტაბურ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს, შემოსული თანხა მძიმე დიაგნოზის მქონე 4 ბავშვის მკურნალობას მოხმარდება. 

საქართველოს პატრიარქს მუსლიმური ორგანიზაცია დაბადების დღეს ულოცავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 14:21

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს "აჰლი-ბეითის "კულტურული და საგანმანათლებლო მუსლიმური ორგანიზაცია ულოცავს. "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე 83 წლის გახდა. 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი.
უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ვუსურვებთ დღეგრძელ ცხოვრებას და თავის ღვთიურ საქმეებში წარმატებებს. ერებსა და რელიგიებს შორის ერთიანობაში ასევე ნამდვილი ტოლერანტობაში მისი განსაკუტრებული წვლილისათვის მადლობას ვუხდით!!!
პატივისცემით აჰლი-ბეითის "კულტურული და საგანმანათლებლო მუსლიმური ორგანიზაცია."- აღნიშნულია ორგანიზაციის მიმართვაში.

იან კელის მილოცვა პატრიარქს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 12:00

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს, ილია II-ს 83-ე დაბადების დღეს ულოცავს.
„საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის მოღვაწეობაში მას წარმატებას ვუსურვებთ“, – აღნიშნულია ელჩის მილოცვაში.
შეგახსენებთ, დღეს 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაბადების დღეა.

"მე შევთხოვ უფალს, რომ ყველა ჩვენგანში იშვას ქრისტე"-პატრიარქის ქადაგება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 10:52

კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მართლმადიდებელ მრევლს შეახსენა, რომ შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის დანთება არ დაავიწყდეს ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში 3 იანვარს იქადაგა. 

მისი თქმით, იგი შესთხოვს უფალს, რომ ყველა ჩვენგანში იშვას ქრისტე.

"მოგვიახლოვდა ქრისტეშობის დღესასწაული, მე შევთხოვ უფალს, რომ ყველა ჩვენგანში იშვას ქრისტე. ქრისტე ღმერთი, ჩვენი მაცხოვარი, იყოს მფარველი ყოველივე ჩვენგანის. ყოველი ადამიანის. მაცხოვარს შევავედრებთ ყველა ადამიანს, ვინც უცხოეთშია წასული. შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენი სახელები დაწერილი იყოს წიგნსა მას შინა ცხოვრებისასა", - ბრძანა მისმა უწმინდესობამ.

ილია მეორის თქმით, მრავალი განსაცდელი იყო, არის და იქნება, მაგრამ არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან ღმერთი ძალიან ახლოსაა ჩვენთან.

"არ დაგავიწყდეთ სანთლის დანთება ფანჯარაში. თქვენ იცით, ეს არის სიმბოლო იმის, რომ ჩვენ ვიწვევთ ჩვენს სახლებში, ბინაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რათა ჩვენთან იშვას ქრისტე. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა", - ბრძანა პატრიარქმა. 

"საგალობელი "დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო", ეს ლოცვა კიდევ ერთხელ გვახსენებს იმის შესახებ, რომ უფალი არასდროს გვტოვებს ჩვენ. როცა გვგონია, რომ მარტო ვართ და მიტოვებული ვართ, ყველაზე ახლოს მაშინ არის მაცხოვარი ჩვენთან", - ბრძანა უწმინდესმა. 

დღეს,საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 83 წელი შეუსრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 10:30

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადების დღეა.

ილია II, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში , გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.

პატრიარქმა 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა დაამთავრა,შემდეგ კი სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ს ლოცვა კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.ერისკაცობაში ის ირაკლი შიოლაშვილი იყო.  

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ილია მეორემ სოხუმში 11წლის განმავლობაში იმყოფებოდა. 

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით V-ს გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

"მე ვმადლობ უფალს მისი დიდი წყალობისათვის"-პატრიარქის ქადაგება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 13:58

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ იქადაგა. მე მუდამ ვგრძნობდი უფლის სიახლოვეს, რომელსაც ეჭირა ჩემი ხელი და მატარებდა უფლის გზებზე-განაცხადა ილია მეორემ. წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილთ ჯერ მეუფე დანიელმა მიმართა, რომელმაც უწმინდესის ღვაწლზე ისაუბრა და ის ურთულესი პერიოდები გაიხსენა, რომელშიც უწმინდესს უწევდა მოღვაწეობა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის თქმით, 38 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ღვთის მადლითა და შეწევნით. "მე ვმადლობ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. ამ წლების მანძილზე მე მუდამ ვგრძნობდი უფლის სიახლოვეს, რომელსაც უჭირავს ჩემი ხელი და მატარებს ურთულეს გზებზე. უფალს ძალიან უყვარს საქართველო და მთელი მსოფლიო, ძალიან ხშირად გვიგზავნის განსაცდელებს, მაგრამ არასდროს არ გვშორდება. წყალობა უფლისა და მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქმა ამბიონზე მიიწვია ტაძარში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი. პატრიარქმა ყველა მათგანი დალოცა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების 38-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით სამების ტაძრის ცენტრალურ დარბაზში გამოფენა გაიხსნა. 




ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური