მალხაზ კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 27 მარტი 2019 14:11
გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურებისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებული მალხაზ კობაური ერთხმად სცნო დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“, მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ სასამართლო სხდომებზე ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები გამოიკვლია. დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი - სანადირო თოფი, რომელზეც მსხვერპლის და ბრალდებულის დნმ იქნა აღმოჩენილი.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 ივლისს, შუადღის საათებში, მალხაზ კობაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლით მოკლა რ.ს., რის შემდეგაც იარაღი თავზე მიაბჯინა მის 4 წლის შვილს ქ.ს.-ს და ისე გაისროლა მისი მიმართულებით. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მან ძალადობის გზით  სექსუალური კონტაქტი დაამყარა ლ.ს.-სთან, ხოლო შემდეგ წყალში დაახრჩო. მომხდარიდან რამდენიმე დღეში სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე სამართალდამცავებმა მალხაზ კობაური დააკავეს. დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  
ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ მალხაზ კობაური დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და   სასჯელის სახედ შეუფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

დავით კირკიტაძეს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018 14:47

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დავით კირკიტაძე ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და შიმშილობს.

პროკურატურა ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულებისთვის პატიმრობას ითხოვს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018 11:50

პროკურატურა ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულებისთვის პატიმრობას ითხოვს, - ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 16 აპრილს, ქალაქ გურჯაანში, სლოტ კლუბში მომხდარ შემთხვევას.

“გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ სასამართლო განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულებს დ.ა.-ს და შ.ე.-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე“ ქვეპუნქტით. 
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 16 აპრილს, გურჯაანში, შპს ,,ვეგას“ სლოტ კლუბის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დ.ა.-მ და შ.ე.-მ სლოტ კლუბში მომხდარი შელაპარაკებისას, სახის და თავის არეში მუშტის მრავალჯერადი დარტყმით, სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენეს ვ.მ.-ს, რომელიც ამჟამად იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში კომატოზურ მდგომარეობაში. 

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმე - სასამართლომ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 08 თებერვალი 2018 18:42

მოსამართლე მაკა გველესიანმა ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეში დაკავებულები პატიმრობაში დატოვა. აღსანიშნავია, რომ დაკავებულებს თავდებში ცნობილი ადამიანები უდგებოდნენ.

დაკავებულებს – ვაჟა კვარაცხელიას, თემურ დათიკაშვილსა და ზაზა მაჩალაძეს თავდებში უდგებოდნენ კალათბურთელი კახაბერ შენგელია და სპორტის სფეროში ცნობილი პირები: ანატოლი ბოისა, ჯამლეტ ხუხაშვილი, ამბროსი ორმოცაძე და ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე ეზრა პალაკაშვილი.

ადვოკატებმა სასამართლოს 5-5 ათასი ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართეს, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ჩაწყობილი თამაშების საქმეზე არსებითი განხილვა 22 თებერვალს დაიწყება.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 05 სექტემბერი 2017 12:02

ე.წ. ციანიდის საქმე - მოსამართლემ ბრალდებული მამა გიორგი მამაძის განაჩენი გამაოცხადა. დასკვნითი სასამართლო სხდომა 12:00 საათზე დაიწყო.

სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დანმაშავედ სცო. მას 9 წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი ბრალდებულად იქნა ცნობილი პატრიარქის მდივან რეფერანტის მკვლელობის მომზადების მცდელობაში, ასევე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში.

0,00009 გრამ ე.წ "კრაკადილისთვის" პატიმრობა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017 13:54

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 0.00009 გრამ ნარკოტიკულ საშუალება დეზომორფინის ("კრაკადილი") დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის სასჯელის სახით პატირმობის გამოყენება არაკონსტიტუციურია.

 

"2017 წლის 13 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №696) და ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

მოსარჩელის განმარტებით, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესება 0,00009 გრამი დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის წარმოადგენდა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს. მისი აზრით, 0,00009 გრამი დეზომორფინი არ აჩენდა მოხმარების ან/და გასაღების რისკებს, მაშასადამე, არ არსებობდა ასეთი ქმედებისგან საზოგადოების დაცვის ლეგიტიმური ინტერესი.

მოპასუხე მხარის პოზიციით, დეზომორფინი იწვევს სხვადასხვა სახის მძიმე დაავადებებს და წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უაღრესად საშიშ ნარკოტიკულ საშუალებას. მისი დამზადება შესაძლებელია კუსტარული წესით იაფი და ადვილად ხელმისაწვდომი მასალისგან, რაც კიდევ უფრო ზრდის მისგან მომდინარე რისკებს. დეზომორფინის მცირე, მიკროსკოპული ოდენობის აღმოჩენაც ადასტურებს დეზომორფინის დამზადებისა და შენახვის ფაქტს. ამიტომ კანონმდებელი სჯის იმ ქმედებას, რაც დეზომორფინის მოხმარებამდე განხორციელდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის შეფასებისას მხედველობაში მიიღო აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებით გამოწვეული საზოგადოებრივი საფრთხეები და დაადგინა, რომ 0,00009 გრამი დეზომორფინი გამოუსადეგარია მოსახმარად. ასეთი მცირე ოდენობის დეზომორფინის დამზადება, შეძენა ან/და შენახვა არ არის საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელი, რადგან არ შეიცავს მისი მოხმარების ან/და გასაღების რისკებს. მეტიც, 0,00009 გრამი დეზომორფინის დამზადება, მისი დამამზადებლის მხრიდან წარმოადგენს ალოგიკურ და უმიზნო ქმედებას. შესაძლოა, ზემოხსენებული ოდენობის დეზომორფინის კვალი ამა თუ იმ საგანზე მიუთითებდეს პირის მიერ დასახელებული ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობით დამზადების, შეძენის ან შენახვის ფაქტზე, რომელიც გამოსადეგია მოსახმარად, თუმცა, ცალკე აღებული 0,00009 გრამი დეზომორფინის დამზადების, შეძენის ან/და შენახვის ფაქტი თავისთავად არ შეიცავს ისეთ საფრთხეებს, რომლებიც გაამართლებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრებას.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს და დააკმაყოფილა N696 კონსტიტუციური სარჩელი.

გადაწყვეტილებას თან ერთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი, სადაც მოსამართლე მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად უნდა ეცნო დეზომორფინის არა მხოლოდ 0,00009 გრამის ოდენობით დამზადება, შეძენა და შენახვა, არამედ ნებისმიერი იმ ოდენობით, რომელიც გამოუსადეგარია მოსახმარად.

დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დიდი ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვის გამო."- აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლაშა ბახუტაშვილი სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის 2013 წელს დააკავეს. ბახუტაშვილს 0,9 მეასიათასედი მილიგრამი ნარკოტიკული ნივთიერება დეზომორფინი აღმოაჩნდა.

რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრება თბილისის მერიის თანამშრომელს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 12 ივლისი 2017 11:05

თბილისის მერიის თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს სასჯელის სახით ექსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით სწორედ ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე გუშინ დააკავეს.

როგორც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში დარჩა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 20:49

მოსამართლემ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღინისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გადასინჯა ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. 

სახელმწიფო ბრალდება დეკანოზის პატიმრობაში დატოვებას ოთხოვდა, რის საფუძვლადაც ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეს ასახელებდა. 

თავის მხრივ დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რომ დეკანოზი 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო. გირაოს უზრუნველყოფაში კი დეკანოზი მისი ოჯახის საცხოვრებელი სახლის ჩადებას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში დატოვა.

სამშენებლო კომპანია “სვეტის” ხელმძღვანელის გატაცებაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017 21:59

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამშენებლო კომპანია “სვეტის” ხელმძღვანელის გატაცებაში ბრალდებული პირები პატიმრობაში რჩებიან. 
საქმის წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს, 11.00 საათზეა ჩანიშნული.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩქარეულისა და ბახტაძის ადვოკატმა შუამდგომლობის სახით გირაოს სახით 30 ათასი ლარის შეფარდება მოითხოვა.

რაც შეეხება საქმეზე ბრალდებულ კიდევ ორ პირს, დაცვის მხარემ მათთვის 20 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება მოითხოვა. თუმცა, საქმის მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

საქმის პროკურორის განცხადებით, არსებობს საფუძველი, რომ ბრალდებულები მიიმალონ ან სხვადასხვა გზით გამოძიების ეფექტურ წარმოებას ხელი შეუშალონ. მათივე თქმით, ბრალდებული პირების წინააღმდეგ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით გამოძიება სხვა ფაქტზეც 2016 წლიდან მიმდინარეობს.

პროკურორის განმარტებით, თორნიკე კაჭარავასთვის წარდგენილი ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 17 მაისი 2017 18:32

პრეზიდენტის შვილის მეგობარს, თორნიკე კაჭარავას დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

კაჭარავასთვის წაყენებული ბრალი და მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული სასამართლოზე პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა განმარტა. 

როგორც პროკურორმა აღნიშნა, კაჭარავას პირადი ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით ბუპრენორფინის შემცველი ნივთიერება. მას ბრალი მძიმე კატეგორიის მუხლით აქვს წაყენებული, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

წაყენებული ბრალის სიმძიმიდან გამომდინარე, პროკურორმა მოსამართლის წინაშე იშუამდგომლა, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს. ამასთან, პროკურორმა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების საფუძვლად თორნიკე კაჭარავას წარსულში ნასამართლეობა და მიმლვის შემთხვევაც დაასახელა.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური