"ლიბერთი ბანკსა" და "ლოკომოტივს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 12 მარტი 2019 14:34

დღეს, 12 მარტს "ლიბერთი ბანკსა" და საფეხბურთო კლუბ თბილისის "ლოკომოტივს" შორის პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული ითვალისწინებს საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნას.

"ლოკომოტივის მთავარი ფასეულობაა წარმატებით იფუნქციონიროს როგორც მინდორზე, ისე მის გარეთ.

ვფიქრობ, დღევანდელი დღე დასტურია იმისა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ფეხბურთში კერძო სექტორის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია და იმედი მაქვს, ეს პრეცედენტი კარგი მაგალითი იქნება სხვა კომპანიებისთვისაც.

მოხარული ვარ, რომ ლიბერთის სახით ძლიერ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერ ორგანიზაციას დავუმეგობრდით.

ლიბერთი ბანკთან თანამშრომლობით, ფინანსური სარგებელის გარდა, გავიჩენთ უფრო მეტ გულშემატკივარს. ყველა ვთანხმდებით რომ ფეხბურთი, გულშემატკივარს ეკუთვნის და მათი სტადიონზე დაბრუნება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია."- განაცხადა საფეხბურტო კლუბ თბილისის ლოკომოტივის პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ.

,,ლიბერთის არსებობის ისტორიაში ეს გახლავთ პირველი, ამ მასშტაბის პროექტი, რითაც ბანკი ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის განვითარებას და მონაწილეობას მიიღებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. ჩვენი დიდი სურვილია, თბილისის ლოკომოტივის ყოველი თამაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს. ამ პროცესში მაქსიმალურად ჩავერთვებით.

ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში არაერთ ერთობლივ და საინტერესო პროექტს შევთავაზებთ კლუბის და ზოგადად ფეხბურთის ქომაგებს“ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

ზამთრის სამთო შუალედური კურსი გუდაურში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 04 თებერვალი 2019 11:10

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. სამთო კურსის მეორე ეტაპზე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები გუდაურში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს სამთო უნარ-ჩვევების დახვეწაში ეხმარებიან, რომელიც მათ საბაზისო სამთო კურსის ფარგლებში შეასწავლეს. კურსში 14 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის 3 ქართველი, 2 ლატვიელი, 1 ბელარუსი, 1 აზერბაიჯანელი და 7 უკრაინელი. 

ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოვლენილი სამხედროები თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას გადიან. კურსის ფარგლებში მათ უწევთ გაუკვალავ თოვლში სრიალი, თოკში ჩაბმული სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა, გადარჩენა და ევაკუცია, ასევე უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე მიყვანა, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავსაშიშ ადგილებში თოვლის საფარის შემოწმება და ზვავის რისკების დადგენა. მსმენელებს საძებნი ხელსაწყოს A8 გამოყენებით ზვავში მოყოლილი ადამიანის აღმოჩენაც უხდებათ. 

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსის პირველი ეტაპი სამხედროებმა აბულის მთაზე გაიარეს. 

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი 8 თებერვალს დასრულდება. კურსის დასრულების შემდეგ სამხედროები სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ. წარჩინებულ მსმენელებს ჯგუფის უფროსის კურსზე დასწრების რეკომენდაცია გაეწევათ.

თავდაცვის სამინისტრომ „პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ დელეგაციას უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 03 ივლისი 2018 21:22

თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლელა ჩიქოვანმა და ნუკრი გელაშვილმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის „პარტნიორობა დემოკრატიისთვის" დელეგაციას უმასპინძლა.

მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხებზე ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ყურადღება სტრატეგიულ მიმართულებებზე, ნატოსთან თანამშორმლობაზე, ასევე უწყებაში განახორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა. სტუმრებმა თავდაცვის სამინისტროსა და პარლამენტს შორის ურთიერთობაზეც მიიღეს ინფორმაცია.

აშშ-ის დელეგაციის ვიზიტის მიზანი უსაფრთხოების სფეროზე საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტისთვის რეკომენდაციის გაწევაა. ვიზიტის ორგანიზატორები აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტია (IRI) .

მაიკ პენსი: „აქ ვდგავართ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ ურყევ პარტნიორობას და ვუთხრათ ქართველ მეგობრებს, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!“

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 03 აგვისტო 2017 10:44

„ჩვენ თქვენს გვერდზე ვდგავართ იმიტომ, რომ ქართული ანდაზა ამბობს - „ძალა ერთობაშია“. შესაბამისად, ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით. აქ აშშ-ის პრეზიდენტის დავალებით ვიმყოფები, რათა მადლობა გადაგიხადოთ იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ სამშობლოს თავისუფლების დასაცავად უწევთ. თქვენ საუკეთესონი ხართ! აშშ და საქართველო საერთო ღირებულებებს იზიარებენ, რაც თავისუფლებისკენ სწრაფვას გულისხმობს. აქ ვდგავართ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ ურყევ პარტნიორობას და ქართველ მეგობრებს ვუთხრათ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“ - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2017“ მონაწილე ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე.

სიტყვით მიმართვისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა სწავლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასა და საქართველოს შორის უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა: „ერთობლივი წვრთნები ამის ნათელი გამოხატულებაა. იმისთვის, რომ ჩვენ უფრო ძლიერები გავხდეთ, „ღირსეული პარტნიორი 2017“  თავს უყრის საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს. ეს საშუალებას აძლევს საქართველოს თავი დაიცვას მომავალში, აძლევს საშუალებას ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მონაწილე გახდეს. გარწმუნებთ, რომ ამერიკა და ჩვენი მოკავშირეები დიდ აქცენტს აკეთებენ საქართველოს უსაფრთხოებაზე“.

მაიკ პენსმა ავღანეთში დაღუპული ქართველი მშვიდობისმყოფელებიც  გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ ხალხს მუდამ ემახსოვრება.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააჟღერა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არცერთ ქვეყანას არ მიეცემა უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები.

„ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე ქართულ და ამერიკულ სამხედრო ქვედანაყოფებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიესალმნენ. „ჩვენი ქვეყნების შეიარაღებული ძალები გვერდი-გვერდ იმყოფებიან ქართულ მიწაზე ჩვენი ღირსების, უსაფრთხოების და თავისუფლების დასაცავად. ამიტომაც ბრძანდებით ღირსეულები და თქვენი პარტნიორობა ჩვენი  საერთო კეთილდღეობისათვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება მრავალეროვნული სწავლებისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა: „სახელწოდება - „ღირსეული  პარტნიორი“  შემთხვევით არ შერჩეულა. ეს სახელი, ჩვენმა სამხედროებმა  იმ წვლილისთვის, სანდოობისა და თავდადებისთვის დაიმსახურეს,  რომელიც მათ საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეაქვთ. ამ გამოწვევების წინაშე მდგარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე დემოკრატიული განვითარების მტკიცე მხარდაჭერაა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში“.

ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე გამართული ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებს პირადად გაესაუბრა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

„ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე სამხედროებთან შეხვედრით მაიკ პენსმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აფართოებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 18:22

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აფართოებს - ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოაწერეს ხელი.

ამერიკა აღიარებს საქართველოს, როგორც რეგიონში სტრატეგიულ და სანდო პარტნიორს და მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას. დღეს ხელი მოეწერა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს. დოკუმენტი ქმნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის ახალ ჩარჩოს და მოიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისა და მისი შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი მდგრადობისთვის და თავდაცვისუნარიანობის ეფექტურობის ამაღლებისთვის.

დღესვე ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავება ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის მიმართულებით. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კერძო და საჯარო უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის ურთიერთობებს; მხარეები გაუზიარებენ განათლების სფეროში არსებულ საუკეთესო გამოცდილებას, ასევე, შესაბამის უნივერსიტეტებში სწავლისა და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობებს.

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 21 ივნისი 2016 10:57

21 ივნისს, ქ. თბილისში, გაიმართება საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების  სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-9 შეხვედრა.

სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

მხარეები განიხილავენ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესს, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლების და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით. შეხვედრის მონაწილეები ისაუბრებენ აგრეთვე საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმისა და შესაძლებლობების განვითარების, მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის, კორუფციასთან და ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხებში მიმდინარე რეფორმებზე. განხილულ იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით საქართველოს ხელისუფლების ქმედებები.

ჯგუფს ქართული მხრიდან უხელმძღვანელებენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. აშშ-ს მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იქნებიან ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბობ ბერშინსკი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია და სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ს დახმარების კოორდინატორი ალინა რომანოვსკი.

20-21 ივნისს აშშ-ს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან.

“საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში“

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 08 აპრილი 2016 17:11

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი (MCA) - საქართველოს მხარდაჭერით, პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ინიციატივის “საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში“ პრეზენტაცია გაიმართა.

ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის კონტექსტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, დამსწრე საზოგადოებას პროფესიული განათლების თანამედროვე შესაძლებლობები, სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის ალტერნატიული მოდელები და მეწარმეობის განვითარების ახალი შესაძლებლობები გააცნო.

აღნიშნული ინიციატივის თანახმად, პროფესიულ განათლებაში გატარდება რეფორმა, რომლის შედეგად შესაძლებელი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (WORK-BASED LEARNING) მიდგომის დანერგვა, დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერება, შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების გამოვლენა და პროფესიულ კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის ზრდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო და  კერძო სექტორის წარმომადგენლები,  პროფესიულ განათლებაში ჩართული დაინტერესებული მხარეები, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური