ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 09 აპრილი 2020 13:13

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი გუშინ, გვიან ღამით გაიზარდა, რაც საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეც აისახა.

მონაცემების განახლებამდე არსებული თანხა, დაახლოებით 24 მილიონი ლარი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა.

100 მილიონი ლარის გადარიცხვა ფონდ ,,ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა დაადასტურა და აღნიშნა: „ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია StopCoV ფონდში შეადგენს 100 მილიონ ლარს. ბატონმა ბიძინამ სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა და ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე უკვე აისახა“.

აზერბაიჯანის მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ახალ პარლამენტში 70 ადგილს მიიღებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 11 თებერვალი 2020 19:21

აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები ყველა 125 საარჩევნო ოლქში კენჭისყრის შედეგების შესახებ. ცესკო-ს მონაცემებით,  აზერბაიჯანის მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ახალ პარლამენტში 70 ადგილს მიიღებს.

როგორც ცნობილია აზერბაიჯანში კვირას ჩატარდა დემოკრატიული და სამართლიანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მასში მონაწილეთა აქტივობამ 47,81% შეადგინა. 4823 საარჩევნო უბნიდან ოქმების 87% დამუშავების შედეგად, მმართველმა პარტიამ „ახალი აზერბაიჯანი“, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხელმძღვანელობს, რესპუბლიკის პარლამენტში 125 ადგილიდან 65-მდე მიიღო.

ორშაბათს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოჩნდა ყველა 125 საარჩევნო უბნის მონაცემები. ამ მონაცემების თანახმად, ახალ პარლამენტში მმართველი პარტიის „ახალი აზერბაიჯანი“ მანდატების რაოდენობა გაიზარდა, და ახლა ის დაახლოებით 70 ადგილია.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში კვირას დასრულდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, არჩევნებმა თავისუფალ გარემოში და დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიარა. რაიმე სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ლიდერობს.

ავთანდილ ოთინაშვილი

5 წელი სი ძინპინის ხელმძღვანელობით

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 12 მარტი 2018 10:22

პეკინი, /სინხუა/ -- პეკინის შუაგულ ცენტრში წამომართული სახალხო კრებების დიდებული სასახლე ჩინეთის დემოკრატიული პოლიტიკის მოწმეა.

2013 წელს მის გრანდიოზულ დარბაზში სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრების 3000 დეპუტატის ხმის მიცემის შედეგად სი ძინპინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელად აირჩიეს. მიმდინარე თვეში ამავე ორგანოს სესიაზე დეპუტატებს კვლავ მოუწევთ სახელწიფოს მეთაურის არჩევა.

სი ძინპინმა ქვეყნის ხელმძღვანელის თანამდებობა ისეთ პერიოდში დაიკავა, როდესაც ჩინეთის საზოგადოებისთვის საყოველთაო მღელვარების საგნები იყო კორუფცია, განხეთქილება მდიდრებსა და ღარიბებს შორის და გარემოს დაბინძურება. სი ძინპინმა სახელმწიფოს სათავეში მოსვლისთანავე განაცხადა: „ეპოქის დიადი ტენდენციისა და ხალხის უკეთესი ცხოვრების გულწრფელი იმედის წინაშე, ჩვენ ვერც უმცირეს თვითკმაყოფილებას დავუშვებთ, ვერც სამუშაოს მიმართ უმცირეს დაუდევრობას ვერ გამოვავლენთ“.

მან გადმოსცა ერის დიდ აღორძინებაზე ჩინური ოცნების საკუთარი ხედვა, რომელიც ხალხის ძალებით, ხალხისთვისვე უნდა განხორციელდეს.

    ხუთი წლის მანძილზე ჩინეთმა ისტორიულ წარმატებებს მიაღწია. ჩინელები ახლა გაცილებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

    ფუდანის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორმა ჩჟენ ჩანჩჟუნმა მაღალი შეფასება მისცა სი ძინპინის ხელმძღვანელობას.

    „ჩინეთმა არა მხოლოდ დამაჯერებელ განვითარებას მიაღწია, არამედ შექმნა ადამიანური ცივილიზაციის განვითარების წინსვლის მოდელი“, - მიიჩნევს ჩჟენ ჩანჩჟუნი. მისი აზრით, ამ მიღწევებში სი ძინპინმა, როგორც ქარიზმატულმა ლიდერმა,  თავისი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

გასული წლის ოქტომბერში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცკ-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხელახლა არჩეულმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინელმა ერმა, რომელმაც, ახალი ისტორიის პერიოდის დასაწყისიდან მოყოლებული, უთვალავი განსაცდელი გამოიარა, გრანდიოზულ გარდასახვებს მიაღწია: ფეხზე დადგა, უკეთესი ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება და ძლიერ, მძლავრ ერად გადაქცევა დაიწყო.

მიახლოება ჩინური ოცნების განხორციელებასთან

სი ძინპინის ხელმძღვანელობით ჩინეთის ეკონომიკა სტაბილურად განაგრძობდა  ზრდას ბოლო ხუთი წლის მანძილზე. 2017 წელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდამ 6,9 პროცენტი შეადგინა.

ეკონომიკის მოცულობა 54 ტრილიონი იუანიდან 82 ტრილიონზე მეტ იუანამდე/13 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რამაც ჩინეთს მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ეკონომიკური სუბიექტის პოზიციის დაკავების საშუალება მისცა.

 შარშან ჩინეთში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალმა 25 ათას 974 იუანი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7,3 პროცენტით მეტია.

  ლიუ ხემ, სი ძინპინის ეკონომიკური გუნდის მნიშვნელოვანმა ფიგურამ 2018 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ჩინეთის საშუალო კლასმა უკვე 400 მილიონ კაცს მიაღწია და ზრდას კვლავაც განაგრძობს.

ღარიბი მოსახლეობა საგრძნობლად სწრაფად მდიდრდება.

სპეციალისტების ვარაუდით, 282 მილიონი ჩინელი მუშა-მიგრანტი გახდება მთავარი ძალა, რომელიც საშუალო კლასს შეემატება.

23 წლის ძოუ ბინი იმ ახალგაზრდა მიგრანტთაგანია, რომელიც ბოლო ხუთი წლის მანძილზე მომხდარი ცვლილებების მოწმე გახდა.

ძოუ ბინი სულ მთლად ახალგაზრდა იყო, როცა ხუნანის პროვინციაში სამშენებლო მოედანზე აგურს აგურზე აწყობდა. იმ დროისთვის მას სკოლა ახალდამთავრებული ჰქონდა, თუმცა, თავის სამუშაოს საკმაოდ სერიოზულად ეკიდებოდა და მონდომებით შრომობდა.

2015 წლისთვის ძოუ ბინი თავისი საქმის პროფესიონალი გახდა და ჩინეთი პროფესიული ოსტატობის საერთაშორისო ჩემპიონატზეც კი წარადგინა. გარდა ამისა, მან მოახერხა მოწყობა ერთ-ერთ ჩინურ სამშენებლო კომპანიაში, რომელიც მსოფლიოს 500 ყველაზე პრესტიჟულ კომპანიათა რიცხვში შედის, სადაც გაცილებით მაღალ ხელფასს იღებდა და თავის გუნდს ხელმძღვანელობდა.

წელს ძოუ ბინი სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრების დეპუტატი გახდა.

ძოუ ბინის მსგავს მშრომელ ხალხს რომ მიეცეს ის, რასაც ისინი იმსახურებენ, სი ძინპინმა სწორედ ამიტომ გაატარა რეფორმები, რომლებიც ეკონომიკის ზრდასა და დოვლათის უფრო სამართლიანად გადანაწილებაზე იყო მიმართული. თანაც, ამ შედეგებს ფულის ბეჭდვით კი არა, სერიოზული გარდაქმნების გზით მიაღწიეს.

    სი ძინპინი სათავეში ჩაუდგა რეფორმების ყოველმხრივი გაღრმავების ცენტრალურ მმართველ ჯგუფს. ცენტრალურმა ხელისუფლებამ 1500-ზე მეტი რეფორმატორული ზომა მიიღო, მათ შორის, შეთავაზებების სფეროს სტრუქტურული რეფორმა, ბიუროკრატიის შემცირება საშუალო და მცირე ბიზნესის წასახალისების მიზნით, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ზონების შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

    ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩინეთის ქალაქებში შეიქმნა 66 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი, რაც რიცხვობრივად დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას უტოლდება.

    შემოსავლების დაბალანსების მიზნით, ჩინეთმა გააუქმა პრივილეგიები და შეღავათები, რომლებითაც მოხელეები სარგებლობდნენ, დააწესა შეზღუდვა სახელმწიფო საწარმოების დირექტორების ხელფასის ოდენობაზე. ამის პარალელურად, გაიზარდა მუშათა და კვალიფიცირებულ სპეციალისტთა ხელფასები, ასევე გაიზარდა პენსია ასაკის გამო.

სი ძინპინმა სიღარიბის შემცირების პირობა დადო, ამბიციურ მიზნად კი 2020 წლისთვის ქვეყანაში სიღატაკის საფუძვლიანად ლიკვიდირება დაისახა.

   ბოლო ხუთ წელიწადში 68,5 მილიონზე მეტმა ჩინეთის მოქალაქემ დააღწია თავი სიღატაკეს. ეს ნიშნავს, რომ დღეში საშუალოდ 37 ათასი ადამიანის მდგომარეობა უმჯობესდებოდა.

სი ძინპინი დაპირდა ხალხს, რომ ჩამორჩენილი არავინ დარჩებოდა.

ეს მისია რომ შეესრულებინათ, პარტიული და სამთავრობო მოხელები რიგრიგობით მიეშურებოდნენ სოფლებში საცხოვრებლად. ისინი თითოეული ოჯახის სიღარიბის შესამცირებელ ინდივიდუალურ გეგმას შეიმუშავებდნენ და მათთან ერთად მუშაობდნენ დასახული მიზნის მისაღწევად.

      ერთ-ერთი ასეთი მოხელე იყო ძიან ფუანი. 2015 წელს ძიან ფუანი, რომელიც იმ დროისთვის აუდიტორად მუშაობდა, სიჩუანის პროვინციის ლიანშან-იის ავტონომიური ოლქის შორეული მთიანი რაიონის სოფელში ჩავიდა. მან ყველა სახლი შემოიარა და ასზე მეტი ღარიბი ოჯახი მოინახულა.

მისი დახმარებით ათეულობით ღარიბმა ბავშვმა შეძლო განათლების მიღება  სახლთან ახლოს. მაგრამ, 2016 წელს, თავისი მივლინების დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, ძიან ფუანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. ის მხოლოდ 26 წლის იყო.

მთელი სოფელი გლოვობდა. ძიან ფუანი დაამახსოვრდათ მოხელედ, რომელმაც სიცოცხლე კეთილშობილურ მიზანს შესწირა.

    სი ძინპინი დიდ ყურადღებას უთმობს ლიანშან-იის ავტონომიურ ოლქს, რომელსაც სიღარიბე დარევია. წელს მთვარის კალენდრით ახალი წლის დადგომამდე ინსპექციისთვის მან სწორედ ეს რაიონი შეარჩია.

    „ჩვენი სოციალისტური სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ საუკეთესო ცხოვრება შესთავაზოს ყველა ეთნიკურ ჯგუფში შემავალ ადამიანებს“, - თქვა სი ძინპინმა.

ახალი ამბების გაზეთ Executive Intelligence Review-ს ვაშინგტონის საკორესპონდენტო პუნქტის ხელმძღვანელმა უილიამ ჯონსმა აღნიშნა, რომ სიღარიბის დაძლევა ხანგრძლივი დროის განმავლობაში კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენდა, თუმცა, ჯერ კიდევ სულ ახლახან ეს „უტოპიურ ოცნებად“ მიიჩნეოდა.

„ჩინეთი კი ამ ოცნებას რეალობად აქცევს“, - თქვა მან.

გაცილებით სუფთა ჩინეთი

სი ძინპინმა გარემოს დაბინძურებასაც გამოუცხადა ომი.

როდესაც მან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა, კაცობრიობის წინაშე მდგარ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ეკოლოგიური დეგრადაცია დადგა.

სი ძინპინმა მონაწილეობა მიიღო პარიზში გამართულ კლიმატური ცვლილებების კონფერენციაში, რამდენიმე თვის შემდეგ კი ჩინეთმა პარიზის შეთანხმებას მოაწერა ხელი.

    მუდმივი სმოგით გაწამებული პეკინი ამ ბრძოლის ცენტრშია 2013 წლიდან, როცა სახელმწიფო საბჭომ ჰაერის დაბინძურების კონტროლის ეროვნული კამპანია წამოიწყო.

გასულ წელს „მნიშვნელოვნად დაბინძურებული“ დღეების რიცხვი 23-მდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი 2013 წელს 58-ს შეადგენდა. ჩინეთის დედაქალაქის მაცხოვრებლებმა, ბოლოს და ბოლოს, ჩამოიხსნეს ნიღბები.

ქალაქის ხელისუფლების მონაცემებით, 2017 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში РМ2,5 ნაწილაკების კონცენტრაცია პეკინში ნარჩუნდებოდა ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

ქვეყნის 338 ქალაქში РМ2,5 ნაწილაკების საშუალო კონცენტრაციამ შეადგინა 43 მკგ კუბურ მეტრზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,5 პროცენტით ნაკლებია.

    პროგრესია მიღწეული წყლის რესურსებისა და ნიადაგის დაცვის სფეროში.

    ჩინეთმა ეროვნული პარკების მშენებლობა წამოიწყო. დღეისათვის საცდელ ექსპლუატაციაში მინიმუმ ათი ასეთი პარკია შესული. მაგალითად, დიდი პანდების ნაკრძალი, რომელიც სამი პროვინციის ტერიტორიას მოიცავს, ფართობით კი სამჯერ დიდია, ვიდრე იელოუსტოუნის ეროვნული პარკი აშშ-ში.

   გარემოს დაცვა შესულია ხუთმიმართულებიანი მშენებლობის საერთო სქემაში, რომელიც ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, სოციალური და ეკოლოგიური განვითარების კოორდინირებულ წინსვლას გულისხმობს.

მიმომხილველთა აზრით, პარტიის ხელმძღვანელობა ყველა სფეროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გეგმების მოქმედებაში მოსაყვანად.

კაცობრიობის მეორე მუდმივ პრობლემასთან - კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ სი ძინპინის მიერ მიღებული ზომების წყალობით, „სუფთავდება“ სახელმწიფო უწყებების სისტემაც.

2013 წელს სი ძინპინმა კორუფციას უწოდა საფრთხე, რომელსაც პარტიისა და სახელმწიფოს დანგრევა შეუძლია, და სერიოზულად გადაწყვიტა, წინ აღდგომოდა მას.

გატარებულმა ღონისძიებებმა თვალსაჩინო შედეგები გამოიღო. შემოწმდა სისტემის თითოეული რგოლი, ხუთ წელიწადში 1,5 მილიონამდე მოხელე დაისაჯა. მე-18 მოწვევის ჩინეთის კომუნისტური პარტიის (ჩკპ) დისციპლინის შემოწმების ცენტრალური კომისიის ანგარიშის მონაცემების თანახმად, 2012 წლის ნოემბრიდან გამოძიება ჩატარდა პროვინციული, კორპუსული დონის ან უფრო მაღალი რანგის 440 მოხელის მიმართ.

მექრთამეობისთვის დასჯილი უკანასკნელი მაღალჩინოსანი მოხელე იყო სუნ ჩჟენცაი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს ყოფილი წევრი და ჩკპ-ის ჩუნცინის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე.

    კორუფციაში მხილებულ დანარჩენ „ვეფხვთა“ შორის არიან ჩჟოუ იუნკანი, ბო სილაი, გო ბოსიუნი, სიუი ცაიხოუ და ლინ ძიხუა.

ანტიკორუფციული კამპანია გასული წლის ოქტომბრში გამართული ჩკპ-ის მე-19 ყრილობის შემდეგაც გაგრძელდა. ყრილობის დასრულებიდან დაახლოებით ას დღეში ჩკპ-ის დისციპლინის შემოწმების ცენტრალურმა კომისიამ განაცხადა ცხრა მაღალჩინოსანი მოხელის მიმართ გამოძიების დაწყების შესახებ, რომელთა შორისაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ყოფილი წევრი იან ძინიც იყო.

დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ ე. წ. „ბუზებიც“ - გაცილებით დაბალი რანგი კორუმპირებული მოხელეები. ანტიკორუფციულმა მოძრაობამ დიდი პოპულარობა მოიპოვა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხამ აჩვენა, რომ კორუფციონერების წინააღმდეგ ბრძოლას მხარს მოსახლეობის 93,9 პროცენტი უჭერს.

სი ძინპინმა ზედამხედველობის რეფორმის ინიციატივაც წამოაყენა. ჩკპ-ის მე-19 ყრილობიდან ოთხ თვეში უკვე შექმნილი იყო საზედამხედველო კომისიები პროვინციულ, მუნიციპალურ და მაზრების დონეზე. რეფორმა სახელმწიფო დაწესებულებების ყველა თანამშრომლის საქმიანობის კონტროლის განხორციელებაზეა ორიენტირებული.

    ჩინეთის პოლიტიკურ-იურიდიული უნივერსიტეტის პროფესორი ძიაო ხუნჩანი მიიჩნევს, რომ რეფორმა ხელისუფლებას წესრიგის „გალიაში“ მოაქცევს.

თითოეულ ამ ნაბიჯს უარყოფს „ხელისუფლებისთვის ბრძოლის“ გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, რომელიც საზღვარგარეთ იქმნება ჩინეთის ანტიკორუფციული კამპანიისთვის ჩირქის მოსაცხებად.

შესაძლებლობების  შეთავაზება

ჩინეთში ახლახან გადაღებული ორი ბოევიკი - „მგლების ომი 2“ და „ოპერაცია წითელ ზღვაში“ ნამდვილ ჰიტებად იქცა. ორივე ფილმის სიუჟეტი ერთმანეთს წააგავს: მათში მოთხრობილია ჩინელ ჯარისკაცებზე, რომლებიც გამოგონილ საომარ კონფლიქტებში გახვეულ აფრიკასა თუ შუა აღმოსავლეთში მამაცურად იბრძვიან, ჩინეთის მოქალაქეებისა და განსაცდელში მოხვედრილი მათი ადგილობრივი მეგობრების გადასარჩენად.

    ამ ფილმებში ასახულ ისტორიებს წმინდა წყლის გამონაგონს ვერ ვუწოდებთ. 2015 წელს იემენში ომი გაჩაღდა, ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის სამხედრო-საზღვაო ძალებმა კი მიიღეს ბრძანება, სამშობლოში დაებრუნებინათ იემენში მყოფი ჩინეთის მოქალაქეები. სულ რამდენიმე დღეში 600 ჩინელისა და 200 უცხოელის ევაკუაცია განხორციელდა.

„მგლების ომი 2“ ჩინური კინემატოგრაფის ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად იქცა. ფილმის ბოლო კადრებში ნაჩვენებია ჩინური პასპორტი წარწერით: „ჩინეთის მოქალაქეებს: თუ საზღვარგარეთ ყოფნისას განსაცდელში მოხვდით, არ შედრკეთ! თქვენ გვერდით ძლიერი სამშობლო დგას!“

კინოსურათმა მთელი ქვეყნის მაყურებლებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია, სეანსების შემდეგ დიდხანს უკრავდნენ ტაშს, მღეროდნენ ეროვნულ ჰიმნს, ბევრი მათგანი ცრემლებს ვერ იკავებდა, იმდენად ძლიერად იმოქმედა მათზე ფილმმა.

და მართლაც, დღეს ჩინეთის პასპორტით მოგზაურობა გაცილებით იოლია, ვიდრე ოდესმე. ჩინური პასპორტის მფლობელებს უკვე მსოფლიოს 65-ზე მეტი ქვეყნისა და რეგიონის მონახულება შეუძლიათ ვიზის გაფორმების გარეშე.

    ბოლო წლებში ჩინელი ტურისტები ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტ უცხოურ ვიზიტს ახორციელებენ. ჩინური კომპანიებიც სულ უფრო აქტიურად აწარმოებენ თავიანთ ბიზნესს საზღვარგარეთ. გასულ წელს ჩინელებმა მსოფლიოს 174 ქვეყნისა და რეგიონის 6236 საწარმოში 120 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელეს, რითაც ადგილობრივი მცხოვრებნი სამუშაო ადგილებითა და სტაბილური შემოსავლით უზრუნველყვეს.

უკვე ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა წამოაყენა „სარტყელი და გზის“ მშენებლობის ინიციატივა, რომელმაც მსოფლიოს სარგებლობა სავაჭრო და ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის განვითარების გზით უნდა მოუტანოს. 2017 წელს ჩინეთსა და „სარტყელი და გზის“ ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობამ 7,4 ტრილიონ იუანს მიაღწია. ამ ინიციატივის ფარგლებში ჩინეთთან შეთანხმებას 80-ზე მეტმა ქვეყანამ და ორგანიზაციამ მოაწერა ხელი.

2016 წელს ამოქმედდა მსოფლიოში პირველი, ჩინეთის ინიციატივით შექმნილი მრავალმხრივი ფინანსური ინსტიტუტი - აზიის ინფრასტრუქტურის საინიციატივო ბანკი. მისი წევრების რაოდენობა დღეისათვის უკვე 84-ს აღწევს.

ჩინეთს, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდება, საკუთარ საზღვრებშიც ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია.

2017 წელს ქვეყანამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მოცულობა - 878 მილიარდი იუანი მიიზიდა. სულ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია იდება ტექნოლოგიურ სექტორში, როგორც მომსახურების, ისე წარმოების სფეროებში.

სავაჭრო ცენტრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით - იუდან გუანჩჟოუმდე - უცხოელი ბიზნესმენების არნახული სიმრავლე შეიჩნევა. ბევრი ქალაქი გადაიქცა საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად, რომლებიც 100-ზე მეტი ქვეყნის უცხოელ მეწარმეებს იზიდავენ.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, ფუძიანის პროვინციის საპორტო ქალაქ შიშიში მცხოვრები იემენელი ბიზნესმენი მარვან აკლან საიდი სავაჭრო ფირმის მფლობელია, რომელიც ჩინური წარმოების ტანსაცმელს, სათამაშოებსა და ჩემოდნებს ჰყიდის შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. იგი უკვე დიდი ხანია, რაც ჩინეთში ცხოვრობს, თუმცა, დღემდე არ ჩამცხრალა მისი აღფრთოვანება ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესით.

.“ხუთი წელი ჩვენ, შესაძლოა, გვეყოს, საკუთარ სახლამდე გზა რომ გავიყვანოთ, ჩინეთში კი ამ დროში შეუძლიათ მთლიანი ქალაქის ნულიდან აშენება“, - ამბობს საიდი, რომელიც შიშის საკუთარ სახლად მიიჩნევს.

    ის თავისი ბიზნესის გაფართოების გეგმებსაც გვიზიარებს და აფრიკის ბაზარზე გასვლასაც აპირებს „სარტყელი და გზის“ მშენებლობის წყალობით შექმნილი შესაძლებლობების გამოყენებით. „ეს შესაძლებლობები მხოლოდ ჩინურ ფირმებზე როდი ვრცელდება, ეს ყველა ჩვენგანისთვის სარფიანია“, - აცხადებს საიდი.

    სი ძინპინის იდეამ კაცობრიობის ერთიანი მომავლის საზოგადოების მშენებლობის შესახებ მთელ მსოფლიოში ჰპოვა აღიარება და მოწონება. ის გაეროს რეზოლუციაშიც შეიტანეს და 2018 წლის დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემის შერჩევისას მუზადაც კი იქცა. აშკარაა, რომ პეკინი კონსტრუქციულ როლს თამაშობს საკმაოდ რთულ რეგიონულ საკითხებში, შუა აღმოსავლეთიდან კორეის ნახევარკუნძულამდე.

ჩინური დიპლომატიის მთავარი მიზანი ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ფორმირება და კაცობრიობის ერთიანი მომავლის საზოგადოების მშენებლობაა.

    ამ მიზნის სათავეები უნდა ვეძიოთ უძველეს ჩინურ ფილოსოფიაში, რომლის თანახმადაც, „მართალია ის საქმე, რომელიც საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევისკენ არის მიმართული“; ასევე იმ მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის მთავარ ფასეულობებში, რომელსაც ჩინეთი უკვე 60 წელზე მეტია ახორციელებს, ჩინელებისა და მსოფლიოს ყველა ხალხის საერთო კეთილდღეობისკენ სი ძინპინის სწრაფვაში.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველი უცხოელი ლიდერი იყო, რომელიც ჩინეთს ჩკპ-ის მე-19 ყრილობის ჩატარების შემდეგ ეწვია. პეკინში გამართული შეხვედრისას სი ძინპინმა განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ აზრთა საფუძვლიანი გაცვლა-გამოცვლა ორმხრივ ურთიერთობებზე და საერთო ინტერესების შემცველ საკითხებზე, რის შედეგადაც მხარეებმა ფართო კონსენსუსს მიაღწიეს.

დონალდ ტრამპის ვიზიტი სულ რამდენიმე თვეში მოჰყვა ორი სახელმწიფოს მეთაურის შეხვედრას, რომელიც აშშ-ში, მარ-ა-ლაგოს მამულში გაიმართა და რომელმაც გავლენა იქონია ორმხრივი კავშირების განვითარებაზე.

    ჩკპ-ის მე-18 ყრილობის შემდეგ სი ძინპინი ხშირად ხვდებოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და ინარჩუნებდა მასთან ურთიერთობას. ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები მთელ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფის ქვაკუთხედად იქცა. დანანგში /ვიეტნამი/ ორი ქვეყნის ლიდერს შორის გამართულ შეხვედრაზე სი ძინპინმა უთხრა პუტინს, რომ ჩინეთმა და რუსეთმა შექმნეს ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ნიმუში, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, გულწრფელობაზე, სამართლიანობასა და ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობაზეა დაფუძნებული.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩინეთმა უმასპინძლა მსოფლიო სამიტების სერიას, მათ შორის საერთაშორისო თანამშრომლობის მაღალი დონის პირველ ფორუმს „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ლიდერთა 22-ე არაოფიციალურ შეხვედრას, „დიდი ოცეულის“ სამიტს ხანჩჟოუში, BRICS-ის  ლიდერთა შეხვედრას სიამენში.

სი ძინპინის მმართველობისას ადამიანები ჩინეთის მსოფლიო გავლენის კიდევ უფრო მეტად ზრდის მომსწრენი გახდნენ, მისი შთაგონების უნარიც იხილეს და ფორმირების ძალაც; ჩინეთმა კი კიდევ უფრო მეტი წვლილი შეიტანა პლანეტაზე მშვიდობის უზრუნველყოფისა და მისი განვითარების საქმეში.

. ჩჟენ ჩანჩჟუნი მიიჩნევს, რომ სი ძინპინის ხელმძღვანელობით ჩინეთმა მიაღწია ფუნდამენტურ და ყოველმხრივ პროგრესს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში, კანონის უზენაესობაში, სახელმწიფო მმართველობაში, პარტიულ მშენებლობაში, კულტურულ აღორძინებასა და გარემოს დაცვაში.

    ფილოსოფია, რომელიც ჩინეთში ბოლო ხუთი წლის მანძილზე განხორციელებული სიღრმისეული ცვლილებების საფუძველშია ჩადებული, გამოიკვეთა სი ძინპინის იდეებში ჩინური სპეციფიკის მქონე ახალი ეპოქის სოციალიზმზე.

ჩინეთმა, როგორც სოციალისტურმა ქვეყანამ, გადალახა მოდერნიზაციის პროცესის უამრავი გამოწვევა, რომლებიც განვითარებადი სამყაროს წინაშე დგას, შეძლო გაესწრო დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისთვის მრავალ სფეროში და ამით სოციალისტური სისტემის დემონსტრირება მოეხდინა, ამბობს ჩჟენ ჩანჩჟუნი.

„სი ძინპინმა ჩინეთი ახალ ეპოქაში გადაიყვანა, ახლა ფორმირდება ჩინური მოდელი, რომელიც კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების მასტიმულირებელი გახდება“, - აცხადებს ის და დასძენს, რომ იმის მიხედვით, თუ რამდენად წინ წაიწევს ჩინეთი მსოფლიო არენის ცენტრისკენ, აღნიშნული მოდელიც მეტ წვლილს შეიტანს კაცობრიობის განვითარებაში.

მზერა მომავლისკენ

იანვარში მაღალჩინოსანი მოხელეებისთვის გამართულ სემინარზე სი ძინპინმა ისინი გამოსაცდელებს შეადარა, ხალხი კი - გამომცდელს, რომელმაც უნდა იმსჯელოს, რამდენად კარგად გაართვეს თავი გამოსაცდელებმა მათზე დაკისრებულ ამოცანებს.

    სი ძინპინმა მომავალი განვითარების ორეტაპიანი გეგმა წარმოადგინა: 2020-2035 წლებისა, როდესაც უმთავრესად სოციალისტური მოდერნიზაცია უნდა განხორციელდეს; და 2035 წლიდან მიმდინარე საუკუნის შუა წლებამდე პერიოდისა, როდესაც ჩინეთი მძლავრ მოდერნიზებულ სოციალისტურ სახელმწიფოდ უნდა იქცეს.

ამ გზაზე,  რასაკვირველია, ჩინეთს სხვადასხვაგვარი გამოწვევები ელის. მართალია, ჩინეთში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 8000 დოლარს აღემატება, მაგრამ ამ მხრივ ქვეყანა ჯერ კიდევ საკმაოდ ჩამორჩება აშშ-ს, სადაც ეს მაჩვენებელი 57 000 დოლარია. ჩინეთის მრეწველობის სტრუქტურა მოდერნიზებას საჭიროებს, მისი ინოვაციური პოტენციალიც ჯერ არასაკმარისად ძლიერია, ჩინეთს ჯერ კიდევ მოუწევს რისკების აღმოფხვრა ფინანსურ სისტემაში.

სი ძინპინმა დაასახელა მთავარი წინააღმდეგობა, რომელიც ჩინეთის საზოგადოების წინაშე დგას, „წინააღმდეგობა კარგი ცხოვრების პერიოდში ხალხის მუდმივად მზარდ მოთხოვნილებებსა და არათანაბარ და არასრულ განვითარებას შორის“.

სი ძინპინმა თავის საახალწლო მიმართვაში განაცხადა, რომ „იცის იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას, როგორიცაა განათლება, დასაქმება, შემოსავალი, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, ხანდაზმულთა დახმარება, საცხოვრებელი ბინები და გარემოს დაცვა“.

მან აღიარა, რომ ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას სასურველი შედეგი ყოველთვის არ მოაქვს, რომ უკვე მიღწეული წარმატებები სულაც არ არის იმის გარანტი, რომ წარმატებები უსასრულოდ გაგრძელდება.

სი ძინპინი მუდმივად შეახსენებს პარტიულ და სახელმწიფო კადრებს, რომ ახალი ეპოქა ეკუთვნის იმათ, ვინც გულმოდგინედ მუშაობს, და მოუწოდებს მათ, ჩინელი ხალხის დიადი ბრძოლის ისტორიაში ახალი თავი ჩაწერონ.

იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც სი ძინპინის მითითებებს მოყვება, ცნობილი გახდება სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენლების სესიაზე. სი ძინპინის ხელმძღვანელობით, ჩინეთი დღითიდღე კიდევ უფრო გაძლიერდება.

თარგმნა ეკა ჯიმშელაძემ

სი ძინპინი მოუწოდებს სოციალიზმის შემდგომი განვითარებისაკენ ჩინური ახალი ეპოქის სპეციფიკიდან გამომდინარე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 21 ოქტომბერი 2017 18:19

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ხუთშაბათს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობის დელეგატებს და ქვეყნის სხვადასხვა ერების წარმომადგენლებს მოუწოდა კიდევ უფრო განვითარონ სოციალიზმი ჩინური ახალი ეპოქის სპეციფიკის გათვალისწინებით. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ ავრცელებს.

ეს მოწოდება გაჟღერდა სი ძინპინთან დისკუსიის დროს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობის დელეგატებთან, რომლებიც ჩინეთის პროვინცია გუიჩჟოუს წარმოადგენენ.

შეაფასა რა პროვინცია გუიჩჟოუს განვითარება გასული 5 წლის განმავლობაში, სი ძინპინმა განაცხადა, რომ  ჩინური სპეციპფიკის სოციალიზმი დღეისათვის სრულიად ახალ ეპოქაში შევიდა და ამიერიდან ჩინეთის განვითარების ისტორიაში ეს ეტაპი სრულიად ახალ ადგილს დაიკავებს.

„ჩვენ ახალი ეპოქის მოთხოვნების შესაბამისად უნდა დავხვეწოთ განვითარების სტრატეგია და სხვადასხვა პოლიტიკური დადგენილებები. ასევე დიდი ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ პრობლემების მოსაგვარებლად და გავაკეთოთ ყველაფერი ქვეყნის მოსახლეობის მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.

მისივე თქმით, ყოველმხრივი შიდაპარტიული მმართველობა წარმოადგენს ფუნდამენტალურ და გარანტირებულ შესაძლებლობას ჩინეთის „ნაციის“ დიდი აღზევებისთვის.

„პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებმა უნდა დაიცვან ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მაღალი ავტორიტეტი და მხარი უნდა დაუჭირონ ქვეყნის ერთიან, ცენტრალიზირებულ ხელისუფლებას“, - დასძინა სი ძინპინმა.

პარტია ჩვენი სამშობლოს წევრები სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2016 16:34

პოლიტიკური პარტია ჩვენი სამშობლოს წევრები უკრაინის საელჩოსთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ პოროშენკოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების პროცესი დაიწყოს.ჩვენი სამშობლოს წევრებმა პეტიცია უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გადასცეს.

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ საჩხერის მაჟორიტარობის კანდიდატი, პაატა კვიჟინაძე წარადგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 ივლისი 2016 21:54

ჩვენ გვტკივა თქვენი ტკივილი და გვიხარია თქვენი სიხარული, ჩვენ გპირდებით სწრაფ განვითარებას" ,- ასე მიმართა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საჩხერის მოსახლეობას.
პარტიის თავმჯდომარემ საჩხერის რაიონულ ცენტრში შეკრებილ ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატი, პაატა კვიჟინაძე, წარუდგინა.
"ეს არის მებრძოლი ადამიანი, მას ყველას გულისტკივილი გულთან მიაქვს და იბრძვის ადამიანების პრობლემების მოგვარებისთვის. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, პაატა კვიჟინაძემ წარმოადგინოს საჩხერე პარლამენტში", - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საჩხერის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
"მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ. ჩვენ 8 ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას, რაც ნიშნავს, სრულიად საქართველოს გამარჯვებას",-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
ადგილობრივებს სიტყვით მიმართა და მაჟორიტარობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა პარლამენტის ვიცე -სპიკერმა,საჩხერის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მანანა კობახიძემ.
"ქართული ოცნების" შექმნას სწორედ საჩხერეში ჩაეყარა საფუძველი, ყველა დიდი საქმე საჩხერიდან იწყება. 2012 წელს ერთ მუშტად დავდექით და გავიმარჯვეთ, დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ტონის მომცემი გახდება საჩხერე",-განაცხადა მანანა კობახიძემ.
პაატა კვიჟინაძემ გიორგი კვირიკაშვილსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და საკუთარ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ამ ოთხი წლის განმავლობაში მივაღწიეთ მთავარს, თავისუფლებას, მაგრამ არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით და განვაგრძობთ ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის",-აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

გიორგი ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 მაისი 2016 11:42

გიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. ამის თაობაზე საგანგებო განცხადება ვაშაძემ ცოტა ხნის წინ, პარლამენტში გააკეთა. როგორც ვაშაძემ განაცხადა, ”ნაციონალური მოძრაობისგან” ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა.

"არჩევნებზე, ყველა პარტია გავა ცალ -ცალკე და მიიღებს იმ შედეგს, რომელი შედეგიც დაიმსახურა"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 მარტი 2016 13:45

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ რესპუბლიკელები ქართულ ოცნებასთან მხოლოდ არჩევნებამდე იქნებიან,მისი თქმით კოალიციაც ამ დრომდე იქნება შენარჩუნებული. ბრეგაძის თქმით ის ამ განცხადებას, არსებული ინფორმაციის და გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებული კომენტარების საფუძველზე აკეთებს:

"მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ისინი არ იქნებიან ქართულ ოცნებასთან კოალიციაში, ეს გამოჩნდა კიდევაც გუშინდელი შეხვედრის შემდგომ კომენტარებში და ამის შესახებ არსებობს რა თქმა უნდა ინფორმაციები. ანუ, კოალიცია შენარჩუნდება არჩევნებამდე, მინისტრთა კაბინეტის ის შემადგენლობა, სადაც შედიან რესპუბლიკელები შენარჩუნდება, ხოლო არჩევნებზე, ყველა პარტია გავა ცალ -ცალკე და მიიღებს იმ შედეგს, რომელი შედეგიც დაიმსახურა" განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

მოქალაქეთა გაერთიანება “სახალხო ხელისუფლებამ” პარტიის პრეზენტაცია გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 18:37

მოქალაქეთა გაერთიანება “სახალხო ხელისუფლებამ” პარტიის  პრეზენტაცია გამართა. პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს . 

  ქვეყანაში მთავარი პრობლემა უმუშევრობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა-აცხადებს გაერთიანების დირექტორი.მისი განცხადებით  “სახალხო ხელისუფლების”  ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქვეყანაში არსებული პრობლემებს მოაგვარებენ. 

"დევნილთა პარტია" განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 17:50

პოლიტიკური გაერთიანება "დევნილთა პარტია" ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ეხმაურება და არსებული პრობლემების გადასაჭრელად პოლიტიკური პარტიის გეგმას საზოგადოებას აცნობს. 

როგორც დევნილთა პარტიაში აცნობეს, პოლიტიკური გაერთიანების ხედვით, სახელმწიფომ სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისას უნდა გამოიყენოს არა მარტო სამართლებრივი რეგულაციები და შეზღუდვები, არამედ მართვის ისეთი ბერკეტები, როგორიცაა ადამიანების მოტივირება და სტიმულირება.

 "ნიუსდეი" "დევნილთა პარტიის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "დღეს საქართველოში მოქმედი სოციალური დაცვის სისტემა არ არის გამიზნული გარანტირებული მინიმუმის შესაქმნელად, ამიტომ მოქმედი სოციალური დაცვის სისტემა ვერ ქმნის სოციალური რისკების მართვის მექანიზმებს და ვერ იცავს მოსახლეობას სიღარიბისაგან. 


საქართველოში მეტად დაბალია საარსებო მინიმუმის სტანდარტი, ამჟამინდელი საარსებო მინიმუმი ადამიანის გამოკვებაზეც კი არ არის გათვლილი, აღარ ვსაუბრობთ იმაზე რომ ადამიანს კვების გარდა აქვს ღირსება და სხვადასხვა სოციალური და სულიერი მოთხოვნილებები. 

დღეს სიღარიბეში მყოფი ადამიანი უსახსრობის, ანდა, დაბალი შემოსავლის გამო მოკლებულია თავისი ძირითადი მოთხოვნილების: საკვები, თავშესაფარი, ფიზიკური უსაფრთხოება, საბაზო განათლებისა და პიროვნული ზრდის შესაძლებლობა, ჯანმრთელობა, კომუნიკაცია, დაკმაყოფილების შესაძლებლობას. 
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში 377,9 ათასი სოციალურად დაუცველია (10,1% მთელი მოსახლეობის). დღეს ასეთი კატეგორიის ადამიანები შეეგუენ სიღარიბეს და ცხოვრების დაბალ სტანდარტებს, რამაც მათ შეძენილი უსუსურობის სინდრომი ჩამოუყალიბა.

სიღარიბისა და შეძენილი უსუსურობის მენტალიტეტის მქონე ადამიანები საბაზრო ურთიერთობების პროაქტიურ ეკონომიკურ სუბიექტებად ვერ ყალიბდებიან და ვერ ერთვებიან ბიზნესში, თუ კი ერთვებიან ადრევე კოტრდებიან ან თავს ანებებენ ყოველგვარ ინიციატივას და მიყვებიან ცხოვრების დინებას უკეთესი მომავლის პასიურ მოლოდინში.

დევნილთა პარტიის ხედვით სახელმწიფომ სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისას უმეტესწილად უნდა გამოიყენოს არა მარტო სამართლებრივი რეგულაციები და შეზღუდვები არამედ მართვის ისეთი ბერკეტები როგორიცაა ადამიანების მოტივირება და სტიმულირება. ჩვენ ვიშველიებთ ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში დადგენილ კონცეფციას, რომ განვითარებაზე ორიენტირებული ეფექტური მართვა უნდა შეიცავდეს როგორც რეგულაციებს ასევე სტიმულირების მექანიზმებს. 

ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ სიღარიბის აღმოსაფხვრელად ქვეყანაში, ხელი უნდა შევუწყოთ მოსახლეობის აქტიურად ჩართვას ეკონომიკურ საქმიანობაში, რაც თავისთავად შეამცირებს მოსახლეობის პოლიტიზირებას და სახელმწიფოზე დამოკიდებულებას,"- ნათქვამია "დევნილტა პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური