საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა "აქტუალური თემა" (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
შაბათი, 08 აგვისტო 2015 12:08

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა. როგორ გადანაწილდა ფუნქციები სამრთალდამცავ ორგანოებს შორის? რამდენად მნიშვნელოვანია რეფორმა? როგორ აფასებენ ამ რეფორმას უფლებადამცველები? საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თამარ კორძაია და არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" თავმჯდომარე დიმიტრი ხაჩიძე გადაცემაში "აქტუალური თემა" "სტარვიზიის" ეთერში.

პარლამენტის ბიუროს სხდომა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 09 ივლისი 2015 14:29

დღეს, ბიუროს სხდომაზე, მიმდინარე კვირის რიგგარეშე სხდომების დღის წესრიგში, რამდენიმე განსახილველი საკითხის დამატების შესახებ იმსჯელეს.  

დღის წესრიგით, 20-მდე განსახილველი საკითხია განსაზღვრული. დეპუტატები დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადების, გადაზიდვის, გადაგზავნის ან გასაღებისათვის ადგენს პასუხისმგებლობას.

მეორე მოსმენით განიხილება კანონპროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. წარმოდგენილი კანონპროექტიმაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, მათთვის გარკვეული შეღავათების დაწესებისა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. კანონპროექტით განისაზღვრება მაღალმთიანი რეგიონისა და დასახლების ცნებები, ხოლო მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა დადგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. კანონპროექტით გათვალისწინებულია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირთათვისსაგადასახადო და  სოციალური შეღავათები. განისაზღვრება მთის ეროვნული საბჭოს სტატუსი და შემადგენლობა, ასევე მაღალმთიანი დასახლებების განითარების ფონდის ფორმირება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს.

დღესვე, სხდომაზე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით, ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისათვის“ ალტერნატიული წინადადებას განიხილავენ. 

ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“  კანონპროექტი.  ცვლილების თანახმად, საქართველოს პარლამენტის პლენარული და საკომიტეტო სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზების ჩამონათვალიდან „ოჯახური მდგომარეობის გამო“ სხდომის გაცდენა ამოღებული იქნება.

პლენარული სხდომის დღის წესრიგში აგრეთვე, შეტანილია საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი  „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა)“ რატიფიცირების თაობაზე“

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 27 ივნისი 2015 16:23

პარლამენტის რიგგარეშე სესია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ. „ჩვენ ვიწყებთ პარლამენტის რიგგარეშე სესიას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მოწვეულია 2015 წლის 27 ივნისს 12 საათიდან, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის შესაბამისად. რიგგარეშე სესიის დახურვის თარიღი განკარგულებაში არ არის მითითებული. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანში შევძლებთ იმ სავარაუდო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას და მიღებას, რომელიც პრეზიდენტს გაეგზავნა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პირველ სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა 81-მა დეპუტატმა. პარლამენტმა კენჭი უყარა და მიიღო დღის წესრიგით გათვალისწინებული 82 საკითხი.

დეპუტატებმა კანონის პროექტი „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ ერთხმად, 78 ხმით მიიღეს. კანონპროეტი განსაზღვრავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და ფუნქციებს. კენჭისყრის შედეგად მიიღეს ყველა თანმდევი კანონი, გარდა „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონპროექტისა. როგორც დავით უსუფაშვილმა განმარტა, ამის მიზეზია ის, რომ „ეს არის კანონპროექტი, რომელსაც ერთი მოსმენით ეყრება კენჭი მაშინ, როდესაც მთელ პაკეტს სამი მოსმენით ეყრება კენჭი“.

დეპუტატებმა პირველი მოსმენით, 77 ხმით ერთის წინააღმდეგმიიღეს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“.
მესამე მოსმენით„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროეტს მხარი დაუჭირა 76-მა დეპუტატმა, ხოლო

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროეტს - 77-მა დეპუტატმა. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროეტი პარლამენტმა 75 ხმით მიიღო.

დეპუტატებმა 77 ხმით მხარი დაუჭირეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტს.
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“კანონპროქტი, რომელიც საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვის მოსაკრებლის განაკვეთს განსაზღვრავს, პარლამენტმა მეორე მოსმენით, 77 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მიიღო.

„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით კენჭისყრამდე, პარლამენტმა“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ წინადადებას უყარა კენჭი. ალტერნატიულ წინადადებას მხოლოდ 2-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი,ხოლოწინააღმდეგ თავისი პოზიცია დააფიქსირა 40-მა დეპუტატმა, რის შედეგად იგი არ იქნა გაზიარებული. ძირითად კანონპროექტს 76-მა დეპუტატმა არცერთის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
„ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 73 ხმით მიიღო.

დეპუტატებმა პირველი მოსმენით, 78 ხმით ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტს. პარლამენტმა დღესვე მიიღო აღნიშნული ორგანული კანონპროეტის თანმდევი კანონპროეტებიც.
დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის საქმიანობის ანგარიში.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემკენჭისყრის პროცედურის დასრილების შემდეგ განაცხადა, მომავალი კვირის განმავლობაში, რიგგარეშე სესიის ფორმატში, პარლამენტი იმუშავებს ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, 1-3 ივლისს, ხოლო ბიუროს სხდომა ორშაბათს, 29 ივნისს 15 სთ-ზე გაიმართება.

საქართველოს განახლებულ მთავრობას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 09 მაისი 2015 02:03

საქართველოს პარლამენტში დღეს მიმდინარე ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა.

კენჭისყრის თანახმად, აღნიშნულ გადაწყვეტლებას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეგისტრაცია გაიარა 124-მა წევრმა.

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციამ.

თამაზ მეჭიაურის და კომიტეტის წევრების შეხვედრა მსოფლიო ბანკის მისიის წამომადგენლებთან

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 05 მაისი 2015 18:28

დღეს, პარლამენტში შედგა შეხვედრა მსოფლიო ბანკის მისიის "პოლიტიკური ეკონომიკის რეგიონული კვლევის“ წარმომადგენლებთან ვერენა ფრიცსა და ალან გუსტაფსონთან, რომლებიც თბილისში ვიზიტად  იმყოფებიან.

შეხვედრის თემა, ძირითადად, საჯარო ფინანსების მართვა იყო.

სტუმრები დაინტერესდნენ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებული რეფორმებით საჯარო ფინანსების მართვაში და ამ კუთხით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის როლით, ასევე  სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავების პროცესით და ბიუჯეტის  შესრულების ანგარიშების  შედგენის მეთოდებით, რაზეც კომიტეტის წევრებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა მსოფლიო ბანკის მისიის წევრებს გააცნეს მოსაზრებები საბიუჯეტო ოფისის საქმიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით სერიოზული რეფორმა განხორციელდა, რასაც შედეგად საბიუჯეტო ოფისის დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბება მოჰყვა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  უახლოეს მომავალში იგეგმება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისათვის.

შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას და მის როლს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლზე. 

საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ფორუმმა ორდღიანი მუშაობა დაასრულა

გამოქვეყნებულია ვიდეო
სამშაბათი, 05 მაისი 2015 17:13

საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ფორუმმა ორდღიანი მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ერთობლივ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციაზე ხელმოწერით დაასრულა. სამი ასოცირებული ქვეყნის: უკრაინა მოლდოვა-საქართველოს შორის საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაცია, ფოკუსირებული იქნება ამ ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებთან.

დეკლარაციის თანახმად, მხარეები საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივის დაწყების შესახებ შეთანხმდნენ. სამი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები ყოველწლიურ შეხვედრებს გამართავენ, სადაც პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე იმსჯელებენ. გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების და საერთო პოლიტიკისა და პოზიციის კოორდინაციის მიზნით, კომიტეტების წევრებისგან დაკომპლექტება საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფები. ინფორმაციისა და პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით, კომიტეტების აპარატის თანამშრომლებს შორის იქნება რეგულარული კომუნიკაციის არხი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოახდენენ ერთობლივ კოორდინაციას ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე, მათ შორის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციის დროს არსებულ გამოწვევებზე, ასევე, ენერგეტიკულ და უსაფრთხოების საკითხებზე.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ორდღიანი ფორუმი სამივე ქვეყნისთვის, სადაც ვისაუბრეთ ევროპულ პერსპექტივებზე, განვიხილეთ თუ რას ველოდებით რიგის სამიტიდან და რა იქნება სამიტის შემდეგ. შევთანხმდით, რომ სამივე პარლამენტი კომიტეტების დონეზე ითანამშრომლებს. ეს იყო მოკავშირე, მეგობარი ქვეყნების ძალიან დამუხტული, საქმიანი შეხვედრა, სადაც ძირითადი აქცენტი მომავალზე გაკეთდა, თუ როგორ უნდა გავიაროთ ეს ურთულესი გზა“, - განუცხადა თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს. 
„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, უკრაინის მხარდაჭერისთვის. უკრაინა დღეს განიცდის იგივეს, რაც საქართველომ 2008 წელს განიცადა. უკრაინამ მაშინ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს, თუმცა, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა სიჩუმე ამჯობინეს, რამაც განაპირობა არა მხოლოდ ის რომ გაეგრძელებინა რუსეთს თავისი აგრესია საქართველოში, არამედ ის რომ წამოეწყო ომი უკრაინასთანაც. ჩვენ როგორც არავის ისე გვესმის რა ტრაგედია გადაიტანა საქართველომ. ყველაზე მეტად დღეს ჩვენს ქვეყნებში მშვიდობა გვინდა.

ამ კონფერენციას ჩვენ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ ამ სამი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი. ჩვენ, გვჯერა, რომ რიგაში 21-22 მაისს მოვისმენთ მკაფიო გადაწყვეტილებას თუ როდის ამოქმედდება უვიზო მიმოსვლა, ჩვენი ევროპული პერსპექტივები. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ წააგებს არა მხოლოდ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არამედ მთლიანად ევროპა. რადგან გვჯერა, რუსეთის აგრესია არ გაჩერდება. ძალიან მნიშვნელოვანია რიგის სამიტზე მიღებული იქნას მკაფიო გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა უკრაინის რადას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა გერაშენკომ. „დაისახა კონკრეტული გეგმები, მათ შორის, რიგის სამიტისთვის მოწოდება იმისა, რომ საქართველოსთან და უკრაინასთან, ისევე როგორც მოლდოვასთან დაწესდეს უვიზო რეჟიმი; ის რომ ამ ქვეყნებს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა“, - აღნიშნა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა პრეზიდენტმა, ვიქტორ დოლიძემ.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტი საქართველო- მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ფორუმი - „სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა: ახალი მიდგომები აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ასოცირების შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს შორის, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა“ ორ დღეს გრძელდებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ევროპის კვირეული გახსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 მაისი 2015 12:15

დღეს, თბილისის საკრებულოს შენობაში, ევროპის კვირეულის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. კვირეული გახსნა და ცერემონიის მოინაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მიმართა.

,,ამჯერად, ჩვენ ამ ტრადიციულ ღონისძიებებს ვიწყებთ სრულიად განსაკუთრებული გარემოს პირობებში, როდესაც საქართველო ევროპას მიუახლოვდა ისე, როგორც არასდროს, იმიტომ, რომ ჩვენ მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ამით გამოვხატეთ ქართველი ხალხის ურყევი ნება - დავიმკვიდროთ ჩვენი კუთვნილი ადგილი თავისუფალ ევროპულ სახელმწიფოთა შორის. როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ევროპის კვირეულს საქართველოში, ჩვენ აღვნიშნავთ მშვიდობის კვირეულს საქართველოში, ჩვენ აღვნიშნავთ ტოლერანტობის, შემწყნარებლობის, სოლიდარობის კვირეულს საქართველოში, ჩვენ აღვნიშნავთ კვირეულს, რომელიც ძალიან მალე გვინდა იქცეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებად.

დღევანდელი დღე, დღევანდელი ჩვენი წარმატებები ამ მიმართულებით მოიტანა ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქის შრომამ წლების განმავლობაში. მე მინდა ამისთვის მადლობა მოვახსენო თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ მთავრობას, მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, რომლებმაც მრავალი წლის განმავლობაში იღვაწეს ამ მიზნის მისაღწევად. მე მინდა განსაკუთრებით მადლობა მოვახსენო ჩვენს ჯარისკაცებს და ოფიცრებს, რომლებიც აქ გვესწრებიან, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სახელმწიფოებთან ერთად. ეს და მსგავსი მისიები, რომლებსაც ჩვენი სამხედროები ახორციელებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არის დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირში, ნატოში მივდივართ არა მხოლოდ ჩვენი პრობლემების გადასაწყვეტად, არამედ ჩვენი წვლილის შესატანად მსოფლიოში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ვინაიდან ევროპასთან გვაკავშირებს საერთო ღირებულებები. ამის საუკეთესო დასტურია როგორც ქართველი ხალხის მიერ არაერთხელ გამოვლენილი ურყევი ნება საამისოდ, ასევე, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და ქართული მართმადიდებლური ეკლესიის ურყევი მხარდაჭერა ამ გზაზე სიარულისას. მინდა მადლობა მოვახსენო საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების წარმომადგნელებს. მათი ღვაწლი საქართველოს ევროპასთან დაახლოებაში არის ფასდაუდებელი. და ბოლოს, მინდა ეს დღეები მივულოცო და მასში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა მოვახსენო ჩვენს ახალგაზრდობას, იმ ადამიანებს ვისთვისაც ვიღწვით ახლა, ვინც ნამდვილად გახდებიან ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები. შეხედეთ, როგორ უხდება ქართული დროშა ევროპული სახელმწიფოების დროშების ერთიან ოჯახს. მოვა დრო და ეს დროშა იქნება თანასწორუფლებიანი წევრი ამ ოჯახის და არა მხოლოდ ასოცირებული“, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ევროპის კვირეულის გახსნის ცერემონიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აგრეთვე, ლატვიის რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვალდის ზატლერსმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დავით უსუფაშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია ვიდეო
ოთხშაბათი, 29 აპრილი 2015 17:01

აქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავრობის შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის განახლების შემთხვევაში, პარლამენტმა ხელახლა უნდა გამოუცხადოს ნდობა მთავრობის მთელ შემადგენლობას. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს დემოკრატიული მექანიზმი საქართველოს პარლამენტის მიერ ორი წლის წინ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად ამოქმედდა.

„ცნობილი გახდა, რომ მთავრობა დატოვა კიდევ ერთმა წევრმა, სპორტისა და ახლაგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს იმ ვითარებასთან, როდესაც მთავრობის შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის განახლებაა მოსალოდნელი, მას შემდეგ, რაც მთავრობამ მიიღო პარლამენტის ნდობა გასული წლის ზაფხულში. შესაბამისად, ასეთ დროს ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ პროცედურებს, შეგახსენებთ, რომ ასეთ შემთხვევაში მთავრობის განახლებულმა შემადგენლობამ უნდა მოიპოვოს პარლამენტის ნდობა ხელახლა, ამასთანავე, განახლებულმა შემადგენლობამ, ამ ტერმინს დიდი დატვირთვა აქვს, იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს ექსკლუზიური უფლება ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშნოს მინისტრები და შემდგომ უკვე, დანიშვნის შემდგომ, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი ამ თემაზე ჩამოყალიბდება და მთავრობა მიიღებს უკვე განახლებულ სახეს, მას შემდეგ ერთვება საქმეში პარლამენტ., ჩვენი კანონმდებლობით, პრემიერს აქვს ამისთვის ორკვირიანი ვადა, იმისათვის, რომ შეარჩიოს ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი მინისტრები, ხოლო ამის შემდეგ მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად უკვე იმ განახლებულ შემადგენლობას, და განახლება ითვლება მას შემდეგ, რაც ახალი მინისტრები დაინიშნებიან თანამდებობებზე, უკვე პრეზიდენტი წარმოურდგენს პარლამენტს და პარლამენტს მერე გვაქვს შვიდდღიანი ვადა ამ საკითხზზე ჩამოსაყალიბებლად და გადაწყვეტილების მისაღებად, ასე, რომ ამ ვადების ნაწილის დინება დაიწყო, კერძოდ იმ ვადისა, რომელიც პრემიერ-მინისტრისთვისაა განსაზღვრული. რაც შეეხება ჩვენს ვადებს და პრეზიდენტის ვადებს, ეს ჩაირთვება მას შემდეგ, რაც კანდიდატები იქნებიან შერჩეული პრემიერ-მინისტრის მიერ. ეს განმატრება მინდოდა გამეკეთებინა ჩვენთვისაც, რადგანაც ახლო მომავალში მოგვიწევს ჩვენ ამ საკითხზე ჩამოყალიბება. ეს არის კონსტიტუციური პროცედურა, შეგახსენებთ ეს ჩვენ მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების შედეგადაა ეს ვალდებულება, მანამდე კონსტიტუცია ითვალისწინებდა იმას, რომ მინისტრები დაუსრულებლად შეიძლებოდა შეცვლილიყვნენ და პარლამენტს აღარაფერი ეკითხებოდა პირველი ნდობის გაცემის შემდეგ. ჩვენ 2 წლის წინ მივიღეთ ეს ცვლილებები კონსტიტუციაში, რომ პარლამენტის როლი ამ პროცესში იყოს სათანადო, და პრემიერს აქვს შესაძლებლობა ერთ მესამედამდე რაოდენობის მინისტრები თავისი შეხედულების მიხედვით შეცვალოს, მაგრამ ეს ლოგიკურია, თუ ერთ მესამედზე მეტის განახლებაა საჭირო, საჭიროა პარლამენტის ჩართულობაც, ასე, რომ ჩვენ მიერ კონსტიტუციაში დაბრუნებული ეს დემოკრატიული მექანიზმი ამ დღეებში კიდევ ერთხელ ამუშავდება და ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი - "მთავრობა განახლებულ სახეს მიიღებს, საქმეში პარლამენტი ერთვება"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 29 აპრილი 2015 16:30

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე მთავრობის გადადგომის საკითხზე კომენტარი გააკეთა. მან კონსტიტუციის მიხედვით პროცედურულუ ნაწილი განმარტა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრს ვაკანტურ თანამდებობეზე მინისტრების დანიშვნის უფლება აქვს.

"დანიშვნის შემდგომ, რაც მთავრობა განახლებულ სახეს მიიღებს, საქმეში პარლამენტი ერთვება. ჩვენი კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრს ორკვირიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი მინისტრები შეარჩიოს. მთავრობა განახლებულად ითვლება, როცა ახალი მინისტრები თანამდებობებზე დაინიშნებიან. განახლებულ მთავრობას უკვე პრეზიდენტი წარმოუდგენს პარლამენტს. ჩვენს გვაქვს 7-დღიანი ვადა ამ საკითზე ჩამოსაყალიბებლად და გადაწყეტილების მისაღებად“ - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 29 აპრილი 2015 16:16

დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადების ვალდებულება კონსტიტუციაში მოქმედი პარლამენტის გადაწყვეტილებით აღდგა, რადგან მანამდე კონსტიტუცია ითვალისწინებდა, რომ მინისტერები დაუსრულებლად შეიძლებოდა შეცვლილიყო და პარლამენტს პირველი ნდობის გაცემის შემდეგ არაფერი ეკითხებოდა.
"კონსტიტუციაში ჩვენს მიერ დაბრუნებული ეს დემოკრატიული მექანიზმი ამ დღეებში ამუშავდება, რაც ძალიან კარგია", - დასძინა დავით უსუფაშვილმა.

გვერდი 38/ 38-დან

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური