ვეტოს დადებას უარყოფითად შევაფასებდი, - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 30 იანვარი 2017 15:22

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვეტო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. „მესამე ტალღის“ კანონპროექტს გასულ კვირას დაადო, ამ უპრეცედენტო რეფორმისთვის ჩრდილის მიყენების მცდელობაა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ საკითხზე უმრავლესობაში მსჯელობა უკვე გაიმართა.

„ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, თავისთავად, მე ვეტოს დადებას უარყოფითად შევაფასებდი - ეს შემიძლია ახლავე ვთქვა. რეალურად, ეს იყო უპრეცედენტო რეფორმა, რომელიც გატარდა საქართველოს პარლამენტის მიერ და ადგილი ჰქონდა ამ უპრეცედენტო რეფორმისთვის ჩრდილის მიყენების გარკვეულ მცდელობას, რაც ნამდვილად დასანანია. დანარჩენი უკვე დეტალებია. ჩვენ გვექნება მსჯელობა და საბოლოო ჯამში მივუბრუნდებით ამ კანონპროექტს, რა თქმა უნდა, მომდევნო სესიაზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტში სადაზღვევო სისტემის სრულყოფის საკითხებზე იმსჯელეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 იანვარი 2017 18:08

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები საქართველოს სადაზღვევო კომპანიის ასოციაციის, კერძო სადაზღვევო კომპანიებისა და სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარების პერსპექტივები და საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომი განვითარების იდეა, ასევე, ამ მიმართულებით კერძო სადაზღვევო სექტორთან პარტნიორობის საკითხები განიხილეს.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, მთავრობისა და საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის ყველა მონაწილის აზრით, გარკვეული ეტაპი უკვე განვლილია და რეფორმა გაგრძელებას საჭიროებს. დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ ამ პროცესში - როგორც დაფინასების, ასევე აღსრულების ნაწილში - კერძო მონაწილე მეტად უნდა იყოს ჩართული, რომ სახელმწიფო სახსრები დაიზოგოს და იმ მიზნობრივი ჯგუფებისკენ მიიმართოს, ვისაც ეს უფრო მეტად სჭირდება. 

შეხვედრის მონაწილეებს საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომი განვითარების იდეა, ძირითადი პრინციპების დონეზე, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, დევი ხეჩინაშვილმა გააცნო. მისი თქმით, იდეის არსი შემდეგში მდგომარეობს: სამედიცინო სერვისების უნივერსალურ პაკეტზე საყოველთაო წვდომა უნდა იყოს უზრუნველყოფილი; უნდა შემუშავდეს უნივერსალური პაკეტის სტრუქტურა და შინაარსი; განხორციელდეს ჯანმრთელობის დაზღვევისა და კერძო სადაზღვევო კომპანიების ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში; განისაზღვროს კერძო სექტორის (დამსაქმებლის) როლი და სხვა

როგორც აღინიშნა, ამ პროცესის საბოლოო მიზანი ერთი უნდა იყოს - სახელმწიფომ უნდა შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ ყველა ადამიანი იყოს დაზღვეული და დაზღვევის თანხა მძიმე ფინანსურ ტვირთად არ იქცეს ოჯახებისთვის. 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძის განცხადებით, სამუშაო შეხვედრაზე გამოთქმული ბევრი წინადადება გასაზიარებელია, თუმცა, ამ პრინციპების ქვეყანაში არსებულ რეალობასთან მორგებაა საჭირო. ზაზა სოფრომაძემ, სამინისტროს სახელით, თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში თანამშრომლობის სურვილი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, პარლამენტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ასევე სხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის მზადაა. აკაკი ზოიძემ იმედი გამოთქვა, რომ შედეგად შეჯერებული დოკუმენტი შემუშავდება.

ჩვენ გვინდა მივაღწიოთ ზეპარტიულ კონსენსუსს იმისათვის, თუ საით უნდა წავიდეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შემდეგი ათი წლის განმავლობაში, იმისათვის, რომ ჩვენ ჭეშმარიტად უნივერსალურ ჯანდაცვას მივაღწიოთ - თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა მათთვის აუცილებელ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე. ამაში ითვლება როგორც პრევენციული, სამკურნალო, რეაბილიტაციის, ასევე მედიკამენტების მიმართ ხელმისაწვდომობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად იყოს გამოყენებული როგორც კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის რესურსები, ასევე სახელმწიფოს ის ბიუჯეტი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვაზეა გამოყოფილი. საბოლოოდ კი ისეთ მოდელზე შევჯერდეთ, რომელიც დროსაც გაუძლებს და პოლიტიკური ამინდის ცლილებებსაც,“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრის მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ყველა საკითხზე დეტალურად იმსჯელებენ და სავარაუდოდ, ორ თვეში კონკრეტულ დოკუმენტზე ჩამოყალიბდებიან. აკაკი ზოიძის განცხადებით, არის რიგი საკითხები, მათ შორის, დაზღვევის სავალდებულოობა, რომლებიც ფართო განსჯის საგანი უნდა გახდეს. მისივე თქმით, დღეს აღნიშნულ თემაზე ღია დისკუსია სწორედ ამ მოტივით გაიხსნა. 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი ყველა დაინტერესებული მხარის წინადადებას მიიღებს.

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 27 იანვარი 2017 16:48

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხებზე მუშაობს, დღეს პირველ სხდომას მართავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სხდომის დასაწყისში, კონსტიტუციური კანონპროექტის მომზადებასთან დაკავშირებული პროცესი განმარტა. მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე განხილული იქნება კომისიაში წარმოდგენილი ინიციატივები, რის საფუძველზეც, მეორე სხდომისთვის, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში გაიმართება, უკვე მომზადებული კონკრეტული კანონპროექტი იქნება წარმოდგენილი თავისი ალტერნატივებით. მესამე რაუნდის სხდომებზე კი, რომელიც მარტის შუა რიცხვებში გაიმართება, შედგება რედაქციული დისკუსია კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. „ამის საფუძველზე, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ მომზადებული დოკუმენტი, კონსტიტუციური კანონპროექტი წარვუდგინოთ საქართველოს პარლამენტს განსახილველად, რის შემდეგაც დაიწყება საყოველთაო-სახალხო განხილვა და შემდეგ, უკვე საპარლამენტო მოსმენები“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ კომისია შეძლებს მუშაობის დასრულებას აპრილის ბოლომდე, რაც პარლამენტის დადგენილებით არის გათვალისწინებული, შესაძლებელი იქნება ამ სესიაზე კანონპროექტის ორი მოსმენით მიღება. „ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ წლის ბოლომდე ჩვენ დავასრულოთ უკვე რეფორმაზე მუშაობა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მიერ დაგეგმილი პროცესი ამ ვადებში მოქმედების შესაძლებლობას გვაძლევს. მთავარია, რომ ჩვენ შევქმნათ მაღალი ხარისხის დოკუმენტი და ეს დოკუმენტი შევიმუშაოთ მაქსიმალურად ფართო ჩართულობის საფუძველზე და ინკლუზიური პროცესის საფუძველზე. თუ ეს მიზნები ვერ იქნება მიღწეული აპრილის ბოლომდე, ასეთ შემთხვევაში, არაფერი უდგას წინ კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, 15 დეკემბერს შეიქმნა და მის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფია. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართება

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 27 იანვარი 2017 11:23

დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები საქართველოს სადაზღვევო კომპანიის ასოციაციის, კერძო სადაზღვევო კომპანიებისა და სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრულყოფისა და კერძო სადაზღვევო სექტორთან პარტნიორობის თაობაზე შეხვდებიან.

როგორც ცნობილია, რამდენიმე თვეში ახალი სისტემა უნდა ამუშავდეს, რომელიც დაზღვევის კლასიფიცირებას ითვალისწინებს.

ქართული მიწები უნდა დავიცვათ, - ირმა ინაშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 24 იანვარი 2017 16:48

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირმა ინაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში „უფლებადამცველთა გაერთიანების" მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ წინადადებით შევა, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემის აკრძალვას ითვალისწინებს. განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

„როგორც საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ამ ინიციატივას წარვადგენ კომისიაში. საქმე ეხება კონსტიტუციის 21-ე მუხლს. კონსტიტუციის 21-ე მუხლს უნდა დაემატოს პირველი პრიმა პუნქტი, რაც გულისხმობს იმას, რომ დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემა უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე“,-აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, კონსტიტუციაში შესატან ინიციატივას თან ერთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. დღეს არის აბსოლუტური განუკითხაობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების ნაწილში. ქართული მიწები უნდა დავიცვათ ჩვენ. ეს არის სახელმწიფოს მთავარი ვალდებულება და ჩვენი საკონსტიტუციო ცვლილებაც სწორედ ამას ისახავს მიზნად“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ითხოვს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები არ გასხვისდეს უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე. „ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტი და ამ პროცეში ჩართული იყვენენ ექსპერტები და სამართლის დარგის სპეციალისტები. იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო კომისია ჩვენს წინადადებას მისცემს დადებით პასუხს“,- აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

საზოგადოებრივი გაერთიანება „ქართული მისიის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია კორკოტაშვილის განცხადებით, ისინი ენდობიან „პატრიოტთა ალიანსს“ და ეცდებიან მათთან ერთთად მიაღწიონ აღნიშნული ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში.

 

თუ მოსარჩელე დამარწმუნებს, რომ კანონი, რომელსაც მხარი დავუჭირე,არაკონსტიტუციური, მე ხელს მოვაწერ კანონის არაკონსტიტუციურობას, - მანანა კობახიძე

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 23 იანვარი 2017 15:57

„შეიძლება კანონზე იყოს ჩემი ხელმოწერა, შეიძლება იყოს ჩემი ინიცირებულიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე კონკრეტულ საქმეში ვიქნები მიკერძოებული, ამ შემთხვევაში რომელიმე მხარის მიმართ. თუ მოსარჩელე დამარწმუნებს იმაში და იქნება შესაბამისი მტკიცებულება, რომ ის კანონი, რომელსაც შეიძლება თავის დროზე მე მხარი დავუჭირე, არღვევს კონსტიტუციის ამა თუ იმ მუხლს და არის არაკონსტიტუციური, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მე მოვაწერ ასეთი კანონის არაკონსტიტუციურობას ხელს,“ - აღნიშნული განცხადება  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, წარდგენილმა მანანა კობახიძემ გააკეთა.

საკონსტიტუციო კომისია პირველ შეხვედრას გამართავს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 23 იანვარი 2017 10:10

დღეს პარლამენტში პირველ შეხვედრას გამართავს საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე საკონსტიტუციო კომისია.

კომისიის წევრები კონკრეტულ ცვლილებებზე არ საუბრობენ.

ძალიან ამბიციური განაცხადი გვაქვს გაკეთებული, - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 20 იანვარი 2017 14:19

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია ყურადღებით იქნება განხილული.

 „ჩვენს თანამშრომლობასთან დაკავშირებით, არაერთხელ გავაკეთეთ განაცხადი. ძალიან ამბიციური განაცხადი გვაქვს გაკეთებული, რომ მთელი გულდასმით იქნება განხილული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იქნება მოწოდებული ვენეციის კომისიის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენ განვაცხადეთ, რომ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს არცერთ ისეთ ნორმას, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით ნეგატიურად იქნება შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ და ეს ჩვენი განაცხადი იქნება შესრულებული. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო უღრმესი მადლობა ბატონ ჯანი ბუკიკიოს ჩვენს თხოვნაზე სწრაფი რეაგირებისთვის, საქართველოში ჩამოსვლისთვის და მისი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის ზოგადად უწევს ჩვენს ქვეყანას მთელი ამ წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა, გადავუხადო მადლობა კომისიის მზადყოფნისთვის, რომ ჩაერთოს მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში და დახმარება აღმოგვიჩინოს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

გენდერული თანასწორობის საბჭო გაფართოებული შემადგენლობით შეიკრიბა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 19 იანვარი 2017 18:41

გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს, განახლებული შემადგენლობით პირველად შეიკრიბა. 

გასვლით სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს სამომავლო საქმიანობა დაიგეგმა. თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა და შესაბამის ორგანიზაციულ საკითხებზეც ისაუბრა.

გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერმა, მაკა მეშველიანმა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პროგრამის მენეჯერმა, თეონა ყუფუნიამ საბჭოს წევრებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციები გააცნეს.
სამუშაო შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმაზე მუშაობით გაგრძელდა.

გენდერული თანასწორობის საბჭოს მიზანი პარლამენტის მიერ გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, საკანონმდებლო ბაზის შექმნა და განვითარება, შესაბამისი სტრატეგიის განხილვა და დამტკიცება, ასევე, გენდერული თანასწორობის საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, 2017 წლის იანვრიდან, საბჭოს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს. დამტკიცებულია საბჭოს ახალი, გაფართოებული შემადგენლობა, რომელშიც 16 წევრი შედის.

მნიშვნელოვანი საკითხები შიმშილობის გზით კი არა , არამედ დიალოგით უნდა წყდებოდეს, - ირმა ინაშვილი

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 19 იანვარი 2017 18:35

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ირმა ინაშვილი საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულ მეანაბრეებს შეხვდა, სადაც არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

ირმა ინაშვილი და ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ ბიუროს სხდომაზე და პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე „პარლამენტის მონაწილეობით სამთავრობო კომისიის შექმნის საკითხს“ დააყენებენ.

„კომისიამ უნდა შეისწავლის რა ურთიერთობას ჰქონდა ადგილი და რა სქემას ჰქონდა ადგილი ეროვნულ ბანკსა და საფინანსო კომპანია „საქართველოს“ შორის“, - განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა მეანაბრეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ჩვენ ვიმოქმედებთ იმისათვის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოწვეული იყოს პარლამენტში და მეანაბრეების მხიდან მიეწოდოს ინფორმაცია და ასევე, დაიწყოს მოკვლევა საკუთარი ინსტიტუტის ფარგლებში, რა ურთიერთობას ჰქონდა ადგილი ეროვნულ ბანკსა და საფინანსო კომპანია „საქართველოს“ შორის. რა თქმა უნდა, აუცილებელია სახელმწიფომ, ხელისუფლებამ იზრუნოს იმისთვის, რომ მოხდეს ამ ზარალის კომპენსაცია“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა. მისივე თქმით, ზარალის კომპენსაცია შეიძლება სხვადასხვანაირი ფორმებით მოხდეს და მეანაბრეებს ამასთან დაკავშირებით გარკვეული ხედვები აქვთ, თუმცა, მანამდე აუცილებელია გამოძიების დაწყება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, ფრაქცია დაზარალებულ მეანაბრეებს იურიდიულ დახმარებასაც უწევს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკითხები ქვეყანაში წყდებოდეს არა შიმშილობის გზით, არამედ კონსტრუქციული დიალოგის გზით. არ არის ცუდი, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები შეხვდნენ გუშინ მეანაბრეებს და „ქართული ოცნებაც“ დაინტერესდა ამ თემით. რაც მეტი ფრაქცია დაინტერესდება, რაც მეტი მინისტრი, დეპარტამენტის უფროსი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთვება ამ საკითხის გადაწყვეტაში, მით უკეთესი“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური