ძალიან ცუდ კონსტიტუციას ვცვლით ძალიან კარგი კონსტიტუციით, - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 14:24

„ჩვენ რეალურად ძალიან ცუდ კონსტიტუციას ვცვლით ძალიან კარგი კონსტიტუციით. ისეთი კონსტიტუციით, რომელიც კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან არის შესაბამისობაში და რომელიც ჩაუყრის ძალიან მყარ კონსტიტუციურ საფუძველს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაგრძელების პროცესს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას. 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მესამე, დასკვნითი რაუნდის სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით დაიწყო. ირაკლი კობახიძემ სამუშაო ჯგუფის წევრებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის შედეგები გააცნო. მისი განცხადებით, 8 აპრილს გამართული შეხვედრისას, სამუშაო ჯგუფის წევრებმა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტი განიხილეს, სადაც საკითხთა მიმართ სრული კონსენსუსი გამოიკვეთა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ დღევანდელი შეხვედრის განსახილველ საკითხებზეც ისაუბრა და სამუშაო ჯგუფის წევრებს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები ვენეციის კომისიის წევრებთან, ასევე კონსულტაციები მაღალი რანგის უცხოელ ექსპერტებთან და უკვე გამოიკვეთა, რომ მათი საერთო შეფასება ძალიან დადებითი და პოზიტიურია, რაც ბუნებრივია, მისასალმებელია. მნიშვნელოვანია რომ ეს კარგად დაწყებული პროცესი ბოლომდე კარგად მივიყვანოთ და ერთად შევქმნათ ისეთი დოკუმენტი, რომელიც იქნება სრულად დახვეწილი და კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანილი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კომისიის რიგ სუბიექტებთან გამართულ კონსულტაციებზე განცხადება გააკეთა და აღნიშნულ ინფორმაციას სამწუხარო უწოდა.

„მქონდა სარწმუნო ინფორმაცია იმაზე, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ეს ინფორმაცია მართლდება. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე სუბიექტს განზრახული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილების გახმოვანება, თუმცა ეს ყველაფერი ხელს ვერ შეუშლის იმ სამუშაოს ბოლომდე მიყვანას, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში დავიწყეთ. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ჩვენთვის დასახულ მიზანს, იმ მიზანს, რომელიც ჩვენ საქართველოს პარლამენტმა დაგვისახა. ამ მუშაობის საბოლოო შედეგი იქნება ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის შემუშავება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კონსტიტუციის პრეამბულის და პირველი თავის რედაქციული შინაარსის განხილვით გაგრძელდა.

 

ხმამაღლა ვიტყვი, რომ მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს! - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 მარტი 2017 12:15
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "დღეს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების თანასწორი, სრულფასოვანი და ღირსეული წევრები არიან. მათ აქვთ პოტენციალი და შეუძლიათ საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. ჩვენ, ყველას ერთად - როგორც ამ საზოგადოების წევრებს, გვაქვს საპატიო მისია ხელი შევუწყოთ ერთმანეთს და უზრუნველვყოთ დაუნის სინდრომით მცხოვრები პირების თანასწორი ჩართულობა და მონაწილეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები და განსაკუთრებით, პოლიტიკოსები, გარანტია უნდა ვიყოთ იმისა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შევუქმნათ თანაბარი შესაძლებლობები, რათა მათ შეძლონ ისარგებლონ ყველა იმ საზოგადოებრივი სიკეთით, რასაც სახელმწიფო ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს სთავაზობს. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მათ ოჯახებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - უნდა უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და არ უნდა დავუშვათ, არც ერთი სახით, სტერეოტიპული მიდგომა და დისკრიმინაცია ნებისმიერ დონეზე. ჩვენ თანასწორნი ვართ! ჩვენ, პოლიტიკოსები, თქვენი მეგობრები ვართ. ჩემი და ჩემი კოლეგების სახელით, კიდევ ერთხელ, ხმამაღლა ვიტყვი, რომ მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!" - აღნიშნულია პარლამენრტის თავმჯდომარის განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე საქართველოს მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 მარტი 2017 12:12
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს: „ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც იზიარებს ამ დღესასწაულის სიხარულს, ვულოცავ ნოვრუზ ბაირამს. ნოვრუზ ბაირამი, ათასწლეულებია, დღისა და ღამის გათანასწორების, გაზაფხულის, განახლების და ახალი სიცოცხლის დაწყების სიმბოლოდ მიიჩნევა. მრავალი საუკუნეა, ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება საქართველოშიც, სადაც ის საერთო სახალხო დღესასწაულადაა გამოცხადებული. ჩვენი საერთო სამშობლო მულტიკულტურული, მულტიეთნიკური ქვეყანაა, ამიტომ, ნოვრუზ ბაირამი მხოლოდ ჩვენი აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების ეროვნული დღესასწაული არ არის. ჩვენ, ქართველი ხალხი, თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამ დღესასწაულს. გისურვებთ, რომ ნოვრუზ ბაირამი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის ბედნიერების, მშვიდობის და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს!"

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა მეორე ეტაპის შეხვედრები დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 28 თებერვალი 2017 12:30
საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მეორე ეტაპის შეხვედრა გაიმართა. სხდომის დასაწყისში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამუშაო რეჟიმის რეგლამენტი განმარტა და იმ პროცედურებზე ისაუბრა, რომელიც მეორე ეტაპის სამუშაოებს შეეხება. „ორი კვირის წინ ჩვენ დავასრულეთ კონსულტაციების პირველი რაუნდი და დღეს იწყება სამუშაო შეხვედრების მეორე ეტაპი, სადაც განვიხილავთ უკვე იმ რედაქციებს, რომლებიც წარმოდგენილია თქვენს წინაშე. ეს რედაქციები მომზადდა იმ შეთავაზებების შესაბამისად, რომლებიც წარმოდგენილ იქნა სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ. გამომდინარე იქიდან, რომ შემოთავაზებების რაოდენობა იყო ძალინ ბევრი და ბუნებრივია ყველა შემოთავაზება ვერ აისახებოდა ახალ რედაქციაში თუნდაც ალტერნატივების სახით, სარედაქციო ჯგუფს დაჭირდა ყველა მოსაზრების გარკვეულ დონეზე გადამუშავება, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ შეგვიძლია მიუბრუნდეთ ყველა ინიციატივას და ამის საფუძველზე გავიაზროთ თითოეული მუხლი“, - განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ სამუშაო ჯგუფის წევრებს მმართველ გუნდთან გამართულ კონსულტაციებზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ კომისიის წევრთა თხოვნის შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით უმრავლესობის პოზიციების გაცნობა შესაძლებელი გახდება, თუმცა ამ მოსაზრებებს სავალდებულო ძალა არ აქვს და მასზე მსჯელობა კვლავ გაგრძელდება. „კომისიის წევრთა თხოვნის საფუძველზე, სამუშაო ჯგუფისთვის მმართველი გუნდის პოზიციების გაცნობისთვის, შეხვედრა გაიმართა. შესაბამისად, ჩვენ დღესაც შეგვიძლია კონკრეტულ მუხლებთან და თავებთან წარმოგიდგინოთ ჩვენი მოსაზრებები. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებებს სავალდებულო ძალა არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს აქვს იმის რესურსი, რომ თუნდაც ერთპიროვნულად მიიღოს კანონი საქართველოს პარლამენტში, ამის მიუხედავად ყველა საკითხი დისკუსიისთვის და მსჯელობისთვის ღია და გახსნილია“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კონსტიტუციის პრეამბულის და ზოგადი დებულებების მუხლების რედაქციული ვარიანტების და ალტერნატივების განხილვით გაგრძელდა.

ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა განხილვა გრძელდება

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 12:50

ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელეს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს პარლამენტმა მუშაობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენით განხილვით უნდა დაიწყოს. მისი თქმით, ასევე წარმოდგენილია ალტერნატიული წინადადებები საპარლამენტო უმცირესობის მიერ და აღნიშნული პაკეტი ალტერნატიულ წინადადებებთან ერთად განიხილება.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საპარლამენტო უმცირესობიდან სერგი კაპანაძემ კანონპროექტთა ამ პაკეტის განხილვის გადადება ითხოვა. მისი თქმით, კანონპროექტების მიმართ ბევრი შენიშვნაა და კარგი იქნება თუ კონსულტაციები გაგრძელდება და კანონპროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე შემდეგ სასესიო კვირას მოხდება. მისი თქმით, ეს კანონპროექტთა პაკეტის კონსტრუქციულ რეჟიმში, საკონსტიტუციო ვადებში მიღებასაც შეუწყობს ხელს. 
„მე მქონდა კონსულტაციები იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელობასთან და მათი პოზიცია იყო, რაც გავიზიარეთ ჩვენც, რომ გავაგრძელოთ ამ კანონპროექტების პაკეტის განხილვა პირველ რიგში იმ ვადებიდან გამომდინარე, რომელიც თქვენც ახსენეთ. ჩვენ ვართ შეზღუდული ვადებით, მარტის ბოლომდე უნდა მივიღოთ სამი მოსმენით კანონპროექტთა პაკეტი. ასევე გასათვალისწინებელია კანონის მიღების შემდეგ გასავლელი შესაძლო პროცედურები. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა დღეს კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვის გაგრძელება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სხდომის დღის წესრიგში ასევე დარჩა ყველა ის საკითხი, რომლის განხილვაც მიმდინარე სასესიო კვირას იგეგმებოდა.
ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განსახილველად წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა, ასევე განიხილა საორგანიზაციო საკითხები, რომელთაგან ზოგიერთი ცნობად მიიღო, ზოგიერთი კი შემდგომი განხილვისთვის შესაბამის კომიტეტებს გადაეცა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ზაზა ხუციშვილის ინფორმაციით, კომიტეტში შემოსული იყო სამი საკანონმდებლო წინადადება დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების ჭრასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რის გამოც კომიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც კანონში შესატან ცვლილებათა შეჯერებულ ვარიანტზე ავტორებთან ერთად მუშაობს. 
ბიუროს სხდომის დამთავრებისთანავე, კანონმდებლებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.

მარიამ ჯაში კერძო კოლეჯების მეოთხე ფორუმში მონაწილეობდა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 17:00

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ კერძო კოლეჯების მეოთხე ფორუმის გახსნის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. კერძო კოლეჯების ასოციაციამ და დამსაქმებელთა ასოციაციამ 2 წლის მუშაობის შედეგები და ის გამოწვევები მიმოიხილეს, რომელიც პროფესიული განათლების სფეროს წინაშე, განსაკუთრებით, კერძო კოლეჯების წინაშე დგას.

ასოციაციის ხელმძღვანელებმა თავიანთ მოხსენებებში კერძო კოლეჯებში სტუდენტების შემცირების მიზეზებზე ისაუბრეს.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია განათლების სფეროს მიმართულებები, მათ შორის, პროფესიული განათლება, რომელსაც მისივე ინფორმაციით, განსაკუთრებული როლი ექნება მინიჭებული არა მხოლოდ 4 წლის განმავლობაში, არამედ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. „პროფესიული განათლება იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რადგან იმ 200 000-ზე მეტი დასაქმებულიდან 80%-ზე მეტი სწორედ პროფესიული განათლების კურსებზე იქნება განსაზღვრული. ჩვენ ძირითადი აქცენტები უნდა გავაკეთოთ როგორც ხელმისაწვდომობაზე, ასევე ხარისხზე და საბოლოო შედეგზე, რომელიც იქნება დასაქმების მაჩვენებლებში ასახული“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა. 

კომიტეტის თავმჯდომარემ ფორუმის მონაწილეებს დარგის განვითარების მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივებზე ესაუბრა.

მოკლევადიანი გეგმებს შორის, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა განხორციელდეს და რომელიც გადაუდებელი აუცილებლობითაა გამოწვეული, მარიამ ჯაშმა საკანონმდებლო ჩიხები დაასახელა. ერთ-ერთ მაგალითად მან მოიყვანა პროფესიული განათლების გაგრძელების შესაძლებლობა უმაღლესი განათლების სისტემებში. „ამასთან დაკავშირებით კანონპროექტი როგორც კი იქნება წარმოდგენილი, ჩვენ მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს. ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად გავმართავთ საჯარო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებთან შეხვედრებს და ვუზრუნველვყოფთ, რომ მაქსიმალურად იყოს შეჯერებული ის აუცილებელი ცვლილებები, რომელიც პირველ ეტაპზე უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება გრძელვადიან, მეორე ეტაპის ხედვას, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, მასში სწორედ ისეთი ძირეული საკითხებია, როგორიცაა დაფინანსების შესაძლებლობები, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხები. მისი თქმით, ეს თემები ბევრად უფრო სიღრმისეულ განხილვას და ანალიზს მოითხოვს. საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ დაფინანსების სქემებში განსხვავებულ მიდგომასთან დაკავშირებით მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ საჯარო და კერძო სექტორს შორის ჯანსაღი კონკურენციის შექმნა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელსაც როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების ჩართულობა და შესაბამისი გადაჭრის გზები სჭირდება.

„ჩვენი მიზანი უნდა იყოს თანაბარი პირობების შექმნა საჯარო და კერძო სექტორისთვის, იმ თანაბარი დაფინანსების მოდელების შექმნა, რომელიც რეალურად იქნება დარგის განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობა. ჩვენ ვაუჩერების სისტემა ავტომატურად კი არ უნდა გადმოვიტანოთ, არამედ დაფინანსების ერთიანი პლატფორმა უნდა შევქმნათ, რომელიც სტიმულირებას გააძლიერებს და მნიშვნელოვნად გაზრდის დასაქმების მაჩვენებელს. ჩვენ მზად ვართ სისტემის გაჯანსაღებისთვის და განვითარებისთვის, რომელიც უფრო მეტ დასაქმებამდე და უფრო მეტ ეკონომიკურ კეთილდღეობამდე მიგვიყვანს,“ - განმარტა მარიამ ჯაშმა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ხმაურის საკანონმდებლო რეგულირების მუხლის ჩამოყალიბებაზე მუშაობს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 14 თებერვალი 2017 18:09

ხმაურის საკანონმდებლო რეგულირებისა და ხმაურის ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის შესახებ ქალაქ თბილისის საკრებულომ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარმოადგინა. საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი შინაარსის 771 მუხლის დამატებას ითვალისწინებს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, სახალხო დამცველმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განიხილეს

პარლამენტის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ჭარბი ხმაურის შედეგად ირღვევა ადამიანის კონსტიტუციური უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელ და უვნებელ გარემოში. „ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ აღნიშნულ საკითხზე, რომ ერთად გადავწყვიტოთ ეს პრობლემა ისე, რომ ერთი მხრივ, დავიცვათ ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, არ დავაზარალოთ კერძო ბიზნესი და ხელი არ შევუშალოთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

„ევროპაში შესვლა მხოლოდ ვიზალიბერალიზაცია არ არის, თუ ევროპული გზა ავირჩიეთ, ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს და საცხოვრებელი გარემო - ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის უვნებელი“, - აღნიშნა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა.

საკანონმდებლო წინადადების მომზადების აუცილებლობა ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ძნელაშვილიც მიიჩნევს. მისი თქმით, მოქალაქე, რომელსაც აქვს ნორმალური ძილისა და მოსვენების უფლება, არ უნდა იყოს შეწუხებული ხმაურით, მაგრამ მისივე მოსაზრებით, კარგი იქნებოდა საკანონმდებლო წინადადების ავტორს მოეხდინა რეგულირების გავლენის შეფასება აღნიშნულ საკითხზე. 

სამუშაო ჯგუფის წევრებმა საზოგადოების იმ წარმომადგენლების მოსაზრებებიც მოისმინეს, რომლებიც პერმანენტული ხმაურით არიან შეწუხებული და რომელთა ოჯახის წევრების, განსაკუთრებით, ბავშვების ჯანმრთელობაზე მისი ზეგავლენა უარყოფითად აისახა. მოქალაქეებმა კანონპროექტის დროული მიღება და ამოქმედება მოითხოვეს. მომღერალი ლიზა ბაგრატიონი მიიჩნევს, რომ უკანონობაა ერთი ადამიანის ჯანმრთელობის შელახვის ხარჯზე მეორე გაერთოს ან ბიზნესი წარმართოს.

წარმოდგენილ დოკუმენტში დასაშვები და დაუშვებელი ხმაურის სიდიდე დეციბელებითაა განსაზღვრული, დასაშვები ნორმის ზემოთ არსებულ ხმაურზე კი შესაბამისი სანქციებია დაწესებული. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გამოიწვევს დადგენილ ნორმაზე მეტ ხმაურს, პირველ ჯერზე მიიღებს გაფრთხილებას. სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში მისი განმეორება გამოიწვევს დაჯარიმებას: ფიზიკური პირის - 150 ლარის, ხოლო იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ყოველი შემდგომი გამეორება გაორმაგებულ დაჯარიმებას გამოიწვევს.

საკონსტიტუციო კომისიამ პარლამენტის დათხოვნის წესის საკითხზე იმსჯელა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 14 თებერვალი 2017 17:25

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა დღეს მორიგი სხდომა გამართა.

სამუშაო ჯგუფმა მუშაობა კონსტიტუციის მესამე თავის განხილვით განაახლა, რომელიც საქართველოს პარლამენტს შეეხება, კერძოდ 51¹ მუხლიდან. აღნიშნული მუხლი პარლამენტის დათხოვნის შემთხვევებს შეეხება.

„ორი კვირის წინ დავიწყეთ პარლამენტის თავის განხილვა, თუმცა ვერ დავასრულეთ და დღეს განვაგრძეთ დისკუსია ამ თავთან და ჯგუფის კომპეტენციასთან დაკავშირებულ კონსტიტუციის სხვა თავებთან დაკავშირებით. ჩვენ შევჩერდით 51¹  მუხლზე და შეგვიძლია დღეს განვაგრძოთ დისკუსია ამ მუხლიდან, რომელიც შეეხება პარლამენტის დათხოვნის საკითხს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობს.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი საქართველოს კონსტიტუციის მესამე, მეექვსე და მერვე თავებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მუშაობს.

საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი მუშაობს. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.

 

იმედია ბოლომდე მივა ეს გამოძიება და გაიხსნება ეს საქმე, - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 14 თებერვალი 2017 11:40

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას გამოეხმაურა და დანაშაულის გახსნისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მადლობა გადაუხადა. განცხადება ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

მინდა, განცხადება გავაკეთო გუშინ და დღეს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს ძალიან მძიმე დანაშაულის გახსნისთვის. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ძალიან მალე, ბოლომდე მივა ეს გამოძიება და საბოლოოდ გაიხსნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. ძალიან კარგია, რომ წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ და მინდა პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარესს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო ოპერაციის შემდეგ“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის წევრებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის ახალი მექანიზმის შექმნის მნიშვნელობა შეაფასეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 31 იანვარი 2017 10:02

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის და ზედამხედველობის ახალი მექანიზმის შექმნის მნიშვნელობაზე კომენტარი გააკეთა და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელსაც ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნა განახორციელებს.

„პირველი, რაც უმთავრესია, ჩვენ გვექნება სისტემა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას, ამას მოყვება მთელი რიგი კანონპროექტების ინიცირება, რომელიც შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად შესაბამისობაში იქნება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებასთან. რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს - საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია გამოიყოფა ცალკე და გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესზე ძლიერდება კონტროლის და ანგარიშვალდებულების მექანიზმები, რაც ჩვენ როგორც პარლამენტს, ასევე ხელისუფლების სხვა შტოებს, მეტ შესაძლებლობას მისცემს, რომ განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე. მათ შორის რჩება ისეთი მნიშვნელოვანი მექანიზმები როგორიც არის საქართველოს პარლამენტის ზედამხედველობა, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი და სხვა მექანიზმები, რაც ამ პროექტში არის ასახული. მნიშვნელოვანია ასევე რომ პარლამენტის ნდობის ჯგუფს ეზრდება მანდატი და მას ექნება უფრო ეფექტური შესაძლებლობები, რომ განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერმა ახალი სსიპ-ის დამოუკიდებლობის გარანტიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრაქტიკულად ეს იქნება დამოუკიდებელი უწყება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება როგორც პარლამენტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან, ვინაიდან მისი ხელმძღვანელის დანიშვნის პროცედურას საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაცია ექნება. „როგორც ყველა სსიპ-ს, ამასაც რა თქმა უნდა სახელმწიფო შექმნის, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ სახელმწიფოს მიმართ გვაქვს ლეგიტიმური ნდობა და კანონიერების მოლოდინები. ეს პაკეტი შემუშავდა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თვლიან რომ სახელმწიფო იმსახურებს ნდობას, ამავე დროს, საჭიროა ზედამხედველობის და კონტროლის მექანიზმები“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერმა პაკეტის შემუშავებაში ჩართულ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და პარლამენტის წევრებს ხანგრძლივი და შრომატევადი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ახალი სისტემის შექმნაზე და მის მნიშვნელობაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემაც ისაუბრა. მისი შეფასებით, საკითხზე შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა ისეთი პროექტი მოამზადა, რომელიც არსებულ გამოწვევებს შესაბამისად პასუხობს.

„საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგენს ახალ პროექტს, რომელიც ნამდვილად წინგადადგული ნაბიჯია, გამომდინარე იქიდან, რომ ის პასუხობს სამივე მოთხოვნას, რაც დღის წესრიგში იდგა. ერთი - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა, მეორე - უსაფრთხოების გარანტიები და მესამე - ეს არის ადამიანის უფლებების უპრეცენდენტოდ დაზღვევის მექანიზმები. ამ პროექტის მიხედვით სასამართლო კონტროლს დამატებული პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი და ამას კიდევ დამატებული ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ხელმძღვანელის არჩევის პროცედურა მაღალ ლეგიტიმაციას მოითხოვს, მართლაც უპრეცედენტო დაცულობის მექანიზმს შექმნის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური