დავით უსუფაშვილი ევროპის ლიბერალი პოლიტიკური ლიდერების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 16:20

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ბრიუსელში იმყოფება, სადაც სპეციალური სტუმრის სტატუსით, ევროპის ლიბერალი პოლიტიკური ლიდერების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრაზე ევროკავშირის 25 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის, მთავრობების ხელმძღვანელები, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიების ლიდერები და ევროკომისიის წევრები ევროპული პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

დავით უსუფაშვილი შეხვედრის მონაწილეებს საქართველოსა და რეგიონში არსებულ ვითარებას გააცნობს და ევროკავშირის წინაშე არსებული ახალი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრებს.

განცხადების განიხილვა „საერთო სასამართლოების შესახებ“

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 15:56

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე განცხადება განიხილეს.

განცხადება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 177 მუხლის შესაბამისად, მოქალაქეებმა: დავით ჯანდიერმა, ირაკლი მოდებაძემ, ქრისტინე ჩაფიძემ, დიმიტრი ბლუაშვილმა და სესილი ბარბაქაძემ წარმოადგინეს. განცხადებას ერთვის საინიციატივო ჯგუფის წევრების მონაცემები და კანონპროეტები: „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“; „ადვოკატთა შესახებ“; „სახალხო დამცველის შესახებ“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესახებ“. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა აღნიშნა, რეგლამენტთან მიმართებაში ინიციატივის უფლების მქონე სპეციალური სუბიექტები არიან განსაზღვრული - პარლამენტის წევრი, კომიტეტი და ფრაქცია. ამიტომ კომიტეტმა მხარი დაუჭირა საინიციატოვო ჯგუფის დარეგისტრირებას კანონპროექტთა პაკეტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ პროექტის გარეშე.

ამავე მოქალაქეებმა წარმოადგინეს განცხადება არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე. წარმოდგენილ კანონპროეტთა პაკეტში, ასევე, არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ პროექტი. კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ პროექტის გარეშე კანონპროექტთა პაკეტზე საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირებას.

პარლამენტში გოგი თოფაძის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 24 ივნისი 2016 12:55

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს, რომელიც პარლამენტის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ, გოგი თოფაძემ წარმოადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტით, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოში ნებადართული საკვებდანამატები ევროკავშირში ნებადართულ საკვებდანამატებთან შესაბამისობაში მოვა, რითაც, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანო სურსათის გამოყენება იქნება უზრუნველყოფილი. მისივე თქმით, პროექტი საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სურსათის წარმოებას და მოხმარებას შეუწყობს ხელს.

წარმოდგენილი პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას ევალება საკვებდანამატების გამოყენების წესებისა და ნორმების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები 2017 წლის 1 იანვრამდე შესაბამისობაში მოიყვანოს ევროკავშირის რეგულაციასთან.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

მანანა კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 24 ივნისი 2016 10:21

სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ დებუტატებს საპარლამენტო იმუნინეტის თემაზე და საქართველოში ამ მხრივ განხორციელებულ ცვლილებებზე სიტყვით მიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, თანამედროვე მსოფლიოში იმუნიტეტი იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ-სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს, რომელიც პარლამენტის წევრის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და მასზე პოლიტიკური ზემოქმედების შესაძლებლობის შემცირებას ემსახურება.

„ჩვენი სახელმწიფოების კონსტიტუციური პრაქტიკისა და მარეგულირებელი ნორმების ანალიზის საფუძველზე, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისთვის საჭირო სტანდარტის კიდევ უფრო დასახვეწად აუცილებელია მოხდეს აზრთა გაცვლა“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერს გამოეხმაურა.

„დოკუმენტში საუბარია, რომ 2014 წლის აპრილში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილება პარლამენტის ერთ-ერთი ოპოზიციონერი წევრის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას წარმოადგენდა და მისი იმუნიტეტის შესუსტებაზე ორიენტირდებოდა. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ აღნიშნული ინფორმაცია აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ზემოთქმული შესწორებები ერთადერთ მიზანს - კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას ემსახურებოდა“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, სადეპუტატო იმუნიტეტის საკითხთან დაკავშირებით, ქართულ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები დეტალურად გააცნო.

„მეტი კონკრეტიზაციისთვის გეტყვით, რომ 2004 წლის აპრილში, საქართველოს კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნა სადეპუტატო იმუნიტეტის ის კომპონენტი, რაც პარლამენტის წევრის სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, პარლამენტის წინასწარი თანხმობის ვალდებულებას ეხებოდა. მაშინ ანალოგიური ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაშიც განხორციელდა. თუმცა, მოგვიანებით, 2010 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ, კონსტიტუციურ დებულებებთან წინააღმდეგობის მიუხედავად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ჩანაწერი კვლავ აღადგინა. აღნიშნული ჩანაწერი საპარლამენტო იმუნიტეტის იმგვარ ფარგლებს ადგენდა, როგორიც კონსტიტუციაში უკვე აღარ იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა საკანონმდებლო კოლიზიას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმით, მოყვანილი რეტროსპექტივა მკაფიოდ წარმოაჩენს საქართველოს ხელისუფლების რეალურ მოტივაციას 2014 წლის შესწორებების განხორციელებისას.

როგორც მანანა კობახიძემ აღნიშნა, საქართველო აღარ არის ისეთი ტიპის ქვეყანა, სადაც საკანონმდებლო ცვლილებები ნებისმიერი მოქალაქის და მით უმეტეს, დეპუტატის დევნის ინსტრუმენტად შეიძლება იქნეს გამოყენებული.

„ჩვენ დღეს ვაშენებთ თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელშიც დაცული და გარანტირებულია ადამიანის უფლებები.

მინდა შეგახსენოთ, რომ საპარლამენტო იმუნიტეტი არ არის მხოლოდ პრივილეგია და არც ერთგვარი ფარი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. პირიქით, ჩვენ ჩვენი სტატუსი გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე, რომ ვიყოთ განსაკუთრებით კანონმორჩილი, სამაგალითო მოქალაქეები!“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 22 ივნისი 2016 13:10

19-24 ივნისს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესია მიმდინარეობს, რომლის მუშაობაშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია მონაწილეობს. სესიის ფარგლებში, ასამბლეის კომიტეტებისა და პოლიტიკური ჯგუფების სხდომები იმართება, სადაც დელეგაციის წევრები შესაბამის კომიტეტებში, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაში იღებენ მონაწილეობას.

სესიის პირველ დღეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამართულ თავისუფალ დებატებზე, სიტყვით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოვიდა. მან თავის გამოსვლაში საქართველოში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ საქართველო იმყოფება დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელოვანი რეფორმების გზაგასაყარზე და ადამიანის უფლებათა დაცვა ყოველთვის იყო ხელისუფლების პოლიტიკური დღის წესრიგის უმაღლესი პრიორიტეტი. „ჩვენ უკვე მივიღეთ ათობით შესწორება შესაბამის კანონმდებლობაში, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, პრევენციის და სასჯელის გამკაცრებისთვის ძალადობის ნებისმიერი სახის გამოვლინებასთან დაკავშირებით საარჩევნო უბანზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მთავრობა არ იქნება ტოლერანტული მსგავსი ტიპის მოძალადეებთან. ვერცერთი ქვეყანა ვერ იქნება აბსოლიტურად იდეალური ან დაზღვეული რაიმე სახის ინციდენტებისგან, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რომლის დროსაც დაძაბულობა ისედაც მატულობს, მაგრამ მთავარი მიზანი არის გვქონდეს შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტები და პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ მივიღოთ ეს გამოწვევები და მმართველი პარტია არის გარანტი, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩაივლის ძალიან გამჭირვალე და სრულ შესაბამისობაში დემოკრატიულ პრინციპებთან“ - აღნიშნა თავის გამოსვლაში ეკა ბესელიამ.

20 ივლისს, სტრასბურგში, ქართული დელეგაციის წევრები ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრსმარინა კალიურანდის შეხვდნენ. შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ვიზალიბერალიზაციის მოლოდინზე ისაუბრეს. როგორც მედიასთან საუბარში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა: „მინდა დაგარწმუნოთ, რომ ესტონეთი და მთელი ევროკავშირი მხარს უჭერს უვიზო რეჟიმის მინიჭებას საქართველოსთვის და ამაზე არავითარი ეჭვები არ არსებობს, კითხვაა მხოლოდ როდის. მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ესტონეთი გააკეთებს ყველაფერს დღის წესრიგში საკითხის შესანარჩუნებლად. ეს არის ნდობის და მობილურობის საკითხი. ევროკავშირმა უნდა შეასრულოს დაპირებები. საქართველომ, თავიხ მხრივ, რაც საჭირო იყო, ყველაფერი გააკეთა, ახლა ევროკავშირზეა გადაწყვეტილების მიღება“. ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრა პოზიტიურად შეაფასეს და მადლობა გადაუხადეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ქვეყნის მხარდაჭერისთვის.

20 ივლისის ასამბლეის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემანანა კობახიძე „სამხედრო ძალებში თანასწორობის ხელშეწყობასა და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრაზე წარმოდგენილ“ მოხსენებაზე სიტყვით გამოვიდა. თავის გამოსვლაში მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების 7 პროცენტზე მეტს ქალები წარმოადგენენ. მათ შორისაა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მომუშავე ქალი. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველად ქართულ რეალობაში თავდაცვის უწყებას ქალი მინისტრი ხელმძღვანელობს. ხოლო, ზოგადად, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში დასაქმებულთა დაახლოებით 45 პროცენტი ქალები არიან.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაში საქართველოს პარლამენტიდან, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი და ჩიორა თაქთაქიშვილი მონაწილეობენ.

დავით უსუფაშვილი პარაგვაის რესპუბლიკის კოგრესის დელეგაციას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 21 ივნისი 2016 15:28

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარაგვაის რესპუბლიკის კონგრესის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ვალტერ ჰარმსთან და დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას საფუძველი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის პარაგვაის რესპუბლიკაში ვიზიტისას ჩაეყარა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესის დელეგაციის წევრებს საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის სურვილია, ურთიერთობები ყველა მიმართულებით გაღრმავდეს.

ვალტერ ჰარმსის თქმით, პარაგვაი დაინტერესებულია საქართველოსთან დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებით. პარაგვაის რესპუბლიკის კონგრესის წევრების განცხადებით, მათი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

შეხვედრაზე გეოპოლიტიკურ ვითარებასა და იმ ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრეს, რაც საქართველოსა და პარაგვაის შორის არსებობს. მხარეების თქმით, საჭიროა, ურთიერთობები გააქტიურდეს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, კერძო სექტორის დონეზე. 
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საპატიო კონსული პარაგვაიში, კონრადო პაპალარდო, რომელსაც დავით უსუფაშვილმა საქართველოსა და პარაგვაის რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიები ფართოვდება

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 21 ივნისი 2016 13:11

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიები ფართოვდება და დღეს მოქმედი თბილისის და ქუთაისის სასამართლოებს, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავისა და გორის სასამართლო დაემატება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“. მთავრობის მიერ საკანონმდებლო წესით წარმოდგენილი კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, სამოქმედო ტერიტორიების გაზრდა სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას შეესაბამება, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, როგორც დიდ ქალაქებში ასევე რაიონულ ცენტრებში მოქმედებს. ცვლილებები ნაფიც მსაჯულთა შერჩევის კრიტერიუმებზეც გავრცელდება და მცირდება იმ შეზღუდვების ჩამონათვალი, რომელიც პიროვნების ნაფიც მსაჯულად შერჩევის ზღუდავდა. კერძოდ კი, ჩამონათვალიდან ამოდის განსაზღვრული პროფესიების წარმომადგენლები როგორებიცაა გამომძიებელი, პოლიციელი, იურისტი, ფსიქოლოგი და ფსიქიატრი. საკითხის განხილვისას კომიტეტის წევრების მხრიდან გარკვეული შენიშვნები და მოსაზრებები გამოითქვა. კომიტეტმა პრინციპების დონეზე მოიწონა წარმოდგენილი კანონპროექტი და მხარი დაუჭირა მის პლენარულ სხდომაზე გატანას. ცვლილებების პროექტს კანონმდებელი დაჩქარებული წესით განიხილავენ.

დაჩქარებული წესით იმსჯელებენ დეპუტატები „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ შესატან ცვლილებების პროექტზეც, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ წარმოადგინა. მომხსენებლის შეფასებით, ცვლილებები უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების რეგულირებასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად მომზადდა და მიზნად ისახავს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის კანონიერი ინტერესების დაცვას. ცვლილებების მიღების შემთხვევაში უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული იქნება მოპასუხის ის ქონება, რომლის ღირებულებას სარჩელის ფასის შესაბამისია, რაც მოპასუხეს შესაძლებლობას მისცემს გამიჯნოს ქონება იმგვარად, რომ ყადაღის ქვეშ მხოლოდ სარჩელით მოთხოვნილი შესაბამისი ქონება მოექცეს. გედევან ფოფხაძის განმარტებით, არაპროპორციულად მეტი ღირებულების ქონების უზრუნველყოფის სახით გამოყენება მესაკუთრის, განსაკუთრებით კი მეწარმე სუბიექტის ეკონომიკურ საქმიანობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას კი წარმოდგენილი ცვლილებები უზრუნველყოფს.

პარლამენტის დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 20 ივნისი 2016 11:47

20 ივნისს ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესია გაიხსნა, სადაც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს.

სესიის ფარგლებში, ასამბლეის კომიტეტებისა და პოლიტიკური ჯგუფების სხდომებიც გაიმართება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაში საქართველოს პარლამენტიდან, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი და ჩიორა თაქთაქიშვილი მონაწილეობენ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია თბილისში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 17 ივნისი 2016 13:31

1-5 ივლისს საქართველოს დედაქალაქი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრად გადაიქცევა. თბილისი ხუთი დღის განმავლობაში მსოფლიოში უსაფრთხოების უდიდესი რეგიონული ორგანიზაციის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლებს თემით: „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ფორუმს 700-ზე მეტი სტუმარი დაესწრება მისი წევრი 57 ქვეყნიდან. ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელსაც ეუთოს გენერალური მდივანი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები, ვიცე-სპიკერები და კანონმდებლები დაესწრებიან, ეუთოს ქვეყნების სივრცეში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს, ეკონომიკურ თანამშრომლობას, ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებს და მიგრაციის გლობალურ პრობლემებს განიხილავენ. საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება ყოვლისმომცველი და ისტორიული „თბილისის დეკლარაციის“ მიღებით და ასამბლეის პრეზიდენტის არჩევით დასრულდება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ყოველწლიური სესია ორ მნიშვნელოვან თარიღს ემთხვევა - 2016 წელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა 25 წლის იუბილეს აღნიშნავს, საქართველო კი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავს ზეიმობს.

აღნიშნული ფორმატის შეკრებას საქართველო პირველად უმასპინძლებს, რაც პოლიტიკურ რუკაზე ქვეყნის ავტორიტეტსა და შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. საპარლამენტო ფორუმი საქართველოს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების კიდევ უფრო წინ წამოწევის შესაძლებლობას მისცემს. ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საორგანიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმის დაწყებამდე ორი კვირაა დარჩენილი.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება 1-5 ივლისს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე გაიმართება.

"გერმანული მოდელი"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 10 ივნისი 2016 12:19

შეძლებს თუ არა უმცირესობა თემატური უმრავლესობის მოგროვებას - საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელს დეპუტატები დღევანდელ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. ცვლილებები ,,საარჩევნო კოდექსში” შედის. ე.წ. გერმანული მოდელი არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მანდატების განაწილების წესის შეცვლას ითვალისწინებს. კანონპროეტქის ინიციატორი ფრაქცია ,,რესპუბლიკელები” იმედოვნებენ, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტს შეწყვეტს და პლენარულ სხდომას დაესწრება - ნოდარ ჩაჩუა დეტალებით ქუთაისიდ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური