დავით უსუფაშვილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 18:14

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე, დარკო პაიოვიჩი მიიღო, რომელიც თბილისში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიაზე დასასწრებად იმყოფება.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე, თბილისში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიაზე, საქართველოსა და მონტენეგროს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგას მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანება კიდევ ერთხელ მიულოცა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა და დარკო პაიოვიჩმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ორ ქვეყანას ბევრი საერთო მიზანი და ამოცანა აქვს.

ეკა ბესელია საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 13:41

3-6 ივლისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილებას და მოხსენებით გამოვა. იგი საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიღწევებსა და სიახლეებზე პრეზენტაციას წარადგენს. ღონისძიება ვესტმისტერის დემოკრატიული ფონდის მიერ არის ორგანიზებული.

ადამიანის უფლებებისა და პარლამენტარიზმის საკითხებში ვესტმისტერის საერთაშორისო ექსპერტებმა შეაფასეს საქართველოს, ხორვატიის, მაკედონიის და სხვა ქვეყნების პარლამენტების ადამიანის უფლებათა კომიტეტების საქმიანობა და წარუდგინეს კონკრეტული რეკომენდაციები.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა წარმატებით შეასრულა ყველა ეს რეკომენდაცია და მას სხვა ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი მიღწევები აქვსსაქართველო შეაფასეს როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა, რომელმაც აღნიშნული რეკომენდაციები შეასრულა.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თავისი მოხსენებით პოზიტიურ გამოცდილებას გაუზიარებს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს, კერძოდ, ისაუბრებს თუ რა სიახლეები დანერგა ადამიანის უფლებათა კომიტეტმა და როგორ შეძლო ეს. კომიტეტის მიერ დანერგილი ახალი ფორმატები კი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას გულისხმობს. 

ვესმისტერის დემოკრატიული ფონდის ორგანიზებულ ღონისძიებას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე და კომიტეტის წევრი მერაბ კაჭახიძეც დაესწრება.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებულ 17-პუნქტიან რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 11:56

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების საერთო კომიტეტმა საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებულ 17-პუნქტიან რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის დამატებითი პუნქტი „კონფლიქტი საქართველოში“ კომიტეტის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ წარუდგინა. რეზოლუციის მიღების შემდეგ დავით უსუფაშვილმა მასმედიის წარმომადგენლებთან მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მის შესახებ კომენტარი გააკეთა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურმა კომიტეტმა ამ წუთში კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა ჩვენ მიერ ინიცირებულ რეზოლუციას საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით, რომელშიც ძალიან მკაფიოდ ხაზგასმულია ყველა ის პრობლემა, რაც გვაქვს და ყველაფერს დარქმეული აქვს თავისი სახელი, რუსულ ოკუპაციას, იმ პრობლემებს რაც ქვეყანაშია და მოუწოდებს ეს რეზოლუცია და 57 ქვეყანა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ყველა ქვეყანას, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას რომ განუხრელად იყოს დაცული საერთაშორისო სამართლის პრინციპები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი. რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის აგვისტოში ევროკავშირის შუამავლობით დადებული ხელშეკრულება და მისცეს დევნილებს საშუალება დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში, გაიყვანოს შეიარაღებული შენაერთები ამ ტერიტორიებიდან და უარი თქვას საქართველოს რეგიონების სახელმწიფოებად გამოცხადებაზე და აღიარებაზე. როგორც დებატებისას ჩვენმა მხარდამჭერმა პარლამენტის წევრებმაც აღნიშნეს, დოკუმენტი უპრეცედენტოდ მკაფიოა და შეიძლებოდა მისი ცოტა დაბალანსებაც, მაგრამ ყველამ ერთხმად გადაწყვიტა მხარი დაეჭირა ამ დოკუმენტისთვის, გარდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებისა. ჩვენ ეს არ გაგვკვირვებია, იმიტომ, რომ ამ დოკუმენტით მსოფლიოს 56 ქვეყანა ეუბნება ერთ ქვეყანას, რომ დაიცვას ის სტანდარტები, რაც დასაცავია,"- განაცხდა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი ევროპის ლიბერალ-დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 09:58

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ევროპის ლიბერალ-დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრაზე თბილისში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე და ევროპაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. მხარეებმა განიხილეს ევროპის ლიბერალ-დემოკრატების ფრაქციის პოლიტიკური სტრატეგიაც. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.

„კონფლიქტი საქართველოში“ - რეზოლუციის პროექტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 09:52

რეზოლუციის პროექტს - „კონფლიქტი საქართველოში“, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში, პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების საერთო კომიტეტი დღეს განიხილავს. 

რეზოლუციის პროექტის მიღების შემთხვევაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ხელახლა გამოუცხადებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.პროექტში საუბარია საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობაზე, რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევასა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებში - აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებასა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და მიწაყრილების აღმართვის პროცესზე.

ასევე, ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის შეზღუდვის გამო, ვერ ახერხებს სრულად განახორციელოს მინიჭებული მანდატი.

რეზოლუციის პროექტი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს გაიწვიოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და დაუშვას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების გამოყენება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ეუთოს, გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს ორგანიზაციის ჩართულობა საქართველოში და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მისი როლი გაიზარდოს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის გახსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 ივლისი 2016 17:52

თბილისში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია გაიხსნა, რომელსაც ეუთოს წევრი ქვეყნების 700-ზე მეტი სტუმარი ესწრება. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა.

გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიების მნიშვნელობა შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყურადღების ცენტრში მოექცევა.

„სიმბოლური დამთხვევაა, რომ სწორედ წელს, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს აღნიშნავს, ჩვენ ვმასპინძლობთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას. ჩვენ დიდად ვაფასებთ საპარლამენტო ასამბლეის ფორმატს და, ზოგადად, მის წვლილს ეუთოს საქმიანობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყურადღების ცენტრშია. მოგეხსენებათ, დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, საქართველო გახდა ეუთოს მონაწილე ქვეყანა და აქტიურად ჩაერთო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით," - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ეუთო, ტრადიციულად წარმოადგენდა ორგანიზაციას, სადაც მიიღებოდა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გათვალისწინებით, ევროპას დღეს სჭირდება ძლიერი და ქმედითი ეუთო, რომელიც არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხებს.

„ეს მთლიანად ეხება საქართველოში შექმნილ ვითარებასაც. დღეს, ჩვენს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მიუხედავად, საქართველოში ეუთოს მისია აღარ არსებობს. დამეთანხმებით, ამგვარი ვითარება სრულიად მიუღებელია. ამასთან, ეუთოს სივრცე და, კერძოდ, სამხრეთი კავკასიის რეგიონი, აღმოჩნდა ჩვეულებრივი შეიარაღების შემზღუდავი საერთაშორისო მექანიზმის გარეშე. შედეგად, მივიღეთ შეიარაღების უკონტროლო ზრდა სამხრეთ კავკასიაში. სიტუაციის სტაბილიზება და შემდგომი გართულების თავიდან აცილება მხოლოდ ყველა საერთაშორისო მექანიზმის, მათ შორის, უპირველესად, ეუთო-ს აქტიური ჩართულობით არის შესაძლებელი," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ტრიბუნიდან მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა სამძიმარი თურქ ხალხს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალთა გაერთიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო უკვე წლებია თავისუფალი მსოფლიოს გვერდით დგას ტერორიზმთან ბრძოლაში და საქმით დაამტკიცა, რომ არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.
გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის როლზე და სინანული გამოთქვა ბრიტანელი ხალხის არჩევანის გამო. მისი თქმით, მშვიდობისა და თანამშრომლობის ევროპულ პროექტს ალტერნატივა არა აქვს და ის აუცილებლად გაგრძელდება.
„დღეს ევროკავშირი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან და ძლიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირს მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად დღევანდელი სერიოზული სირთულეებისა - ვგულისხმობ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას - ევროკავშირის ძალა და სიმტკიცე, სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება. მე პატივს ვცემ ბრიტანელი ხალხის არჩევანს, თუმცა მინდა სინანულიც გამოვხატო," - განაცხადა პრემიერმა.

საქართველო პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დღეს, 1-ელ ივლისს, ძალაში სრულად შევიდა ასოცირების ხელშეკრულება. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში თვისებრივად ახალი ეპოქა იწყება, რაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაა.

„ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის გააზრებული არჩევანია, რადგანაც ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ეს არის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა. მინდა გითხრათ, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ამ ეტაპზე ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. მოლოდინები საქართველოში ძალიან დიდია. უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული ჩვენი - ზოგჯერ მტკივნეული - ევროპული ტრანსფორმაციის გზაზე. ერთი მხრივ, მოსახლეობა დაინახავს, რომ ევროპულ არჩევანს ხელშესახები სარგებელი მოაქვს. მეორე მხრივ კი, დაუბრკოლებელი კავშირები ჩვენს საზოგადოებებს შორის დიდ წვლილს შეიტანს ევროპული ღირებულებებისა და იდეების გაზიარებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომ, გამოვთქვამთ იმედს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება," - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა, რომ დღეს, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. მისი განმარტებით, 2012 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ცდილობს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაციას: აღდგა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, გვარდება გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემები. პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის მიმართ პრაგმატული კურსის მიუხედავად, სერიოზული საფრთხეები რჩება აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ; ხდება ხელოვნური ბარიერების აღმართვა და მიმდინარეობს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაცია, რაც უარყოფითად აისახება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ტრიბუნიდან გიგა ოთხოზორიას სასტიკ მკვლელობაზე ისაუბრა.
„აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებს და ჰუმანიტარული მდგომარეობის სიმძიმეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ახლახან, სოფელ ხურჩაში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შეუიარაღებელი ქართველი მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობა. აღნიშნული ინციდენტები სერიოზულ რისკებს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოებას. ეს გამოწვევები და რისკები ახალი ხედვების შემუშავებისა და ერთობლივი ქმედების აუცილებლობას გვკარნახობს," - განაცხადა პრემიერმა.
გამოსვლის დასასრულს გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებისა და სტაბილური განვითარებისთვის განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს შეეხო და ამ პროცესში ეუთოს, მისი დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. პრემიერი მიიჩნევს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესების სრული გამჭვირვალობა საქართველოს ხელისუფლების პრესტიჟის საქმე და ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის ტესტია.

„საქართველოს მთავრობა არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა წლევანდელი არჩევნებიც ასევე ღია, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, რითაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს წინსვლას დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად წელს კიდევ უფრო მეტი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია გვყავს მოწვეული. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ტრადიციულად წარმოადგენს ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ და კომპეტენტურ სადამკვირვებლო მისიას, წლევანდელ არჩევნებზეც სათანადოდ იქნება საქართველოში წარმოდგენილი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან ერთად. მზად ვართ, მივიღოთ დამკვირვებელთა მაქსიმალური რაოდენობა, რათა უზრუნველვყოთ საარჩევნო პროცესების სრული გამჭვირვალობა. გულწრფელად გეტყვით: ეს ჩვენი ხელისუფლების პრესტიჟის საქმეა, საბოლოოდ კი - ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის ტესტია და, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ტესტს ღირსეულად ჩავაბარებთ," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები, ვიცე-სპიკერები და კანონმდებლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 ივლისი 2016 13:28

ევროპის საბჭო მყარად დგას საქართველოს გვერდით, - ეს განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე გააკეთა.
საუბრის ძირითადი თემები საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობა, მომავალი საპარლამენტო არჩევნები და რეგიონში არსებული ვითარება იყო.
პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიესალმება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში პედრო აგრამუნტის პირველ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რაც საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ღრმა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე მიუთითებს.
ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, ჩაატაროს საუკეთესო, დემოკრატიული და ყველაზე თავისუფალი არჩევნები საქართველოს ისტორიაში. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ მიზანს ემსახურება მათ შორის ის ნაბიჯიც, რომ ხელისუფლება, არჩევნებზე დასაკვირვებლად, სხვადასხვა ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის რაც შეიძლება მეტ დამკვირვებელს იწვევს.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა იმ კომპლექსურ რეფორმებზე, რომლებიც მთავრობამ, 2012 წლიდან დღემდე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულებით განახორციელა და აღნიშნა, რომ ამაზე, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებიც მიუთითებს.
შეხვედრისას საუბარი, ასევე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას შეეხო. ამ კონტექსტში მხარეებმა ხურჩაში, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ დამნაშავე სათანადოდ უნდა დაისაჯოს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსეთის დელეგაციას ნიკოლაი კოვალიოვი უხელმძღვანელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 ივლისი 2016 10:50

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო 25-ე ყოველწლიურ სესიაში რომელიც თბილისში იმართება, მონაწილეობას მიიღებს ღუსეთის დელეგაცია. რუსეთის დელეგაციას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი  ნიკოლაი კოვალიოვი უხელმძღვანელებს.  კოვალიოვი 1996-1998 წლებში  რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. 

1-5 ივლისს თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიური სესია გაიმართება. 

დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-წლიანი ისტორიის მანძილზე საქართველო პირველად უმასპინძლებს მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის პოლიტიკურ მოვლენას - მსოფლიოში უდიდესი უსაფრთხოების ორგანიზაციის საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმს, რომლის თემაა „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“. ეუთოს 57 წევრი ქვეყნის 600-ზე მეტი სტუმარი საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მედიის თავისუფლების საკითხებზე მოხსენებებს გაეცნობა და შესაბამის რეზოლუციებს მიიღებს.

 

 

თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია დღეს დაიწყება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 ივლისი 2016 10:46

1-5 ივლისს თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიური სესია გაიმართება. ხუთი დღის განმავლობაში თბილისი საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრად იქცევა.

დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-წლიანი ისტორიის მანძილზე საქართველო პირველად უმასპინძლებს მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის პოლიტიკურ მოვლენას - მსოფლიოში უდიდესი უსაფრთხოების ორგანიზაციის საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმს, რომლის თემაა „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“. ეუთოს 57 წევრი ქვეყნის 600-ზე მეტი სტუმარი საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მედიის თავისუფლების საკითხებზე მოხსენებებს გაეცნობა და შესაბამის რეზოლუციებს მიიღებს.

1 ივლისს საპარლამენტო ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ილკა კანერვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი. ამასთან, სესიას დაესწრებიან ბოსნია-ჰერცეგოვინის პარლამენტის თავმჯდომარე ბარისა გოლაკი და მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე დარკო პაჟოვიჩი.

საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება ორგანიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა და მასში მონაწილეობას ეროვნული პარლამენტების წევრების გარდა პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტები, დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება პრეზიდენტის არჩევით და ყოვლისმომცველი „თბილისის დეკლარაციის“ მიღებით დასრულდება, რომელშიც ასამბლეის მნიშვნელოვანი განცხადებები, პოლიტიკური რეკომენდაციები და გზავნილები იქნება ასახული. დეკლარაცია ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და ეროვნულ პარლამენტებს გადაეგზავნებათ.

ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 17:00

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა. ანა დოლიძე  გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა.

პრეზიდენტის თქმით,  დოლიძის პირველი დავალება პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებას უკავშირდება.

”ანა დოლიძე დღეიდან საპარლამენტო მდივნის ფუნციას იტვირთავს. პირველივე მისი დავალება და საქმიანობა დაკავშირებული იქნებაუზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებასთან,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური