არჩევნების დღემდე პარლამენტი სრულფასოვანი საკანონმდებლო ორგანოა, - დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 17:28

საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დღევანდელი ბიუროს სხდომით მე-8 მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია გაიხსნა. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

„დღეს ჩვენ 2016 წლის 6 სექტემბერს, ვმართავთ პარლამენტის ბიუროს სხდომას, რომელიც სპეციფიკური სხდომაა, რადგან კონსტიტუციის და რეგლამენტის შესაბამისად, ამ ბიუროს მოწვევით ვხსნით საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიას. საშემოდგომო სესია გახსნილია და ახლა უკვე საპარლამენტო ფორმატში განვაახლებთ პარლამენტის მუშაობას და ბიუროს სხდომაზე ხვალინდელი, 7 სექტემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგის საკითხებს დავგეგმავთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ 8 სექტემბრის და შემდგომი პერიოდის პარლამენტის მუშაობის პროცედურებიც განმარტა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ერთი თვით ადრე, როგორც წესი, პარლამენტი პლენარული სხდომების რეჟიმში არ მუშაობს და შეკრება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული აუცილებლობა იქნება. სხვა შემთხვევაში კი ხვალინდელი პლენარული სხდომით პლენარული სხდომების მუშაობა სრულდება.

 კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო და შევახსენო ყველას - არჩევნების დღემდე პარლამენტი სრულფასოვანი საკანონმდებლო ორგანოა და სრული უფლება გვაქვს შევიკრიბოთ, ნებისმიერ საკითხზე ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები როგორც რიგგარეშე, ასევე ჩვეულ რეჟიმში. რაც შეეხება არჩევნების დღიდან, ანუ 8 ოქტომბრიდან ახალი პარლამენტის შეკრების დღემდე პერიოდს, პარლამენტი საკანონმდებლო ფუნქციას არ ასრულებს, მაგრამ არის ორგანო, რომელიც შეიკრიბება, თუ გადაუდებელი საჭიროება შეიქმნა, რაც განსაზღვრულია კონსტიტუციით“, - განმარტა დავით უსუფაშვილმა.

ბიუროს სხდომაზე 7 სექტემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგის საკითხებზე, ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. როგორც განხილვისას აღინიშნა პლენარული სხდომის დღის წესრიგი 8 კენჭსაყრელ და 23 განსახილველ საკითხს მოიცავს და მათ შესაძლოა ის საკითხები დაემატოს, რომლებზეც მსჯელობას კომიტეტები პლენარული სხდომის დაწყებამდე გამართავენ.

ბიუროს გადაწყვეტილებით, 7 სექტემბრის პლენარული სხდომა 13.00 საათზე დაინიშნა.

 

ჩვენი მიზანია ადმინისტრირების სრულყოფა, - ურაბ ტყემალაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 15:34

საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენცია განიხილეს დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, კონვენცია ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკური კავშირების გაფართოებას შეუწყობს ხელს იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს ეკონომიკური ინტერესები გააჩნია. „ორმაგი დაბეგვრის ძირითადი მიზანია საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეშვეობით საქონლის და მომსახურების გაცვლის, ასევე კაპიტალის და ადამიანის გადაადგილების ხელის შეწყობა, ამასთანავე, გადასახადების გადაუხდელობის და მათგან ტავის არიდების აღკვეთა“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 

გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათების დასაზუსტებლად „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. ინიციატორის, ზურაბ ტყემალაძის განმარტებით, დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული ან დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის მარეგულირებელი ნორმები დღემდე არ არსებობს.

„ჩვენი მიზანია ადმინისტრირების სრულყოფა, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება, გადაზიდვის მომსახურების ხელშეწყობა, ადგილობრივი კინოინდუსტრიის ხელშეწყობა, აგრეთვე იმ საკითხთა სამართლებრივი რეგულაციის მოწესრიგება, რაც დაკავშირებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლისა და ჰუმანიტარული დახმარების მიზნით შემოტანილი საქონლისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებასთან“, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ. 

კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას.

არ უნდა დავუშვათ, რომ დემოკრატიზაციის პროცესი შეჩერდეს, - დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 15:23

თბილისის საერთაშორისო ორდღიანმა კონფერენციამ - „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ მუშაობა დაიწყო. კონფერენციის პირველ დღეს დისკუსიაში - „ქართული დემოკრატიის გაძლიერება“ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული დემოკრატიის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერთან, ირაკლი ალასანიასთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, დავით ბაქრაძესთან ერთად ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დემოკრატია მხოლოდ ქართველი ერის არჩევანი არ არის. როგორც დავით უსუფაშვილმა განმარტა, ქართველი ხალხის უმრავლესობას სწამს, რომ დემოკრატია სახელმწიფოს აშენების, ეკონომიკის განვითარებისა და კეთილდღეობის ერთადერთი გზაა. „ჩვენ რამდენჯერმე დავამტკიცეთ, რომ საქართველოში არადემოკრატიული სისტემა დიდხანს ვერ ძლებს და მას მოკლევადიანი ეფექტების მოტანაც კი არ შეუძლია ხალხისთვის“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, დემოკრატიის გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს მოდერნიზაციაც. როგორც დავით უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, უკანასკნელმა 25 წელიწადმა დაამტკიცა, რომ არ არსებობს ერთი მიზეზიც კი, რის გამოც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების პროცესი უნდა შეფერხდეს. დემოკრატიის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დემოკრატია სახელმწიფოს შიდა განვითარების სტრატეგიული საკითხია.

„ყველა მსგავსი ტიპის კონფერენცია ხაზს უსვამს, რომ საქართველო ამ რეგიონში დემოკრატიზაციის კუთხით გარკვეული მიღწევების ყველაზე ნათელი მაგალითია. და ეს ასეა, როდესაც საქართველოს დასავლეთიდან ვუყურებთ და მას რუსეთის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის ფონზე ვხედავთ. მაგრამ თუ მას სხვა მხრიდან შევხედავთ - აღმოსავლეთიდან და მის ფონზე ევროპის ქვეყნებს დავინახავთ, შევამჩნევთ, რომ არსებობს პრობლემები, რომლებიც უნდა დავძლიოთ. რას ნიშნავს ეს? საქართველო თავისი ადგილმდებარეობის გამო გახდა ძალიან მნიშვნელოვანი - გავრცელდება ამ რეგიონში დემოკრატია თუ ვიქნებით არა არადემოკრატიული სამყაროს ნაწილი. საქართველოში დემოკრატიის წარმატება იქნება ზოგადად ევროპაში, დასავლეთში დემოკრატიის, მშვიდობისა და სტაბილურობის წარმატება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, საქართველოს საკმაოდ რთული ამოცანისთვის უწევს თავის გართმევა და წარმატების მოსაპოვებლად აუცილებელი და მნიშვნელოვანია დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორების მკაფიო მხარდაჭერა. „იმისთვის, რომ მოვიპოვოთ მხარდაჭერა, ჩვენ გვაქვს ერთი აბსოლუტური პირობა: საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, „მთავარი მიზეზი, რის გამოც დასავლეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ისა, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული. იმიტომ, რომ დემოკრატიები ერთმანეთს არ ტოვებენ, ისინი ერთმანეთს ეხმარებიან. როდესაც საქართველო იქნება დემოკრატიული, მას დაეხმარებიან და მხარს დაუჭერენ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპული ქვეყნები - ეს არის საუკეთესო დაცვა. როდესაც საქმე მიდგება საქართველოს საერთაშორისო ინტეგრაციაზე - საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული და სწორედ ესაა ჩვენი გზა ევროპისკენ. ასე რომ, დემოკრატია პრაქტიკულად, ქვაკუთხედია ყველაფრისთვის - უსაფრთხოებისთვის, განვითარებისთვის და საერთაშორისო ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა. 

დისკუსიაში მონაწილეობისას, დავით უსუფაშვილმა ისაუბრა რუსულ პროპაგანდაზეც და აღნიშნა, რომ პროდასავლური პოლიტიკური ძალები ბევრ დროს და ენერგიას ხარჯავენ ერთმანეთთან დებატებში, ხალხისთვის საერთაშორისო პროცესების უკეთ ახსნის ნაცვლად, რამაც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შესაძლოა, ანტიევროპული განწყობა გამოიწვიოს. დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოში რუსული რბილი ძალა გააქტიურდა და რუსული პროპაგანდისა და პრორუსული განწყობების მქონე პოლიტიკური სუბიექტების გაძლიერების ფონზე, პროდასავლურმა ძალებმა, დაპირისპირების ნაცვლად, საერთო საკითხებზე ერთობის მისაღწევად მეტი ძალისხმევა უნდა გასწიონ. „ჩვენ გვაქვს პრობლემები და ეს შეიძლება გამოყენებული იყოს იმ ძალების მიერ, რომლებსაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ უნდა. ამ დროს პროდასავლური ძალები ერთმანეთთან დებატებში შევდივართ და უფრო ხშირად ვართ ჩართული პარტიებს შორის შეხლა-შემოხლით და ამაზე მივმართავთ ჩვენს დროს. ხომ არ სჯობდა, უფრო კარგად აგვეხსნა ხალხისთვის, მაგალითად, რა პროცესები მიმდინარეობს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რატომ გაჭიანურდა პროცესი? ეს არის საერთაშორისო პროცესი, რომელიც კარგად უნდა იქნას ახსნილი ხალხისთვის, თორემ შეიძლება, გამოიწვიოს ანტიევროპული განწყობები, რაც ყველასთვის საფრთხეა. ამიტომ, უნდა გავერთიანდეთ არამარტო მაშინ, როცა საერთო საფრთხე არსებობს, არამედ მაშინაც, როდესაც საერთო სარგებლის მიღება გვინდა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დისკუსიაში მონაწილეობის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი მედიასთანაც გააკეთა.

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ ის, რომ დღეს, 2016 წელს, დემოკრატიზაციის პროცესი შეჩერდეს. შეჩერების საფრთხე დემოკრატიას დაემუქრება თუ საქართველოში მრავალპარტიული პარლამენტი არ გვეყოლება, თუ საქართველოში არ გვექნება ის ვითარება, როდესაც ხელისუფლების სათავეში არიან პოლიტიკური გუნდები. თუ ჩვენ მივალთ იქამდე, რომ ხელისუფლებაში არიან მონდომებული, გულანთებული ადამიანები, მაგრამ არა პოლიტიკური გუნდები პოლიტიკური მსოფლმხედველობით და იდეებით, მაშინ ჩვენ გვექნება ეს საფრთხე. რუსულ პროპაგანდასთან გამკლავება საჭიროა გაცილებით აქტიური ჩვენივე საქმიანობით. რუსული არხების დახურვა ეს არ არის გამოსავალი იმიტომ, რომ დღევანდელ მსოფლიოში, დღევანდელ საქართველოში ვერ დაიხურება ვერანაირი საინფორმაციო არხი ბოლომდე. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მეტი. რუსულ პროპაგანდას ექნება ნოყიერი ნიადაგი, როდესაც მას ქვეყანაში ხვდება იმ ტიპის სახიფათო, ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისთვის სახიფათო იდეები, როგორიც არის - უბლოკო სტატუსი, როგორიც არის -ნეიტრალიტეტი, როგორიც არის - ევროკავშირიც და ევრაზიაც, როგორიც არის პატრიოტული გრძნობებიდან გამომდინარე - ჩვენ ქართველებმა, ჩვენ გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი ამ მსოფლიოში. ეს ყველაფერი უქმნის ძალიან ნოყიერ ნიადაგს რუსულ პროპაგანდას. ამიტომ, საჭიროა ის, რომ ვისაც გაცნობიერებული გვაქვს ეს, პოლიტიკურმა ძალებმა, პოლიტიკოსებმა არც ერთი ნაბიჯით არ გადავუხვიოთ იმ გზიდან, რაც არჩეული გვაქვს - ევროინტეგრაცია, ნატოს წევრობა და პროდასავლური, პროდემოკრატიული პოლიტიკური ძალების მეტი კოორდინაცია. ცალ-ცალკე, ვერც ერთი პარტია ქვეყანას ვერ გაიყვანს ფონს, იმიტომ, რომ ეს არის მრავალწლიანი პროცესი, ვერ ეტევა ოთხწლიან საპარლამენტო წიკლებში. ჩვენ გვჭირდება მეტი სიცხადე ამ ყველაფერში და მეტი თანადგომა“,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მასპინძლობით იმართება და მასში მონაწილეობას დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები იღებენ.

 

უნდა გავერთიანდეთ, როდესაც საერთო სარგებლის მიღება გვინდა,- დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 12:58

"უნდა გავერთიანდეთ არამარტო მაშინ, როცა საერთო საფრთხე არსებობს, არამედ მაშინაც, როდესაც საერთო სარგებლის მიღება გვინდა," -  პარლამენტის თავმჯდომარე დავიტ უსუფაშვილი აცხადებს, რომ პროდასავლურმა ძალებმა მეტი ძალისხმევა უნდა ჩადონ საერთო საკითხებზე ერთობის მისაღწევად. 

„ჩვენ გვაქვს პრობლემები და ეს შეიძლება გამოყენებული იყოს იმ ძალების მიერ, რომლებსაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ უნდა. ამ დროს პროდასავლური ძალები ერთმანეთთან დებატებში შევდივართ და უფრო ხშირად ვართ ჩართული პარტიებს შორის შეხლა-შემოხლით და ამაზე მივმართავთ ჩვენს დროს.  ხომ არ სჯობდა უკეთესად აგვეხსნა მოსახლეობისთვის,  მაგალითად, რა პროცესები მიმდინარეობს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რატომ გაჭიანურდა პროცესი? ეს არის საერთაშორისო პროცესი, რომელიც კარგად უნდა იქნას ახსნილი ხალხისთვის, თორემ შეიძლება, გამოიწვიოს ანტიევროპული განწყობები, რაც ყველასთვის საფრთხეა. ამიტომ, უნდა გავერთიანდეთ არამარტო მაშინ, როცა საერთო საფრთხე არსებობს, არამედ მაშინაც, როდესაც საერთო სარგებლის მიღება გვინდა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

 

 

დავით უსუფაშვილი შვეიცარიისპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 17:55

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, კრისტა მარკვალდერს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებზე და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა შვეიცარიის იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც მას მედიატორის სახით, საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში აკისრია.

ეს არის ჭორების აყოლა, მე არ ვაპირებ ამაში გავყვე, - უსუფაშვილი ივანიშვილის განცხადებას პასუხობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 16:42

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს ჩართულია ერთი კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიაში და მე არ მიკვირს, რომ იგი აღმატებულ ხარისხში მხოლოდ ერთ პარტიაზე  საუბრობს და აკრიტიკებს ყველა დანარჩენს, ვინც მისი კონკურენტია. ბიძინა ივანიშვილს ისეთივე უფლება აქვს იყოს კრიტიკული სხვა პარტიების მიმართ, როგორც მე მაქვს და ასევე სხვა პარტიებს აქვთ. რაცშეეხება სახელმწიფოებრივ მიდგომებს თუ პრიორიტეტებს, ეს არის საკითხები რაზე მსჯელობაშიც  ბიძინა ივანიშვილთან საათები მქვს გატარებული. შევთანხმებულვართ იმაზე, რომ ქვეყანა ვერასოდეს წავა წინ, თუ იგი არ გათავისუფლდა ჭორების გამავრცელებელი მანქანისგან და რომ ეს მანქანა, სამწუხაროდ, ქვეყანაში საკმაოდ მძლავრობს. მე ვწუხვარ, რომ თავად ბატონი ბიძინა აღმოჩნდა ამ მანქანის მსხვერპლი და დღეს ქართულ საზოგადოებას ეუბნება იმას, რომ თურმე მე ან რომელიმე „რესპუბლიკელს“ ილია ჭავჭავაძე ცუდ კაცად მიგვაჩნია. ეს არ არის სახელმწიფოზე ლაპარაკი, ეს არის ჭორების აყოლა, მე არ ვაპირებ ამაში გავყვე,“ - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

შეგახსენებთ,  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს პოლიტიკურ პარტიებზე ისაუბრა. 

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, „რესპუბლიკურ  პარტიას“ ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს და გამოკითხვებით, 1%-იანი მხარდაჭერაც კი არ აქვს. 

დავით უსუფაშვილმა პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი წარუდგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 16:23

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად პარლამენტს ზაზა რუხაძე წარუდგინა.

შეგახსენებთ, სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს: გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურებათ.

გეგმები ჯერჯერობით პარლამენტში მაქვს, - სოსო ჯაჭვლიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 სექტემბერი 2016 10:18

„გეგმები მაქვს ჯერჯერობით პარლამენტში,“- ასე უპასუხა თეთნულდის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად დანიშნულმა  სოსო ჯაჭვლიანმა ჟურნალისტების კითხვას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ეს ჯაჭვლიანის პირველი კომენტარია აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ.

შეგახსენებთ, კურორტ თეთნულდის განვითრების ფონდის ხელმძღვანელად სოსო ჯაჭვლიანი ერთი კვირის წინ პრემიერმა დაასახელა.

შეხვედრები პარლამენტში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 14:04

ევროპარლამენტის სოციალისტებსა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი, კნუტ ფლეკენშტეინი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს, გიორგი ვოლსკის, ზვიად კვაჭანტირაძესა და გია ჟორჟოლიანს შეხვდა.

 შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეფასება იყო. „ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა პარტიის წევრებთან, მათ ვესაუბრეთ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ და მინდა წარმატებები ვუსურვო მომავალ არჩევნებში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის გარემო არის გაცილებით უკეთესი ვიდრე წლების წინ იყო“. - განაცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა.

 „ჩვენ შევთანხმდით დეტალებზე, როგორ უნდა ითანამშრომლოს არამარტო ევროპის სოციალ-დემოკრატიულმა სისტემამ და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, არამედ ცალკეული ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სისტემაზე და სტრატეგიულ მიმართულებებზე შევთანხმდით. შევაფასეთ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა“. - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეხვედრის მონაწილეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი და მისი წარმატებით დასრულების იმედი გამოთქვეს. „ძალიან მიხარია, რომ ამ საკითხში ყველა პარტია ერთად დგას, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, მე მას შევხვდი სტრასბურგში, მან გამოთქვა სურვილი რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველოსთვის. თქვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას“. - განცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა.

 

ვლადიმერ ბედუკაძე თამაზ მეჭიაურს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 10:57

მოძრაობა "ცენტრისტების" ერთ-ერთი ლიდერი ვლადიმერ ბედუკაძე თამაზ მეჭიაურს პარლამენტში შეხვდა.

ბედუკაძის თქმით, მეგობართან პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა.

თავად მეჭიაური აცხადებს რომ ცესკოს მიერ "ცენტრისტების" რეგისტრაციიდან მოხსნის გამო გამოთქმული მხარდაჭერისთვის ბედუკაძემ მადლობა გადაუხადა.

"ბედუკაძე იმყოფებოდა ჩემთან და მხარდაჭერისთვის მადლობა გადამიხადა. რაც შეეხება პარტიების გაერთიანებას, მინდა გითხრათ რომ მე მაქვს ჩემი კურსი, ძლივს განვთავისუფლდი და კენჭს მარტო ვიყრი, " - განაცხადა მეჭიაურმა.

 

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური